ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:37

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

ორი თვითმკვლელობა და თავდაცვის სამინისტროს “სამი T”

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი მეორე თვეა აცნობს საზოგადოებას სამხედრო უწყების ახალ კონცეფციას და ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ მისი გუნდის მთავარი პრინციპი პირად შემადგენლობაზე ტოტალური ზრუნვაა. თუმცა ასეთ მაღალ ზრუნვას ჯერჯერობით მხოლოდ ლამაზ სიტყვებს უწოდებენ საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ბოლო თვე-ნახევარში შეიარაღებულ ძალებში მომხდარი ორი სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტით. 

საზეიმო „პიარი“ მწუხარების დღეს

გასულ კვირაში, 21 აგვისტოს, თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის აეროპორტთან მდებარე ე.წ. სამხედრო ქალაქში მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა და განაცხადა, რომ სექტემბერში, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე, შეიარაღებული ძალების 1000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინის გასაღებს.
 
„სექტემბერში დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი მიიღებს ახალ ბინას. მომავალ წელს, მარტში-აპრილში, კიდევ დაემატება 1000 ასეთი ოჯახი და სულ, ჯამში, ამ პატარა სამხედრო ქალაქში იცხოვრებს დაახლოებით 2000 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი.“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა გასულ სამშაბათს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სამხედრო უწყებამ კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ინფორმაცია გაავრცელა. 21 წლის რიგითი ჯაბა გაბიტაშვილი მცხეთაში მდებარე სამხედრო ნაწილში 20 აგვისტოს, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის შედეგად დაიღუპა. პროზექტურასთან შეკრებილ ჯარისკაცის მეზობლებსა და ახლობლებს ცხელ კვალზე არ სჯეროდათ თვითმკვლელობის ვერსია და ჯარისკაცის განზრახ მკვლელობის ვერსიას ემხრობოდნენ.

„არა, ნამდვილად თავს არ მოიკლავდა. ბავშვმა მთელი წელი გატარა იქ, თვე-ნახევარიღა დარჩა და რისთვის უნდა მოეკლა თავი? როცა თავიდან მივა ჯარში და უჭირს, მაშინ გაუძლო ბავშვმა და მე არ ვიცი. იძულებული არ გახდებოდა და რისთვის უნდა მოეკლა თავი, აბა, რა ვიცი?“ -გაკვირვებით კითხულობდნენ ჯარისკაც გაბიტაშვილის დადარდიანებული ახლობლები 20 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღებ ჯგუფთან ინტერვიუში.
დავიწყოთ იმის შეფასებით, რომ აგვისტოს ომამდე წვევამდელების რაოდენობა იყო თითქმის მინიმალური თავდაცვის სამინისტროში და ომის შემდგომ ეს რაოდენობა მაქსიმალურ პიკს აღწევს ...

სამხედრო პოლიციამ ჯარისკაცის სამხედრო ნაწილში დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს დაკრძალვის ხარჯებისა და მატერიალური დახმარების გადახდას დაჰპირდა. სამხედრო პოლიცია ასევე იძიებს და ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია კიდევ ერთი სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტს, რომელიც 13 ივლისს მოხდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 19 წლის კობა მახარაშვილი, რომელიც გორში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მსახურობდა, მოკლული იპოვეს. როგორც საინფორმაციო პორტალი „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ იუწყება, მოკლულ ჯარისკაცს ტყვია პირში ჰქონდა ნასროლი

ტოტალური თავდაცვა წვევამდელთა გასამმაგებული რაოდენობით

თვე-ნახევრიანი ინტერვალით ორი ჯარისკაცის თვითმკვლელობამ საბაბი მისცა სამხედრო ექსპერტებს, კვლავ დაეწყოთ საუბარი აქამდე მოგვარებულად მიჩნეული ძალიან საშიში პრობლემის - სამხედრო ნაწილში ჯარისკაცების სუიციდის - ახალ გამოვლინებაზე.

თეონა აქუბარდია, არსამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს“ წარმომადგენელი, მომხდარი ორი თვითმკვლელობის ფაქტს, პირველ ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში  წვევამდელთა რაოდენობის უმოტივაციო ზრდას უკავშირებს.

„დავიწყოთ იმის შეფასებით, რომ აგვისტოს ომამდე წვევამდელების რაოდენობა იყო თითქმის მინიმალური თავდაცვის სამინისტროში და ომის შემდგომ ეს რაოდენობა მაქსიმალურ პიკს აღწევს და დღეს 78 ათასამდე წვევამდელი ჰყავს თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს წვევამდელების მიმართ.“
თქვენ იცით, რომ შეიარაღებულ ძალებში ფსიქოლოგიური კაბინეტები აღარ არსებობს და მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით მიჰყავთ ხალხი ჯარში ...

თეონა აქუბარდიას მხედველობაში აქვს  ის დრო, - 90-იანი წლების ბოლო და 2000 წლის დასაწყისი, - როდესაც უმეტესად წვევამდელებით დაკომპლექტებულ სამხედრო ძალებში ხშირი იყო თვითმკვლელობის შემთხვევები. 2008 წლის აგვისტოს ომამდე კი არმიის თითქმის 80 პროცენტს კონტრაქტით დაქირავებული, მორალურად და მატერიალურად მოტივირებული ჯარისკაცები შეადგენდნენ და, შესაბამისად, სუიციდის შემთხვევებმაც იკლო. 

მაგრამ „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპზე ქვეყნის სამხედრო ძალების მშენებლობის გადაყვანამ გასაწვევი სამხედრო კონტინგენტის გასამმაგება მოითხოვა. შესაბამისად, თეონა აქუბარდიას თქმით, წინა პლანზე კვლავ დგას არმიის დაკომპლექტების გეგმის შესრულება და არა ჯარისკაცების მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა:

„თქვენ იცით, რომ შეიარაღებულ ძალებში ფსიქოლოგიური კაბინეტები აღარ არსებობს და მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით მიჰყავთ ხალხი ჯარში.  შესაძლებელია, ჯარისკაცებს ჰქონდეთ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული თვითმკვლელობები ( თუკი ეს თვითმკვლელობა იყო და არა რაიმე სხვა დანაშაული). მაგრამ ეს ფაქტები უდავოდ  იმაზე მეტყველებს, რომ ჯარში ყველაფერი წესრიგში არ არის.“


რატომ მოენატრა ექსპერტს ბაჩო ახალაიას დრო?

როგორც ზემოთ ვთქვით, თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინის კონცეფცია „სამი T“- ს პრინციპს ემყარება, რომლის პირველი ასპექტი პირად შემადგენლობაზე ტოტალურ ზრუნვას გულისხმობს. მეტიც, თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა სამხედრო უწყების სამოქმედო დევიზად გამოაცხადა ამერიკელი რეინჯერების ოდნავ სახეცვლილი სლოგანი: არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ.

მაშინ შაშკინის ეს დევიზი ბევრს და, მათ შორის, თეონა აქუბარდიასაც  მოეწონა, რამდენადაც  ცნობილია, თუ როგორ ტოვებდნენ სამხედრო მეთაურები 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში თავიანთ დაღუპულ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე. მაგრამ 13 ივლისსა და 21 აგვისტოს ორი ქართველი ჯარისკაცის თვითმკვლელობაზე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის რეაქციას როცა იხსენებს, თეონა აქუბარდია კრიტიკულ განწყობაზე დგება და სამინისტროს საკუთარი პრინციპების დარღვევაში სდებს ბრალს:
დიდი რეფორმები არც წინა წლებში ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ეს ყველაფერი დოკუმენტურ დონეზე მაინც იყო გაწერილი და გარკვეული შეხვედრები სამხედრო უწყების ხელმძღვანელებსა და სამოქალაქო სექტორს შორის წელიწადში ორჯერ მაინც ხდებოდა ...

“სამწუხაროდ, იყო ნათქვამი და ვიდეოკადრებიც იყო ამის შესახებ გაშვებული ტელევიზიებით, რომ თავიდან თავდაცვის სამინისტროს არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა ჭირისუფლებთან და მათ პირადად არ შეუტყობინებიათ მათთვის (ჭირისუფლებისათვის) ეს ამბავი. იყო სატელეფონო ზარი განხორციელებული და ინფორმაცია მიაწოდეს ტელეფონით. და მას შემდეგ, რაც გამწარებული ოჯახის წევრები მივარდნენ შესაბამის სამხედრო ნაწილში და მოითხოვეს ინფორმაცია, შემდგომ აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტროდან ვიღაც მივიდა მათთან.“

როგორც თეონა აქუბარდია ამბობს, ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ დიმიტრი შაშკინის ორთვიანმა მოღვაწეობამ სანატრელი გაუხადა ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც  არასამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო“ აერთიანებს. თუკი თავდაცვის წინა მინისტრის „ხედვაში“ სამოქალაქო სექტორსა და მედიასთან ურთიერთობის გაუმჯობესება სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა, თავდაცვის ახალმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, როგორც თეონა აქუბარდია ამბობს, თავისი „ხედვიდან“ ამოიღო ეს ჩანაწერი.

„დიდი რეფორმები არც წინა წლებში ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ეს ყველაფერი დოკუმენტურ დონეზე მაინც იყო გაწერილი და გარკვეული შეხვედრები სამხედრო უწყების ხელმძღვანელებსა და სამოქალაქო სექტორს შორის წელიწადში ორჯერ მაინც ხდებოდა. ახლა კი რაღაც მოლოდინები, რომ თუნდაც ნატოს წარმომადგენლების დასანახად მაინც ყოფილიყო ასეთი შეხვედრები თავდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორს შორის, ალბათ, აღარ იქნება“, - ასეთ პესიმისტურ დასკვნამდე მიდის დიმიტრი შაშკინის მინისტრობის ორთვიანი პერიოდის შეფასებისას თეონა აქუბარდია, არსამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს“ წარმომადგენელი.

და, მართლაც, შვიდპუნქტიან სამოქმედო პროგრამაში, რომელსაც „მინისტრის ხედვა 2012-2013“ ეწოდება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებსა და მედიასთან თანამშრომლობაზე ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: DABNEULI საიდან გვწერთ: qalaqi anara
30.08.2012 09:30
ვიცოდი რომ საქმე ძალიან ცუდად იყო, ისიც გასაგებია რომ ყველაფრის კურსში საზოგადოების ჩაყენება შეუძლებელია მაგრამ ჩვენი შვილები ვიღაცამ ხომ უნდა დაიცვას ამ საშინელებისაგან.მე არ მინდა ჩემმა შვილმა თავი აარიდოს ქვეყნის სამსახურს, მის დაცვას, მაგრამ მეშინია და იქნებ რამე ვიღონოთ, რომ ქვეყანა თავზე არ დაგვექცეს. ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ამ საქმის არაფერი იცის ეტყობა. ამას დავუმატოთ საშინელი გულგრლობა და უპასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე მიგვიყვანს განადგურებამდე.ყველას გთხოვთ ვისაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია იღონეთ რამე და ჩვენ დედები თქვენს გვერდით ვიქნებით.

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდა
28.08.2012 16:32
მოხარულივარ იმის გამო რომ ჩემი ბოლო კომენტარის შინაარსი წინა გადაცემის ,,სახიფათო რეისის" თემაზე დაემთხვა ავტორის დრღევანდელა გადაცემას კიდევ ეთხელ გავიმეორებ საქართველოს ჰყავს უაზრო ფუნქციით დატვირთული სამხედრო სავალდებულო ჯარი რომლის ძირითადი ,,შინაარი" და არლგორითმა შემოიფარგლება სამხედრო ბაზებზე ტერიტორიის დასუფთავებით კერძოდ ბალახის ცელვით ხეების ჭრით, სამშებებლო საქმი თუ რუსულ სტილში ხეების ძირების კირით დათეთრებით სავალდებულო ჯარის სამხედრო აღჭურვა მთავრდება იმით რომ პოლიგონზე თითი ჯარისკაცი გაისვრის 3 ტყვიას და მორჩა სამხედრო ბაზაზე დაბრუნებულებს ზემოთ ჩამოთვლილი სიამოვნებების გარდა ხშირად ავალებენ განაწესის შესრულებას როცა არცერთმა მადგანმა არიცის სამხედრო საყარაულო წესდება და არც იარაღის წესიერი ხმარება ხშირია შემთხვევები უცოდინრობით იარაღის გავარდნის და ასე შემდეგ სავალდებულო ჯარი მოსაზრება უპატრონო ფუჭ ძალად რომელსაც ყველა სურვილისაებრ თავში ხელს ურტყამს
რათქმაუნდა არავის არჯერა ამ ორი ბიჭის თვითმკვლელობის რადგან რასამწუხაროც არუნდაიყოს არადისციპლინირებულ სავალდებულო არმიაში დღემდეა შემორჩენილი დედოვშინის სახეცვლილი მეთოდები უმრავლეს შემთხვევაში ასეთი სიტუაციების დროს არის სავალდებულო ჯარისკაცთა დეზერტირობის ფაქტების უამრავი შემთხვევა აქვე ხდება დაპირისპირებები ეთნიკურ მოტივებზეც
ჩემამდე არდადის თუ როგორ უნდა გააჩერონ მკდარი შვილის დედა......
ტოტალური სიბრმავე ტოტალური სიბრიყვე და ტოტალური უსამართლობა აი რა არის სამი ,,ტ" პრინციპი
მოახლოვებულია დრო ამ უსამართლობის ალაგვმის ტოტალურ ფარგლებში და ქართველ ხალხს ქართველ ოპცრებს ვინც რიალურად ვიცით რახდება დღეს ამკუთხით გვაქვს განუზომელი იმედი იმ ოცნებისა რომელიც ამ ბოროტების დრაკონს მალე შუბს გასჩრის პირში

ყველაზე პოპულარული