კვირა, 21 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 18:07

რუბრიკები / ბიბლიოთეკა

"თბილისი ცვლილებების ხანაში"

x

მულტიმედია

აუდიო
დღეს ორი წლის გამოსულ ერთ კრებულზე ვისაუბრებთ, რომელიც ჩვენი ქალაქის ურბანული სივრცისა და ქალაქდაგეგმარების სოციალურ–კულტურულ პრობლემებს მიეძღვნა. წიგნს ჰქვია "თბილისი ცვლილებების ხანაში" და მისი შემდგენელ–რედაქტორები გახლავან იოსებ სალუქვაძე, კრისტოფ ვან აშე და ნიკა შავიშვილი. წიგნს ინგლისურენოვანი პროტოტიპიც ჰყავდა, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მოდით, ერთ-ერთ შემდგენელს, ბატონ სოსო სალუქვაძეს მოვუსმინოთ:

"საქმე ის არის, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ფორუმზე, შვედეთში, შემხვდა ერთი ახალგაზრდა კაცი, კრისტოფ ვან აშე, რომელიც არის ურბანული დამგეგმარებელი, დაგეგმვის სპეციალისტი, და მან მითხრა, რომ ჩამოსვლა უნდა თბილისში. მეც, რა თქმა უნდა, მივეცი ჩემი კოორდინატები. ჩამოვიდა, აქ საკმაოდ დიდხანს იყო, შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვიდა, კიდევ ერთხელ და ამ საუბრების დროს ჩამოყალიბდა აზრი, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ერთად. ოღონდ, მისი იდეა იყო, რომ ეს ყოფილიყო თბილისის შესახებ გარკვეული სტატიების კრებული, სხვადასხვა ავტორებისა, რომლებიც იქნებოდნენ როგორც ქართველები, ასევე უცხოელები".

წიგნი თავდაპირველად "ედვინ მელენ პრესმა" დაბეჭდა 2009 წელს ინგლისურ ენაზე და მას ასე ერქვა: "ქალაქური კულტურა და ქალაქის დაგეგმარება თბილისში – ევროპისა და აზიის შესაყარზე". ეს წიგნი თავის დროზე გეოგრაფიულ საზოგადოებაში ვნახე, სადაც ღვინის კლუბი ჩვენს ყოველკვირეულ სხდომებს ვატარებდით ხოლმე. სულ მალე კი გავარკვიე, რომ წიგნის ქართული ვერსიაც მოემზადებინათ შემდგენლებს და გამოეცათ კიდეც. სამწუხაროდ, კრებული არც ერთ წიგნის მაღაზიაში არ შემხვედრია, თუმცა მე მაინც გამიმართლა და საჩუქრად მივიღე ეს წიგნი. იმედია, სამომავლოდ მის ონლაინ-ვერსიასაც ვნახავთ ქსელში.
პირველ ყოვლისა ის, რომ, როგორც ქალაქი თავისთავად, კვლევის ობიექტი იქნება თუ ცოცხალი ორგანიზმი, არის მულტიდისციპლინური, არ არის რომელიმე ერთი კუთხით დანახული ...

ინგლისური კრებულიდან ზოგიერთი სტატია უცვლელად გადმოვიდა, ზოგი რამ სპეციალურად ქართულენოვანი კრებულისთვის დაიწერა, თუმცა იყო ისეთი სტატიებიც, რომლებიც ამ კრებულში არ გადმობეჭდილა. რედაქტორ-შემდგენელი იმაზეც გვესაუბრა, თუ როგორ გაჭირდა საქართველოში იმ ავტორების მოძიება, ვინც თბილისზე დაწერდა. გაირკვა, რომ ჩვენში საკმაოდ არიან ადამიანები, ვინც ინფორმაციას ფლობს ან პრაქტიკული გამოცდილება აქვს, მაგრამ სამეცნიერო სტატიას ვერ წერს. სამაგიეროდ, უცხოელ მკვლევართა შორის მოიძებნა არაერთი, ვინც ძალზე საინტერესო კვლევები შემოგვთავაზა  ჩვენი ქალაქის თემაზე: მაგალითად, ტრენტის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ მანინგი - მან დაწერა სტატია ქალაქის ელიტური პოლიტიკისა და პოსტსოციალისტური ურბანული ლანდშაფტის ცვალებადი სემიოტიკის შესახებ; ასევე კარლ ციგლერი, კაიზერსლაუტერნის ტექნიკური უნივერსიტეტიდან - იგი თავის ნარკვევში სივრცითი დაგეგმარების ევოლუციას შეეხო საქართველოში. იმავე და მომიჯნავე თემებს ეძღვნება გერტ ვერშრეგენის, კრისტოფ ვან აშესა და იოსებ სალუქვაძის ერთობლივი სტატია.  ასევე აღსანიშნავია, რონალდ გრეგორ სუნის ვრცელი მიმოხილვითი სტატია თბილისის მოსახლეობის ეთნიკური, სოციალური და კლასობრივი შემადგენლობის შესახებ. ამ სტატიამ შესაძლოა ბევრი  ქართველი მეცნიერი გამოაცოცხლოს მასში დასმული საკითხების გამო. ასევე მნიშვნელოვანია რევაზ გაჩეჩილაძის, ვლადიმერ ვარდოსანიძის, გიორგი და მამუკა სალუქვაძეების, ნიკა შავიშვილის, ზაზა შათირიშვილისა და გიორგი მელაძის სტატიები. ავსტრალიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოლოგის, ნინო ციციშვილის სტატია თბილისურ მუსიკას ეძღვნება და ჰქვია "ხალხური სიმღერიდან ჯაზისა და რეპისკენ – თბილისის ელიტური და პოპულარული მუსიკალური კულტურები". შემდგენელს, სოსო სალუქვაძეს, წიგნის მთავარი ინტენციის შესახებაც ვკითხე, და იმაზე, თუ რა უნდა იყოს მკითხველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წიგნში:
მე ვფიქრობ, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საცხოვრისის მქონე ქალაქია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ...

"პირველ ყოვლისა ის, რომ, როგორც ქალაქი თავისთავად, კვლევის ობიექტი იქნება თუ ცოცხალი ორგანიზმი, არის მულტიდისციპლინური, არ არის რომელიმე ერთი კუთხით დანახული, მეორე, რომ ის არის ინტერნაციონალური, მარტო შიდა ხედვის კუთხე არ არის, არამედ გარედან დანახული თბილისიც არის, ანუ რეალურად როგორიც უნდა იყოს ყველა ქალაქი. მცხოვრებლებიც წერენ ამის შესახებ, ექსპერტებიც, რა თქმა უნდა, და უცხოელი ექსპერტებიც. და მესამე ნამდვილად ისაა, და მე ვთვლი და ბევრი თვლის, რომ მართლაც მიდის დინამიკური ცვლილებები ქალაქში, გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა, – და, წესით, უნდა გვინდოდეს, იმიტომ რომ ქალაქი განვითარებადი ორგანიზმია და სულ უნდა იცვლებოდეს, თუმცა ეს ცვლილებები უნდა იყოს გარკვეულად რეგულირებული, პოზიტიურად რეგულირებული და უნდა იყოს გონივრული, რა თქმა უნდა. ცოდნით უნდა კეთდებოდეს".

აი, აქ უკვე ისეთ საკითხებს მივადექით, რაზეც უსასრულოდ შეიძლება საუბარი. მე და ჩემმა რესპონდენტმაც მოვასწარით რამდენიმე თემის გადარბენა, ეკოლოგიით დაწყებული, ქალაქის დაგეგმარებითა და სოციალური თუ დემოგრაფიული პრობლემებით დამთავრებული:

"მე პირადად ძალიან მაწუხებს და პირველი რიგის ამოცანად ვთვლი, სხვა ფაქტორების ფონზეც კი... ეს არის ჩვენი საცხოვრისი. მე ვფიქრობ, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საცხოვრისის მქონე ქალაქია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მე მინახავს. ევროპაზე აღარ ვლაპარაკობ... ჩვენი საცხოვრებელი გარემო საცხოვრებლად არ არის ვარგისი ხშირ შემთხვევაში და, რაც მთავარია, სახიფათოა. ყველაზე უფრო გულისმომკვლელი რაც არის, ამის შესახებ მშვენივრად იცის იმ ხალხმა, ვინც ცხოვრობს აქ, მაგრამ არ ერიდება იმას, რომ კიდევ უფრო გააფუჭოს ის გარემო, თუნდაც იმიტომ, რომ 2 ან 3 კვადრატული მეტრი მიიმატოს. და მათ იციან, რომ ეს არ არის ჯანსაღი, რომ ეს არის სახიფათო, ეს არის უშნო, მაგრამ მაინც ვაკეთებთ ჩვენ ამას (მე არ მინდა სხვაზე ვილაპარაკო) და ეს, სამწუხაროდ, ჩვენი ურბანული კულტურის სიმწირეზე, ჩამოუყალიბებლობაზე და განუვითარებლობაზე მიანიშნებს".

ამ ჩვენი უკულტურობის ხარჯზე ყველაფერს ვწირავთ – გარეგნულ სახეს, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას. არ ვფიქრობთ ჰიგიენაზე, სხვა ადამიანებზე, ერთი ხელის მოსმით ვაჩანაგებთ ქალაქის ისედაც მწირ გამწვანებულ სივრცეებს. სამაგიეროდ, მატულობს ცარიელი, დაუსახლებელი, ნაცრისფერი კორპუსები და დამახინჯებული ისტორიული ნაგებობები, გიგანტომანიით შეპყრობილი ადამიანების მიერ დაგეგმილი უგემოვნო რელიგიური თუ საერო ნაგებობები და გამოუსადეგარი, უფუნქციო ესტაკადები. ჯერჯერობით, სიმართლე გითხრათ, გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ჰოდა, სანამ დიდ მანქანებზე გადავსულვარ (ჩვენში რომ მოფერებით ჯიპებს ეძახიან) და მათი მფლობელების უმრავლესობის მენტალურ პრობლემებზე დამიწყია საუბარი, ჯობია აქ დავამთავრო. გილოცავთ ახალ წელს და შეეცადეთ უფრო ახლოდან დაინახოთ თქვენი ქალაქი და მეტი იფიქროთ მასზე.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mamuka საიდან გვწერთ: Tbilisi
08.01.2013 19:27
გიორგი, რას ნიშნავს რა არის ამ წიგნის მიზანი? პირველ ყოვლისა უნდა წაიკითხო ეს წიგნი და მიიღებ ამაზე პასუხს. მეორეც, როდესაც ვიღაცა ქეჩოში ჩაგავლებს ხელს და იმ პრობლემებისაკენ მიგახედებს, რომელსაც თავად ცოცხალი თავით ვერ ან არ ამჩნევ, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვან საქმედ უნდა მიგვაჩნდეს. თუ ამას კარგ ანალიზს გაუკეთებენ და რეკომენდაციებსაც მიაყოლებენ, მაშინ შეუსრულებია ამ წიგნს თავისი მისია და ეგაა.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: გიორგი
07.01.2013 23:49
და კარგი რა აქვს თბილისს? რა არის ამ წიგნის მიზანი საერთოდ ვერ გავიგე? რომ დაამტკიცოს როგორი "ცუდი საცხოვრისის მქონე ქალაქია" ის?

სხვა მასალები

ათმილიონიანი დახმარება და ექსპრეზიდენტის დაყადაღებული ქონება

უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი ამერიკის შეერთებული შტატების NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ - ამას ითვალისწინებს უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი.
გაგრძელება

აუდიო მედიაკონფერენცია ბათუმში

რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას მედია საქართველოში? – ამის შესახებ იმსჯელეს დღეს ბათუმში გამართულ მედიაკონფერენციაზე.
გაგრძელება

აუდიო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

"კავკასიური გზაჯვარედინის" თემაა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე.
გაგრძელება

აუდიო ყოფილი პრეზიდენტის დაყადაღებული ქონება

ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვაში დადანაშაულებული ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ქონებას ყადაღა დაედო. დასავლეთი ამ თემას უწინდებურად მკაცრად ეხმაურება.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული