Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის ამოქმედდება მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, ამოქმედდეს მოწმეთა დაკითხვის წესი, რომლის მიხედვითაც, მოწმეები ნებაყოფლობით, სასამართლოს წინაშე დაიკითხებიან. ამ აზრს არ იზიარებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ამბობს, რომ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა ამ ცვლილებისთვის ჯერ მზად არაა.

განზრახ მკვლელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახში ძალადობის, ძარცვის, ყაჩაღობის, შეთქმულების ან ამბოხის, ტერორიზმისა და სხვა რამდენიმე სახის დანაშაულის შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი შენარჩუნდება.

დღეს სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ 1 იანვარს მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო სისტემაში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდეს მოწმის დაკითხვა...
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კანონპროექტის თანახმად, ასეთ შემთხვევებში მოწმეები ვალდებულები არიან ჩვენების მისაცემად საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდნენ.

ამავე კანონპროექტით, სხვა სახის დანაშაულის შემთხვევაში მოწმის დაკითხვა საგამოძიებო ორგანოებიდან სასამართლო შენობაში ინაცვლებს.

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, სწორედ ესაა ამ ინიციატივის ერთადერთი კარგი მხარე:

„სხვა ყველა მიმართულებით ეს კანონპროექტი არის ხარვეზული. მაგალითად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, სავალდებულო წესით, მოწმის დაკითხვა შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ბრალდების მხარემ. ამის უფლება დაცვას არ აქვს. მეორე ამბავი კი ის არის, რომ როდესაც მოწმე, ბრალდების მხარის ინიციატივით, მაგისტრატ მოსამართლესთნ იკითხება, ამ დაკითხვას დაცვის მხარე არ ესწრება“.

აქედან გამომდინარე, როგორც სოფო ვერძეული ამბობს, სასამართლო პროცესზე საქმის არსებითად განხილვის დროს, რომელსაც უკვე დაცვის მხარეც ესწრება, მოწმის დაკითხვას, ფაქტობრივად, აზრი ეკარგება, რადგან ჩვენების შეცვლის შემთხვევაში მოწმეს, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

მისი აზრით, უნდა ამოქმედდეს მოწმეთა დაკითხვის ის წესი, რომელსაც 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ამ წესის მიხედვით, დაცვის ან ბრალდების მხარისთვის ჩვენების მიცემა მხოლოდ მოწმის სურვილზეა დამოკიდებული:

„კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც გამოძიება სხვანაირად წინ ვეღარ მიდის და ყველა გონივრული რესურსი ამოწურული აქვს, ის მოდელიც კი ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს მოწმის სავალდებულო წესით მოსამართლესთან დაკითხვას, ანუ იმ მოდელშიც არსებობს ისეთი მექანიზმი, რომელიც აზღვევს იმას, რომ სამართალდამცავი სისტემა არ გაიჭედოს“.

2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2013 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მაშინ ეს, მთავრობის მოთხოვნით, ორი წლით გადაიდო. ეს ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს იწურება, თუმცა თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ახალი წესის მისაღებად ჯერაც არ არის მზად:

„თუ ამოქმედდება, ჩვენ საზოგადოებას ვერ დავიცავთ დანაშაულიდან. დღეს სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ 1 იანვარს მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო სისტემაში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდეს მოწმის დაკითხვა“.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი ამ წესს გაუაზრებელს, სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულთან ბრძოლაში ხელს შეუშლის.

ამ აზრს არ იზიარებს საპარლამენტო უმცირესობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ახალი წესის მიღებას შეგნებულად აჭიანურებს:

„როდესაც ეს საკითხი განიხილებოდა, როგორც პირველი, ასევე მეორე გადავადების დროს ხელისუფლება მოიმიზეზებდა იმას, რომ სისტემა ამისთვის მზად არ იყო. მათ გეგმაც არ ჰქონდათ, როგორ შეიძლებოდა მომზადებულიყო სისტემა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ასამოქმედებლად“.

აკაკი მინაშვილი დასძენს, რომ 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა შესაბამისი სამსახურების მოსამზადებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი გეგმავენ ამ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა მისი გაუმჯობესების იმედი არ აქვთ და თუ მოწმეთა დაკითხვის წესები არ შეიცვალა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG