Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მურმანის ეკალი“ „ქართულ ოცნებაში“


პარტია „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის გარიცხვის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც აპირებს, თუმცა ამისათვის აუცილებელია აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა. პარტიის ხელმძღვანელობის განმარტებით, მურმან დუმბაძე, კოალიციასთან შეუთანხმებლად, აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის ორგანიზებას ახდენდა. რა პოლიტიკური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს მურმან დუმბაძის კოალიციიდან გარიცხვამ როგორც პარლამენტში, ასევე აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებაში?

მურმან დუმბაძე ამტკიცებს, რომ პარტიიდან ბიძინა ივანიშვილმა გარიცხა და არა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ და ამის მიზეზი აჭარის მთავრობის მეთაურის იმპიჩმენტის ორგანიზება კი არა, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული უთანხმოებაა:

„ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, როცა მე მას ვუთხარი, რომ აზიზიეს სახელობის მეჩეთი ბათუმში ვერ და არ აშენდებოდა. ამის გამო ნახევარი წელი პრემიერ-მინისტრი არ მელაპარაკებოდა. აზიზიეს მეჩეთზე ჩვენ ვერ შევთანხმდით“.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მეჩეთის მშენებლობა არაფერ შუაშია. პარტის გენერალური მდივნის კახი კალაძის თქმით, პოლიტსაბჭომ დუმბაძის გარიცხვის გადაწყვეტილება არაერთი გაფრთხილების შემდეგ მიიღო:

მე წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს, ვარ ვიცე-სპიკერი. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ამაში მიხდის ხალხი ხელფასს...
მურმან დუმბაძე

„ზედმეტად ერეოდა აჭარის მთავრობის მუშაობაში, კადრების შერჩევაში, მათ დანიშვნაში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რომ შეშვებოდა ამ საქმიანობას, მაგრამ მან ისევ გააგრძელა და ბოლოს კულმინაცია აღმოჩნდა ის, რომ ის მაქსიმალურად ხელს უწყობდა აჭარის მთავრობის იმპიჩმენტს. ეს მოქმედება შეუთანხმებელი იყო ცენტრალურ ოფისთან, გენერალურ სამდივნოსთან და თავმჯდომარესთან“.

კახი კალაძისა და პარტიის ხელმძღვანელობის პასუხად, მურმან დუმბაძემ თქვა, რომ აჭარის მთავრობის საქმიანობასა და მის საკადრო პოლიტიკაში ჩარევა მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა და ამისთვის ხელფასს იღებს:

აჭარას საქართველოს პარლამენტში ჰყავს 6 მაჟორიტარი დეპუტატი. რეგლამენტის თანახმად, შესაძლებელია ერთ-ერთი მათგანი იქნეს არჩეული თავმჯდომარის მოადგილედ. სწორედ ასეთი პრინციპით არის არჩეული ბატონი მურმანი...
გიორგი კახიანი

"მე წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს, ვარ ვიცე-სპიკერი. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ამაში მიხდის ხალხი ხელფასს", - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მურმან დუმბაძემ, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც უპირებს. უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, ლოგიკურია, რომ მურმან დუმბაძე არ იყოს არც უმრავლესობაში და არც ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე, თუმცა, როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის სავალდებულოა შემდეგი პროცედურის გავლა:

„აჭარას საქართველოს პარლამენტში ჰყავს 6 მაჟორიტარი დეპუტატი. რეგლამენტის თანახმად, შესაძლებელია ერთ-ერთი მათგანი იქნეს არჩეული თავმჯდომარის მოადგილედ. სწორედ ასეთი პრინციპით არის არჩეული ბატონი მურმანი. ასევე აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს ნებისმიერ დროს აქვთ უფლება, რომ მათ მიერ წარდგენილი მოადგილის კანდიდატურა გამოიწვიონ უკან, ანუ, თუ მათი უმრავლესობა ისევ მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს მოთხოვნით, რომ გამოწვეული იქნეს ბატონი მურმანი მოადგილის თანამდებობიდან, ასეთ შემთხვევაში თავმჯდომარე ამ ინფორმაციას მიაწვდის ბიუროს, შემდეგ პლენარულ სხდომას. ინფორმაციის მიწოდებისთანავე ხდება ავტომატურად თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევა“, უთხრა გიორგი კახიანმა რადიო თავისუფლებას.

ყველამ იცის, რა მდგომარეობაა აჭარაში: ნეპოტიზმი, მთელი ბიუროკრატია გადართულია იმაზე, რომ თავისი ფუფუნება მოაწყოს. აჭარელი VIP-ებისა და მათი ქოლგის დამჭერების ამბავიც კარგად არის ცნობილი...
გოკა გაბაშვილი

აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, ნაწილი კი გაურბის მედიასთან ურთიერთობას. თავად მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ თანამდებობის შესანარჩუნებლად არ იკადრებს იმას, რასაც იკადრებს უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი:

„მე არ მივალ აჭარის არც ერთ რეგიონალურ დეპუტატთან და არ ვეტყვი, არ გაბედოთ და ჩემ წინააღმდეგ არ მისცეთ ხმაო. ეს არის სამარცხვინო! თითოეული ადამიანი არის ღირსეული ადამიანი როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ასევე „ქართული ოცნების“ მხრიდან და მათ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ისინი არიან ღირსეული, დამოუკიდებელი, წესიერი და პატრიოტი ადამიანები და ამ პოლიტიკას არ აჰყვებიან. პოლიტიკური პროცესია ვიცე-სპიკერობიდან გადაყენება“.

აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესს გულგრილად უყურებს საპარლამენტო უმცირესობა. დეპუტატ გოკა გაბაშვილის თქმით, მურმან დუმბაძის დაპირისპირება აჭარის მთავრობის მეთაურ არჩილ ხაბაძესთან სხვა არაფერია, თუ არა კლანების ბრძოლა გავლენის სფეროების განაწილებისთვის:

„ყველამ იცის, რა მდგომარეობაა აჭარაში: ნეპოტიზმი, მთელი ბიუროკრატია გადართულია იმაზე, რომ თავისი ფუფუნება მოაწყოს. აჭარელი VIP-ებისა და მათი ქოლგის დამჭერების ამბავიც კარგად არის ცნობილი. ერთი მხრივ, ესენი დუმბაძის ხალხია, ხოლო, მეორე მხრივ, ხაბაძის ხალხი. მათ შორის არის ჩვეულებრივი კლანური ბრძოლა და ერთ-ერთი კლანის წარმომადგენელს მოერია მეორე კლანის წარმომადგენელი“.

საკითხავია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მურმან დუმბაძის გარიცხვას პარტიიდან როგორც პარლამენტში ძალების გადანაწილების, ასევე კოალიციის რღვევის დაწყების თვალსაზრისით. პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ძალთა ბალანსის შესაცვლელად ცალკეული, თუნდაც გავლენიანი, დეპუტატების ძალისხმევა საკმარისი არ არის.

„კოალიციაში ცენტრიდანული პროცესები დაიწყება ერთადერთ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი. ვგულისხმობ ისეთ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ექნება პერსპექტივა და მას დაინახავს საზოგადოებაც და დანარჩენი პარტიებიც. სანამ ასეთი არ გაჩნდება, კოალიცია იქნება მყარი და ცალკეული ასეთი გამონაკლისები წესად ვერ იქცევა“, უთხრა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG