Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალენტინა მატვიენკო „შეზღუდულმა ვიზამ“ გაანაწყენა


ვალენტინა მატვიენკო
ვალენტინა მატვიენკო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფედერაციის საბჭოს დელეგაციამ უარი თქვა ნიუ-იორკში დაგეგმილ გაეროს პარლამენტთაშორის კავშირის სესიაზე გამგზავრებაზე. ამგვარი ობსტრუქციის მიზეზი გახდა აშშ-ის საელჩოს მიერ რუსეთის ზედა პალატის სპიკერის ვალენტინა მატვიენკოსათვის ისეთი კატეგორიის ვიზის გაცემა, რომელიც სანქციების სიაში მყოფ რუს მაღალჩინოსანს აშშ-ის ტერიტორიაზე დარჩენისა და გადაადგილების უფლებას უზღუდავს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული სახელმწიფო მოხელე ვალენტინა მატვიენკო უკიდურესად აღაშფოთა აშშ-ის იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს მხოლოდ სამი დღის განმავლობაში აძლევდა ნიუ-იორკში დარჩენის უფლებას. თანაც, მატვიენკოს აცნობეს, რომ მას არ ჰქონდა უფლება 25 კილომეტრით დაშორებოდა მანჰეტენს, სადაც გაეროს შტაბბინა მდებარეობს. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას გაბრაზებულმა მატვიენკომ „არაეთიკური“ და „იეზუიტური“ მანერა უწოდა და საპასუხო ნაბიჯითაც დაიმუქრა:

„ჩვენ ყველა საერთაშორისო საპარლამენტო მოედანზე მკაცრად დავაყენებთ საკითხს მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების იმ ქვეყნების ტერიტორიაზე ჩატარების მიზანშეწონილობაზე, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავენ“.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, სხვა რუს სენატორებთან ერთად, ნიუ-იორკში აგვისტოს ბოლოს დაგეგმილ გაეროს პარლამენტთაშორის საბჭოს სესიაში მონაწილეობას აპირებდა, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არანაირი გამონაკლისი არ დაეშვა რუსი მაღალჩინოსანი მოხელის მიმართ, რომელიც, სხვა კოლეგებთან ერთად, სანქცირებულ პირთა იმ „შავ სიაშია“, ვაშინგტონმა რომ შეიმუშავა რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსიის შემდეგ. ვაშინგტონის ასეთ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ნორმების ფეხქვეშ გათელვა უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა მარია ზახაროვამ:

”აშშ-ის ხელისუფლების მსგავსი ქმედება სრულიად მიუღებელია. ეს არის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების უხეში დარღვევა და ეწინააღმდეგება იმ ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე მრავალმხრივ ფორუმებს მასპინძლობს. ქმედება ვაშინგტონისა, რომელიც მსოფლიოში საკუთარ თავს ლამის სიტყვის თავისუფლების მთავარ დამცველად წარმოადგენს, ფაქტობრივად, ბლოკავს ამერიკის პოლიტიკური მიზნებისა და პრიორიტეტებისაგან განსხვავებული მიდგომების წარმოდგენის შესაძლებლობას“.

საბოლოო ჯამში, ვალენტინა მატვიენკომ უარი თქვა ‘შეზღუდული ვიზით“ ნიუ-იორკში გამგზავრებაზე. ხელმძღვანელს სოლიდარობა გამოუცხადეს და სხვა რუსმა სენატორებმაც უარი თქვეს ნიუ-იორკში გამგზავრებაზე, რასაც გაეროში „სამწუხარო ფაქტი“ უწოდეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG