Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორჩა კინო, ანუ ეპოქის დასასრული


ავტორი: ანა ლომთაძე

რუსეთს სულ უფრო მეტი დასავლელი იმიგრანტი ტოვებს. მიზეზები არაერთგვაროვანია და უკავშირდება როგორც რუსეთის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკას. რატომ ტოვებენ დასავლელები რუსეთს და რა გავლენა აქვს ამას რუსეთის ეკონომიკაზე?

ნოშრევან, მეტსახელად ნეშ, თავხელიძე 1990-იანი წლებიდან მოღვაწეობს ბიზნესში, რომელიც ხშირად ახვედრებს იმიგრანტებს. იგი მოსკოვის ერთ-ერთი ლეგენდარული ბარისა და ღამის კლუბის, „კრიზის ჟანრას“, თანამფლობელია. თავხელიძე წლების განმავლობაში იყო რუსეთის დედაქალაქში უცხოელთა რიცხვის მატების მოწმე:

​„მახსოვს 1990-იანი წლების მოსკოვი, მართლა კარგი დრო იყო. გვყავდა ბევრი უცხოელი, რომლებსაც, ჯერ ერთი, უყვარდათ რუსეთი და, მეორეც, თავიანთ კულტურას გვიზიარებდნენ, რაც ჩვენს კულტურას ამდიდრებდა. ისინი მართლაც კარგ ატმოსფეროს ქმნიდნენ. ვგულისხმობ გართობის ინდუსტრიასა და პოპგარემოს. იმას, რაც ახლა ხდება, ალბათ, ეპოქის დასასრული უნდა ვუწოდოთ. გული მწყდება, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება მომავალში“.

ნეშ თავხელიძის ბიზნესი შარშან ცუდად წავიდა. წელსაც ერთი-ორი კაცი თუ შემოდის ბარში. ისე კი, უმრავლესობა რუსეთიდან წავიდაო, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. თავხელიძის ბედი გაიზიარა სეჩინ სივანკუტის „ჰადსონ ბარმაც“, რომელიც უკვე 7 წელია არსებობს და ძირითადად უცხოელ კლიენტებს ემსახურება. როგორც თავად სივანკუტი ამბობს, ბარიდან მოგებამ 40%-ით იკლო.

ზოგმა კომპანიამ თავის ევროპელ და ამერიკელ თანამშრომლებს სრულიად შეგნებულად დაატოვებინა რუსეთი. ეს იმიტომ, რომ სანქციების გამო ამერიკელები და ევროპელები ბევრ ისეთ რამეს ვერ აკეთებენ, რის გაკეთების უფლებაც სხვებს აქვთ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სანქციები ზოგს ვნებს, ზოგს კი არა...
ალექსის როძიანკო

დასავლელი იმიგრანტები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ამბობენ, რომ სულ უფრო მეტი მათგანი ტოვებს ქვეყანას უკრაინის კრიზისის, სანქციებისა და მწვავე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ამ ტენდენციას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც. მიგრაციის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, რუსეთში მცხოვრებ უცხოელთა რიცხვი - თუ არ ჩავთვლით უკრაინიდან ადგილნაცვალ პირებს - 417 ათასით, ანუ დაახლოებით 5%-ით, შემცირდა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის იმავე თვემდე. იმ იმიგრანტების ნახევარი, ვინც რუსეთი დატოვა, დასავლეთის ქვეყნებიდან არის. მაგალითად, 2014-2015 წლებში რუსეთში ერთი მესამედით იკლო გერმანელების რაოდენობამ, მათი რიცხვი ახლა 240 113 კაცია. ამერიკელებისა და ბრიტანელების რაოდენობა 36 და 38%-ით შემცირდა, ხოლო ფინელებისა და ნორვეგიელების - 39 და 48%-ით. უცხოელების კლების ტემპმა განსაკუთრებით იმატა 2014 წლის მეორე ნახევარში.

რუსეთში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორი ალექსის როძიანკო წამსვლელებს სამ კატეგორიად ყოფს. პირველი, ეს არიან საერთაშორისო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც კომპანიამ, რეცესიის მოლოდინში, თავიანთ ქვეყნებში დააბრუნა ხარჯების შემცირების მიზნით. მეორე: რუსეთს ტოვებენ ისეთ სექტორებში მომუშავე უცხოელები, რომლებმაც საგრძნობლად იზარალეს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ერთ-ერთი ასეთი სფეროა ენერგეტიკა. დაბოლოს, როძიანკო საუბრობს დასავლეთის კომპანიების ტენდენციაზე, ძვირად ღირებული უცხოელი თანამშრომლები ჩაანაცვლონ ადგილობრივი იაფი მუშახელით.

როძიანკო განმარტავს:

„ჩემი კომპანიის საბჭოს წევრები არ შეცვლილან. შეხვედრებზე ერთსა და იმავე ხალხს ვხედავთ. მაგრამ რაც წავიკითხე და რაც მესმის კიდეც, ისაა, რომ ზოგმა კომპანიამ თავის ევროპელ და ამერიკელ თანამშრომლებს სრულიად შეგნებულად დაატოვებინა რუსეთი. ეს იმიტომ, რომ სანქციების გამო ამერიკელები და ევროპელები ბევრ ისეთ რამეს ვერ აკეთებენ, რის გაკეთების უფლებაც სხვებს აქვთ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სანქციები ზოგს ვნებს, ზოგს კი არა. ჩემი აზრით, ზოგმა ნავთობკომპანიამ ამიტომ აირჩია ტაქტიკა, ზემოთ რომ ვახსენე“.

რადიო თავისუფლება გაესაუბრა რუსეთში მცხოვრებ რამდენიმე უცხოელს, რომლებმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვეს. ერთ-ერთი მათგანის, ავსტრალიელი ადვოკატის თქმით, მას, უბრალოდ, არ მოსწონს „საითკენ მიექანება ეს ქვეყანა“. მისი ბრიტანელი კოლეგა კი ამბობს, რომ ბევრი კლიენტი დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა, რამაც ადვოკატს შემოსავალი საგრძნობლად შეუმცირა. საფრანგეთის მოქალაქემ რუსეთის დატოვების მიზეზად რუსული ეროვნული ვალუტის, რუბლის, კურსის მკვეთრი ვარდნა დაასახელა. „როგორც ბევრ ადამიანს, მეც მაქვს ევროპაში ვალები აღებული და, უბრალოდ, არ შემეძლო მათი გადახდა ჩემი აქაური შემოსავლითო“, დასძინა მან.

2014 წელს,1998 წლის შემდეგ პირველად, დაეცა რუსული რუბლის კურსი ასე მკვეთრად.

შარშან დეკემბერში რუბლმა, ამერიკულ დოლართან შედარებით, 50%-ით დაიწია. რუბლის კურსი და, ზოგადად, რუსეთის ეკონომიკა კიდევ უფრო დააზარალა ნავთობის ფასის ვარდნამ. ახლა უცხოელების მიერ ქვეყნის დატოვების ტენდენცია და პრობლემები, რომლებიც დასავლეთის კომპანიებს ექმნებათ, სავარაუდოდ, შეამცირებს უცხოური ინვესტიციების რაოდენობასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG