Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჩაბლის 13 - სარაჯიშვილის სახლი, დიდი თავგადასავლით


მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

რამდენიმე დღის წინ „მწერალთა სახლმა“ დაიბრუნა ნაწილი დავით სარაჯიშვილისეული სადილის სერვიზისა, რომელიც ცნობილმა ბიზნესმენმა და მეცენატმა, საზოგადო მოღვაწემ დავით სარაჯიშვილმა „ჰევილენდ ლიმოჟის“ (Haviland Limoges) სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა. ვამბობთ, დაიბრუნა, რადგან ეს ნივთი, სარაჯიშვილის ოჯახის სხვა უამრავ ძვირფას ნივთთან ერთად, ამ სახლიდან, მაჩაბლის ქუჩა N13-დან, საუკუნის წინ დაიკარგა. შენობა კი, რომელიც დღეს, 2016 წელს, „მწერალთა სახლის“ სახელითაა ცნობილი, 1905 წელს აშენდა როგორც დავით სარაჯიშვილის სასახლე - გამორჩეული ადგილი თბილისური ბოჰემური ცხოვრების და დიდი შეხვედრებისა.

ეს ამბავიც ამ სახლის თავგადასავალზეა.

ასკაციანი სადილის სერვიზი თეთრი ფერისაა და ყველა ნივთს დავით სარაჯიშვილის ოქროსფერი მონოგრამა ამშვენებს: დ.ს. - ზუსტად ისეთი, როგორიც მისი სახლის კარს მაჩაბლის 13-ში. ცნობილ ქართველ ბიზნესმენსა და ქველმოქმედს დავით სარაჯიშვილს ეს სადილის სერვიზი ჰევილენდის ფაიფურის ძალიან ცნობილი ფაბრიკისათვის შეუკვეთია.

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

ამ ფაბრიკის ჭურჭელი მოხვედრილა აბრაამ ლინკოლნის, თეოდორ რუზველტის, შარლ დე გოლისა თუ ჟაკ შირაკის სუფრებზე. ცოტა ხნის წინ ამ სერვიზის ნაწილი დაიბრუნა „მწერალთა სახლმა“, რომელიც სწორედ დავით სარაჯიშვილის სახლის შენობაშია განთავსებული. ეს ნივთი სარაჯიშვილისეულ სხვა ნივთებს შეუერთდა, რომლებიც ამ სახლში ჯერ კიდევ ინახება:

„ეს მხოლოდ იმ სერვიზის ნაწილია. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის შეძენა მოვახერხეთ. ძალიან ბევრი ნივთი ადგილზე აღარ დაგვხვდა. აი, ეს სკამებია გამონაკლისი, რომელიც სარაჯიშვილის ოჯახს ეკუთვნოდა; კიდევ, შემოსასვლელში მდგარი სავარძლები და კარადა; ასევე ერთი ოთახი, რომელიც, როგორც ერმაკოვის ფოტოზეც ჩანს, თითქმის უცვლელადაა შემორჩენილი. დარჩა ეს ბუხრებიც. ამ რამდენიმე ნივთის მიხედვით შეგვიძლია თავისუფლად წარმოვიდგინოთ, თუ რა ხდებოდა აქ, რა გარემოში ცხოვრობდნენ. არ ვიცით, ზუსტად რა დროს - გასაბჭოების პერიოდში თუ მანამდე - დაიკარგა ეს ნივთები, მაგრამ ერთ-ერთ ოჯახში მე ვნახე ჭაღი, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ სახლს ეკუთვნოდა და ეს ერმაკოვის ფოტომაც დაადასტურა. ძალიან მინდა, რომ ის ჭაღი აქაურობას დაუბრუნდეს. არის კიდევ ერთი აღმოსავლური ჭაღიც, რომელზეც ასევე საუბარია, რომ სარაჯიშვილის ოჯახს ეკუთვნოდა. ვნახოთ, ამ ეტაპზე ამ ოჯახთანაც მოლაპარაკების პროცესში ვარ“.

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

თუ „მწერალთა სახლის“ ამჟამინდელი დირექტორის ნატა ლომოურისა და მისი გუნდის სურვილი რეალობად იქცა, ამ შენობაში იქ არსებული და დაბრუნებული ნივთებით დავით სარაჯიშვილის მუზეუმი მოეწყობა. „მას ნამდვილად ეკუთვნის ერთი ოთახი მაინც, სადაც ექსპოზიციას მოვაწყობდით“, გვეუბნება ნატა ლომოური. დაახლოებით იციან ისიც, რომ სარაჯიშვილის სახლიდან გატანილი ნივთები დღესაც ინახება თბილისში, რამდენიმე ოჯახში. იმედიც არსებობს, რომ „მწერალთა სახლი“ არა მხოლოდ თავისი ძალებით, არამედ სხვების დახმარებითაც, ერთ დღეს ამ ნივთებს დაიბრუნებს და ისინი ბინას მეორე სართულზე, ე.წ. „აღმოსავლურ ოთახში“, დაიდებს. ამ ოთახს დღეს „აკაკის ოთახსაც“ ეძახიან - იქ აკაკი წერეთელი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

„ეს არ არის დიდი ოთახი, მაგრამ იქ ექსპოზიციის საინტერესოდ აწყობა შეიძლება. ამისათვის ძალიან კარგი სპეციალისტი დაგვჭირდება, რომელიც გვირჩევს, როგორ მოვაწყოთ მუზეუმი ისე, რომ მეტ-ნაკლებად ყველაფერი მოიცვას და სარაჯიშვილის მთელი ღვაწლი გამოჩნდეს. და აქ მარტო სარაჯიშვილზე არ იქნება აქცენტი, აკაკი ხოშტარიაც არ უნდა დავივიწყოთ, რადგან მას რომ არ ეყიდა ეს სახლი, არავინ იცის რა ბედი ეწეოდა აქაურობას ან ვის ხელში ჩავარდებოდა ეს სახლი“, - გვითხრა ნატა ლომოურმა.

აქაურობას ხშირად სტუმრობდა ოჯახის მეგობარი და სარაჯიშვილის სტიპენდიატი გიგო გაბაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, არტურ ლაისტი და სხვები და სხვები. ეს იყო, მართლაც, ბოჰემური, ლიტერატურული საღამოებითა და შეხვედრებით, ნადიმებით განთქმული სახლი...
ნატა ლომოური

აქ ის ამბავიც გავიხსენოთ, რომ დავით სარაჯიშვილმა გარდაცვალების შემდეგ სახლი მეუღლეს დაუტოვა. ეკატერინე ფორაქიშვილმა კი, რადგან მემკვიდრეები არ ჰყოლიათ, სახლი ძმას, ადამ ფორაქიშვილს, უანდერძა. ისტორიამ ზუსტი დეტალები ვერ შემოინახა, თუმცა ცნობილია, რომ მალევე სახლი აუქციონზე გაყიდვის საშიშროების წინაშე დადგა. სწორედ მაშინ მიმართა თბილისელი საზოგადოების ერთმა ნაწილმა აკაკი ხოშტარიას, კიდევ ერთ მაშინდელ ქველმოქმედსა და ფინანსისტს, და, ამ სახლის გადარჩენის მიზნით, მისი ყიდვა სთხოვა. ასეც მოხდა. თუმცა გასაბჭოების შემდეგ, იმის გამო, რომ მენშევიკურ მთავრობას უჭერდა მხარს, ხოშტარია ემიგრაციაში წავიდა. სახლი ისევ ჰაერში დარჩა. ამ დროს გამოჩნდნენ „ცისფერყანწელები“ და, როგორც გადმოცემით არის ცნობილი, პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ინიციატივით და რევოლუციურ კომიტეტთან მოლაპარაკებით, გასაბჭოებიდან მესამე დღესვე, 1921 წელს, სარაჯიშვილის სახლი მაშინდელ „მწერალთა და ხელოვანთა კავშირს“ გადაეცა.

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

დღეს „მწერალთა სახლის“ ერთ-ერთ ოთახში, რომელიც თითქმის ასი წლის წინ დავით სარაჯიშვილის ოჯახის სასადილო ოთახი იყო, ახლა კი შეხვედრების ოთახია, კედელზე დიმიტრი ერმაკოვის 1905 წელს გადაღებული შავ-თეთრი ფოტო კიდია: სარაჯიშვილის სახლის გახსნის დღეა, თბილისის მაშინდელი მაღალი საზოგადოება, სარაჯიშვილის სტუმრები - მეგობრები თუ ახლობლები - სახლის ვერანდაზე შეკრებილან და ობიექტივს უყურებენ. საპატიო სტუმრებს შორის ზის აკაკი წერეთელიც. სახლის მფლობელები - დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი - ქორწინებიდან 25 წლის იუბილეს ზეიმობენ. ახალი სახლის გახსნაც ამ თარიღს დაამთხვიეს. თავად სახლი კი, როგორც ისტორიკოსი, „მწერალთა სახლის“ დღევანდელი ხელმძღვანელი ნატა ლომოურიც მოგვითხრობს, მაშინვე იქცა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ბოჰემურ ადგილად:

„აქაურობას ხშირად სტუმრობდა ოჯახის მეგობარი და სარაჯიშვილის სტიპენდიატი გიგო გაბაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, არტურ ლაისტი და სხვები და სხვები. ეს იყო, მართლაც, ბოჰემური, ლიტერატურული საღამოებითა და შეხვედრებით, ნადიმებით განთქმული სახლი“.

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

ვერანდა, რომელზეც სახლის გახსნის ფოტოა გადაღებული, დღესაც არსებობს და მწერალთა სახლის ბაღში გადის. ვინ იცის, რამდენჯერ მდგარხართ ამ ვერანდაზე, მაგრამ, შესაძლოა, არ იცოდეთ იმ უნიკალური მოზაიკის ამბავი, რომლითაც იქაურობაა მოპირკეთებული. მეცხრამეტე საუკუნე, „ვილეორი და ბოხის“ კერამიკული ფილები, როგორც ნატა გვიხსნის, უნიკალური იმით, რომ ევროპაში ასეთი მოზაიკა მხოლოდ სამ ადგილას გვხვდება:

„გერმანიაში - კიოლნის ტაძარში, შვეიცარიაში - აინზიდელნის სააბატოსა და მოსკოვის დიდ თეატრში. აი, იმ კუთხეში რომ მოზაიკას ხედავთ, არსებობს ცნობა, რომ ზუსტად ასეთი ნახატი „ტიტანიკზე“ იყო გამოყენებული“.

​ვერანდაზევეა ორი მემორიალური დაფაც: თეთრი, რომელზეც ომში დაღუპული მწერლების სახელებია ამოტვიფრული, და შავი, ზედ რეპრესირებული მწერლების სახელებით. მათ შორის აკაკის დაფაა, 1905 წელს გაკეთებული მინაწერით: „კარგო სტუმარო, დაუვიწყარო, შესვი, გაამოს ეს წმინდა წყარო“.

მე მგონია, რომ ამ სახლის საბჭოთა ისტორიაც უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს და, ცხადია, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ამბავიც, რომელიც ტრაგიკული, სასოწარკვეთილი და ძალიან ადეკვატური პროტესტი იყო იმ ყველაფრის მიმართ, რაც მაშინ ხდებოდა, 1937 წელს...
ნატა ლომოური

სასახლის ბაღში დღეს ერმაკოვის ფოტოებია გამოფენილი - თუ ჩამოუვლი, ეს კადრები საუკუნის წინ გადაგისვრის და შეიძლება იქ გამართული ნადიმების თუ საღამოების ხმაურიც შემოგესმას.

ეს სახლი მაჩაბლის ქუჩაზე სარაჯიშვილმა გერმანელ არქიტექტორს კარლ ცაარს ააგებინა. მას თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი ეხმარებოდნენ. ხის მოპირკეთება იმ დროს ცნობილ ხის ოსტატს ილია მამაცაშვილს მიანდეს, თუმცა სანამ საქმეს შეუდგებოდა, სარაჯიშვილმა ხის ოსტატი საზღვარგარეთ დამატებით ცოდნის მისაღებად გაუშვა. შედეგად, თბილისს ერთ-ერთი გამორჩეული სახლი დარჩა, გვეუბნება ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი:

„ამ შენობის არქიტექტურას აქვს მაშინ ძალიან პოპულარული არქიტექტურული სტილის, მოდერნის, ელემენტები. ეს არა კლასიკური, არამედ თბილისური მოდერნია, რითაც გამოირჩევა, ზოგადად, ეს ქალაქი სხვა ევროპული ქალაქებისაგან. რაც შეეხება ინტერიერს, ეს არის კლასიკური ნიმუში. ინტერიერები თბილისის ერთ-ერთი სუსტი წერტილია, რადგან ძალიან ცოტაა შემორჩენილი, ეს კი არის სახლი, სადაც, მაინც ვფიქრობ, რომ უფრო დიდი დოზითაა შემორჩენილი ის გარემო, რომელიც ამ სახლის აშენების დროს, 1905 წელს, არსებობდა. ამის თქმის შესაძლებლობას დღემდე არქივში შემორჩენილი ფოტოები გვაძლევს“.

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

ქართველი ხის ხელოსნების უცხოეთში განსწავლის ამბავი განსაკუთრებით ამაღელვებელია დღევანდელი „მწერალთა სახლის“ თანამშრომლის ნინო ბექიშვილისათვის, რომელიც ყოველდღე აღებს იმ სახლის კარს. მამაცაშვილის ხელი, ალბათ, კიდევ ბევრ მაშინდელ სახლს დაეტყობოდა. ამ სახლზე, მის ისტორიაზე საუბრისას ნინომ ადამ მიხნიკის, ცნობილი პოლონელი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისში სტუმრობაც გაიხსენა:

„რომ შემოვიდა, პირველად ეგ მკითხა, პაოლო იაშვილმა აქ მოიკლა თავიო? ტრაგიკული შინაარსის მიუხედავად, მაინც რაღაცნაირად ძვირფასი იყო ეს შეკითხვა ჩემთვის. გამიხარდა, რომ მიხნიკმა ეს ამბავი იცოდა“.

თუ შეიძლება ტრაგიკული ამბის გახსენებას ახლდეს რაღაცნაირი სიხარულიც, მაშინ ეს სწორედ ის შემთხვევა იყო. „მწერალთა სახლის“ თავგადასავალზე საუბრისას, ალბათ, სულ გაიხსენებენ მის კედლებში პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ამბავს. ამავე კედლებში რეპრესირებული ქართველი მწერლების მუზეუმის გაკეთებაც ნატა ლომოურმა და მისმა გუნდმა ამიტომ ჩაიფიქრა, გვეუბნება ნინო ბექიშვილი:

ნატა ლომოური
ნატა ლომოური

„მე მგონია, რომ ამ სახლის საბჭოთა ისტორიაც უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს და, ცხადია, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ამბავიც, რომელიც ტრაგიკული, სასოწარკვეთილი და ძალიან ადეკვატური პროტესტი იყო იმ ყველაფრის მიმართ, რაც მაშინ ხდებოდა, 1937 წელს“.

ნინოს მამის, პოეტ თედო ბექიშვილის, ამ შენობისადმი დამოკიდებულების შესახებაც ვკითხეთ. „მწერალთა კავშირის“ მაშინდელ შენობაში მისვლა დიდად არ უყვარდაო, გვითხრა. გამონაკლისი ის ერთი წელი იყო, როცა მწერალი და მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე „ლიტერატურულ საქართველოს“ რედაქტორობდა. იმ პერიოდში გაზეთის რედაქციაც ამ შენობაში იყო. მაშინ დაიწერა თედო ბექიშვილის ის ლექსიც, „შაშვი მწერალთა კავშირის ბაღში“, რომლის ადრესატიც ვახტანგ ჭელიძე იყო. და ასეთი უამრავი ამბის გახსენება შეიძლება. ასეთ ამბებს, შეხვედრებს, იდეების დაბადებას ინახავს მაჩაბლის 13. ამიტომაც სურთ ეს ადგილი მხოლოდ კულტურის კერად კი არ დარჩეს, განათლების ცენტრად გადაიქცეს და, როგორც ნინო გვეუბნება, იქ მისულ ადამიანებს თავისუფალი სააზროვნო სივრცე დახვდეთ.

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

სხვათა შორის, ცირა ელისაშვილმაც იგივე თქვა, კერძოდ, რომ ეს სახლი ყოველთვის იყო კულტურათა შეხვედრის ადგილი, ის ასეთად რჩება დღეს და იმედი აქვს, ასე იქნება მომავალშიც. მომავალზე იმასაც ვიტყვი, რაც „მწერალთა სახლის“ გუნდის კიდევ ერთ იდეას უკავშირდება. სარაჯიშვილის სახლის ბოლო სართულზე, იქ, სადაც, სავარაუდოდ, მომსახურე პერსონალი ბინადრობდა, ნატა ლომოური მწერლებისთვის რეზიდენციის გაკეთებას გეგმავს. სულ ხუთი ოთახია, რომელსაც ასევე სჭირდება გარემონტება და მოწყობა.

ისე, თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს, უთქვამს თურმე ცოტა ხნის წინ, როდესაც თბილისსა და „მწერალთა სახლს“ სტუმრობდა, თუ მომიწვევთ, აქ სიამოვნებით გავჩერდებიო. სარეზიდენციო პროგრამები ევროპის ბევრ ძალიან ცნობილ ლიტერატურულ სახლს აქვს და თუკი ამ ამბავს საქართველოშიც დავით სარაჯიშვილის მსგავსი მეცენატი გამოუჩნდება, ბოლო სართულის ხუთი ოთახი შეიძლება ასეთ რეზიდენციად იქცეს. ნატა ლომოური იმასაც ფიქრობს, რომ ამ ოთახებს მწერლების სახელები დაერქვას:

„ვფიქრობთ, რომ ერთი იყოს პასტერნაკის სახელობის ოთახი, ასევე სტეინბეკის ოთახი, რომელიც კაპასთან ერთად მოგზაურობდა საქართველოში და ამ სახლშიც იყო. დიუმაზე ვფიქრობთ, მისი კავკასიური ვოიაჟის გამო. გვინდა უორდროპების ოთახი გვქონდეს და ერთიც აღმოსავლური, სავარაუდოდ, ნიზამის სახელობის ოთახი... ვფიქრობთ, რომ თუ გამოგვივიდა, ეს ოთახები მათი მოსახელეების ქვეყნების მოტივებზე გავაფორმოთ“.

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

კიდევ გეგმაშია „მწერალთა სახლის“ სულ დაბლა სართულის ბიბლიოთეკად, საგამოფენო დარბაზად და წიგნის მაღაზიად ქცევა. დღეს რომ „მწერალთა სახლის“ გრაფიკს ჩახედოთ, ყველა დღე უკვე დაკავებულია - სულ რაღაც ხდება: ხან ხელოვნების სახელოსნოს დღეა, ხან წიგნის პრეზენტაცია, ხანაც კითხვა და შეხვედრა ავტორთან. გაზაფხულზე ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალის დღეებიც გველის, რომელიც შარშან პირველად ჩატარდა - ოღონდ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ერთ სართულზე, ორ ოთახში ხდება. სახლი კი დიდია და კიდევ ერთხელ და მერამდენედ აღდგენას და ახალი სიცოცხლის დაწყებას ელის. „მწერალთა სახლი“ კი მზად არის, სახელწიფოს - კერძოდ, კულტურის სამინისტროს - დაფინანსების გარდა, ყველა კეთილმოსურნის დახმარება მიიღოს.

ესეც თითქოს სიმბოლურია: ქველმოქმედების იმედი ჰქონდეს იმ სახლს, რომლის პატრონმა და ამშენებელმაც, დავით სარაჯიშვილმა, საუკუნის წინ თავისი ქონება - სამი მილიონი მანეთი - მთლიანად ამ ქვეყანას უანდერძა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG