Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზა ბათიაშვილი ნიუ-იორკში დაუკრავს


ლიზა ბათიაშვილი
ლიზა ბათიაშვილი

წარმოშობით ქართველ მევიოლინეს ნიუ-იორკში "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი თეა თუაშვილი ესაუბრა.

ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ მოზარდმა ლიზამ, 17 წლის ასაკში დაიწყო. ათწლიანი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ორკესტრებთან ერთად გამართულ კონცერტებს, სოლო- გამოსვლებს და სხვა ღონისძიებებს მოიცავს. ახლა, მისი სახელი იმ ხუთ მუსიკოსს შორისაა, რომლებიც ჟურნალ „მუზიკალ ამერიკას“ს შერჩევით მსოფლიოში საუკეთესოა და 2015 წელს „მოწვეული შემსრულებლის“ სტატუსით ამერიკაში დაგეგმილ რამდენიმე პროექტში მონაწილეობას გულისხმობს. ლიზა ბათიაშვილი გერმანიიდან ნიუ იორკში ჩამოფრინდა. მორიგი საყოველთაო აღიარების მიუხედავად, ლიზა ბათიაშვილი პრესტიჟულ ტიტულს თავმდაბლად შეხვდა.

"ძალიან მიხარია. ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩამოვედი ამერიკაში და მას მერე ძალიან ინტენსიურ მხარდაჭერას ვგრძნობდი ამერიკელებისგან-იქნება ეს ორკესტრი, კონცერტის ორგანიზატორები და ასე შემდეგ. ეს ეტაპი, რათქმაუნდა, არის დაგვირგვინება ამ ყველაფრის. მინდა მადლობა ვუთხრა ამერიკელ ხალხს, მსმენელს და ორკესტრებს ასეთი მხარდაჭერისთვის, რადგან არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ, რომ მხარი დაეჭირათ ქართველი მევილონისთვის, რომელიც გერმანიაში ცხოვრებს."

ლიზასთვის საინტერესოა ამერიკელი მსმენელიც.

"პუბლიკაც ისეთია აქ, როგორც ხალხი, ძალიან გახსნილი, თავისუფლები არიან. უხარიათ, როცა რაღაცა მოსწონთ და გამოხატავენ. საერთოდ ამერიკელებთან ურთიერთობა ადვილია, ამიტომაც მე ასეთივე შეგრძნება მაქვს სცენაზე, რომ ხალხი იმიტომ არ მოდის რომ გაგაკრიტიკოს, არამედ სურთ მართლა სიამოვნება მიიღონ."

წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტის პრიზის მფლობელი 2015 წელს შეერთებულ შტატებში საიუბილეო 50-ე კონცერტს გამართავს ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრასთან. ლიზა ბათიაშვილი ამბობს, რომ ამერიკაში სულ ცოტა 16 ერთმანეთზე უკეთესი საორკესტრო დასია, და მათთან სიამოვნებით ითანამშრომლებს. ექნება გამოსვლა ფილადელფიაში, ნიუ-იორკში რამდენიმე, მათ შორის ერთ-ერთი კონცერტი აპრილში მეუღლესთან, ჰობოისტ ფრანსუა ლელოსთან ერთად გაიმართება. ლიზა ბათიაშვილი გერმანიის მოქალაქეა, ყველაზე ნაკლებად საქართველოში აქტიურობს, სადაც მისი აქტიურობა, ძირითადად, ქველმოქმედებაში გამოიხატება, თუმცა ყოველთვის იცის რა ხდება იქ. ლიზა ბათიაშვილი მტკივნეულად იხსენებს ემიგრაციის პირველ წლებს და ამბობს, რომ ემიგრანტთა მიმართ საქართველოში შეცვლილი კანონმდებლობა აუცილებლად უნდა გამარტივდეს.

"მე მხარს დავუჭერდი ამას. ბავშვობაში ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ სხვა შანსი არ გვქონდა და ქართული პასპორტი დავაბრუნდეთ მე და ჩემმა მშობლებმა. მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრს მოუნდებოდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ბევრი მიზეზის გამო. არ ვიცი რატომ არ უნდა იყოს ეს შესაძლებელი. საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომ ბევრ უცხოელს მოუნდეს გაქართველება და ეს იყოს პრობლემა. თუ იქნება საშუალება, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა მოქალაქეობა შეინარჩუნონ, კარგი იქნებოდა."

[ლიზა ასრულებს მუსიკას]

ეს ნაწარმოები- " უკრაინის რექვიემი" კომპოზიტორმა იგორ ლობოდამ ლიზა ბათიაშვილის თხოვნით დაწერა. მას სურდა თავის მხარდაჭერა გამოეხატა უკრაინელი ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 12 წლისამ დატოვა, მას მაინც ახსოვს რას ნიშნავს რუსული გავლენა.

"რათქმაუნდა ეს ძალიან დიდი პრობლემაა რაც ხდება ახლა უკრაინაში და რუსეთში. ასე მგონია, რომ ევროპელებს ძალიან დიდი ხანი დასჭირდათ სანამ მიხვდნენ, თუ რა ხდებოდა იქ. მანერვიულებს ის, რომ ყველაფერი ისევ მწვავდება. ვფიქრობ, არსებობს საშიშროება სერიოზული ომის. მე ბავშობიდან მახსოვს რა იყო რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა, და საქართველომ ყველაფერი გააკეთა დამოუკიდებლობისთვის. ეს არ უნდა დაავიწყდეს ადამიანს. ამდენი ხალხი დაიხოცა იმისთვის, რომ დამოუკიდებლების იდეა განხორციელებულიყო. და ახლა თითქოს ისეთი დრო არის, რომ ყველაფერი ბრუნდება უკან, საბჭოთა კავშირის მიმართულებით. სწრაფვა აღარ არის უკეთესი ცხოვრებისთვის და ამ მენტალიტეტიდან გამოსვლის."

ქართველი მევიოლინის ლიზა ბათიაშვილის პროგრამა 2018 წლამდე გაწერილია. რეიტინგებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსი, წელიწადში 150-მდე კონცერტზე გამოდის. დატვირთულია 31 დეკემბერსაც. გერმანიაში, ლიზა ბათიაშვილი მეგობრებთან ერთად, შუბერტის კვინტეტს შეასრულებს.

XS
SM
MD
LG