Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ახალი რეალობის პირისპირ


თუ ორი წლის წინ ჩიკაგოს სამიტზე ალიანსი რუსეთს რამდენიმე საკითხში მოკავშირედ თვლიდა, უელსში ის მტრულ სამხედრო ძალად განიხილება.

როცა ნატოს წევრი ქვეყნები ჩიკაგოში გამართულ ბოლო სამიტზე შეიკრიბნენ, განსახილველ თემებს შორის წამყვანი ავღანეთის საკითხი იყო. რუსეთი მაშინ ტერორიზმთან ბრძოლის და ბირთვული განიარაღების პროცესში პარტნიორ ქვეყნად მოიაზრებოდა.

ჩიკაგოს სამიტიდან ორ წელიწადზე მეტი გავიდა. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებული ქვეყნების ლიდერები მას შემდეგ პირველად იკრიბებიან. უელსის სამიტზე მათ უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე და მსოფლიოში შექმნილ ახალ რეალობაზე უწევთ მსჯელობა. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრამ პრიორიტეტები შეცვალა და რუსეთის საკითხი განსახილველი თემების სათავეში მოაქცია.

ალიანსის წინაშე „სახეცვლილი მსოფლიოა“ - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. მისი თქმით, „თვალის გასწორება გვიწევს ისეთ რეალობასთან, რომელშიც რუსეთი მტრად გვთვლის. ჩვენ ამ სიტუაციასთან ადაპტირებას მოვახდენთ“ - აცხადებს რასმუსენი.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადება რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს წევრები არიან, მათ ტერიტორიაზე ბლოკის დაქვემდებარებაში მყოფი მეტი სამხედრო ძალის განლაგებას ნიშნავს. მათი დანიშნულებაა ალიანსის ნებისმიერ წევრზე მიტანილი იერიშის შემთხვევაში ძლიერი საპასუხო დარტყმა განახორციელოს. თუმცა, ნატოს ხელმძღვანელობა იმასაც ზასგასმით აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ძალიან ღრმად შეტოპვას არ აპირებს და არაწევრი ქვეყნების გამო, როგორიცაა მაგალითად უკრაინა, რუსეთთან ომს არ დაიწყებს.

ქსენია უიკეტი ლონდოდნის „ჩატამ ჰაუსიდან“ ამბობს, რომ ნატომ ამასთან დაკავშირებით ერთგვარი წითელი ხაზი გაავლო, რაც შესაძლოა კონტრ-პროდუქტიული ნაბიჯი იყოს. „საინტერესოა არამარტო სამიტის განმავლობაში, არამედ ზოგადად ის, თუ რამდენად შეეცდება ნატო უფრო ამბიციური გახდეს და მომავალში მხოლოდ ლიმიტების დაძლევით და მეტი მოქნილობის გამოჩენით კი არ შემოიფარგლოს, არამედ პოტენციური მტრები უფრო მეტად გაანერვიულოს. თანაც ისე, რომ მათში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვიოს და აღარ იცოდნენ, თუ როდის უნდა ელოდონ ძლიერ საპასუხო რეაქციას - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ნატოს მორიგ სამიტზე დღის წესრიგში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დგას. ალიანსი სუნიტ ისლამისტთა დაჯგუფების მიერ განხორციელებულ აგრესიას განიხილავს, რომელიც თავს არაბულ ხალიფატს, ერაყის და ლევანტეს ისლამურ სახელმწიფოს უწოდებს. დაჯგუფება ერაყის და სირიის ნაწილს აკონტროლებს და ატერორებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე უცხოელებს. შეერთებულმა შტატებმა მათზე იერიში დრონებით, უპილოტო თვითმფრინავებით განახორციელა. ნატოს დანარჩენი წევრები კი ამერიკასთან ერთად დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარულ ტვირთს აწვდიან.

რაც შეეხება ავღანეთს, მასზე მსჯელობა უელსის სამიტზე ისევ განახლდება. თალიბანის ძალები იქ კიდევ უფრო აგრესიული ხდებიან. ნატოს მისია კი ავღანეთში დეკემბერში იწურება. ოფიციალურ შეხვედრებზე იქ სამომავლოდ საწვრთნელი და სამხედრო მრჩევლებისგან შემდგარი ნაწილების დატოვება იგეგმება, თუმცა მოლაპარაკებებზე საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.

სულ რამდენიმე თვის წინ ისმოდა კრიტიკული შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა თანამედროვე, ცივი ომის შემდგომ სამყაროში ფუნქცია დაკარგა. ამგვარი განცხადებები დღეს უკვე ყოვლად შეუსაბამო ხდება - აღნიშნავს ალიანსის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე რობინ ნიბლეტი. მისი თქმით, ეს არის სამიტი, რომელზეც ნატოს წევრი ქვეყნები და მათი პარტნიორები უნდა დაწინაურდნენ და ერთმანეთთან, თუ ალიანსის გარეთ კომუნიკაცია დაიწყონ. ეს საფრთხეებით სავსე სამყაროა, რომელშიც ალიანსს საკუთარი დანიშნულება აქვს“.

ანალიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ბლოკის წევრი ქვეყნები ახლა მაინც დარწმუნდებიან იმაში, რომ თავდაცვისთვის მეტი ბიუჯეტის გამოყოფა კრიტიკული მნიშვნელობის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ბოლო წლების მანძილზე ნატოს ევროპელი წევრები თავდაცვის ხარჯებს ამცირებდნენ. ეს ფინანსურად, პერსონალის და აღჭურვილობის მხრივ სერიოზულ ტვირთად ძირითადად შეერთებულ შტატებს აწვებოდა. უელსში ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიზნად ისახავს დაარწმუნოს პარტნიორები იმაში, რომ თავდაცვის სფეროში აუცილებელია ინვესტიციის გაზრდა და პასუხისმგებლობის მეტად გაზიარება.

XS
SM
MD
LG