Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: მოსახლეობის უმრავლესობას რჩეული პარტია არ ჰყავს


გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია, 2015 წლის 11 მაისი
გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია, 2015 წლის 11 მაისი

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ 27 მარტიდან 19 აპრილამდე ჩატარებული საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არც ერთ პარტიას არ ანიჭებს უპირატესობას ან არ იცის, ვის დაუჭერს მხარს.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 35 % ამბობს, რომ არც ერთი. კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ყველაზე ახლოს მდგომად მიიჩნევს 21%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 13 %, „თავისუფალ დამოკრატებს“ 5% მიიჩნევს ასეთად, „პატრიოტთა ალიანსსა“ და ლეიბორისტულ პარტიას კი - 3 პროცენტი.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა 56 %.გამოკითხული 56 %-დან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, 27 %-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 24 პროცენტი - კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 16 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. პასუხზე უარს აცხადებს 12 პროცენტი, არც ერთ პარტს - 6 პროცენტი, „თავისუფალ დემოკრატებს“ - 5 და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ - 4%. ჯამში, 45%-ს შეადგენს მათი ოდენობა, ვინც უარი თქვა პასუხზე, არ იცის ან არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.

დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, პოტენციურად ნებისმიერი შეიძლება იყოს აქ გამარჯვებული და, შესაბამისად, ეს არის შესაძლებლობა უკლებლივ ყველა პარტიისთვის საკუთარ ამომრჩეველთან მიიტანოს მიზნობრივი სათქმელი და, როგორც წინა კვლევებიდანაც გამოჩნდა, ეს ძირთადად არის ეკონომიკური საკითხები, ვინაიდან ამ ფაქტის გამო ნებისმიერ პარტიას შეუძლია მოიგოს...
ლორა თორნტონი

როგორც „ენ დი აის“ საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი ამბობს, ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში ნებისმიერი პარტია შეიძლება იყოს არჩევნებში გამარჯვებული:

„როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი ასპარეზია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში არჩევნების დროს 2 მთავარი პარტია ერთმანეთს ხმების 2-3 პროცენტის მოპოვებას ეცილება, მაშინ როდესაც, დღევანდელი სურათით, საქართველოში იმ ადამიანების 45%, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის მიცემა სურს, ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, პოტენციურად ნებისმიერი შეიძლება იყოს აქ გამარჯვებული და, შესაბამისად, ეს არის შესაძლებლობა უკლებლივ ყველა პარტიისთვის საკუთარ ამომრჩეველთან მიიტანოს მიზნობრივი სათქმელი და, როგორც წინა კვლევებიდანაც გამოჩნდა, ეს ძირთადად არის ეკონომიკური საკითხები, ვინაიდან ამ ფაქტის გამო ნებისმიერ პარტიას შეუძლია მოიგოს“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაცემას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ქვეყანაში გაუარესებულ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს და საპარლამენტო არჩევნების შედეგების სავარაუდო სურათზეც საუბრობს:

„’ქართული ოცნება’ ვერ მოიპოვებს უმრავლესობას და, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მთავრობის ფორმირებისთვის მას დასჭირდება მოლაპარაკების წარმოება ოპოზიციურ ძალებთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“, როგორც პროდასავლური ძალები, შეძლებენ გადალახონ 5 %-იანი ბარიერი, თუმცა არსებობს იმის შანსი, რომ პრორუსულმა პარტიებმაც მოიპოვონ რამდენიმე ადგილი საქართველოს პარლამენტში, მაგრამ, საბედნიეროდ, ალბათ, ისინი ვერ შექმნიან უმრავლესობას და ვერ შეუშლიან ხელს პროევროპულ კურსს ასეთის გაგრძელების შემთხვევაში“.

„ენ დი აის“ კვლევის შედეგებს რომ დავუბრუნდეთ, მოწონების რეიტინგში საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს - 87%. მას პოლიტიკოსებს შორის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსდევს მოწონების რეიტინგებში 52 %-ით, 51%-ით კი ამ სიაში მესამე ადგილზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაა. ამ ჩამონათვალში 45 %-იანი მოწონებით სარგებლობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 4 პროცენტით ჩამორჩება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს, რომელსაც 44-% იწონებს.

გამოკითხულთაგან, ჯამში, 59 % მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირად. 41 პროცენტისთვის სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, 30 პროცენტს კი, პირიქით, უნდა, რომ იყოს ჩართული და, ამასთან, ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.

ყოველთვის, როცა ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება უარესდება, ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს; როცა ოდნავ გამოჯანსაღების ნიშნებია, ეს ნდობა იმატებს. ამიტომ ეს გასაგებია, რომ სიგნალია და სამუშაოა...
ლევან ბერძენიშვილი

„ენ დი აის“ გამოკვლევის შეფასებისას „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი განწყობებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით ხსნის:

„’ენ დი აის’ კვლევაში მითითებული რიცხვები ეკონომიკურ მდგომარეობას რეალურად ასახავს და ეს არის ხალხის განწყობა და ხალხის უიმედობა, რომ ეს მთავრობა რაიმეს შეცვლას ვერ შეძლებს. რაც შეეხება მთავრობას, მთავრობის ნდობის გამოცხადების დროსაც განვაცხადე და ახლაც ვამბობ, რომ ეს არის არასტაბილური მთავრობა, რომელიც შემოდგომაზე განწირულია იმისთვის, რომ იყოს შეცვლილი“.

სამუშაო გზავნილის შეფასებას აძლევს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი კვლევაში მოყვანილ მაჩვენებლებს:

„ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ახლა არის ყველაზე პოპულარული ძალა. ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციაში ყველაზე ძლიერ ძალას წარმოადგენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ყოველთვის, როცა ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება უარესდება, ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს; როცა ოდნავ გამოჯანსაღების ნიშნებია, ეს ნდობა იმატებს. ამიტომ ეს გასაგებია, რომ სიგნალია და სამუშაოა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ტარიელ ლონდარიძის სიტყვებით, ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს შედეგებს და ამ ვითარების შეცვლის ხედვა მათ პარტიას აქვს:

„’ენ დი აის’ კვლევები ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი, ადასტურებს იმას, რომ დღევანდელ - ბიძინა ივანიშვილის - ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არანაირი გეგმა არ გააჩნია და, შესაბამისად, ხალხის ნდობაც და ხალხის განწყობაც აღნიშნულ კვლევაში ნათლად ჩანს. ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და ვფიქრობ, რომ მთავრობას, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ხელახლა დამტკიცდა, კვლავაც მოუწევს ამ პრობლემებთან ჭიდილი, მაგრამ მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ნათელია. ეს კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობას მათი იმედი აღარ გააჩნია“.

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ საერთოდ ვერ მოხვდა პარტიათა ჩამონათვალში, პირადად მისი მოწონების პროცენტული მაჩვენებელი 26 %-ს შეადგენს. იმავე რაოდენობის გამოკითხულებს მოსწონთ ირმა ინაშვილიც.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG