Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო კვლავაც იზრუნებს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაზე


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა (ანთალია, 2015 წლის 13 მაისი).
ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა (ანთალია, 2015 წლის 13 მაისი).

14 მაისს, თურქეთის საკურორტო ქალაქ ანთალიაში, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა გამართეს მეორე და საბოლოო შეხვედრა. მათ განიხილეს „სამხრეთის კრიზისი“, რომელშიც იგულისხმება ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროკავშირში მიგრაციის ტალღა, იმსჯელეს იმაზე, შეინარჩუნებენ თუ არა ნატოს საწვრთნელ მისიას ავღანეთში მას შემდეგ, რაც მას 2016 წელს ამოიწურება მოქმედების ვადა. საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც.

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე თქვა, რომ ეს ორი ორგანიზაცია - ნატო და ევროკავშირი - მართალია, სხვადასხვა ხასიათისაა, მაგრამ ერთი და იგივე გამოწვევების წინაშე დგას.

მოლაპარაკებების დაწყებადე, მოგერინი ჟურნალისტებს ესაუბრა: „ამ დილას მინისტერიალზე განვიხილავთ - და მე თავად ვისაუბრებ მინისტრებთან იმ სხვადასხვა კრიზისის შესახებ, რომლებსაც დღეს ვაწყდებით - აღმოსავლეთში, უკრაინის ვითარებასა და დაძაბულობას რუსეთთან, ჩვენი მხრიდან როგორ შევუწყოთ ხელი მინსკის საზავო შეთანხმების განხორციელებას და ეუთოს მხარდაჭერას.“

ფედერიკა მოგერინიმ დასძინა, რომ საჭიროა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, რათა მოხდეს საზავო შეთანხმების მონიტორინგი.

აი, რა უთხრა ჟურნალისტებს მინსკის შეთანხმების შესახებ ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა, ფილიპ ბრიდლავმა: „ის, რაც ახლა შეხების ზოლთან ხდება, მე დავახასიათე, როგორც მყიფე. ვითარება დაძაბულია და აუცილებელია, დავუბრუნდეთ საზავო შეთანხმების პირობებს. მოწმენი ვხდებით სხვადასხვა სქემისა, იქნება ეს მზადება, ძალთა წინ გადასროლა, გადაჯგუფება, საჰაერო თავდაცვისა და სამეთაურო-საკონტროლო სისტემების ჩართვა თუ სხვა რამ. წარსულში ასეთ ნაბიჯებს სხვა ქმედებები მოჰყვებოდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ასეთი სამზადისის მოწმე.“​

ამერიკელი გენერლის აზრით, უკრაინაში ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია მინსკის საზავო შეთანხმების განხორციელება.

ევროატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ორგანიზაციის მზადყოფნა, შესაძლო საფრთხეებისგან დაიცვას თავისი მოკავშირე ქვეყნები: „ამ მეტად სახიფათო გარემოში, ნატო გააგრძელებს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაზე ზრუნვას და მათ დაცვას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. ამიტომაც ალიანსი ამ ახალ გარემოს ეწყობა და ახორციელებს ცივის ომის შემდეგ საერთო თავდაცვის ყველაზე მასშტაბურ გაძლიერებას“.

14 მაისს, ლიტვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს სურთ, მათ ტერიტორიაზე მუდმივად იყოს განთავსებული ნატოს სამხედრო ნაწილები - რუსეთის მხრიდან გააქტიურებული საჰაერო და საზღვაო მოქმედებების გათვალისწინებით. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ოფიციალურად მიმართავენ ევროპაში ნატოს გაერთიანებული ჯარების სარდალს განაცხადით, რომ ბრიგადის ზომის ნატოს მუდმივი შენაერთი გაიგზავნოს მათ ტერიტორიაზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ნატოს პასუხი. 1997 წელს ალიანსი რუსეთს დაჰპირდა, რომ დიდი ზომის მუდმივ საბრძოლო ძალებს არ განათავსებდა ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG