Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაში არწმუნებს თბილისი ნატოს?


20 ნოემბერს ბრიუსელი მასპინძლობდა ნატო-საქართველოს კომისიის მორიგ სხდომას, რომელშიც მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების კონტექსტში მხარეებმა იმსჯელეს ბოლოდროინდელ დაკავებებზეც. თავდაცვის მინისტრი ალიანსის წარმატებულ ”დარწმუნებაზე” ლაპარაკობს.

”დავარწმუნეთ ჩვენი ნატოელი პარტნიორები, რომ საქართველო ბევრად უფრო სტაბილური, ბევრად უფრო ძლიერი და პროგნოზირებადი და მათთვის სასურველი მოკავშირე გახდა ამ არჩევნების შემდეგ”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა 20 ნოემბერს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ ნატოს შტაბბინაში საუბარი ასევე შეეხო ”დემოკრატიის დეფიციტს”, არსებულს არჩევნებამდე, და საქმეს, რაც უკვე ახალი ხელისუფლების ხელით უნდა გაკეთდეს:

”გვქონდა ძალიან ღია მსჯელობა მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის იმ დაკავებებზე, რამაც გამოიწვია ყურადღების გამახვილება ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც აღიარებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა არის კანონი კანონობდეს და არავის მიმართ არ იყოს შერჩევითი სამართალი. და მე ავუხსენი ჩვენს ნატოელ პარტნიორებს, რომ საქართველოში პირველი ოქტომბრის შემდეგ შერჩევითი სამართალი დასრულდა”.

ნატო-საქართველოს კომისიის უშუალოდ 20 ნოემბრის სხდომის შემდეგ ნატოს გენერალურ მდივანს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა რწმენა იმისა, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი ფეხს ვერ მოიკიდებს და ქვეყნის ახალი ხელისუფლება კანონის უზენაესობის პრინციპს უერთგულებს, მან 14 ნოემბერს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გამოხატა. ამასთან, ანდერს ფოგ რასმუსენმა უარი თქვა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე შეიქმნას ახალი ბერკეტები, რომლებიც გააკონტროლებენ ბოლოდროინდელ, კამათის საგნად ქცეულ მოვლენებს. ეს საქმე ნატოს გენერალურმა მდივანმა უკვე არსებულ მექანიზმს მიანდო, სადაც დიდ როლს თამაშობს ნატო-საქართველოს კომისია:

ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
”ჩვენ არ გვჭირდება ახალი მექანიზმები და ახალი ინსტიტუციები. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია, მე მყავს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც მუდმივ დიალოგშია ჩართული საქართველოს ხელისუფლებასთან. პრემიერ-მინისტრის მკაფიო გარანტიებზე დაყრდნობით, მე ვერ ვხედავ ახალი ინსტიტუტების შექმნის საჭიროებას მოვლენათა განვითარების სამეთვალყურეოდ. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა უზენაესი პრინციპების შესაბამისად იმოქმედებს”.

წინმსწრები მოვლენების გათვალისწინებით, 14 ნოემბერს ანდერს ფოგ რასმუსენის ტონი ბევრს უკვე შერბილებულად ეჩვენა. გავიხსენოთ, რომ 12 ნოემბერს პრაღაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, ალიანსის გენერალურმა მდივანმა გამოხატა შეშფოთება არჩევნების შემდგომ საქართველოში განვითარებული პროცესების გამო და იქვე დააზუსტა, რომ ეს გამოწვეული იყო, ”უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით”.

საქართველოს მიმართ ნატოს ინტერესს ”მაღალს” უწოდებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც 20 ნოემბერს რადიო თავისუფლება ბრიუსელში ტელეფონით დაუკავშირდა. მისი თქმით, ნატოელმა
საქართველოს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კანდიდატს ნატოში გაწევრიანების...
ალექსი პეტრიაშვილი

პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ახალი ხელისუფლების სურვილი, მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის ფედერაციასთან და გადაიდგას ნაბიჯები კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით.

როგორც ალექსი პეტრიაშვილი აღნიშნავს, ნატოს საგანგებო ყურადღება საქართველოს მისამართით აიხსნება იმით, რომ ”საქართველოს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კანდიდატს ნატოში გაწევრიანების”. სახელმწიფო მინისტრისთვის ძნელი სათქმელია, თუ რას შეიძლება მოელოდეს საქართველო ალიანსის დეკემბრის მინისტერიალზე, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დააყენა საკითხი, რომ ”საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების შემდეგ შესაბამისი პროგრესის დაფიქსირება უნდა მოხდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან.” დეკემბრის მინისტერიალის ფარგლებში, დეკემბერში, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

ნატო-საქართველოს კომისიას ”ძალიან ძლიერ და ქმედით ინსტრუმენტად” მოიხსენიებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. ანალიტიკოსის აზრით, ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვს და ამ მხრივ მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა 1 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებამ.

თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე
”მოლოდინები დემოკრატიული ცვლილებების შემდგომ გაცილებით უფრო დიდია ახალი ხელისუფლების მიმართ და მოთხოვნებიც ძალიან დიდია. ის, რომ ჩვენს მეგობრებს და ჩვენს პარტნიორებს უჩნდებათ გარკვეული კითხვის ნიშნები, პრობლემა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, იმისათვის რომ ნებისმიერ კითხვას გაეცეს შესაბამისი პასუხი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძემ.

გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძის აზრით, თუკი საქართველო სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებს, პრაქტიკულად გამორიცხულია ურთიერთობების გაუარესება ნატოსთან.

დაბოლოს, ვთქვათ, რომ ნატო-საქართველოს კომისია, რომლის მორიგ სხდომასაც ბრიუსელი 20 ნოემბერს მასპინძლობდა, 2008 წლის სექტემბერში დაფუძნდა და ის წარმოადგენს ფორუმს კონსულტაციებისთვის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და ამ პროცესში ნატოს დახმარების გარშემო. კომისიის ყურადღება ასევე მახვილდება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. კომისიაში საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო. 2009 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ გაძლიერებულიყო მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რაც გაზაფხულზე ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) მექანიზმის დამკვიდრებაში გამოიხატა. ალიანსის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ყოველწლიურმა ეროვნულმა პროგრამამ ჩაანაცვლა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP), რომლის მიხედვითაც წარიმართებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა 2004 წლის შემდეგ. ორიოდე დღის წინ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ პრაღაში დამტკიცებულ რეზოლუციაში დაფიქსირდა მოწოდება ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებისადმი - „განიხილონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება".
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG