Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანგრძლივი სხდომა მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად


მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტში
მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტში

8 მაისს, გვიან ღამით საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. 87 მომხრე და 38 წინააღმდეგი - დეპუტატთა ასეთი თანაფარდობით მხარდაჭერილი მთავრობის ახალი კაბინეტი მუშაობას შეუდგება. პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პრემიერ-მინისტრს უსმენდნენ. ლარის დევალვაცია, საყდრისის თემა, ეკონომიკური პერსპექტივები, პოლიტიკური დევნა - ეს იყო მთავარი საკითხები, რომელთა გარშემოც დეპუტატები პრემიერ-მინისტრს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებამდე უსვამდნენ შეკითხვებს. წინასწარი განცხადებების თანახად, საპარლამენტო ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტმა მოიწვია.

12 საათზე მეტხანს გაგრძელდა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც პრეზიდენტის მოწვევით დაინიშნა, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით. სამთავრობო გუნდის გეგმებისა და განხორციელებული პროექტების თაობაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ხედვებსა და გეგმებს დეპუტატები უკვე იცნობენ და, შესაბამისად, მათ შესახებ საუბარზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებაში გაჩნდა თავისუფლების შეგრძნება, რომელიც ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია:

„დღეს, რა თქმა უნდა, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის უპრეცედენტო რეფორმაზე, რომელიც ძალიან წარმატებით განხორციელდა, სოფლის მეურნეობაში ჩადებულ უდიდეს ძალისხმევაზე, ინვესტიციებზე და ა.შ., მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოებისა და თითოეული წევრის თავისუფლება, რასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს და, რაც მთავარია, ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით განახორციელა. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არის შეუქცევადი და სწორედ ამ თავისუფლებამ მოიტანა ის,რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო, და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“.

ლიდერები ვართ რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდა 3,3 %, ხოლო გასულ წელს ეს იყო 4,8 %. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარება შედარებით ნაკლებად აისახა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპზე...
ირაკლი ღარიბაშვილი

ამასთან, პრემიერმა აქცენტი დასვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ დღეს, მართალია, მცირედ, მაგრამ რეგიონში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს; ამასთან, ქვეყანამ 50 მილიონი დოლარით შეამცირა საგარეო ვალი და, ლარის დევალვაციაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ არგუმენტად საგარეო ფაქტორები და დოლარის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარება მოიყვანა:

„პირველი ლიდერები ვართ რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდა 3,3 %, ხოლო გასულ წელს ეს იყო 4,8 %. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარება შედარებით ნაკლებად აისახა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპზე. ასევე გეტყვით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის წლიური საშუალო ტემპი 4 %-ს შეადგენს. გასული წლის მთლიანი შიდა პროდუქტი, 2012 წელთან შედარებით, 8,2 %-ით მეტია. 2008-2012 წლებში საქართველოს ვალი უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკა. 2013 წელი იყო ერთადერთი წელი დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც საქართველოს საგარეო ვალი არათუ გაიზარდა, 50 მილიონი დოლარით შემცირდა“.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, 2013 წელთან შედარებით. მისივე თქმით, ქვეყანაში დაიწყო C ჰეპატიტის ელინიმაციის უპრეცედენტო პროგრამა, დაზღვეულია ქვეყნის ყველა მოქალაქე. 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20,5 %-ით: ევროკავშირთან – 76 %-ით, რუსეთთან – დაახლოებით 6-ჯერ (487,5 %-ით). ისაუბრა რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე .

პრემიერის გამოსვლის შემდეგ მას ეკითხებოდნენ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღების თემაზე, საყდრისთან დაკავშირებით ხელისუფლების ქცევაზე, შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ. ამასთან, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა დაესახელებინა სამი საკითხი, რომელთა ირგვლივაც მას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ.

„მე თქვენთან მაქვს ერთი მთავარი კითხვა: შეგიძლიათ მინიმუმ სამი საკითხი მაინც დამისახელოთ, რომელშიც თქვენ არ ეთანხმებით ბიძინა ივანიშვილს და საწინააღმდეგო მოსაზრება გაქვთ?“

ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი

ეს კითხვა პრემიერმა უპასუხოდ დატოვა, ისევე როგორც დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის შეკითხვა, თუ როდის დაუბრუნდება ლარის კურსი 2012 წლის ოქტომბერში არსებულ ნიშნულს. ეს შეკითხვები უფრო დააკონკრეტა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა:

„ეთანხმებით თუ არა თქვენ ბატონ ივანიშვილს - მან თქვა, რომ მესამე კარგ წელს ადამიანები თავის ჯიბეზე იგრძნობენ გაუმჯობესებასო. გუშინ ეკონომიკის მინისტრმა გასაგებად და ქართულ ენაზე თქვა, რომ ადამიანების მდგომარეობა გაუარესდა“.

ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, სამი წლის წინ ვერავინ გათვლიდა საგარეო ფაქტორებს, რამაც ასახვა პოვა ეროვნულ ვალუტაზეო.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი გია ვოლსკი სავაჭრო მიმართულებების დივერსიფიკაციით დაინტერესდა, მანანა კობახიძე - ყოფილი მაღალჩინოსნების აგარაკების ფლობის საკითხით, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ნინო გოგუაძე - საყდრისის აფეთქების საკიხით, რაზეც პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა:

„ვინ ააფეთქა?! ეს დანაშაული მოხდა?! კრიმინალი ჩაიდინეს?! - ეს პოლიტიკური განცხადებაა“.

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა დეპუტატებს თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს, რომლებმაც, შესაბამისად, თავდაცვის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრების პოსტებზე გადაინაცვლეს. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში მოხვდა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას 74 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. სხდომის დაწყებამდეც ცნობილი იყო და ოპოზიციის წრამომადგენელმა დეპუტატებმა პარლამენტის სხდომაზე კიდევ ერხელ გაიმეორეს, რომ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებენ. მოუხედავად ამისა, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად უმრავლესობაში საკმარისი ხმებია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG