Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საოკუპაციო ბანერები, რუსული ემბარგო და ჟვანიას საქმე


გასულ კვირას რუსეთმა განაახლა ბანერების დამონტაჟება საქართველოსა და სამხრეთ-ოსეთის ე. წ. საზღვარზე. ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, ამ ბანერებმა საქართველოს მიმართულებით კიდევ უფრო გადმოიწია. რუსეთმა გაავრცელა იმ ქვეყნების სიაც, რომლებსაც ის ემბარგოს დაუწესებს, თუმცა ამ ჩამონათვალში საქართველო არ შევიდა. ასევე განახლდა ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას, სასამართლო პროცესი, სადაც ნაფიცმა მსაჯულებმა საბოლოო რეკომენდაცია გასცეს.

გასული კვირა დაიწყო მორიგი პრობლემით სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან. 10 აგვისტოს რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ბანერების დამონტაჟება ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენთან დაიწყეს. როგორც თამარაშენის მცხოვრებლები ამბობენ, რუსებმა ბანერი ძველი ნიშნულიდან სოფლისკენ, დაახლოებით, 800 მეტრით გადმოსწიეს, ბანერებს იქით კი ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთები მოექცა.

თამარაშენის მოსახლეობა წუხს იმაზე, რომ ამ ამბავთან დაკავშირებით მათთან ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვიქტორია კლიმიჩევა ამბობს, შესაბამისი სამსახურები ვითარებას ადგილზე სწავლობენ:

“ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით. როგორც მოგახსენეთ, ახლა ვითარების შესწავლა მიმდინარეობს”.

მოგვიანებით, 11 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ამ ახალი ბანერების დამონტაჟებას მორიგი “პროვოკაციული აქტი” უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდა.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ადეკვატური ზომები ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბანერების დამონტაჟება შეაფასა როგორც რუსეთის “ცინიკური პოლიტიკის” გაგრძელება. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია ამ სიტუაციაში მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმაროს - იქნება ეს მოსავლის აღება თუ სხვა სახის მხარდაჭერა. რუსეთის გააქტიურებას კი ის უკავშირებს საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ:

„შემიძლია ექვსი-შვიდი სხვა ადგილი გითხრათ, სადაც, სავარაუდოდ JTEC–ის გახსნის გამო, ვიზების ლიბერალიზაციის გამო, საქართველოს ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯების გამო და ბევრი სხვა იმ მიზეზის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის არსებობას უკავშირდება და ამ არსებობაზე უარის ართქმას უკავშირდება, რუსეთი ამ მოქმედებებს გააგრძელებს. ეს ტერიტორიები ცნობილია. სამწუხაროდ, 2008 წელს შეიქმნა ის რეალობა, რომელიც შეიქმნა. ოკუპაციამ მიიღო გაცილებით უფრო დიდი მასშტაბი“.

საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია არ დაიჭირა ამასთან დაკავშირებით. მათ თქვეს, რომ საქართველო არ უნდა შეუერთდეს არანაირ სანქციებს რუსეთის მიმართ და ეს სწორედ ის მესიჯებია, რაც მოსკოვს მუსიკასავით ესმის. ანუ მას სწორედ ასეთი მესიჯების მოსმენა უნდა...
კორნელი კაკაჩია

იმავე აზრისაა სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილიც, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონაძე მიიჩნევს, რომ ეს არის რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა, საქართველოს პრობლემები შეუქმნას შიდაპოლიტიკური კუთხითაც.

13 აგვისტოს კი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა გაავრცელა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც მოსკოვი ემბარგოს დაუწესებს. მიუხედავად მოლოდინისა, საქართველო ამ სიაში არ შევიდა.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი რბილი განცხადებების ფონზე, რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს დაწესება მოსალოდნელი არ იყო:

„საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია არ დაიჭირა ამასთან დაკავშირებით. მათ თქვეს, რომ საქართველო არ უნდა შეუერთდეს არანაირ სანქციებს რუსეთის მიმართ და ეს სწორედ ის მესიჯებია, რაც მოსკოვს მუსიკასავით ესმის. ანუ მას სწორედ ასეთი მესიჯების მოსმენა უნდა და, აქედან გამომდინარე, ემბარგოს საკითხი გადაიდება, თუკი არ მოხდა რაიმე ახალი დაძაბულობა რუსულ–ქართულ ურთიერთობებში“.

საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი რუსეთის მიერ ემბარგოს არდაწესება სხვადასხვაგვარად შეაფასეს. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების “გონივრული და პრაგმატული” პოლიტიკის შედეგია:

„ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება და ბედნიერება, რომ ვარჩიოთ სად ვიმუშაოთ და სად არა. ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ და, ცხადია, რომ რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების ბაზრებიც საინტერესოა ამ თვალსაზრისით“.

ჩვენი ეკონომიკური წინსვლის და წარმატების აქცენტი რუსეთზე არ უნდა დავსვათ. იმის მიუხედავად, რომ ახლა რუსეთმა ჩვენ არ ჩაგვსვა ბლოკირებული ქვეყნების სიაში, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს...
ზურაბ ჭიაბერაშვილი

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მისთვის ახალი არაფერი მომხდარა და საერთო სურათი მაინც არ იცვლება, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება ფრთხილი მიდგომის გამოვლინებაა და ის საქართველოსგანაც იმასვე მოითხოვს.

რუსულ მედიაში გავრცელებულ შეფასებებს თუ დავეყრდნობით, რუსეთმა საქართველო იმიტომ არ “დასაჯა”, რომ ორ ქვეყანას შორის არ არის მასშტაბური საქონელბრუნვა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები უმნიშვნელოა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მიიჩნევს, რომ რუსეთი “კატათაგვობანას თამაშობს აბსოლუტურად ყველა პარტნიორთან და ის არასანდო მოთამაშეა”. შესაბამისად, ქვეყანა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს:

„ჩვენი ეკონომიკური წინსვლის და წარმატების აქცენტი რუსეთზე არ უნდა დავსვათ. იმის მიუხედავად, რომ ახლა რუსეთმა ჩვენ არ ჩაგვსვა ბლოკირებული ქვეყნების სიაში, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ჩვენ უნდა ვეცადოთ და ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ქართული კომპანიებისთვის ბაზრების დივერსიფიცირებაში დახმარებას, პირველ რიგში კი, ევროკავშირის ბაზარზე გასვლას“.

ზურას სიკვდილის დამდგენი გარემოებების საქმე ძიებაშია. მართალია, დაცვამ ყველანაირად სცადა აქეთკენ გადაეტანა აქცენტები, რეალურად ეს იყო მხოლოდ ამ ადამიანების მიერ გამოჩენილი გულგრილობის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმე...
გოგლა ჟვანია

გასული კვირის მეორე ნახევარში განახლდა ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას, სასამართლო პროცესი. მათ ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედებათ. პროკურორის თქმით, მათ დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე დატოვეს, რაც, საბოლოოდ, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა კი განსასჯელების მიმართ დანაშაულის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის შედეგადაც ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ, ხოლო ხარშილაძეს პატიმრობის ვადა 2015 წლის 24 დეკემბერს ამოეწურება.

ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას „ადეკვატურს“ უწოდებს:

„ველოდი გამამტყუნებელ ვერდიქტს, რადგან კარგად ვიცნობ საქმის მასალებს. ეს არ იყო ძირითადი საქმე. ზურას სიკვდილის დამდგენი გარემოებების საქმე ძიებაშია. მართალია, დაცვამ ყველანაირად სცადა აქეთკენ გადაეტანა აქცენტები, რეალურად ეს იყო მხოლოდ ამ ადამიანების მიერ გამოჩენილი გულგრილობის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება“.

ამავე აზრისაა რაულ უსუპოვის მამა, იაშარ უსუპოვიც. თუმცა როგორც გოგლა ჟვანიამ, ასევე იაშარ უსუპოვმა აღნიშნა, რომ ძირითადი საქმე მაინც ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიკვდილის გარემოებათა დადგენაა და ისინი ამ კუთხით სიახლეებს ელოდებიან. კერძოდ რა სიახლეებზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG