Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები პროფესიულ კავშირს აფუძნებენ


საქართველოში მალე მედიაპროფკავშირი დაფუძნდება. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რეგიონებში გასვლა გორიდან დაიწყეს. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ისინი ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდნენ და ორგანიზაციაში გაწევრიანება შესთავაზეს. პროექტს „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან“ ერთად ახორციელებს და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიაპროფკავშირების განვითარებას. შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნის აუცილებლობაზე ესაუბრნენ. მათი თქმით, ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები თვითონ მედიის წარმომადგენლები იქნებიან და წესდებასაც ჟურნალისტები შეიმუშავებენ. კანონის მიხედვით, ორგანიზაციის დასაფუძნებლად 100 კაცია საჭირო. პირველ ეტაპზე „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ იმ ჟურნალისტების დატრენინგება მოხდა, რომლებიც ამ საქმეს ჩაუდგნენ სათავეში. ერთ-ერთი მათგანია სტუდია „მონიტორის“ რეპორტიორი ნინო ზურიაშვილი. მისი აზრით, ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების შრომითი უფლებები ირღვევა; არის შემთხვევები, როცა მედიის წარმომადგენლები ისევ განიცდიან ზეწოლას. ამიტომ ორგანიზაცია, პირველ რიგში, მედიის წარმომადგენელთა უფლებების დასაცავად იბრძოლებს.

შეხვედრაზე სიტყვა „სოლიდარობა“ არაერთხელ გაისმა. დღეს ქართულ მედიაში სოლიდარობის მხოლოდ იშვიათ შემთხვევებს თუ გავიხსენებთ. ცოტა ხნის წინ გორში ტელეკომპანია „დიას“ თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სამსახური მიუღებელი შრომითი ხელშეკრულების გამო დატოვა, თუმცა, რამდენიმე მედიასაშუალებისა და ჟურნალისტის გარდა, მათი პრობლემა გულთან არავის მიუტანია. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დღეს მთავარ პრობლემად ისევ რჩება შრომითი უფლებების დაცვა - დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის ის ხელშეკრულებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტს სამსახურის დაკარგვისგან ვერ იცავს. ნინო ჩიბჩიური ტელეკომპანია „დიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია. რამდენიმე თვის წინ ის, კოლეგებთან ერთად, ტელევიზიიდან წამოვიდა და ახლა ჟურნალისტთა პროფკავშირის დამფუძნებელ საინიციატივო ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობს. დამოუკიდებელი პროფკავშირის დამფუძნებელთა ერთ-ერთი იდეის თანახმად, რეგიონალური ოფისებიც გაიხსნება, რაც ადგილებზე თითოეული დარღვევის მიმართ რეაგირებას დააჩქარებს.

რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელ რამაზ სამხარაძის აზრით, მედიაპროფკავშირში მედიაორგანიზაციების დამფუძნებლები და ხელმძღვანელებიც უნდა გაერთიანდნენ. მისი თქმით, პროფკავშირი მხოლოდ ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად არ იბრძოლებს. გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როცა მედიაორგანიზაციებს პრობლება ექმნებათ ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, სამხარაძის აზრით, დამოუკიდებელი პროფკავშირი ამ მიმართულებითაც იმუშავებს.

პროექტის კოორდინატორი გენო ჯოხიძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირის წესდება ჟურნალისტებთან შეთანხმებით დაიწერება. გარდა ამისა, დამფუძნებელ კრებაზე მმართველ ორგანოსაც მედიის წარმომადგენლები აირჩევენ.

გორელი ჟურნალისტების ნაწილმა ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი უკვე შეავსო. მედიაპროფკავშირის დაფუძნების ინიციატორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გააგრძელებენ შეხვედრებს და ახლო მომავალში უკვე ორგანიზაციას დააფუძნებენ.

XS
SM
MD
LG