Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხალკოვ-კანჩალოვსკის დუეტი რუსული სწრაფი კვების ქსელის შექმნას ცდილობს


ცნობილი კინორეჟისორები, ძმები ნიკიტა მიხალკოვი და ანდრეი კანჩალოვსკი, აპირებენ რუსეთში შექმნან სამამულო სწრაფი კვების ობიექტების ქსელი, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს დასავლურ ფასთფუდს. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ანდრეი კანჩალოვსკიმ და ნიკიტა მიხალკოვმა წერილობით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომ მხარი დაუჭიროს სამამულო სწრაფი კვების ობიექტთა ქსელის შექმნის იდეას. პროექტის საწყის თანხად დასახელდა 970 მილიონი რუბლი, ხოლო თავად ქსელი გაერთიანდება უკვე არსებული კულინარიული კაფეების „ვსადილობთ შინ“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ, რომელიც კანჩალოვსკის ცოლს, იულია ვისოცკაიას, ეკუთვნის.

ამ თანხით ძმებს განზრახული აქვთ კულინარიული ფორმატის მცირე მაღაზიები შექმნან, თავად საჭმელი კი დამზადდება რეგიონალურ სამზარეულოებსა და ფაბრიკებში, რომლებიც პროდუქციას მიაწვდიან ასევე სოციალურ დაწესებულებებს, ბავშვთა სახლებსა და ინტერნატებს.

ნიკიტა მიხალკოვისა და ანდრეი კანჩალოვკსის ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, რადგან ცნობილი კინორეჟისორი ძმების იდეა სამამულო წარმოების პროდუქციის წახალისებასა და სწრაფი კვების ობიექტების დასავლური ქსელის ალტერნატივის შექმნას ისახავს მიზნად. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების მიერ მოსკოვის ქუჩებში ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოკითხვამ ცხადყო, მოქალაქეთა აზრი კინორეჟისორების მიერ ბიზნესის კეთებასთან დაკავშრებით არაერთგვაროვანია:

მოსკოველი ქალი: “ვფიქრობ, რომ მან [მიხალკოვმა] ეს საქმე თვითონ უნდა გააკეთოს, სახელმწიფოს კი მაქსიმუმ საგადასახადო შეღავათით თუ შეუძლია დახმარება. ისე, მე ორი-სამი კვირის წინ დავიწყე ამაზე ფიქრი და ძალიან მომეწონა ეს იდეა, რადგან ეს არის, პირველ ყოვლისა, სამამულო წარმოების მხარდაჭერა, რადგან რუსეთში ისედაც ჭარბადაა შემოტანილი უცხოური, დასავლური კულტურა“.

მოსკოველი მამაკაცი: „ჩემი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ აპრიორში ნეგატიურია, რადგან ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ გაეჯიბრებიან მიხალკოვი და კანჩალოვსკი „მაკდონალდსს“ და, განსაკუთრებით, როგორ შეძლებენ იმ სფეროში მოღვაწეობას, სადაც კონკურენტად თუნდაც იგივე „ტერემოკი“ ეყოლებათ.. მეჩვენება, რომ მიხალკოვი, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს ფულს ფილმის გადასაღებად, ახლა აუცილებლად შეეცდება დაფინანსების მიღებას ამ თავისი „საბურგეროების“ გასახსნელად, რაც ჩვენი გადასახდელი იქნება“.

თუმცა, როგორც ირკვევა, რუსეთის ვიცე-პრემიერ არკადი დვორკოვიჩთან ხუთშაბათს გამართული თათბირის მონაწილეებმა უარი თქვეს ნიკიტა მიხალკოვისა და ანდრეი კანჩალოვსკის პროექტის სახელმწიფო დაფინანსებაზე.

„გადაწყდა, რომ ამ პროექტის რეალიზებისათვის არ არის აუცილებელი საბიუჯეტო მხარდაჭერა. თუმცა პროექტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებსო“, - განაცხადა არკადი დვორკოვიჩის პრესმდივანმა ალია სამიგულინამ ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბარში.

უფრო ზუსტად კი, ლაპარაკია სამეწარმეო საქმიანობაზე, სქემით 30:70, რომლის თანახმად, თუ მეწარმე პროექტის რეალიზების საწყისი თანხის 30 %-ს მოიზიდავს ინვესტორისაგან, 70 %-ს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არსებული რომელიმე საფინანსო დაწესებულება - მაგალითად, „სბერბანკი“ - დააფინანსებს.

ნიკიტა მიხალკოვისა და ანდრეი კანჩალოვსკის საპილოტე პროექტების რეალიზება იგეგმება მოსკოვისა და კალუგის ოლქებში, სადაც ორი ფაბრიკა-სამზარეულო აშენდება და 41 კაფე და 91 კულინარიული ობიექტი გაიხსნება.

კრემლში არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, მართლა შესთავაზა თუ არა მთავრობას ვლადიმირ პუტინმა ანდრეი კანჩალოვსკისა და ნიკიტა მიხალკოვის პროექტის მხარდაჭერა, თუმცა დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრესმდივანმა, დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ კრემლში ვლადიმირ პუტინისა და ნიკიტა მიხალკოვის შეხვედრა გაიმართა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG