Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა მასხულია - მასწავლებელი


7 სექტემბერი, კვირა

ზარია მობილურზე, დავხედე.

– გამარჯობათ, ქალბატონო თინიკო!

თან ვფიქრობ, რატომ მირეკავს დირექტორი.

– კარგი რა, გეხვეწებით, ვინმე სხვა შეარჩიეთ! – ყურს მე თვითონ მჭრის ჩემი წუწუნი. ბოლოს, ბუნებრივია, ვთანხმდები. რაღაცით ვგავარ იმერელ თამადას, ხვეწნა რომ სჭირდება. კიდევ უფრო ვგავარ ჭიპილიას კინოგმირს კინოფილმ „ჩარირამადან“: „კი მარა, რატომ მაიცდამაინც მე?!“ – ვამბობ და თან ძალიანაც მხიბლავს ეს განსხვავებული პროექტი.

– ესე იგი, როდიდან უნდა ვაწარმოო დღიური? – ვაზუსტებ ბოლო დეტალს. – დღეიდანვე? კეთილი...

მაშ ასე, პირველად ბავშვობის მერე დღიური უნდა ვაწარმოო. თან ეს არ იქნება „მეგობრობის დღიური“, რომელსაც ვისაც გინდა, აჩვენებ, ვისაც არ გინდა – არა. რთული ყოფილა „საჯაროდ“ აზროვნება. თან, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხომ ვიცი, ბევრისთვის გავხდები ქილიკის საგანი. ფაქტობრივად, პირადი განცდებისა და საზოგადო ინტერესებზე სინთეზური ფიქრის ვალდებულება გამიჩნდა. ამ რთულ წინადადებაზე თვითონვე მეცინება.

საერთოდ, პედაგოგები ერთგვარ კასტად ჩამოვყალიბდით. ცხადია, არა პრივილეგირებულ კასტად. ამიტომ ვთქვი, ქილიკის საგანი გავხდები-მეთქი. დღეს ხომ პედაგოგების მიმართ აქვთ პრეტენზია, რომ... არა, არაფრის ჩამოთვლას არ ვაპირებ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რომ ჩვენ ყველაზე იოლად ხელწამოსაკრავი პროფესიის წარმომადგენლები ვართ, მიზერული ხელფასებითა და მუდმივი სტრესებით. მორჩა, ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი: სხვა არა იყოს რა, ცუდად აღზრდილ აღსაზრდელზე პასუხისმგებლობა აღმზრდელს ეკისრება – მოჯადოებული წრეა. აქ ღიმილი მხოლოდ ამძაფრებს მოცემულობას.

საღამოს ოჯახი ტრადიციულად ვიკრიბებით სავახშმოდ.

– როგორ მიდის დღიურის წერა? – მეკითხება ჩემი ძმა. მეც ვყვები.

– ვაა, ანა ფრანკი ხარ? – ანგლობს ჩემი ტინეიჯერი ნათესავი, რომელიც სამი დღეა, გვესტუმრა სხვა ქალაქიდან.

– ჯვარი მწერია! – ვამბობ და მის გამომეტყველებაზე მეცინება. მას ხომ წარმოდგენა არა აქვს ამ წიგნზე! უბრალოდ, გაუგია და ახლა თქვა რაღაც, რაკი დღიური „დღიურს“ დაემთხვა ფონეტიკურად. ეს ბიჭი არის კლასიკური მაგალითი დღევანდელი ახალგაზრდობის განათლების ხარისხისა. მათ, ძირითადად, იციან წიგნის სათაურები, მაქსიმუმ კომიქსების დონეზე დათვალიერებული შინაარსით და, სამაგიეროდ, ჰყოფნით გამბედაობა, „ექსპერტის დონეზე“ გამოთქვან აზრი. ეს ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ფენომენია, მაგრამ ახლა სჯობს დავიძინო: ხვალ ადრიანად უნდა ავდგე. ერთ კვირაში ახალი სასწავლო წელი იწყება და ეს დრო უნდა გამოვიყენო ახალ რიტმზე გადასაწყობად.

თავისუფლების დღიურები - თამთა მასხულია
please wait

No media source currently available

0:00 0:12:24 0:00

8 სექტემბერი, ორშაბათი

10 წუთში სკოლაში მივდივარ, სწავლის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ვიწყებთ პედაგოგები შეკრებას და სკოლის მომზადებას: რა როგორ უნდა გაკეთდეს, როგორ დავხვდეთ ბავშვებს, მოწესრიგებულია თუ არა სასწავლო ინვენტარი და ა.შ. ეს ყველაფერი ხდება მონატრებული კოლეგების ნახვით გამოწვეული სიხარულის ფონზე, ცოტა ქალური ჭორაობით. ერთი კვირა გვაქვს, ვიდრე „უნაკლო“ ნიღბებს მოვირგებთ.

მოკლედ, ემოციებით ვარ სავსე, მაგრამ ამის ქაღალდზე გადატანას რომ შევყვე, ავტობუსზე დამაგვიანდება (პედაგოგების გადაადგილების ძირითადი საშუალება მუნიციპალური ავტობუსია). ვერც იმის პირობას დავდებ, საღამოს მივამატო რამე – მოვალ გვიან და დაღლილი, რაც ძალიან მახარებს. მერე იტყვიან, სცენის მტვერიო. ნეტა ვინმემ იცოდეს, როგორ აავადებს სკოლის მტვერი.

9 სექტემბერი, სამშაბათი

როგორც ვფიქრობდი, წუხელ ისე დავიღალე, საწოლამდე ძლივს მივაღწიე. სკოლა დამხვდა ძველებურად, მშვიდობით. მშვიდობაა კოლექტივშიც. ყველანი ჯანმრთელად და ბედნიერად არიან, უმეტესობა მოსუქებულა, მაგრამ ამას არავინ არავის ეუბნება. პირიქით, გალანტური რევერანსების კასკადია: „ვაიმე, რა კარგად გამოიყურები!“, „როგორ გიხდება!“ და ა. შ. ჩვენ, „პირველკლასელებს“, სასიამოვნო სიურპრიზიც დაგვხვდა: მთლიანად განახლდა ჩვენი ინვენტარი, მოგვიტანეს ახალი მერხები, დაფები, კარადებიც კი! უფროსკლასელები“ ცოტა შურით გვიცქერიან. ხელიდან არ ვუშვებთ გახუმრების შესაძლებლობას:

– თუ გინდათ, ექსკურსიაზე გვეწვიეთ ხოლმე, – ხაზს ვუსვამთ „უპირატესობას“ და ყველანი ერთად ვხალისობთ.

ცხადია, ასე არ იქნება მთელი წელი. მხიარული კადრი კინოფილმიდან მალე ამოიწურება და დაიწყება ყოველდღიური რუტინული შრომა.

ჩემი სკოლა 175-ე საჯარო სკოლაა, ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა თბილისში. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩვენი მუშაობის ხარჯზეა ასე. გამორიცხულია, პედაგოგი სადმე თავის ენერგიას იშურებდეს ბავშვებისათვის. უბრალოდ, გაგვიმართლა, რომ კარგი ტრადიციები ჩამოყალიბდა სკოლაში, რაც მაღალი აკადემიური მოსწრების გარანტია.

ხო, ახალი კიდევ ისაა, რომ ოთხი პირველი კლასი დაგვემატა, ანუ რვა პირველი კლასი გაიხსნა, რაც ძალიან მახარებს. თან ვფიქრობ, ნეტავ შობადობისა თუ ამ ქაოსური მიგრაციის ხარჯზე? რა თქმა უნდა, პირველს ვნატრობ, მაგრამ ისიც ვიცი, თავს ვიიმედებ. სტატისტიკა, სამწუხაროდ, სხვას გვეუბნება.

10 სექტემბერი, ოთხშაბათი

წელს პირველ კლასს ვიყვან და ზოგიერთი მშობელი ბავშვითურთ მსტუმრობს სწავლის დაწყებამდე. დღესაც მესტუმრა რამდენიმე, მათ შორის ელენე, ცქნაფა გოგონა, რომელსაც დედა და თვალცრემლიანი ბიცოლა მოჰყვნენ. მიზეზი გავიგე, ბიძაშვილი ჰყოლია თავისი ტოლი და ეტლსაა მიჯაჭვული. ელენე ექვსი წლისაა, მისი ბიძაშვილიც, და ოჯახში გადაუწყვეტიათ, რომ ცოტა უნდა გაიზარდოს და მერე ატარონ სკოლაში.

– ჯერ ცოდოა, – ამბობს დედამისი.

მე ვარწმუნებ, რომ ასეთი დიფერენცირებით მეტ სტრესს მიაყენებს შვილს, მაგრამ, ამაოდ. აზრს არ იცვლის, თან თავს იმართლებს, რომ მუშაობს და მისი ტარებისთვის დროც არა აქვს. დამოუკიდებლად კი ვერ მოვა სკოლამდე. რა ვუთხრა, არ ვიცი. გულდამძიმებული წამოვედი სკოლიდან. როდის იქნება, რომ საკმარისად ადაპტირებული იყოს გარემო ყველა შესაძლებლობის ადამიანისთვის? როდის იქნება საკმარისი სოციალური უზრუნველყოფა შეჭირვებული ადამიანებისთვის? ეს რიტორიკული კითხვები კიდევ უფრო მაღიზიანებს და ნაბიჯს ვუჩქარებ ეკლესიისკენ. დღეს ლოცვაა, ხვალ იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა.

11 სექტემბერი, ხუთშაბათი

ტაძრიდან დაბვრუნდი. ის იყო, სადარბაზოში უნდა შევსულიყავი, მეზობლის ხმა მომესმა:

– თამთა, დეიდაა, ერთი წუთით ამო რა!

– დილა მშვიდობის, ცირა! – იცის, გამარჯობის გარეშე დიალოგს არ დავიწყებ.

– გამარჯობა! – გამიღიმა შემრიგებლურად, – ამო რა გეხვეწები!

– 20 წუთში – ვუგდებ სიტყვას და სადარბაზოში ვიმალები.

ცირა ჩემი მეზობელი და კოლეგაა. ზუსტად ვიცი, რატომაც მიხმობს. სასექტემბროდ (ადრე „საპირველსექტემბროდ“ ვამბობდით ხოლმე) ახალ კაბას მაჩვენებს. გუშინ ლილოში იყო, თან ეტყობა კმაყოფილია თვითონაც: კარგ განწყობაზე იცის „დეიდით“ მომართვა.

– აბა, აქამდე უჭმელ-უსმელობა იქნება?! – კარს მიღებს დედაჩემი, რომელსაც, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, ღმერთი წამს, ოღონდ თავისებურად. საერთოდ რწმენა ის თემაა, რომელთანაც უსაზღვრო სიფრთხილეა საჭირო. ეს განცდა ყოველთვის მქონდა, მაგრამ განსაკუთრებით გამიმძაფრდა ბავშვებთან ურთიერთობისას. ერთმა არასწორმა განმარტებამ მათი უსაზღვრო ფანტაზიის პირობებში შეიძლება ისეთი მახინჯი სახე მიიღოს, რომ გამოუსწორებელი დაღი დაამჩნიოს მათ.

– მასწავლებელო, ქრისტიანების გარდა ხო ყველანი დებილები არიან? – მეკითხება პატარა თვალებბდღვრიალა ბიჭი.

– ლუკა შენ ქრისტიანი ხარ?

– კი.

– ჰოდა, თუ გეგონება, რომ ვინმე დებილია იმიტომ, რომ ქრისტიანი არ არის, შენ აღარ იქნები ქრისტიანი.

ბევრი მაქვს ამის მერე ნაფიქრი და ვერ მოვიფიქრე ამ დიალოგის უკეთესი განვითარება შვიდი წლის ბიჭუნასთან.

– კარგი, რა დედა, ყოველთვის ერთი და იგივე არ გბეზრდება? – არც მე მბეზრდება ეს ტექსტი ყოველ ჯერზე. ვსადილობ და, პირობისამებრ, 20 წუთში ცირასთან ვარ. პირობის ზუსტი შესრულება ჩემმა პროფესიამ გამომიმუშავა. დაუშვებელია ბავშვის მოტყუება, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რაშიც პირადი მაგალითი ვართ მასწავლებლები.

– აბა, მაჩვენე, რა იყიდე! – მისაღებში მდგარ სავარძელში ვეშვები ჩემი მიხვედრილობით კმაყოფილი.

ორიოდე წუთში ცირა ახალი სამოსით იწონებს თავს, ფეხსაცმელიც შესაფერისი შეუძენია.

– ყელსაბამი ვერ უყიდე? – ვფიქრობ ხმამაღლა. ვხვდები საკუთარ შეცდომას. ამ შენაძენით ცირამ ხომ წლის დაზოგილი ლიმიტი ამოწურა. – პრინციპში, გადატვირთავდა, – ვცდილობ, გამოვასწორო შეცდომა, მაგრამ უკვე გვიანაა.

– არა გოგო, კაი კი იქნებოდა, მაგრამ, დათოს ხელფასს ვალს ვერ დავახვედრებდი, – მოწყენილი მპასუხობს ცირა. ყველაფერი გავაფუჭე.

შუადღისას სკოლაში წავედი. კოლეგიალობიდან გამომდინარე, თორემ არათუ მოფიქრებული, უკვე დაწერილიც ექნებათ გეგმა, როგორ უნდა დავხვდეთ ახალი სასწავლო წლის პირველ საზეიმო დღეს. ესეც ჩვენი სკოლის ტრადიციაა და ვცდილობთ, სცენარი ყოველ წელს ორიგინალური იყოს.

12 სექტემბერი, პარასკევი

მთელი დღეა, სახლში ვარ. ხვალინდელი ჩაწერის გამო, ეს დღე მოსამზადებლად ვითხოვე. მიკროფონს და კამერას აქვს თავისებური ზემოქმედების სიმძიმე. ვცდილობ, ტექსტი დავხვეწო და მეტყველებაშიც გავივარჯიშო, თან ამაზე სხვა მოსაზრებითაც ვწერ ასე გახსნილად. მინდა, ჩემმა მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ დავალებას მუდამ პასუხისმგებლობით სჭირდება მიდგომა, შრომა და მომზადება მხოლოდ კარგი ტონია. ძალიან ბევრს სცოდავენ ამ მხრივ მშობლები: „ისეთი ნიჭიერია, წიგნს როდის იღებს და სწავლობს, არ ვიცი“. ბავშვის თანდასწრებით რომ მეუბნება ამას სახეგაბადრული მშობელი, სურვილი მიჩნდება, თავად დავსვა დაწყებით კლასში. ასე ღუპავენ თაობებს, მშობელთა უმეტესობას რომ უთხრა, შრომისმოყვარე შვილი გყავსო, ეწყინება: რატომ, უნიჭოაო? – შეგაგებებს დამხვედრ „ეჭვიან“ კითხვას. არადა, შრომისმოყვარეობაა უმთავრესი, რის დეფიციტსაც განვიცდით და რაც წარმატების საწინდარია.

მშობლების მიმართ საყვედური კი გამოვთქვი, მაგრამ მთელი საზოგადოება ვართ მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ჩართული და სანამ ამას მართლა არ დავიჯერებთ, ვერც პასუხისმგებლობას გადავინაწილებთ სწორად. არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივ დონეზე ვიწრო, ეგოისტური მიდგომა – სხვისი შვილი, არამედ არიან ჩვენი შვილები.

ორშაბათიდან ახალი კლასი მეყოლება. მომივა 26 ღაბუა ჩიტივით მობუზული, შიშით გაწუწული უსაყვარლესი არსება, რომელთაც ძალიან ფრთხილად უნდა მივუახლოვდე, მოვეფერო და დაფრთიანება დავუწყო. ორშაბათიდან ხელახლა იწყება პირადად ჩემთვის დანის პირზე სიარული. 11 სექტემბერი ვახსენე და მე მმართებს ისე წარვმართო მათი ფსიქო-ემოციური განვითარება, რომ შემდგომში 1795 და 2001 წლის 11 სექტემბრის ხსოვნა სწორად იყოს მათ განცდებში საკუთარი მნიშვნელობებით განაწილებული. ღმერთმა დაიფაროს, ამერიკის ტრაგედიის რომელიღაც წლისთავზე ცრემლიანი თვალებით იდგეს ვინმე ჩემი მოსწავლეთაგანი და 9000 კრწანისელის ისტორია არ იცოდეს ან არ სტკიოდეს; ან იყოს ვინმე ისეთი, ვისთვისაც სამი ათასი გარდაცვლილი ამერიკელი სტატისტიკა იქნება მხოლოდ.

ზარია კარზე, ნათესავი მესტუმრა. დიდია უკვე, საკმაოდ დიდი – ასაკით. გამიხარდა, ვუკითხავ, რაც დავწერე.

– 1795-ში რა მოხდა? – მეკითხება იმით კმაყოფილი, რომ 2001 წელზე კითხვა არ აქვს. ეგ ამბავი იცის. რა ვქნა? რა ვუყო? ამდენ პირველ კლასს მაინც არავინ გამიხსნის, ამის საჭიროება კიდეც რომ დავასაბუთო. ისევ მოთმინებას ვიკრებ და სკოლაში წასვლამდე სასწავლო წლის პირველ გაკვეთილს ვუტარებ ჩემს კბილა ნათესავს. ვიწყებ: „აღა-მაჰმად ხანმა...“ და ვფიქრობ, დღეს გაუნათლებლობაა ჩვენთვის აღა-მაჰმად ხანი.

13 სექტემბერი, შაბათი

დღეს საუკეთესო განწყობაზე გამეღვიძა, რაც ძალიან მახარებს. კარგად მაქვს დაცდილი კარგ გუნებაზე გაღვიძება. ადგომამდე, ჩვეულებისამებრ, რამდენიმე ფურცელს ვკითხულობ, თითქოს ბოდიშს ვუხდი ამით წიგნს, ძილის წინ კითხვით, ფაქტობრივად, საძილე აბის დატვირთვა რომ აქვს ჩემთვის. ეგეც არ იყოს, თუ ყოველდღე არ გაირანდე გონება, შეიძლება 100 სიტყვაზე დაგივიდეს ლექსიკური მარაგი. ამის საჩვენებლად ჩემი მოწაფეებისთვის ერთგვარი თვალსაჩინოებაც მაქვს შემუშავებული. მაქვს სურათი, რომლის აღსაწერადაც ყოველდღიურად გამოსაყენებელი სიტყვები არ კმარა. იქვე მხატვრული ლიტერატურიდან ამონარიდებს ვკითხულობთ, რაც საშუალებას გვაძლევს, გადმოსაცემი აზრი ვერბალურად შევავსოთ. ძალიან ამართლებს ეს მეთოდი. პირველკლასელებს კომპიუტერი ურიგდებათ და თუ თავიდანვე წიგნის კითხვის საჭიროება არ დავანახვე, დიდი ანგარიშით დაწინაურდება კომპიუტერი და მისი სიკეთეც წყალში ჩაიყრება.

მახარებს წიგნის კითხვის სტიმულირებისთვის გააქტიურებული საზოგადოება, სხვადასხვა აქციები. მთავარია, აქციები პერფორმანსებად არ იქცნენ მხოლოდ და პრაქტიკული განხორციელება ჰპოვონ ახალგაზრდებში.

– თამთა, ადექი, დაგაგვიანდება! – საძინებელ ოთახში შემოვიდა და ყვითელი ბარათივით მამცნო დედაჩემმა ადგომის დრო. – მოგყვება ვინმე? – მეკითხება.

– ნწუ, – თავს ვაქნევ კმაყოფილი სიჯიუტით და თითქოს ამით ბავშვობას ვიბრუნებ წამით, ან იმ მომენტს მაინც, პირველად რომ მარტო წავედი სკოლაში.

– კარგი ადექი, ადექი!

– ხუთი წუთიც რაა! – ესეც ბავშვობიდანაა.

ბავშვობიდან, რომელიც გავიდა, მაგრამ დამიტოვა მარადიული ხსოვნა, რომ იქიდან მოვდივარ და ყველაფერი, რაც ხდება, იქიდანაა – კარგიც და ცუდიც. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას და ყოველთვის.

XS
SM
MD
LG