Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ნოემბერი - აქცია პოლიტიკური მოტივებით?


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი

„ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის თაობაზე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. ორგანიზატორთა ვარაუდით, აქცია, რომელსაც საფუძვლად უდევს აფხაზეთის თემა და, მათი თქმით, ამ თემისადმი ხელისუფლების არაადეკვატური დამოკიდებულება, უკანასკნელ ორ წელიწადში გამართულ აქციებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. ვინ შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას? როგორ ეხმაურება მმართველი გუნდი ოპონენტების კრიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და რა ქვეტექსტებს ხედავენ პოლიტოლოგები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაში?

15 ნოემბრის აქციისთვის მზადება დაწყებულია. 27 ოქტომბრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების პარალელურად, მიმდინარეობს მზადება რეგიონებშიც. ნუგზარ წიკლაური, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მდივანი, წინასწარ გათვლებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა მაინც აქვს კონკრეტული მოლოდინები. მისი სიტყვებით, 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე სოლიდური რაოდენობის ხალხი მოგროვდება. ის ვარაუდობს, რომ ეს იქნება უკანასკნელ წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციებს შორის ყველაზე მასშტაბური:

„მე ვიტყოდი ასე, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფრო მასშტაბური აქცია, ვიდრე იქნება ეს, თბილისში ჩვენ არ გვინახავს. მაგრამ, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია არა პარტიული შემადგენელი ამ აქციისა, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ აფხაზეთის ბედი, აწუხებთ ანექსიის პროცესი, აი, ეს ადამიანები რამდენად იქნებიან მობილიზებულები, რომ გამოვიდნენ და გამოხატონ თავიანთი აზრი. მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის პარტიული აქცია და ჩვენთვის ამ აქციას არ აქვს წმინდა პარტიული დატვირთვა“.

ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოსა და მისი კუთხეების ანექსიას. მე მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, იმ ძალებს, რომელიც ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს ...
დავით ბაქრაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სპეციალური განცხადება 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ ორ დღის წინ გააკეთეს. ისინი ხელისუფლების მიერ რუსეთთან მიმართებაში წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის გამო შეშფოთებას გამოხატავენ და მოუწოდებენ საზოგადოებას შეუერთდნენ აქციას. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, განცხადების ტექსტს კითხულობს:

„ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოსა და მისი კუთხეების ანექსიას. მე მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, იმ ძალებს, რომელიც ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს, ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თვლის, რომ დღევანდელ სიტუაციაში ხელების ჩამოყრა და კაპიტულანტობა ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს: ჩვენი ერთად დგომით და ერთად ბრძოლით დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და დავიცვათ ის იმ დე-იურე ანექსიისგან, რომელიც დღეს მიმდინარეობს“.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები ამბობენ, 15 ნოემბრის აქცია უკავშირდება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტს, რომელიც 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა და რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი მხარეები ვალდებულნი იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ღია, თავხედური და პრაქტიკულად დე იურე ანექსიის მცდელობა, თუმცა, მათი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რათა ეს საკითხი დადგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

ჩვენ პარტიაში გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესს სჭირდება სამოქალაქო პროტესტი და არაფერში არ სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური ძალის რეკლამირება და რეიტინგული ზრდის მცდელობა...
მამუკა კაციტაძე

27 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კონსულტაციები გამართეს პოლიტიკურ პარტიებთან. კონსულტაციები გაიმართა აფხაზეთის კრების რამდენიმე ორგანიზაციასთანაც. აფხაზეთის კრების ერთ-ერთი დამფუძნებელი და „ევროპული დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ ის, როგორც დევნილი, ამ აქციას მხარს უჭერს, თუმცა კონსულტაციები აქციაში მონაწილეობის თაობაზე მომდევნო დღეებში კვლავაც გაგრძელდება. კიდევ ერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, პარტია, თავისი პარტიული ნიშნით, აქციაში არ ჩაერთვება, რადგან მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის აქცია. რაც შეეხება კიდევ ერთ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას, „ახალ მემარჯვენეებს“, მისი ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს:

„ჩვენ პარტიაში გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესს სჭირდება სამოქალაქო პროტესტი და არაფერში არ სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური ძალის რეკლამირება და რეიტინგული ზრდის მცდელობა და ამ პროცესში „ახალი მემარჯვენეების“ ჩართვა“.

15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას ეხმაურება მმართველი გუნდიც. მათი მთავარი პათოსი კი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს აქციის გამართვის მორალური უფლება. ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აკისრია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც მოხდა აფხაზეთსა და ცხინვალში.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს არ სჯერა, რომ აფხაზეთის თემა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის მთავარი მიზეზია. ის აქციის სხვა, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს:

ჩვენს ძალისხმევას, რომ უფრო მეტი დიალოგი ვაწარმოოთ აფხაზეთთან და შევეცადოთ მათ შევთავაზოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივები, ამის შესაძლებლობას ეს პროექტი რადიკალურად ამცირებს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის რეალური საფრთხე, რაზეც მთელმა საზოგადოებამ კარგად უნდა იფიქროს...
ლევან ცუცქირიძე

„აფხაზეთი არის ის მტკივნეული თემა, რომელიც ხალხს აღელვებს და სახლში გაჩერება გაუჭირდებათ“, - ასე იწყებს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარს. რამაზ საყვარელიძის სიტყვებით, თუკი აქციაზე ბევრი ხალხი მივა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხალხს თავის მხარდამჭერებად მიიწერს, და თუკი აქციას ცოტა ადამიანი შეუერთდება, იმ შემთხვევაში თავის უცხოელ პარტნიორებს გაუგზავნის მესიჯს, რომ ხელისუფლებას პრორუსული ორიენტაცია აქვს აღებული: „სალაპარაკოდ ორივე ვარიანტში რაღაც ექნებათ და მგონია, რომ სწორედ ამაზეა ეს აქცია გათვლილი. პოლიტიკური გულახდილობის ნაკლებად მჯერა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორი პოლიტიკა ჰქონდა 2008 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეკარგათ ტერიტორიები და მერე ხელი შეეწყოთ რუსეთის მხრიდან მისი აღიარებისთვის. ყველაზე ნაკლებად მიმაჩნია, რომ ამ აქციის რეალური მოტივი აფხაზეთის თემაა. ვთვლი, რომ აქ წმინდა წყლის პოლიტიკურ მოტივებთან გვაქვს საქმე“.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტსა და მასთან დაკავშირებულ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დათქმულ აქციას, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ამ პროექტით რუსეთი აფხაზეთს გადაწყვეტილებების მიღების იმ მცირე თავისუფლებასაც უზღუდავს, რაც მათ აქამდე გააჩნდათ. პოლიტოლოგის სიტყვებით, ეს პროექტი მკვეთრად ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ აფხაზეთმა ოდესმე რაიმე სხვა კურსის განხორციელებაზე იფიქროს, გარდა რუსეთისადმი მორჩილებისა.

„ჩვენს ძალისხმევას, რომ უფრო მეტი დიალოგი ვაწარმოოთ აფხაზეთთან და შევეცადოთ მათ შევთავაზოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივები, ამის შესაძლებლობას ეს პროექტი რადიკალურად ამცირებს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის რეალური საფრთხე, რაზეც მთელმა საზოგადოებამ კარგად უნდა იფიქროს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და, რა თქმა უნდა, ამ აქციით შეეცდება აჩვენოს, რომ ის უფრო ადეკვატურად აღიქვამს იმ საფრთხეებს, რაც არსებობს“, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

XS
SM
MD
LG