Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლიანი თავდასხმის მსხვერპლი სამამდე გაიზარდა


უკრაინა, 2015 წლის 31 აგვისტო
უკრაინა, 2015 წლის 31 აგვისტო

31 აგვისტოს უკრაინის პარლამენტთან მომხდარი შეტაკებებისას მძიმედ დაჭრილი მესამე უკრაინელი გვარდიელი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, კიევში, პარლამენტის შენობის წინ, პოლიციელთა რიგებში ხელყუმბარა ისროლა ნაციონალისტური მიმართულების პარტია „თავისუფლების“ წევრმა, რომელიც დაპატიმრებულია.

უკრაინის ეროვნული გვარდიის ოცი წლის წევრი ოლექსანდრ კოსტინა 1 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე გვარდიელის, დმიტრი სლასტიკოვის, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო სიკვდილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა დაადასტურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ძალადობაში ულტრანაციონალისტები დაადანაშაულა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა კიევში მომხდარს:

„გარდა ზურგში დანის ჩარტყმისა, სხვა რა უნდა ეწოდოს იმ ქმედებას, რომელიც კენჭისყრის შემდეგ „ვერხოვნა რადას“ წინ მოხდა. ეს იყო ანტიუკრაინული აქცია, რომლის გამოც უკლებლივ ყველა ორგანიზატორი და მონაწილე პარტია სასამართლოს წინაშე მკაცრად აგებს პასუხს. და მე პირადად გავაკონტროლებ ამ გამოძიების მიმდინარეობას“.

კიევის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. იგი რადიკალური ნაციონალისტური პარტია „თავისუფლების“ აქტივისტი 27 წლის იგორ გერმანიუკი აღმოჩნდა. შეტაკებებისა და აფეთქებისას დაჭრილია 90-ზე მეტი პოლიციელი.

ეს სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის ყველაზე სასტიკი დაპირისპირებაა კიევის ცენტრში მას შემდეგ, რაც ქუჩის საპროტესტო გამოსვლების დროს 2014 წლის თებერვალში მოხდა ასევე ევრომაიდნის აქტივისტებსა და უკრაინელ სამართალდამცველებს შორის. თუმცა მაშინ ბარიკადების ერთ მხარეზე იდგნენ იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც 31 აგვისტოს ჯერ პარლამენტში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს გარეთ. 31 აგვისტოს კიევში ძალადობა მოჰყვა ნაციონალისტების დემონსტრაციას მაშინ, როცა დეპუტატები განიხილავდნენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომლითაც იზრდება ავტონომიის ხარისხი აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ მონაკვეთში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG