Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ცხრა მოქალაქე გაათავისუფლეს


ერგნეთი
ერგნეთი

გუშინ საღამოს ერგნეთის საგუშაგოსთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ბოლო დროს დაკავებული საქართველოს ცხრა მოქალაქე გადასცეს. მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს საკითხი ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზეც განიხილეს.

ქართული მხარე ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაკავებული 14 მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვდა. დაკავებულთა ნაწილი ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების იმ სოფლების მცხოვრებლები არიან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მოლაპარაკებები სხვა დაკავებულების გასათავისუფლებლადაც მიმდინარეობს.

ერგნეთის 55-ე შეხვედრაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დაკავებების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა შეგნებულად არ გააფრთხილეს ის ადამიანები, რომლებიც ჯონჯოლის საკრეფად ეგრეთ წოდებულ საზღვართან ახლოს მიდიან.

ქართული მხარე ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მუდმივად არღვევს ადამიანის უფლებებს და ქმნის ჰუმანიტარულ პრობლემებს, როდესაც მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისსაც, ჩაკეტა. თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ეს პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გაკეთდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. გასულ წელს იმავე პერიოდში დაკავებების რაოდენობამ 65-ს გადააჭარბა. ამ ადამიანების უმრავლესობა ჯონჯოლის საკრეფად იყო წასული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG