Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“


26 ივნისი ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით უფლებების დამცველი რამდენიმე ორგანიზაცია საპროტესტო აქციასაც გეგმავს, კამპანიის „ჩემი რეპრესია შენი რეგრესია“ ფარგლებში. „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ და „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ ამ აქციით აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის ნარკოპოლიტიკას. „კანონი კლავს, მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“ - ასეთია მათი გზავნილი.

ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აქციებს საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და რუსთავში - მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს ნარკოპოლიტიკის გადახედვა და ნარკოტიკების პირადი მოხმარებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებაა.

ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მედიაკოორდინატორი მარინა ასათიანი ამბობს, რომ სისხლის სამართლით დასჯის ნაცვლად სახელმწიფომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციაზე უნდა იმუშაოს.

ეს არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ძალიან მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ადამიანი შეეწირა ქუთაისში...
მარინა ასათიანი

„ნარკოტიკების მოხმარება არის ავადმყოფობა. ადამიანი თავისი ავადმყოფობის გამო არ უნდა ისჯებოდეს“.

როგორც მარინა ასათიანი ამბობს, მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა შეწყდეს ადამიანების ქუჩიდან აყვანა იმის შესამოწმებლად, მოიხმარენ თუ არა ისინი ნარკოტიკს.

„ეს არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ძალიან მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ადამიანი შეეწირა ქუთაისში“.

საქმე ეხება ქუთაისში 18 ივნისს ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას. ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენლის გია ლომინაძის მტკიცებით, ის მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ნარკოლოგიური შემოწმებისას 3 აბი შარდმდენი პრეპარატი დაალევინეს. ამ თემაზე გამოძიება უკვე დაიწყო, ხოლო ექსპერტიზის პასუხი 1 თვეში გახდება ცნობილი.

კანონი არის ბუნდოვანი. მკაფიოდ არ ჩანს რა ისჯება, რატომ ისჯება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება პირადი მოხმარების გამო...
ვახუშტი მენაბდე

ამავე თემას ეხება კამპანია „ბექა კრიმინალი არ არის“. 28 წლის ბექა წიქარიშვილს მარიხუანას შეძენა-შენახვის ბრალდებით 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მან საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი, რომელიც სასამართლომ უკვე განიხილა.

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით თბილისში 2 ივნისს გამართული აქციის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესზე და არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე“, - განაცხადა 4 ივნისს მთავრობის სხდომაზე.

ბექა წიქარიშვილის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციური სამართლის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მარიხუანას შეძენა-შენახვის გამო 7-დან 14 წლამდე დაპატიმრება კონსტიტუციის დარღვევაა:

„კანონი არის ბუნდოვანი. მკაფიოდ არ ჩანს რა ისჯება, რატომ ისჯება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება პირადი მოხმარების გამო, მარიხუანას თუნდაც დიდი ოდენობით შენახვის გამო არ უნდა ხდებოდეს."

როგორც ვახუშტი მენაბდე დასძენს, მსგავსი სასჯელი ადამიანის ღირსების შელახვაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG