Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება


ავტორი: ირინა გურული

გასულ კვირას საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა უცვლელად დატოვოს რეფინანსირების განაკვეთი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და შესაძლო ინფლაციური წნეხის გათვალისწინებით, მონეტარულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრების შესახებ და ის 0,5 პროცენტით გაზარდა.საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს კომიტეტის ამგვარი გადაწყვეტილების განმაპირობებელ ფაქტორებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, გაიზარდა საგარეო შოკების შედეგად საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები და მოლოდინები. მიუხედავად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებისა, აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებული შუალედური ხარჯების ზრდაზე აისახა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომდევნო თვეებში მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის გარკვეული ზრდა. ვინაიდან მნიშვნელოვნადაა შესუსტებული როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციაზე იქნება მოკლევადიანი და არ წარმოქმნის ინფლაციურ რისკებს საშუალოვადიანი პერიოდისთვის.

დღეისათვის არსებული პროგნოზის მიხედვით, 2015 წლის ბოლოს ინფლაცია 5%-ის ფარგლებში იქნება. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს.

ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ტენდენციების გაუარესება კვლავ უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც. იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა საქონლის ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოდინებების შემცირება. აშშ დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურების ხარჯების ზრდის გამო შემცირებულია ასევე შიდა მოთხოვნა. ამგვარად, შემცირებულია ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნა. მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა უარყოფითი რჩება. სავალუტო შემოდინებების კლებით გამოწვეული გაცვლითი კურსის არსებული ცვლილება, სავარაუდოდ, საკმარისი უნდა იყოს იმპორტზე მოთხოვნის შესამცირებლად, რაც ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ერთობლივი მოთხოვნა სუსტი იყოს და არ წარმოქმნას მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლა.

მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 6 მაისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG