Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ სალდაძე - პოლიტოლოგი


20 ივლისი, კვირა

კვირადღე ნამდვილად ღვთის საჩუქარია. არსად მეჩქარება, შემიძლია სახლში ვიჯდე და თავი მოვიტყუო, რომ არაფერს ვაკეთებ. შევდივარ ფეისბუკზე, ვათვალიერებ მეგობრების და უცნობი „ფეისბუკ-ფრენდების“ პოსტებს, ვაკომენტარებ, ვიღაცას საქმეზეც მივწერ, შემდეგი კვირის შეთანხმებებს შევახსენებ ან დავგეგმავ. ტელევიზორს უკვე დიდი ხანია აღარ ვუყურებ. ინფორმაციისთვის ისევ ვებგვერდებს მივმართავ. ვკითხულობ, ვფიქრობ, ისევ ვკითხულობ და, რომ არა მცირე ხნით მოსული ირმა, კომპიუტერისთავიან მონსტრად ვიქცევი, ისეთად, კარიკატურებში რომ შეხვდები. ყოფითი სინამდვილის ამ ირონიულ გაორებას ვხვდები, რეალური ადამიანური ურთიერთობების და სოციალური თუ ემოციური გამოცდილების დეფიციტს ინტერნეტი კიდევაც რომ ქმნის და კიდევაც რომ ავსებს. ოღონდ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში ამ გამოცდილების შემოქმედი თავად არ ხარ. ასო-ასო აკრეფილი აზრების და ღიმილაკების ერთგანზომილებიან დინამიკას ადევნებ თვალს და მოწონება-დაკომენტარებით უერთდები იმას, რასაც „საერთოს“ ვარქმევთ. მახსენდება, ერთ ჩემს მეგობარს მორიგ ჯერზე რომ ვუსაყვედურე, რამდენი ხანია აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს-მეთქი, მიპასუხა, ფეისბუკზე ხომ გხედავ და გწერ ხოლმეო. ვასკვნი, ძალიან დაკავებულები გავხდით და, როგორც ვატყობ, უფრო მეტად იმით, რომ თავისუფალ დროს ტექნიკასთან მიჯაჭვულები თავს ისევ და ისევ ვიკავებთ. რატომ ხდება ასე, ამის ახსნის პრეტენზია არ მაქვს. ღმერთმანი, არც ისე ვარ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სიკეთეს ვგმობდე, უბრალოდ, კვირადღეს, როცა თავისუფალი დრო მაქვს და დღე სრულიად ჩემია, მხოლოდ დღის ბოლოს ვგრძნობ, როგორ უმადურად მოვექეცი ამ ღვთის საჩუქარს.

თავისუფლების დღიურები - მალხაზ სალდაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:12:18 0:00

21 ივლისი, ორშაბათი

ამბობენ, ორშაბათი მძიმე დღეაო. ვერ ვხვდები, რატომ ორშაბათი და არა კვირის რომელიმე სხვა დღე. მთავარია, დღემ გაგახაროს და არ დაგთრგუნოს. სამსახურში მოსვლა შვებაა. ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ ადგილთაგანია, სადაც ყოფნა მსიამოვნებს და მიხარია. იმის გარდა, რომ საშუალება მაქვს ის ვაკეთო, რასაც კარგს ვეძახი, მაქვს ბედნიერება, ეს კარგი, ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად ვაკეთო და შედეგიც მათთან ერთად გავიზიარო.

სამუშაო დღეს წინა, ძალიან დატვირთული კვირის ამბების გაზიარებით ვიწყებთ. ერთი რომ, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა თბილისში და მეორეც, ნახევარი კვირით სომხეთში ვიყავი და სალაპარაკო და მოსასმენი ბევრი დამიგროვდა.

პირველ რიგში, ვიხსენებ, წინა სამშაბათს როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ ჩვენი მორიგი პუბლიკაციისა: „სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები“. ერთმანეთს აღფრთოვანებული ვუყვებით, რამდენი კარგი სიტყვა გვითხრეს დღის ბოლოს და რა კარგი პროფესიონალები არიან ჩვენ ირგვლივ. განსაკუთრებული და საყოველთაო მოწონებით აღვნიშნეთ ნანი მაჭარაშვილის სიტყვა, რომელმაც ღონისძიების დასასრულს, პუბლიკაციის რედაქტორის, სალომე ასათიანის, რეცენზენტების დათო სიჭინავას და კორნელი კაკაჩიას ბრწყინვალე გამოსვლების შემდეგ, დისკუსიისთვის ახალი და საინტერესო თემები შემოიტანა. მსჯელობის დინამიკა აღმავალი იყო და არ მინავლებულა, ღონისძიებისთვის გამოყოფილი დროის გადაჭარბების გამო მისი დასრულება მოგვიწია. საუბრები არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. ასეთ დროს, როდესაც ხედავ ხალხს, რომელიც დაინტერესებულია იმით, რასაც აკეთებ და იზიარებს იმ საკითხებს, რაც შენ გაწუხებს, გრძნობ, რომ სწორი მიმართულებით მოძრაობ.

სამი დღე თბილისიდან წასული ვიყავი. კოლეგებისთვის მოსაყოლი იმაზე მეტი დამიგროვდა, ვიდრე სამსახურებრივი მივლინება თავისთავად საანგარიშოდ გულისხმობს.

პირველ რიგში, გამახარა „ოქროს გარგარის“ მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტისადმი - „კინოექსპრესი: სომხეთი-საქართველო“ - გამოხატულმა ინტერესმა და თანადგომამ. პროექტი სომხეთისა და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში „მინი-კინოფესტივალის“ მოწყობას გულისხმობს. მას ერთობლივად განახორციელებენ კინოს განვითარების ფონდი „ოქროს გარგარი“ (ერევნიდან) და კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“, (თბილისიდან). პროექტის მიზანია, კულტურა და, განსაკუთრებით, კინო, სომხეთსა და საქართველოს შორის ინტერკულტურული დიალოგის, კარგი მეზობლობისა და დაახლოების საშუალებად აქციოს. ორივეგან, სომხეთშიც და საქართველოშიც, საზღვრისპირა და პერიფერიული თემების სოციალურ-კულტურული სეგრეგაცია აქტუალური პრობლემაა. ამიტომაც არსებობს უკიდურესი საჭიროება ღრმა ინტეგრაციისა და კულტურათა შორისი დიალოგისთვის ამ ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის. ჩემი აზრით, იმ რეალობაში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, სადაც უამრავი გადაუჭრელი სოციალური და ეკონომიკური პრობლემით დამძიმებული მოსახლეობა საკუთარი უიღბლობის მიზეზს გარეთ ეძებს, როდესაც ჩვენი რეგიონის სახელმწიფოები მტკივნეული და დღემდე მოუშუშებელი კონფლიქტების ფონზე „იშვნენ“ და სიმწიფის ასაკში ჯერაც არ შესულან, მსგავსი ინიციატივები ხალხს ცოტათი მაინც დაეხმარება მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სტაბილური სინამდვილის დამკვიდრებაში.

მეორეც, ოპტიმიზმით აღმავსო შეხვედრებმა სომხეთში ჩვენს ამჟამინდელ და სამომავლოდ შესაძლო პარტნიორებთან. ხედავ და უსმენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ხედვა და თანმიმდევრულად მოქმედებენ თავიანთ საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ქვეყნებს შორის მშვიდობის დამკვიდრებისთვის. მათი შემართება არათუ მხოლოდ იმედით მავსებს, არამედ ძალას მმატებს, ის ვაკეთო, რაც სწორად მიმაჩნია.

დღე საქართველოს ეროვნულ არქივში გაგრძელდა. მივდივარ მის დირექტორთან, თეონა იაშვილთან შეხვედრაზე, რომელიც ორი კვირის წინ შევათანხმე და რომელსაც მოუთმენლად ველოდი. არქივის შენობა ციხე-სიმაგრესავით გადმოჰყურებს ვაჟა-ფშაველას გამზირს და იქ მიმსვლელს წინასწარ უქმნის განწყობას, რომ ერის მეხსიერებას ლამის აბჯროსანი გოროზი მცველებისა და ფრთხილი გუშაგების არმია დარაჯობს. მთელს ამ საბჭოთა დროს დაგეგმილ ანტურაჟს ციხე-სიმაგრის კოშკზე საბაზრო ეკონომიკის და ჩვენი დროის კომერციული გემოვნებით თუ უგემოვნობით დამონტაჟებული უღიმღამო სარეკლამო ბანერი არბილებს. ქალბატონი თეონა სრულიადაც არ ჰგავს გოროზ მცველს, სფინქსისეული გამოცანებითა და თავსატეხებით რომ ცდილობს განსაზღვროს, ხარ თუ არა ღირსი, ამ ბეტონის კედლებში დავანებულ ეროვნულ საუნჯეს მიგაახლოვოს, თუ პირიქით, კარი დაგიხშოს. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ბიოლის ფონდი და ეროვნული არქივი წარსულის გააზრებისთვის აუცილებელი გამოკვლევების მხარდაჭერისთვის და რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესი შედეგის მისაღწევად. შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ვიწყებ საქართველოს ისტორიული მეხსიერების სხვა მცველებთან შეხვედრას. სამშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, უფრო ფართოდ სუკის და კაგებეს სახელით რომ არის ცნობილი, არქივის დირექტორთან ომარ თუშურაშვილთან მელის შეხვედრა. მასთან ფონდს აქამდეც ჰქონია ურთიერთობა და ვიცი, რომ ეს შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება.

საღამოს ლელას ვხვდები, ჩემს ძალიან ძვირფას და საყვარელ მეგობარს. დღის ლამის პრემიალური დასასრული. მასთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა, ყველაზე რთულ საკითხებზეც კი მსუბუქი და საღი იუმორით გაჯერებული მსჯელობა გამოგვდის. „ფეისბუკსტატუსურად“ ვიტყოდი: „მეტი ლელა ხალხს!“

22 ივლისი, სამშაბათი

დილას შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორთან ომარ თუშურაშვილთან შეხვედრით ვიწყებ. არქივი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ქართველების უმრავლესობისთვის სატელევიზიო სიუჟეტებიდან ავადსახსენებლად ცნობილ ე.წ. „მოდულის“ შენობაშია განლაგებული. ჩემთვის გულში ვხუმრობ, ნუთუ ბევრია ისეთი, ვინც აქ საკუთარი ფეხით მოდის? გამოვტყდები, ამ შენობაში 1990-იანი წლების ბოლოს ვყოფილვარ. თუ არ ვცდები, მაშინ აქ აფხაზეთის უშიშროების სამსახური იყო განთავსებული. იმ ავბედითი და დეპრესიული წლების შედეგია, რომ არც ის მახსოვს, რატომ მოვხვდი აქ და არც ის, რომელი წელი იყო. რაც მახსოვს, ესაა აყრილი პარკეტი და ლამის დანგრეული შენობა. დღეს „მოდული“ სულ სხვაგვარად გამოიყურება, ექსტერიერიც და ინტერიერიც იდეალური წესრიგის გამომხატველია. შთაბეჭდილება გრჩება: არაფერი ზედმეტი, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ზუსტად არ ვიცი, რას ნიშნავს „როგორც უნდა იყოს“, მაგრამ რასაც ვგრძნობ, სივრცის მოწყობა და ინფრასტრუქტურა სრულიად ფუნქციონალურია. სანამ საშვს დაუშვებენ, შენობის მიმართ ჩემი შაბლონური „ცხრა წელი და მის შემდეგ“ განწყობა ერთი-ორი სიტყვით მორიგე ოფიცერს გავუზიარე. მომეწონა, რომ მის მოკლე პასუხში ე.წ. „წინა“ და „ამჟამინდელი“ პოლიტიკური კონიუნქტურა სრულიად არ აისახა, ძველი, ამჟამინდელი თუ მომავალი მინისტრი თუ მთავრობა, რომელიც ხანდახან სრულიად მოულოდნელად იცვლება ხოლმე, ემოციური შინაარსით არ დაიტვირთა. ვასკვნი, სამინისტროს ამ ოფიცრისთვის მოვალეობა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი უგერგილო დამოკიდებულება რომელიმე პერიოდის ხელმძღვანელობის მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში გამართული შეხვედრა თემატურად საღამოს გაგრძელდა. ვხვდები ირაკლის და დათოს, რომლებიც დიდი ხანია ჩვენთან საბჭოთა წარსულის საკითხებზე თანამშრომლობენ.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, ან „სოვლაბი“, როგორც ჩვეულებრივ ვუწოდებთ, რომელსაც ირაკლი და დათო წარმოადგენენ, უკვე ხუთი წელია საქართველოს უახლესი ისტორიის კვლევას ეწევა და ამჯერადაც საინტერესო ინიციატივას ახორციელებს. მათი მიმდინარე პროექტი „მეოცე საუკუნის საქართველო ოც კადრში“, საპროექტო განაცხადის ენით რომ ვთქვა „მიზნად ისახავს, თბილისის კონკრეტული ურბანული სივრცეები დაუკავშიროს იმ მოვლენებს, რომლებიც ამ სივრცეებში წარსულში (მეოცე საუკუნეში) მოხდა. ეს ქალაქის თანამედროვე მცხოვრებთათვის წარსულისა და აწმყოს სიმბოლურ-ემოციური კავშირის ჩვენების საშუალებას მოგვცემს“. ამისთვის დათო და ირაკლი უკვე დიდი ხანია ეძებენ თბილისის უახლესი წარსულის საეტაპო მოვლენების ამსახველ ფოტოებს და ფოტოზე აფიქსირებენ იმ ურბანული სივრცეების ამჟამინდელ სიმბოლურ თუ ფუნქციონალურ დატვირთვას, რომლებშიც ათწლეულების წინ ეს ისტორიული სცენები გათამაშდა. ეს ძალიან შრომატევადი და სკრუპულოზური სამუშაოა, რომელიც უკვე დიდი ხანია მიდის, თანაც პროცესში მუდმივად რაღაც ახალი აღმოჩნდება ხოლმე. რაც მეტი ფოტოკადრი გროვდება, მით უფრო რთულია მისი ოცამდე დაყვანა, და ასევე რთულია ადგილების იდენტიფიცირება. თანაც სივრცეები იცვლება, საჭიროა ახალი ფოტოსთვის რაკურსის განსაზღვრა და გადაღების ტექნიკური უზრუნველყოფა. სოვლაბელები თანმიმდევრულად და სისტემურად მუშაობენ და სირთულე არ აშინებთ. აღფრთოვანებული ვათვალიერებ მასალას, ვუსმენ ირაკლის და მჯერა, რომ ამ კაცის და მისი კოლეგების მიზანმიმართული და თავდაუზოგავი შრომა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს წარსულის აჩრდილებისგან თავის დაღწევის საქმეს.

23 ივლისი, ოთხშაბათი

ოთხშაბათი მძიმე, ემოციურად ძალიან დატვირთული და ამასთან მიმართებაში პარადოქსულად მოკლე დღე აღმოჩნდა. ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სერვისის კულტურის პრობლემები ლამის ეგზისტენციალურ პრობლემებად შეიძლება გექცეს. საქართველოს მასშტაბით ორ გიგანტურ, ურთიერთკონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტს შორის გავიჭყლიტე. სიტუაცია მოკლედ ასე შემიძლია აღვწერო: ვსარგებლობდი ამათგან ერთ-ერთის მომსახურებით, მეორემ უკეთესი პირობები შემომთავაზა; მეც, ჩემი ობივატელურ-ბურჟუული არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გავაკეთე. ეგზისტენციალურ პრობლემად ეს არჩევანი მას შემდეგ იქცა, რაც იმ სერვისის მომწოდებელმა, რომლითაც აქამდე ვსარგებლობდი, მაჩვენა, რომ ნებისმიერ ფასად [!!!] შეეცდება ჩემს არგაშვებას [!!!] (ამას ვერ ვუწოდებ დატოვებას). იმასაც ვერ ვხვდები, ასეთი განსაკუთრებული რა მოგება შეიძლება ჩემგან იქონიონ?!

კონკურენციის ქართულმა წესებმა და „კლიენტზე“ ზეწოლის ფორმებმა დამთრგუნა. ყველას დაავიწყდა, რომ ადამიანიც ვარ. აღმოჩნდა, რომ ჩემი არჩევანი აუცილებლად ჩემთვის საზიანოა, საფინანსო ინსტიტუტის მოხელემ უკეთ იცის, სად უნდა ვიყო და, საერთოდაც, უნდა დავფიქრდე მათი კონკურენტის მორალურ სახეზე, რომელმაც მათ ჩემნაირი „კლიენტი“ ააწაპნა, აახია თუ დააკარგვინა.

მესმის, რომ ყველა საფინანსო ორგანიზაცია მოგებაზე მუშაობს და აუცილებლად სჭირდება, კლიენტებმა არ დატოვონ, მაგრამ „დარწმუნების“ მეთოდები, რასაც ისინი იყენებენ, რომლებიც მავანი „კლიენტის“ პირადი სივრცის, მისი არჩევანის თავისუფლებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის უარყოფაზეა დაფუძნებული, სულიერი ტრავმის მიზეზად შეიძლება იქცეს „არასტანდარტული“ ფსიქოლოგიური კონსტიტუციის მქონე ადამიანისთვის.

ვიცი, რომ ეს დღე პირველი არაა და იმედი მაქვს, მალე ამ გამოცდასაც გადავლახავ.

საღამოს ანანოს ვხვდები, კარგ მეგობარს, ძალიან ჭკვიან და სამართლიან ადამიანს. თავისი პროფესიული გამოცდილების მიუხედავად, ამ დღეებში ამერიკაში მიემგზავრება სამართლის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. კარგა ხანს ვერ ვნახავ და ძალიან დამაკლდება, მაგრამ ვიცი, იგი აუცილებლად დაბრუნდება. ბევრი რამ არის ჩვენს ქვეყანაში ისე უკუღმართად მოწყობილი, ანანოს მსგავსი მამაცი და სამართლიანი ადამიანების ხელის შეხება რომ სჭირდება გამოსასწორებლად.

24 ივლისი, ხუთშაბათი

ხუთშაბათი ოთხშაბათის კიდევ უფრო მოკლე რეზიუმე აღმოჩნდა. „ექსპერტ-ფინანსისტებთან“ მძიმე და დაძაბული საუბრის შემდეგ ჩემი არჩევანის უფლება დავიცავი. მე მგონი, ეს უკანასკნელი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, თუ რომელ ორგანიზაციას უფრო შეღავათიანად შეიძლება ვუხადო მიღებული სესხის პროცენტები.

განვლილ დღეზე ვფიქრობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მსგავსი სისტემის თვითკმარობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ქცევას, მის ზნეობრივ პრინციპებს. არ ვიცი, შევიცვლებოდი თუ არა მე, მსგავს სტრუქტურაში რომ ვმუშაობდე. ალბათ იმიტომაც არ ვმუშაობ, რომ ეს სისტემა და მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველმყოფელი ურთიერთობების ჩარჩო არ მიზიდავს, მაგრამ ამასთან იმის დაჯერებაც არ მინდა, რომ ამ სტრუქტურის მოხელეები, მელაპარაკებიან და მექცევიან ისე, რომ სტატისტიკური მოცემულობის მიღმა არ აღმიქვამენ და ჩემს ადამიანობასაც არ ცნობენ.

25 ივლისი, პარასკევი

საღამოს დათოს და ვახოს ვხვდები. დათო ჩემი კურსელია, უნივერსიტეტის პირველი კურსიდან ვმეგობრობთ და უამრავი დრო გვაქვს ერთად გატარებული. უკვე დიდი ხანია, საქართველოში არ ცხოვრობს, იყო რამდენიმე წელი, საერთოდ რომ არ მინახავს. ბოლო სამი წელია, რაც წელიწადში ერთხელ ვხვდებით. ზაფხულობით ჩამოდის თავის შვილთან, ვახოსთან ერთად, რომელიც სპეციფიკური, ძალიან ლამაზი ქართულით მეტყველებს.

დათო ემოციური ქართველია, ისეთი, როგორიც მახსოვს წლების წინ, როცა სტუდენტები ვიყავით და უნივერსიტეტის ბაღში ათას ჭკვიანურ თუ სულელურ საკითხზე ვდავობდით. ახლაც, როდესაც ვხვდებით, ისევ ყველაფერზე ვკამათობთ, თითქოს 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან არაფერი შეცვლილიყოს.

ვახო მშვიდი და გაწონასწორებული ახალგაზრდა ადამიანია, მოზომილად ლაპარაკობს და „დიდების“ კამათში არ ერევა, ზრდილი და დელიკატურია, მკვეთრად აქვს გამიჯნული თავისი და სხვისი სივრცეები, რაშიც, ალბათ, მისი ჩრდილოური, სკანდინავიური აღზრდა გამოიხატება. მამის სამშობლო ძალიან უყვარს და ამ სიყვარულზე, ალბათ, ასევე მოქმედებს დათოს ნოსტალგია თავის დიდ ოჯახზე, მშობლიურ ქალაქზე. არ ვიცი, მომავალში სად გადაწყვეტს ცხოვრებას ვახო, მაგრამ ვიცი, რომ დათოს ყოველთვის ენდომება შინ დაბრუნება. რამდენიმე დღეში ისინი შვედეთში მიემგზავრებიან და, ალბათ, მომავალ ზაფხულამდე ან, უკეთეს შემთხვევაში, ახალ წლამდე არ ჩამოვლენ. ვიცი, მომენატრებიან.

26 ივლისი, შაბათი

ხვალიდან ყვარელში ბიოლის ფონდის სტიპენდიატების საზაფხულო სკოლა გვეწყება. ქართველი მონაწილეების გარდა, ველოდები სტუმრებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან. წინასწარ ვღელავ. ღონისძიების საორგანიზაციო მხარე არაა ის, რაც მაღელვებს. ამ თვალსაზრისით თამუნამ ყველაფერი, როგორც ყოველთვის, იდეალურად გაწერა. ამ საზაფხულო სკოლას სტიპენდიატების ნახევარწლიანი საქმიანობის შედეგების წარმოჩენა ევალება. ცხადია, ველოდები, რომ მოხდება საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოკვლევების პრეზენტაცია, მაგრამ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვარ.

ამასთან, სკოლა საერთაშორისო ფორმატისაა და რეგიონის და ევროპის საზოგადოებების განვითარებაში მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე მოხსენებებსაც ველი. ცხადია, საუბარი იქნება უკრაინის კრიზისზე და სამხრეთ კავკასიის პოზიციონირებაზეც დიდ ევროპასა და რუსეთს შორის. წინასწარი მოუთმენლობა მჭირს, როდესაც ვიცი, რომ ჩემთვის პატივსაცემი და საყვარელი ადამიანები თავიანთი ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტების ამსახველ პოზიციებს გაგვიზიარებენ. აზრთა ეს გაცვლა მით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ხდება, რომ ჩვენი რეგიონის სიახლოვეს ომის ქარ-ცეცხლი ტრიალებს და ავისმომასწავებელ გამოძახილად აისახება კონფლიქტებით მოუშუშებელ იარებზე.

მოუთმენლად ველი მომავალ კვირას. წარმატებებს ვუსურვებ საზაფხულო სკოლის ყველა მონაწილეს და საკუთარ თავს!

XS
SM
MD
LG