Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზებთან შერიგების მარკოვის რეცეპტი - ევრაზიულ კავშირში კავკასიური ეკონომიკური რეგიონი


სერგეი მარკოვი
სერგეი მარკოვი

მოსკოვში ქართველი და რუსი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების შეხვედრაზე ადგილობრივმა ანალიტიკოსებმა არაერთი გზავნილი გააკეთეს საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართ. საკუთარი გზავნილები ჰქონდა ქართულ დელეგაციასაც. მოსკოველი პოლიტოლოგების აზრით, კრემლს აშფოთებს საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის ამოქმედების იდეა, ცენტრისა, რომელიც მომავალში შესაძლოა სამხედრო ბაზად იქცეს. ევროკავშირთან უკრაინისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას უკვე ევროკავშირის ექსპანსიას უწოდებენ. მათი თქმით, ევროკავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მას შემდეგ უფრო გაღრმავდა, რაც უკრაინასთან ხელშეკრულება გაფორმდა. საერთოდ, ამ ერთკვირიანი შეხვედრების დროს უფრო ხშირად ისმოდა განცხადებები უკრაინის კრიზისის შესახებ, ვიდრე საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა პერსპექტივის თაობაზე. რუსი ექსპერტები ქართველ კოლეგებს ხაზგასმით მიანიშნებდნენ, რომ დღეს უკრაინის პრობლემა რუსეთისთვის ნომერ პირველი საკითხია, საქართველოზე კი სულ უფრო ცოტას ლაპარაკობენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგ სერგეი მარკოვის გამოსვლა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო, იგი რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში ქართველ ანალიტიკოსებთან მაინც მივიდა და მათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების რეცეპტიც კი შესთავაზა. მარკოვის აზრით, საქართველოს შეეძლო რამდენიმე წლის წინ კონსტიტუცია შეეცვალა, ფართო ავტონომია შეეთავაზებინა აფხაზებისთვის და მათი უსაფრთხოების გარანტად სოხუმში რუსეთის სამხედრო ბაზის დატოვებას დასთანხმებოდა, მაგრამ, მარკოვის თქმით, ეს შანსი უკვე ხელიდან არის გაშვებული. ახალი შანსი კი შემდეგში მდგომარეობს: საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, შემდეგ გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, სადაც აფხაზეთიც შევა, შეიქმნება ერთიანი კავკასიური ეკონომიკური სივრცე, გაიხსნება საზღვრები და რუსეთის შუამავლობით ეს პრობლემა მოგვარდება.

ქართველმა პოლიტოლოგებმა მარკოვს პირდაპირ უთხრეს, რომ საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ არჩევანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ უკვე გააკეთა და მის მიერ შეთავაზებული ვარიანტის განხილვა შეუძლებელია. რუსეთის პოლიტოლოგების მიერ ყველაზე ხშირად ისმოდა ფრაზა „წითელი ხაზები, რომლებიც ნატომ და ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში უკვე გადაკვეთა და კრემლი ამას ვერ შეეგუება“. მათი აზრით, დასავლეთი უკრაინის კრიზისს ხელოვნურად აღრმავებს, ამერიკის ინტერესში კი შედის რუსეთში ხელისუფლების შეცვლა ფერადი რევოლუციის გზით. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში გამოსვლისას პოლიტოლოგმა ტიმოფეი ბორდაჩევმა აღნიშნა, რომ 90-იანი წლების შემდეგ რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აღარ ენდობა, რომელმაც ნატოს გაფართოების შესახებ რუსეთთან დადებული პირობა რამდენჯერმე დაარღვია, ხოლო უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ სანქციებს იგი დასავლეთის მიერ რუსეთისთვის გამოცხადებულ ეკონომიკურ ომს უწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ელიკო ბენდელიანი მიიჩნევს, რომ რუსი პოლიტოლოგების გზავნილები მკაფიო იყო და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მერყეობა არ უნდა აჩვენოს. მისი აზრით, ახლა მთავარია ევროატლანტიკური კურსი გაგრძელდეს და საქართველოში რეფორმების პროცესი დაჩქარდეს.

ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, ქართველი და რუსი პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების შეხვედრა ერთი კვირას გრძელდებოდა. ამ ფორმატის ორგანიზატორები თბილისში კავკასიური სახლი, მოსკოვში კი ალექსანდრ გორჩაკოვის ფონდია.

XS
SM
MD
LG