Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმირალი სტავრიდისი: ნატომ შავ ზღვაზე ფლოტი უნდა გააძლიეროს


რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიიდან გამომდინარე, უელსის სამიტზე მთავარი თემა ალიანსის კოლექტიური თავდაცვის საკითხები იქნება.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის კოლექტიური თავდაცვა ძალიან მარტივად, ნიშნავს იმას, რომ 28 წევრი ქვეყნიდან ერთ-ერთზე თავდასხმა მთლიანად ნატოს ბლოკზე, დანარჩენ ქვეყნებზე თავდასხმასაც გულისხმობს. „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ ბოლო სტატიაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსს საკუთარი, „თითქმის მილიარდამდე მოქალაქის თავდაცვის სურვილი და მზაობა უნდა ჰქონდეს“. ჟურნალისტთან საუბარში რასმუსენმა დააკონკრეტა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან იმისათვის, რომ ალიანსი უფრო სწრაფი, ეფექტური და მოქნილი გახდეს, რათა „მომავლის გამოწვევებს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ისინი“, საკადრისი პასუხი გასცეს.

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ ნატოს კოლექტიური თავდაცვის დოქტრინამ ისევ წინა პლანზე წამოიწია. რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა და დღესაც აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული განწყობის მქონე სეპარატისტების მხარდაჭერას. გადამდგარი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი, რომელიც წარსულში ნატოს ერთ-ერთი მეთაური იყო, ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აგრესიული ქმედება უკან ძალიან ცუდად დაუბრუნდება.

„პრეზიდენტ პუტინის სტრატეგია მისი სტრატეგიული მარცხი გახდება. ეს საბოლოო ჯამში ნატოს აძლიერებს. მეტი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს მას და ბევრად მეტ ერთობას შთააგონებს, ვიდრე ეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე იყო“ - აცხადებს ადმირალი სტავრიდისი.

რუსეთის ქმედება ნატოს ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში შიშსაც კი იწვევს. ისინი შიშობენ, რომ მოსკოვი შესაძლოა თავს მათაც, ანუ ნატოს წევრ ქვეყნებსაც დაესხას.

შონ ქეი ოჰაიოს უესლინის უნივერსიტეტში ნატოს ექსპერტია და ძალთა ბალანსს აფასებს: „რაც შეეხება ნატოს მოკავშირეების თავდაცვას რუსეთის წინააღმდეგ, უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს საერთო ჯამში განუზომლად დიდი სამხედრო უპირატესობა აქვთ. ძალთა დაპირისპირებაში უპირობოდ დასავლეთი გადასწონის. აქ საკითხი სხვაგვარად დგას: როგორ უნდა მოხდეს ამ ძლიერების გამოყენება ისე, რომ რუსეთთან დღევანდელი მათი ქმედების შესაფერისი სამომავლო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს“ - აღნიშნავს პროფესორი ქეი.

ადმირალი სტავრიდისი ამ თემაზე ხუმრობს კიდეც და ამბობს, რომ მას „ნატოზე რუსეთის თავდასხმის საფრთხე ძილს ვერაფრით დაუფრთხობს“. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ის მიიჩნევს, რომ ალიანსმა აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს და მტკიცე ნაბიჯები გადადგას.

„ალიანსის საზღვრებზე საპატრულო თვითმფრინავების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ასევე უნდა გაიზარდოს საზღვაო ფლოტის შემადგენლობა როგორც ჩრდილოეთში - ბალტიის ზღვაზე, ასევე სამხრეთში - შავ ზღვაზე. ჩემი აზრით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უნდა დავეხმაროთ მოწყობილობებით, წვრთნით და რჩევებით კიბერ-უსაფრთხოების დარგში, რადგან, თუ რუსეთი შემდეგ ნაბიჯს გადადგამს და შეიჭრება უკრაინაში, ის მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს“ - აცხადებს ადმირალი სტავრიდისი.

მართალია სტავრიდისი მომავალში რუსეთ-დასავლეთს შორის ცივი ომის განახლების საშიშროებას ვერ ხედავს, მაგრამ ამბობს, რომ ნატოს და რუსეთს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ადმირალის თქმით, ნატოს მომავალ სამიტზე ყურადღება ალიანსის მიერ ავღანეთში ბოლო 10 წლის მანძილზე შესრულებულ როლზეც გამახვილდება. ასევე იგეგმება წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის სფეროში დანახარჯების საკითხთა განხილვაც.

XS
SM
MD
LG