Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის გამოუცხადებელი ემბარგოს დასასრულის დასაწყისი


სამხედრო აღლუმი ქუთაისში
სამხედრო აღლუმი ქუთაისში
26 მაისს ქუთაისში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო აღლუმი გაიმართა. ხელისუფლებამ და მედიამ სამხედრო ღონისძიებას უწოდა ყველაზე მასშტაბური თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. აღლუმზე წარმოდგენილი იყო ყველა სახის სამხედრო ტექნიკა, რასაც ისვრიან და რითაც ისვრიან, რაც დადის თუ დაფრინავს საქართველოში. თუმცა ზედმეტად მილიტარიზებული სამხედრო აღლუმის კვალი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში აღიბეჭდა, არამედ ქუთაისში ახლად მოასფალტებულ გზაზეც, რომელზედაც საქართველოს ჯავშანტექნიკა კვლავ დამცავი საშუალების გარეშე გამოგრუხუნდა.

მე გამიკვირდა, რომ მუხლუხებიან ტექნიკას არ ჰქონდა სპეციალური დამცავი რეზინის საშუალებები, რომელიც იცავს ასფალტს დაზიანებისაგან, ანუ იგივე დამცავი საშუალება, რომელიც გამოიყენება ევროპის ბევრ ქვეყანაში, როდესაც ტექნიკა და სხვა მძიმე ტექნიკა გამოდის. ამ შემთხვევაში ეს არ იყო გამოყენებული. შესაბამისად, ასფალტზე, რა თქმა უნდა, დარჩა ნაკვალევი“, - განაცხადა თემურ კიღურაძემ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, რომელიც 26 მაისს თვალს ადევნებდა ქუთაისში გამართულ სამხედრო აღლუმს.


აღლუმი, როგორც უშრეტი ენთუზიაზმის წყარო

თუმცა ევროპის ქვეყნების ქუჩებში არა მხოლოდ რეზინის დამცავი საშუალებების გარეშე აღარ დადიან ტანკები, არამედ სამხედრო აღლუმებზე მძიმე ტექნიკის ქუჩებში გამოყვანა ევროპული ქვეყნების უდიდეს ნაწილში ძველი დროის გადმონაშთად ითვლება. ევროპის ქვეყნებში ეწყობა სამხედრო შოუ და ისიც ძირითადად მხოლოდ სამხედრო ორკესტრის, კავალერიისა და საპატიო ყარაულის მონაწილეობით. მძიმე ტექნიკას ისედაც შეზღუდული აქვს რესურსი და აღლუმებზე მათი ექსპლუატაცია გაუმართლებელ ფუფუნებად ითვლება. მაგრამ საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა. რუსეთის ჯარები დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, ქუთაისიდან კი 100 კილომეტრში დგანან. ამიტომ საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ დამოუკიდებელი ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ პომპეზურ სამხედრო აღლუმს პატრიოტული და მორალურ-ფსიქოლოგიური ღირებულება ჯერ არ დაუკარგავს.

„ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით საკმაოდ. წელს არჩევნები მოდის, სერიოზული გამოცდაა, რომელსაც ალბათ მოჰყვება პროვოკაციები და გვჭირდება, ალბათ, ჩვენთვის საჭიროა და მოსახლეობისათვის ეს აღლუმი“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე, თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. - „ამ აღლუმმა - მე იქ ვიყავი და - უზარმაზარი ენთუზიაზმი გამოიწვია. ჩვენ კი გვინდა ბოლომდე დასავლური ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ახლა რეალურად ოკუპაციის ქვეშ ვიმყოფებით და რაღაც-რაღაცები ჩვენთან ისე არ არის, როგორც კლასიკურ დემოკრატიულ ქვეყნებში, სამწუხარო რეალობის გამო.“


რა დაიჯერა საერთაშორისო საზოგადოებამ 2008 წლის შემდეგ?

თუმცა სამწუხარო რეალობა სხვა რამეცაა. საქართველო 2008 წლის შემდეგ ერთგვარ იზოლაციაში აღმოჩნდა და იარაღის ტრადიციულმა მომწოდებლებმა, უკრაინამ და ისრაელმა, საქართველოს ხელისუფლების თანახმად, თავი შეიკავეს შემდგომი თანამშრომლობისაგან. ანუ, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმა აღიარა 11 აპრილს თბილისის საავიაციო საწარმოს კოლექტივთან შეხვედრის დროს, რუსეთის ზეწოლის გამო რიგმა ქვეყნებმა შეწყვიტეს საქართველოსათვის იარაღის მიწოდება, ანუ, ფაქტობრივად, ემბარგო დაუწესეს.

„2008 წელს, ღია ომის სტადიის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩვენ დავრჩით იარაღის მოწოდების წყაროს გარეშე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვინმე გვემტერებოდა და არც იმიტომ მხოლოდ, რომ რუსეთის შეეშინდათ. უბრალოდ, ჩათვალეს, რომ საქართველო ვეღარ იარსებებდა. გამოაცხადა რუსეთის ხელმძღვანელობამ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური ცხედარი და საქართველო მალე აღარ იარსებებს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. და ეს საერთაშორისო თანამეგობრობის პრაქტიკულად 90-მა პროცენტმა, უბრალოდ, დაიჯერა. ჰოდა, აი, გვქონდა პრობლემა იარაღის შემოტანის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ავიამშენებლებთან შეხვედრაზე 11 აპრილს და იქვე გაიხსენა ქართული სიბრძნე, რომლის თანახმადაც, ზოგი ჭირი მარგებელია. ანუ, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ „გამოუცხადებელი“ იარაღის ემბარგო სასარგებლო აღმოჩნდა ქართული იარაღის მწარმოებლებისათვის, რომლებმაც ახალი ძალით დაიწყეს იარაღის შექმნა და, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, წარმატებასაც მალე მიაღწიეს მონდომებისა და შრომის სწორი ორგანიზების წყალობით:

„ჩვენ დავიწყეთ ჩვენი წარმოების აწყობა. და აღმოჩნდა, რომ უმაღლესი მათემატიკა არაფერი არ არის. უბრალოდ, უნდა კარგი ორგანიზება. სახელმწიფომ აიღო ქარხანა [საავიაციო] მთლიანად კონტროლის ქვეშ, ეს და სხვა ქარხნები“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და დასძინა, რომ შესაძლებელია „ყუმბარმტყორცნების გამოშვებაც, ავტომატებისაც, ნაღმმტყორცნებისაც და, დარწმუნებული ვარ, კარგად თუ ვიმუშავებთ, ავაწყობთ საჰაერო სისტემასაც.“

თუ როგორ შეიძლება „უმაღლესი მათემატიკის“ გარეშე თანამედროვე საბრძოლო იარაღის - მით უფრო, ანტისატანკო და ანტისაჰაერო იარაღის - შექმნა, ეს, ალბათ, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ იცის, ისევე როგორც შეუძლებელია უბრალო მოკვდავის გონებამ ახსნას ის, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა ერთსა და იმავე დროს სულ უფრო წინ მიიწევდეს ნატოსკენ, ანუ ერთიანი თავდაცვის ორგანიზაციისაკენ, და ამ დროს ნატოს წევრი ქვეყნები მას უწესებდნენ ემბარგოს იმ იარაღზე, რითაც პოტენციურმა წევრმა თავი უნდა დაიცვას აგრესიული მეზობლისაგან. ამ საკითხზე ძალიან მსურდა ჩიკაგოს ნატოს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტისათვის შეკითხვა დამესვა, მაგრამ ჩიკაგოში თავადაც დავრწმუნდი: პრეზიდენტი მხოლოდ მაშინ უშვებს თავის სიახლოვეს პრესას, როდესაც თავად აქვს რაიმე სათქმელი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG