Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კლასი“: მოზარდების პრობლემები - ჩვენი პრობლემები


klasi.ge
klasi.ge

„კლასი“ - პროზაული სერიალია სკოლის მოსწავლეების შესახებ. საიტზე, klasi.ge ვკითხულობთ, რომ ესაა ონლაინ ექსპერიმენტი, რომელიც ცდილობს აღწეროს "ბავშვების" რეალური ყოველდღიური ყოფა "მათი პიროვნებად ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის განმავლობაში". პროექტის ავტორები თერთმეტი სკოლის მოსწავლის ცხოვრების შესახებ ჰყვებიან და ეხებიან ბულინგის, ძალადობის, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის და სხვა პრობლემებს საზოგადოებაში. ყველა გმირის სახელი გამოგონილია და თვითონ პროექტის ავტორებიც არ ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. მათ ფეისბუკის საშუალებით ვესაუბრე. ავტორებს სიუჟეტში პირობითად მოვიხსენიებ როგორც "პირველ ავტორს" და "მეორე ავტორს". სიუჟეტში გამოყენებული ხმები არ ეკუთვნის პროექტთან ასოცირებულ არც ერთ ადამიანს.

პროზაული სერიალი იწყება თორნიკე ბერიძისა და გუგა ბუკიას ჩანაწერებით, რომლებიც კლასელები არიან და წლების განმავლობაში ერთ მერხზე სხედან. ისინი მეგობრები არიან, თუმცა მხოლოდ კლასის მერხთან ან მაშინ, როცა მარტო რჩებიან. გუგა ბუკია დანარჩენი კლასელების მხრიდან დამცირების მსხვერპლია, რის გამოც ბერიძე მასთან, სხვების დასანახად, მეგობრობას ერიდება. თავის მხრივ, თორნიკე ბერიძეს თავისი პრობლემები აქვს. პირველი ავტორი მეუბნება, რომ თავიდან სწორედ ამ ორ თემაზე სურდა წერა, როგორც თვითონ ამბობს, "ბულინგზე და ჯერ კიდევ შემორჩენილ უშნო ტრადიციაზე, რომელიც ბიჭების ქალებში წაყვანას ეხება", შემდეგ კი ეტაპობრივად თემებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა და მეტი პრობლემაც გამოჩნდა.

პირველი ავტორი ფიქრობს, რომ ასაკი, რომელზეც ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში:

"13 წელი ის ასაკია, საიდანაც უკვე იწყება სერიოზული გარდამტეხი პროცესები. როცა ბავშვებს მთლად ბავშვებადაც აღარ თვლიან - მით უმეტეს, თავიანთ თავს აღარ თვლიან ბავშვები ბავშვებად. ამ დროს საინტერესო პროცესი მიდის: პირველი ამბოხი მშობლებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ამ ამბოხის შედეგი და ბრძოლის პროცესი განაპირობებს იმას, თუ როგორ ადამიანად ჩამოყალიბდება პიროვნება მომავალში. შეიძლება მთლიანად არ განსაზღვროს ვიღაცა, მაგრამ პირველი უმნიშვნელოვანესი პროცესები, ჩემი აზრით, სწორედ ამ ასაკში მიდის. გარდა თვითონ ბავშვის გაკეთებული არჩევანისა თუ მისი ბრძოლისუნარიანობისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარშემომყოფთა ქცევას. მოკლედ, ძალიან კომპლექსური პროცესები მიდის და ამან გადამაწყვეტინა, რომ ამ ასაკიდან დამეწყო ამბების მოყოლა".

თემები და პრობლემები, რომლებსაც პროზაული სერიალი წამოჭრის, არ არის მხოლოდ მოზარდების პრობლემები და სიტუაცია ხშირად ცდება სკოლასა და ეზოს. მოზარდების ჩანაწერებში ვხვდებით შრომით მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში მიდიან და ცდილობენ იქ დაიწყონ ახალი ცხოვრება, თუმცა საქართველოში ტოვებენ მოზარდ შვილებს; ვხვდებით მამისა და შვილის დაძაბულ ურთიერთობებს; ვხვდებით სასულიერო პირებს; ვხვდებით ქორწილსა და ქალის მოტაცების ტრადიციას, რომელიც სკოლის მოსწავლის თვალითაა დანახული:

"წუხელ გავიგონეთ, თურმე სკოლასთან მოუტაცია ბიძაჩემს. მანქანაში ჩასვეს და წამოიყვანა, ცოლად უნდა მოიყვანოს. ალბათ, შეყვარებულები არიან. კიდევ ქორწილის ამბებზე ლაპარაკობდნენ, ვინ უნდა დაპატიჟონ და ვინ არა. მერე ანიმ ტირილი დაიწყო და ყველა გაჩუმდა. დედაჩემი მივიდა და შეეკითხა: “ანი, შენ გინდა დარჩენა?” მე ვერ გავიგე, სად უნდა დარჩენილიყო. ანი ტიროდა და ტიროდა. მერე დედამ უთხრა: თქვი, თუ არ გინდა და შენს მშობლებს გაჰყევი სახლშიო. ანიმ თქვა, არ მინდა სახლშიო. ანუ რჩებიო? კიო, დააქნია თავი და მაინც გააგრძელა ტირილი".

პერსონაჟები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და განსხვავებულია მათი ოჯახებიც. აქ ვხვდებით განქორწინებულ წყვილებს, მოძალადე მშობლებს ან თბილ, მოსიყვარულე ოჯახსაც. ეს სერიალს საინტერესო საკითხავად აქცევს, პრობლემები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც პერსონაჟები და გარემო, რომლიდანაც ისინი მოდიან. თუ ერთი პერსონაჟი გვესაუბრება თავის პრობლემებზე მამასთან ურთიერთობაში, მეორე პერსონაჟი უკმაყოფილოა იმით, რომ მშობლებს კვირაობით გასართობად მიჰყავთ:

"ერთი დასვენების დღე მაქვს კვირას და მაგ დღესაც მამამ და დედამ დაიჩემეს, ერთად უნდა ვიყოთ ოჯახი კვირაობითო. დილიდან ერთად ვსაუზმობთ, მერე მივდივართ ხან ბოულინგის სათამაშოდ, ხან შოფინგზე, ხან კარტინგებზე, ხან მთაწმინდის პარკში, მერე ვჭამთ სადმე რესტორანში, საღამოს კიდევ ან ვინმე მაგათ მეგობართან მივდივართ სტუმრად, ან სახლში ვართ და რამეს ვუყურებთ ერთად სამივენი. საშინელებაა! არც კი მეკითხებიან, მე იქნებ არ მინდა ეს ყველაფერი? ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, კვირას კაფეში წავიდეთო და ვერასდროს ვერ მივდივარ, იმიტომ რომ აიტეხა მამაჩემმა ეს ოჯახის დღე. არ შეიძლება ოჯახის დღე ოთხშაბათი იყოს და კვირას თავი დამანებონ?"

თუმცა მთავარი ისტორია გუგა ბუკიას ირგვლივ ვითარდება, რომელიც თანაკლასელებისგან დამცირების მსხვერპლია. ამის გამო მას ხშირად ექმნება პრობლემები, მაგრამ მოზარდმა არ იცის როგორ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ბუკია ვერ ახერხებს პრობლემის შესახებ სხვებთან საუბარს - ვერც მასწავლებლებთან, ვერც მშობლებთან და ვერც სხვა მეგობრებთან:

"გუშინ მამაჩემს ვთხოვე, არ გამიშვა-მეთქი. გუშინ არა, გუშინწინ საღამოს ვთხოვე, ხვალ სკოლაში არ წავალ-მეთქი. რატომო? რავი-მეთქი, არ მინდა. დედაჩემმა, რას ჰქვია არ გინდაო, რას ბოდავო. მეთქი, კაი, ისევ ქუჩაში ბოდიალი მომიწევს-მეთქი, ვიფიქრე და შევედი ჩემს ოთახში. მამაჩემი შემომყვა ეგრევე. რაღაცა ხდება და მითხარიო. ვინმესთან ჩხუბი მოგივიდაო? მამაჩემს ესმის ეგეთი რაღაცები, რაღაცებში ძაან კარგად მიგებს, მაგრამ მაინც დიდად არ ვლაპარაკობთ ხოლმე. რომ ვუთხრა, სკოლაში რა ხდება და კლასელები როგორ მექცევიან, დამარიგებს და კარგ რჩევასაც მომცემს, მაგრამ ვერ ვეტყვი, ძალიან მრცხვენია".

მაგრამ საიდან მოდის ამბები, რომლებსაც ავტორები გვიყვებიან? მეორე ავტორი საუბარში ამბობს, რომ ისტორიები, რომლებსაც klasi.ge-ზე ვკითხულობთ, არაა გამოგონილი და მათ საფუძვლად რეალური ამბები უდევს. რა თქმა უნდა, ავტორები ამბებს მხატვრულად ჰყვებიან, თუმცა ისტორიები არსებობს და ისინი ეფუძნება პირად, მეგობრის, ოჯახის წევრის ან, უბრალოდ, ნაცნობის გამოცდილებას. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ფეისბუკზე პირადად მისწერონ klasi.ge-ს. მეორე ავტორი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა:

"გვაქვს რამდენიმე შემთხვევაც, როცა სხვამ გამოგვიგზავნა თავისი ამბავი, ზოგმა გვიამბო, უბრალოდ, და გვთხოვა პერსონაჟის პირით მოგვეყოლა, ზოგმა გამზადებული ჩანაწერი გამოგვიგზავნა. ამაზე დაკვირვების შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არსებობს სულ რაღაც რამდენიმე სახის და მხოლოდ ფორმები განსხვავდება. ბულინგი, დაცინვა, ძალადობა, ცემა-ტყეპა, გაუნათლებლობა, უყურადღებო და მუდმივად დაღლილი მასწავლებლები, სასტიკი ბავშვები, უყურადღებო და "ვინ რას იტყვის" მშობლები - ეს არის მცირე ჩამონათვალი, რაც ხდებოდა მაშინ, როცა ავტორები ვიყავით ამ ასაკის და, სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება.

თინეიჯერებზე დაკვირვება კი, ჩემი აზრით, მარტივი საქმეა, თუ ოდნავ დროს დაუთმობ და თუნდაც ფეისბუკს გადახედავ. მხოლოდ ყურადღება სჭირდება და, ასე ვთქვათ, სხვა თვალი "ამბების ამგროვებლის".

ავტორები ამბობენ, რომ "კლასი" არ არის პროექტი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე. სერიალი ეხება საზოგადოებას, რომლის წევრებიც არიან ბავშვები, და პრობლემები, რომლებიც აწუხებთ ბავშვებს, რეალურად საზოგადოების ყველა წევრის პრობლემებია. საუბარში ავტორები აღნიშნავენ, რომ ეტაპობრივად პროექტი კიდევ ბევრ მძიმე თემას შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG