ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 16:26

რუბრიკები / მეათე სტუდია

ოთხი ოთახი - ოთხი ნარკომომხმარებელი ქალი

გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
x
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.

მულტიმედია

აუდიო
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”, ოთხი ნარკომომხმარებელი ქალის ცხოვრებას ასახავს. სამდღიანი ექსპოზიცია თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, 20 თებერვალს გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორებმა, საგამოფენო სივრცის ნაცვლად, ჩვეულებრივი სახლი აარჩიეს, ექსპონატებად კი ნარკომომხმარებელი ქალების ავტობიოგრაფიული ჩანაწერები და პირადი ნივთები გამოიტანეს. გამოფენის მიზანია საზოგადოებას თანაგრძნობა გაუჩინოს ნარკომომხმარებელი ქალების მიმართ. გამოფენის ორგანიზატორები არიან კრეატიული სტუდია ”იდეალისტი”, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ”ქსენონი”, ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო” და ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი”.

ამ ამბავს, რომელსაც გიამბობთ, ოთხი გმირი ჰყავს. ისინი ნარკომომხმარებელი ქალები არიან. მე მათი სახელები არ ვიცი, თუმცა ვიცი მათი პირობითი სახელები: ზღვა, მდელო, ლიანდაგი, წვიმა. მათ ასე გადაწყვიტეს. მე არც ის ვიცი, როგორ გამოიყურებიან ისინი, თუმცა ვიცი ამბავი მათი საყვარელი ნივთების, მათი განსაკუთრებული შეგრძნებებისა თუ გარემოს შესახებ. თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, წითელი აგურით ნაშენები სახლი დროებით ოთხი ნარკომომხმარებელი ქალის საცხოვრებლად იქცა. დადიხარ ვიწრო დერეფნებში, შედიხარ თითოეული ქალის ოთახში და კედლებზე გაკრული მათივე გადაღებული ფოტოებიდან ხვდები, თუ რა აწუხებთ მათ, როგორ ცხოვრობენ, რაზე ოცნებობენ, ვინ უყვართ ან რა უყვართ... მათი კაბები, მათი მძივები, მათი კოსმეტიკა, სათამაშოები, წიგნები მათ გარეშე ჰყვებიან მათ ამბებს.

ამ ოთახში მატარებელი მიდის. კედელზე გაკრული ლიანდაგი დაუსრულებელია. სად მიიყვანს ის ოთახის ბინადარს, არავინ იცის. ის 37 წლის არის. ორი შვილი ჰყავს. კედელზე გაკრულ მისივე ხელით შევსებულ კითხვარში ვკითხულობ, რომ ყველაზე მეტად სიბერის ეშინია. უნდა, რომ ჰქონდეს საკუთარი სახლი. საკუთარ თავს ჰპირდება, რომ სიხარულს და სილამაზეს არ მოაკლებს და სჯერა, რომ იქნება კარგი მეუღლე და დედა. და წერს, რომ ნარკომანია ზიანის მომტანია.
ამ ქალის გადაღებული ფოტო, ლიანდაგი, რომელიც უსასრულობაში მიდის... დავინახე, რომ ამ ქალის მზერაც და აზრიც უსასრულობაში მიდის. ესენი არიან ქალები, რომლებსაც შველა სჭირდებათ...

52 წლის მარინა, ნარკომომხმარებელი ქალების ოთახების ერთ-ერთი დამთვალიერებელი, კედელზე გაკრულ უსასრულო ლიანდაგის ფოტოსთან დგას. ამბობს, რომ ამ ოთახმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა:

”ამ ქალის გადაღებული ფოტო, ლიანდაგი, რომელიც უსასრულობაში მიდის... დავინახე, რომ ამ ქალის მზერაც და აზრიც უსასრულობაში მიდის. ესენი არიან ქალები, რომლებსაც შველა სჭირდებათ და არ არის ის გარემო, არ არის ის უსაფრთხო გარემო, რომ ქალმა თავის თავს უშველოს”.

ოთახი #3, სახელად მდელო. კედელზე ვკითხულობ, რომ ნარკომანია არის ადამიანის გამანადგურებელი, - ასე ფიქრობს ამ ოთახის ბინადარი, 37 წლის ქალი. ოთახში გაკრულ ერთ-ერთ ფოტოზე ოთახის ბინადრის ჩრდილი ჩანს. ჩრდილი სწორედ ისეთია, როგორიც ჩემი, როგორიც შენი, როგორიც ყველასი -  მიწაზე გაწოლილი და გრძელი. კედელზე კიდია გაცრეცილი ვარდისფერი ქვედატანი, მძივები...საწერ მაგიდაზე მისივე წერილი დევს:

”ისე მოხდა, რომ გოგოებმა ჩამითრიეს. სახლში ბავშვები მყავდა დატოვებული. ყველას ეგონა, ვმუშაობდი. სახლში ფულს ვაგზავნიდი. ცოტა ხანში გამიგეს ნათესავებმა და მოტყუებით ჩამომიყვანეს სახლში, სადაც დამამწყვდიეს, მცემეს და ჩამკეტეს. დავრჩი ე.წ. ”ლომკაში”. ცოტა უკეთ რომ გავხდი, ისევ გავიპარე სახლიდან და ისევ იმ გზას დავადექი. დამაკავეს და ციხეში აღმოვჩნდი. ციხის კარები რომ დაიხურა, უკან მოვიხედე და იქ მორჩა ყველაფერი. შვილების გარეშე დარჩენა ჩემ სიკვდილს უდრიდა”...

გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
x
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
ოთახი #1, სახელად წვიმა. ამ ოთახში თავსხმაა. ყოველ შემთხვევაში, ოთახში დამონტაჟებული დინამიკიდან გამოსული წვიმის ხმა ოთახს წყლით ავსებს, თუმცა იატაკზე გუბეები არსად ჩანს. წვიმს სასაფლაოზე, კედელზე გაკრულ სასაფლაოზე. აწვიმს საკერავ მანქანასაც, ბებიის ნაქონ საკერავ მანქანას, რომლითაც თამაში ოთახის ბინადარს ბავშვობაში უყვარდა - ბავშვობაში, სადაც არც სასაფლაოები იყო და არც ნარკოტიკი:

”ყველაფერი დაოჯახების შემდეგ შეიცვალა. ოჯახი ჯოჯოხეთს დაემსგავსა, ნარკოტიკმა სულ შეცვალა. ფიზიკურად მისწორდებოდა. დილაობით ორივენი სასაფლაოზე გავდიოდით. იქ წამალი მოჰქონდათ, ვიღებდით და ვიკეთებდით. მე სიკვდილი მინდოდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. აგვისტოს ერთ დღეს ჩემი პატარა ძმა მოვიდა, დამიძახა და მითხრა: მე მივდივარ. აბა, ვნახავ, შენ როგორ გააგრძელებ ცხოვრებასო. მე ვერაფერს მივხვდი. უბრალოდ, მივბრუნდი და ვუთხარი, დათო, კარგად იყავი-მეთქი. იმ დღეს ჩემმა ძმამ თავი ჩამოიხრჩო. მეგონა, ცა ჩამოინგრა. მთელ დღეს და ღამეს სასაფლაოზე ვატარებდი”...

დერეფნის მარჯვნივ, მეორე ოთახიდან ტალღების ხმა გამოდის. ზღვა ღელავს, თუმცა ზღვა არსად ჩანს. ოთახში მცხოვრებ ქალს თითქოს მთელი ზღვა ერთ დაგრეხილ მილში გამოუკეტია, მილში, რომელიც თეთრ კაფელზეა გაკრული. კედელზე შავი ჟაკეტი კიდია. ქალი, რომელსაც პირობითად ზღვა ჰქვია, სარკის წინ დგას და ფოტოს უღებს ნივთებს, რომლებსაც ყველა ქალი ყოველდღურ ცხოვრებაში იყენებს: სუნამო, აცეტონი, სავარცხელი, თმის სამაგრი...მას შვილები ჰყავს, შვილიშვილებიც:

”შვილები გიჟდებოდნენ, ჩემი რცხვენოდათ. ასე გრძელდებოდა 9 წელი, ცხრა დაკარგული წელი... წლები, რომლებიც ჩემში დაიკარგა. ძველი ფილმივით არის ჩემი ცხოვრების ის მონაკვეთი. ჩემს ტანჯვას ბოლო არ უჩანდა”....
ჩვენი მესიჯია, რომ მხარდაჭერას და თანადგომას შეუძლია ამ ქალების ცხოვრებისა და საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა...

ოთხი განსხვავებული ქალის ცხოვრებას ნარკოტიკი აერთიანებს და აერთიანებს ნარკოტიკისგან გათავისუფლების სურვილი - სურვილი, რომლის განხორციელებაში მათ უკვე წლებია ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ”ქსენონი” ეხმარება. გარიყულობის განცდის დაძლევა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზა იმისათვის, რომ ნარკომომხმარებელმა ქალებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა სცადონ, ამბობს ნინო ჯანაშია, ასოციაციის ფსიქოლოგი:

”ამ ქალებისთვის საზოგადოების მხრიდან იგნორირება არ არის გამოსავალი. მეორე მხრივ, ჩვენი მესიჯია, რომ მხარდაჭერას და თანადგომას შეუძლია ამ ქალების ცხოვრებისა და საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა”, - ამბობს ნინო ჯანაშია.

კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია და ძლიერდება სტიგმა, როდესაც საქმე ნარკომომხმარებელ ქალებს ეხება, ამბობს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი ზურაბ ტატანაშვილი. ქალისა და ნარკომომხმარებლის ერთ ჩარჩოში ჩასმა ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებით უჭირს და მათი გარიყვა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, ამბობს ის.

გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
x
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
გამოფენა, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”.
”ქართველ ქალებზე რაღაც განსაკუთრებული სტერეოტიპები არსებობს, რომ ასეთი და ასეთი უნდა იყოს ქართველი ქალი და როდესაც საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, საზოგადოების მხრიდან ბუნებრივი, თუმცა არაჯანსაღი და გაუმართლებელი, რეაქცია მოდის. ამიტომ ნარკომომხმარებელი ქალების მოსაზრებების, მათი ცხოვრების გაცნობა ძალიან კარგია, რათა ეს დამოკიდებულება ცოტათი მაინც შეიცვალოს”, - მიაჩნია ზურაბ ტატანაშვილს.

აგურის სახლში მოქცეული ქალების ამბები, რომლებიც პირველ პირშია მოთხრობილი, საზოგადოებას გაუჩენს მეტ თანაგრძნობას მათ მიმართ. თანაგრძნობა და გვერდში დგომა კი ამ ქალებს ახალი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება, ცხოვრებისა, სადაც ნარკოტიკების ადგილი არ არის, - ასე მიაჩნია გამოფენის ერთ-ერთ დამთვალიერებელსა და ფსიქოლოგს, ნათია ფანჯიკიძეს. ის ნარკომომხმარებლებთან აქტიურად მუშაობს და კარგად იცნობს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

”ქალების მიმართ ხომ ისედაც ძალიან მკაცრია საზოგადოება: ქალი უნდა იყოს... ქალს ეს არ ეპატიება.... და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ექსპოზიციის საშუალებით საზოგადოება დაინახავს ადამიანს იმ სტიგმის მიღმა, რომელიც მათ მიმართ არსებობს. იშვიათია ნარკომანია სხვა მენტალური დიაგნოზის გარეშე. ნარკომომხმარებელი ქალების 100 პროცენტს აქვს ან დეპრესია, ან სხვა რაიმე სულიერი პრობლემა და, შესაბამისად, მათ მიმართ თანაგრძნობა ორმაგი უნდა იყოს და გამოდის, რომ, თანაგრძნობის მაგივრად, ხელისკვრაა ორმაგი”, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

გამოფენის იდეის ერთ-ერთი ავტორი კრეატიული სტუდია „იდეალისტის“ წევრი, ეკატერინე მახათაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მათში თანაგრძნობის გაზრდას ემსახურება. მისი თქმით, იდეალისტები შეეცადნენ ოთხი ნარკომომხმარებელი ქალის ცხოვრების სხვა მხარე ეჩვენებინათ დამთვალიერებლისთვის. როგორ ეკა ამბობს, მას ფავორიტი ოთახიც აქვს, თუმცა,  იმასაც ამბობს, რომ ყველა ოთახში არის თუნდაც ერთი განსაკუთრებული დეტალი, რომელიც ამ ოთახებს უნიკალურობას სძენს.

ოთხ ოთახში ჩატეული ნარკომომხმარებელი ქალების წარმოსახვითი ცხოვრება თითოეული მათგანის რეალურ ცხოვრებაში გრძელდება. მათ ჰყავთ შვილები, ქმრები, მეგობრები, მეზობლები და აქვთ პირობა, რომელსაც საკუთარი თავის წინაშე დებენ: წვიმა - ჩემს თავს ვპირდები, რომ ვიქნები ძლიერი, გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებას წინ წაიყვანს; მდელო - ჩემს თავს ვპირდები, რომ ვიქნები კარგი ქალი; ლიანდაგი - ჩემს თავს ვპირდები, რომ სიხარულს და სილამაზეს არ მოვიკლებ; და ზღვა - აღარასდროს ვიქნები ნარკოტიკზე დამოკიდებული.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ავტორი საიდან გვწერთ: თბილისი
24.02.2013 17:29
კატი, გამოფენა მხოლოდ სამდღიანი იყო და ის უკვე დასრულებულია.


ავტორი: Katy საიდან გვწერთ: თბილისი
23.02.2013 23:28
ძალიან დავინტერესდი გამოფენით და იქნებ ზუსტი მისამართი მომწეროთ სად ტარდება და რამდენ დღინია.
წინასწარ გმადლობთ.

ავტორი: ეკატერინე საიდან გვწერთ: გორი
23.02.2013 21:39
საოცრად მტკივნეული ისტორიებია, მაგრამ არა იშვიათი... ამ ისტორიებმა არ შეიძლება არ შეგზაროს და არ აგაფოქრიაქოს, უბრალოდ გულგრილი დაგტოვოს სხვისი უბედურების მიმართ... სხვისიო ვამბობ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს საერთო უბედურებაა ყველას რომ ეკუთვნის და ყველა რომ უნდა წუხდეს... ამ ისტორიებმა ერთი ეპიზოდი გამახსენა, რომელიც ახლახანს მოხდა ცემს ცხოვრებაში და არ შემიძლია არ გაგიზიაროთ. ერთ საინტერესო პროექტში ცართვა მომიწია და ამ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პროექტში მონაწილე პირების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონახულება. ბუნებრივია, წინასწარ განვიცდიდით ამ ვიზიტს, მაგრამ ის რაც იქ განვიცადე, მოლოდინს გადააჭარბა და სწორედ ამიტომ ვწერ ახლაც. ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელიც მართლა საოცრად მოწესრიგებული და ცივილიზებული აღმოჩნდა, წესების სრული დაცვის შედეგად შევაღწიეთ, ბარიერთან, რომელიც დაწესებულებაში შესასვლელად უნდა გადალახო, ახლად ამინისტირებული ქალები გამოვიდნენ. ყველა მათგანს იგივე პროცედურა ქონდა გასავლელი ( შემოწმებას ვგულისხმობ), რაც დაწესებულებაში შესასვლელად არის განსაზღვრული. იმდენად უცნაურად მომეჩვენა ერთი მათგანის, ასე 30 წლამდე ახალგაზრდა ქალბატონის მოქმედება, რომ ჩემი დაჟინებული მზერა მივაპყარი და მისი მოქმედებებისა და განცდების დამკვირვებლად გადავიქეცი. ქალი უცნაურად უხერხულობდა და აქეთიქეთ აცეცებდა თვალებს, მსმენელის მოლოდინში, შებორძიკდა, ალმურმა გადაურბინა სახეზე და ბადრაგს ხმადაბლა, მოწიწებით სთხოვა, რომ არ წავიდე შეიძლებაო? ამ ეპიზოდმა კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი ინტერესი მის მიმართ, რამდენიმე ბადრაგიდან ერთ-ერთმა, რომელიც სავარაუდოდ დიდი ხნის თანამშრომელი იყო და მისი ისტორია იცოდა, არ დაუყოვნებია და ღიმილნარევი ოპტიმიზმით შეუყვირა ქალს, წადი ქალო, აქ რაღა გინდაო....შედარებით ახალგაზრდა ბადრაგებს კი გადაულაპარაკა: 14 წელი ქონდა მისჯილი, ნახევარი გაატარა, ნარკოტიკზე იჯდაო..... სუნთქვა შემეკრა.... ქალი აშკარად ცუდად იყო, ცრემლებს ვერ ერეოდა, გარეთ გასვლის, თავისუფლების ეშინოდა....კიდევ ერთხელ ამოილუღლუღა ცოტახანს დამსვითო, სკამი მიაწოდეს, ერთი წუთით და უთხრეს რომ წასულიყო, მისი დრო უკვე დასრულებულიყო..... ასეთი უბედური სახით თითქმის დარწმუნებული ვარ ციხეში შესვლით არ შესულა, იმიტომ რომ მან იცოდა, რომ დასრულდა რაღაც გაუგებარი მოლოდინი და დაიწყო ჩაკეტილ სამყაროში დროის ათვლა, ახლა კი გარეთ, თავისუფლებაში არ იცის როგორ მოიქცეს, სად წავიდეს, საერთოდ ვინ არის, ვის სჭირდება, როგორ იარსებოს და როგორ ირჩინოს თავი, როგორ გააგრძელოს და სად გააგრძელოს ცხოვრება, ახლა დაიწყო მისთვის ახალი დრო, დრო განსაცდელების, ბრძოლა არსებობისთვის, ბრძოლა საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან..... ღმერთო, შეეწიე ყველა გაჭირვებულს, ყველას შეწევნის მთხოვნელს.... არვიცი რას ფიქრობენ ის ადამიანები ვინც ამინისტიით გაათავისუფლეს, მაგრამ მე მართლა გამომყვა უთქმელი სევდა, არშემდგარი ქალის და დედის თვალებში ჩაბუდებული სევდა... მერე რა რომ ცხოვრების სხვა წესი მაქვს, მერე რა რომ არ ვამართლებ ქალს, რომელიც ნარკოტიკის მომხმარებელი ან გამსაღებელია, მე დღემდე დამდევს იმ თავლების სევდა და დღემდე ვდარდობ..... საზოგადოება არაერთგვაროვნად ხვდება ასეთი ადამიანების ინტეგრაციის პროცესს, ეს ადამიანები დადებულ პირობებს სავარაუდოდ კვლავ დაარღვევენ თუ საზოგადოება გაგებით არ შეხვდება მათ, მაგრამ ეს ისტორიები ჭკუის სასწავლებელიცაა მათთვის ვინც ჯერ კიდევ შესაძლებელია არ ჩამოყალიბდეს როგორც ნარკომანი ქალი..... ამ ქალების მიმართ საზოგადოების მხრიდან გულგრილობა მიუღებელი და მტკივნეულია, ”ამ ქალებისთვის საზოგადოების მხრიდან იგნორირება არ არის გამოსავალი. მეორე მხრივ, ჩვენი მესიჯია, რომ მხარდაჭერას და თანადგომას შეუძლია ამ ქალების ცხოვრებისა და საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა

სხვა მასალები

მოძრავი სამედიცინო კაბინეტები ოკუპირებულ ტერიტორიებთან

ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში, დილიდან ხალხმრავლობა იყო. გორიდან სოფელში სხვადასხვა პროფილის ექიმები ჩავიდნენ და ადგილობრივი მცხოვრებლების სამედიცინო გამოკვლევები დაიწყეს.
გაგრძელება

აუდიო ეკა ბაბუნაშვილი "კოუჩინგის" შესახებ

2 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა ბაბუნაშვილი.
გაგრძელება

ნიუ-იორკში საქართველოს ეკონომიკაზე ისაუბრეს

ნიუ-იორკში გაიმართა „ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ მე-17 კონფერენცია, რომელიც უცხოური ინვესტიციებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საკითხს მიეძღვნა.
გაგრძელება

აუდიო შეჩერდა სტუდენტების გაცვლის პროგრამა

რუსეთმა 30 სექტემბერს შეატყობინა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს, რომ 2015-2016 წლებში არ აპირებს მონაწილეობას „მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამაში“. ამის შესახებ საგანგებო განცხადებით იუწყება რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ ტეფტი.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული