Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ისტორიული გამარჯვება მსოფლიო თასზე და ლონდონში ქართველთა ემოციები


17-10 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ტონგას ნაკრებთან. ის ქართველები, ვინც სტადიონზე ვერ წავიდა, ლონდონის საუთვარკის ტაძრის მიმდებარე მოედანზე დიდ მონიტორთან შეიკრიბნენ. ახალგაზრდებს შუბლსა და ლოყებზე საქართველოს დროშები ჰქონდათ გამოსახული. ამ დღეს რაგბიმ ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ - მოცეკვავეები, ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები, ლონდონელი ქართველები, მათი ბრიტანელი სტუმრები და, უბრალოდ, გამვლელი ტურისტები გააერთიანა. ისმოდა შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს!“, მსაჯის საფინალო სასტვენს კი სიხარულისა და აღტაცების ყიჟინა მოჰყვა.

ყველაფერი ძალიან ფრთხილად დაიწყო. მატჩის დასაწყისში ტონგას ნაკრები სამი ქულით დაწინაურდა. მოედანზე გულშემატკივრებში დუმილი ჩამოწვა და ყველა ნერვიულობდა, თუმცა მალე ქართველებმა საჯარიმო დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და დიდ მონიტორთან შეკრებილებს ხასიათი ცოტა გამოუკეთდათ. მალევე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და გარდასახვაც უნაკლოდ შეასრულეს. საქართველოს ნაკრების წინ გასვლას კი მოედანზე პირველი შეძახილები მოჰყვა. ემოციების დამალვას აღარავინ ფიქრობდა. ზოგი რაგბის წესებში იქვე ერკვეოდა, უფრო გარკვეულები კი მათ დაუზარებლად უხსნიდნენ თამაშის არსს. პირველ ლელოს მეორე მოჰყვა, მაგრამ მეორე ტაიმის ნახევარში ტონგამაც შეძლო ერთი ლელოს გატანა და ვითარება ისევ დაიძაბა. საქართველოს ნაკრები თავს იცავდა, მოედანზე შეკრებილი ქართველები კი დარჩენილ წუთებს ითვლიდნენ და მსაჯის საფინალო სასტვენს მოუთმენლად ელოდნენ. ეს ხმაც გაისმა და საუთვარკის მოედანზე შეკრებილთა ხმაურმა იქვე მყოფი უამრავი ტურისტის გაკვირვება გამოიწვია, ხმაურზე საფრანგეთის ნაკრების ფანები მოცვივდნენ და მათაც დაიწყეს ზეიმი.

ქართველი მორაგბის ილია ზედგინიძის მეუღლე სოფო ჯუღელი მოედანზე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მოვიდა, ბავშვების გამო სტადიონზე წასვლა ვერ მოახერხა. სხვებთან ერთად მან მონიტორის წინ იზეიმა მორაგბეების გამარჯვება.

რაგბის ქართველი გულშემატკივრები ლონდონში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00

ლონდონში მცხოვრები ეკა მონიავა მოედანზე მეგობრებთან ერთად მივიდა. მისი აზრით, ქართველ მორაგბეებს ყველა ქართველის მხარდაჭერა სჭირდებათ.

ლონდონელი ქართველი მარიამ ღუდუშაური საუთვარკის მოედანზე ყოველდღე მიდიოდა, სამი დღის განმავლობაში აქ საქართველოს დღეები მიმდინარეობდა - ნაციონალური ბალეტის,„სუხიშვილებისა“, და ანსამბლ „შვიდკაცას“ კონცერტები იმართებოდა.

ლონდონში საქართველოს დღეების ორგანიზატორი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა იყო. ამ ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. სათვისტომოს ხელმძღვანელი ირინე სარაჯიშვილი ამბობს, რომ ლონდონ ბრიჯზე სამი დღის განმავლობაში პატარა საქართველო შეიქმნა, საკუთარი სამზარეულოთი, ხელოვნებით, ცეკვით, სიმღერითა და წარმატებული რაგბით.

მატჩის დასრულებისთანავე სცენაზე ანსამბლი „შვიდკაცა“ ავიდა და ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მრავალჟამიერი შემოსძახა.

რეპორტიორის მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ( IWPR)-ის მიერ. 2014 წელს გოგა აფციაურს საქართველოში ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მიენიჭა მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG