Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო ჯაიანი - გიდი


16 აგვისტო, კვირა

დღიური არასოდეს მქონია. როცა მისი წერა შემომთავაზეს, დავიბენი. არც კი ვიცი, რა უნდა გამოვარჩიო ჩემი ყოველდღიურობიდან. აქტიური ტურისტული სეზონია, ამიტომ შაბათსა და კვირას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ერთი მორიგე გიდი მაინც უნდა იყოს. დღეს ჩემი მორიგეობაა. უკვე მეოთხე წელია, ბოტანიკური ბაღის რუსულენოვანი ექსკურსიამძღოლი ვარ და ამ პერიოდში, ძირითადად, ჩემი ყველა კვირადღე პოლონელ ტურისტებთან ერთად იწყება. გზაში კომპანიის წარმომადგენელი მეხმიანება და ბოდიშს მიხდის, რადგან ჯგუფს ათი წუთი აგვიანდება. ჩემთვის ვფიქრობ: ნეტა ყველა ასეთი მოწესრიგებული იყოს!..

როგორც, ძირითადად, პოლონელებს ახასიათებთ, ექსკურსია ძალიან საინტერესო და მშვიდია. ამ დროის მანძილზე საექსკურსიო ჯგუფზე ჩემი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, თითქოს ყველა მათგანის ტვინები ერთნაირად აზროვნებს, კითხვებიც კი ერთნაირი აქვთ. ექსკურსიის პროცესში მოლარე მირეკავს, რუსულენოვანი გიდი უნდათ. ვპასუხობ, რომ დაკავებული ვარ და, თუ დამელოდებიან, ერთ საათში გავთავისუფლდები. თუმცა, დამთვალიერებელს ლოდინი არ უნდა, შესაბამისად, დამოუკიდებლად მოუწევთ გასეირნება.

ცოტა ხანში ისევ ზარი ისმის: პირველ სალაროსთან ექსკურსიამძღოლს ითხოვენ. ვუთანხმდები დროზე, რაც ამჯერად მისაღებია მათთვის. ხანდახან გვიწევს გიდის მომსახურებაზე უარის თქმა, რადგან ბაღის მთავარი ტურისტული მარშრუტი საკმაოდ დიდია, რელიეფი − რთული, ამიტომ ერთ ტურს, მინიმუმ, საათი და ოცდაათი წუთი ჭირდება. კარგია, ტურებს შორის თუ დაისვენებ, მაგრამ ხდება ისეც, რომ ერთი ტური მეორეს გადაებმება ხოლმე, დღესაც სწორედ ეს შემთხვევაა.

ბაღში ტურისტების ნაკადი დილიდანვე მაღალია. ჯერ ისევ გრილა, ზღვაც ულამაზესი ფერისაა, მშვიდია და სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. ამიტომ ჩემი პოლონელი ტურისტებიც პანორამულ გადასახედთან უამრავ ფოტოს იღებენ. აქ რამდენჯერაც მოვდივარ, იმდენჯერ ვრწმუნდები, რომ სასწაული ადგილია! ენერგიით ივსები და ეს ყველაფერი უფრო მეტ ძალას განიჭებს, რომ მაქსიმალურად კარგად და საინტერესოდ წაიყვანო ტური. შავი ზღვის ჰორიზონტზე თეთრი კავკასიონი მოჩანს. ბათუმში ამბობენ, რომ თუ კავკასიონი ჰორიზონტზე გამოჩნდა, ესე იგი გაწვიმდება. წვიმას სიამოვნებით დაველოდები. მეც იმ რიგით ბათუმელებს მივეკუთვნები, რომლებსაც წვიმა ძალიან უყვართ. ერთი სიტყვით, პოლონელებთან ტური სასიამოვნოდ სრულდება, თუმცა უკვე მერამდენედ მაოცებენ ჩვენი ვიზიტორები: უამრავი საუკუნოვანი ეგზოტის ფონზე მათ აღფრთოვანებას იწვევს პატარა, მორცხვი ბრაზილიური მიმოზა, რომელიც ხელის შეხებისას ფოთლებს ხურავს. ასევე გასაოცარი რეაქცია აქვთ ჩინური ჩაის ბუჩქის ნახვისას. ხშირადწაიმღერებენ ხოლმე: Batumi,ech Batumi... Herbaciane pola Batumi... გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში ტაშით მემშვიდობებიან, ესეც პოლონელი ტურისტების დამახასიათებელი თვისებაა: Dziękuję bardzo − დიდი მადლობაო.

ელექტროავტობუსით მწვანე კონცხზე ვბრუნდები. გაჩერებასთან უამრავი ტურისტია, ლოდინით დაღლილები. თუმცა, ჩასხდებიან თუ არა, სახე კმაყოფილებით ევსებათ. სასიამოვნო ნიავი ქრის, მთავარ მარშრუტზე ჩავუარე მაგნოლიებს, ბამბუკებს, იაპონურ ბანანებს, ევკალიპტებს, კალისტემონებს... თითოეული მათგანი ახალი ენერგიით მავსებს.

სტუმრებს ქვედა პარკში, ნეკერჩხლების პარტერში ვხვდები. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც მწვანე კონცხზე პირველი დეკორაციული ბაღების გაშენება დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს. ამჯერად ჯგუფში (როგორც მოგვიანებით გავარკვიე) ოთხმოცი წლის ბაბუაა ყაზახეთიდან − ენერგიული, თითქმის ორი საათი არ დაღლილა და ინტერესითაც მისმინა. ტურის დასასრულს კი ბაბუამ ჩრდილოეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში, სადაც ტიტას ხე უკვე ოცდაათი წელია წაქცეულია, მხნედ გაირბინა და ფოტოებიც გადაიღო. აი, ეს არის სიცოცხლის სურვილი!

მოიღრუბლა. ზღვისპირა პარკში უამრავი წყვილია მაყრიონითურთ. ერთი სიამოვნებაა კამერების წინ მათი პოზირების ყურება. ერთ-ერთ წყვილს ხელმოწერის ცერემონია აქვს... დასავლური ტრადიციები ჩვენში სულ უფრო იკიდებს ფეხს. ალბათ ამიტომაც გახდა პოპულარული ბოტანიკური ბაღის ახალი შეთავაზება: ხელმოწერის ცერემონიის გამართვა სპეციალურად მოწყობილ პოდიუმზე. მართლაც, ძალიან ლამაზია თეთრი სკამები, მწვანე გარემო და ყვავილები... მაგრამ, ციდან ქუხილი ისმის, ამიტომ ცერემონიას აჩქარებენ.

სიძე-პატარძალი დასველებას გადაურჩა. ზაფხულის წვიმის წვეთები მასველებს. რატომღაც ელექტროავტობუსში ჩაჯდომას არ ვცდილობ. წვიმამ იმატა. ზღვასაც ნაცრისფერი გადაეკრა. ხეების კონტურები უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. აი, ეს არის ბათუმი...

17 აგვისტო, ორშაბათი

დღეს ვისვენებ, რადგან კვირას ვიმუშავე. მთელ დღეს ჩემს საყვარელ შვილთან გავატარებ. მართალია, გუშინ წვიმდა და ტალღებიც იქნება, მაგრამ მაინც ვემზადებით ზღვისთვის. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვისვენებ. ამჯერად ახალი ბულვარის ტერიტორია ვამჯობინეთ, სანაპიროზე ბევრი ხალხი არაა და შედარებით მშვიდი გარემოა. დღის მეორე ნახევარს სექტემბრის თვეს ვუთმობთ. წელს ჩემი შვილი მოსწავლე ხდება. მგონი, მე უფრო ვღელავ.

საღამოს მოცეკვავე შადრევნებთან ერთად ცეკვავს. განსაკუთრებული თითქოს არაფერი, მაგრამ საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება და განტვირთვაა.

18 აგვისტო, სამშაბათი

დილით კვლავ ბოტანიკურ ბაღში გავეშურე, იქ დილაადრიანვე ფუსფუსი იგრძნობა. მებაღეები, ტექნიკური პერსონალი, მკვლევრები დილის გრილ საათებში ასწრებენ ძირითადი საველე სამუშაოების შესრულებას. ვიზიტორთა დიდი ნაკადების შემოსვლამდე ტექნიკა ცდილობს, მოასწროს ძირითადი სამეურნეო სამუშაოების ჩატარება. ვხედავ, როგორ გადის შემოწმებას სასეირნო ელექტრომობილები, ისინი მთელი დღე უწყვეტად ემსახურებიან ბაღის სტუმრებს. ათის ნახევარზე ტურზე გავდივარ. აღმოჩნდა, რომ დღეს ოჯახთან ერთად ვიღებ ერთ მეტად სასიამოვნო რუსს. როცა ადამიანები ინტერესიანები არიან და უყვართ ერთმანეთი, შენზეც დადებითი აურა გადმოდის, თუნდაც ექსკურსიის დროს, რაც გიადვილებს მათთან მუშაობას. ზედა პარკში ტელესკოპთან ვჩერდებით. მე ალბათ შევეჩვიე, რადგან ყოველდღე ამ სილამაზეს ვუყურებ, მაგრამ როდესაც დამთვალიერებელი შენიშნავს ხოლმე, მეც კიდევ ერთხელ ვაკვირდები მრავალჯერ ნანახს. ახლა ჩემ წინ ზღვაში ღრმად შეჭრილი ბათუმია, მართლაც საოცარია...

დღეს გამიმართლა: ტურებს შორის შესვენებას ვაკეთებ. ერთ საათში უკრაინული ჯგუფი მოვიდა, რომლის წევრებსაც ელექტროავტობუსით სურთ ბაღის დათვალიერება. ექსკურსიის პროცესში გვხვდება ტელევიზიის გადამღები ჯგუფი. სიუჟეტს ამზადებენ აჭარის ტურისტულ ობიექტებზე. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ხომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ობიექტია. მესიამოვნა, რომ გადამღები ჯგუფი ჩემი ექსკურსანტებისგან იღებენ ინტერვიუს.

როგორც კი ექსკურსიიდან ვბრუნდები, ვერთვები ჩემი განყოფილების მიმდინარე საქმეებში, რომელიც უამრავია. ვეხმარებით ხოლმე ერთმანეთს, როცა საქმე მოძალებულია. ამჟამად ბაღი რამდენიმე პროექტს ამუშავებს ტურიზმისა და მარკეტინგის მიმართულებით, მომავალ წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღი საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს „ექსპო ანთალია 2016“-ის საერთაშორისო გამოფენაში. ეს დიდი პატივია ჩვენთვის, ახლა აქტიური მზადების პროცესია, ნოემბრამდე უნდა დამთავრდეს პავილიონის განაშენიანება. ვემზადებით ბოტანიკური ბაღის მეგობართა კლუბის დაფუძნებისათვის. ეს კარგი ინიციატივაა და მჯერა, რომ საზოგადოება მეტ ინტერესს გამოიჩენს ბაღის საჭიროებების მიმართ.

უკვე ხუთი საათია. სალაროდან მატყობინებენ, რომ დამთვალიერებელს გიდის მომსახურება უნდა. ტურისტი ბაღის ხშირი სტუმარია, ჩვენ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს. მოსკოველი ელენა ამჯერად თავის დასთან ერთადაა. თბილად მესალმება და მეუბნება, რომ ძალიან გაუხარდა, ისევ რომ შევხვდით. მეტად თბილი და მეგობრული გასეირნება გამოგვდის. მიყვება თავის ამბებს, თბილისში დასახლებულა. აწი ყველა სეზონზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ვესტუმრებიო, მაინტერესებს სეზონური ცვლილებებიო. მიყვება, კამელიები, შარშან ბოტანიკურ ბაღში რომ შევიძინე, თბილისშიც და მოსკოვშიც შესანიშნავად გრძნობენ თავსო. ელენას და განსაკუთრებით იხიბლება პანორამული გადასახედებით, უკვირს, როგორ შეიძლება ამდენი მცენარე ერთად ცხოვრობდეს ისე, რომ ხელს არ უშლიდნენ ერთმანეთს. არ კმაყოფილდება მხოლოდ მცენარის სახელით, გვარიც, ოჯახიც და სამშობლოს დასახელებაც აინტერესებს. მეკითხება, როგორ ნიადაგში ხარობს ესა თუ ის მცენარე, ყინვაგამძლეა თუ არა, როგორ მრავლდება და ა.შ. დამშვიდობებისას ნომრებს ვცვლით...

ბაღის გასასვლელში მხვდება მოლარე და მეუბნება, ტურისტები, რომელთაც შენ ჩაუტარე ექსკურსია, ძალიან კმაყოფილები გავიდნენ ბაღიდან და მადლობა გადაგვიხადესო...

სამუშაო დღის მშვენიერი დასასრულია... ვფიქრობ, იმისთვის, რომ წარმატებული იყო შენს საქმიანობაში, პირველ რიგში შენ უნდა მიიღო სიამოვნება იმისგან, რასაც აკეთებ.

19 აგვისტო, ოთხშაბათი

ბაღში მივდივარ. ავტომობილი სწრაფად და ხმაურიანად ამუხრუჭებს - შევშინდი. „ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, მრავალს დაგასწროთ უფალმა!“ - მილოცავს ჩემთვის სრულიად უცნობი მამაკაცი და გზას აგრძელებს. დღის არც ისე ცუდი დასაწყისია...

აზერბაიჯანელი ტურისტები ზოგჯერ დიდი ინტერესით არ გამოირჩევიან, თუმცა მიყვარს მათთან ერთად ტურის გატარება. ბოტანიკურ ბაღში მუშაობის პერიოდში პირველი ტურია, როცა 20 ექსკურსანტით ვიწყებ ექსკურსიას და ოცი მეტრიც არ გვაქვს გავლილი, რომ ექსკურსანტთა უმეტესობა დაიღალა. გზის გაგრძელება აღარ უნდათ. საბოლოოდ, ტურს შვიდი კაცით ვასრულებ. გულწრფელად, რომ ვთქვა, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ დასასრულს მაინც გავმხიარულდი: ჯგუფის ახალგაზრდა წევრი, რომელიც ყველაფერს „ლაითად“ უყურებს, ბოლოს მეუბნება, იცით ჩემს ცხოვრებაში ორი ექსკურსია მომეწონა და ამათგან ერთ-ერთი ესააო...

დღეში ერთი ექსკურსია არ მღლის, პირიქით დიდ სიამოვნებას მგვრის. დღეს უმეტეს დროს განყოფილებაში ვატარებ. თაფლის გამოფენის მზადების პროცესში ვართ. ჩვენი განყოფილება მეტად მხიარული და ხმაურიანია. მიყვარს აქ ყოფნა, აქ ნებისმიერი საკითხზე შეიძლება მოისმინო საუბარი. დღეს „ანთალია ექსპო-2016“-ის საკითხებზე ლანდშაფტის არქიტექტორთან და ბოტანიკოსებთან ერთად მთელი განყოფილება ესკიზებზე და კონცეფციაზე მუშაობს, ამას ემატება კოლექციის შერჩევა და მსჯელობა ჩემთვის გაურკვეველ ბევრ დეტალზე. როგორც ამბობენ, საღამოს ბაღის დირექტორთანაა დაგეგმილი ამ პროექტის განხილვა და ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს გაწერილი. მას ბევრი კითხვის დასმა უყვარს.

დღის ბოლოს, როცა პროექტის განხილვა დაიწყო, მე სახლისკენ გამოვემართე. სასიამოვნოდ დაღლილი ვარ. თუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ვგეგმავთ, დიდი წარმატება იქნება ბაღისათვის და საქართველოსათვის.

სახლში ჩემი შვილი კარებთან დამხვდა, ზღვაზე წავიდეთო...

20 აგვისტო, ხუთშაბათი

დღესაც, როგორც ყოველთვის, 8 საათზე გავიღვიძე. დილით ჩემი კოლეგა, თეო მირეკავს. ერთად მივდივართ სამსახურში. მოწმენდილი ცა და მზის სხივები სტიმულს და ენერგიას მაძლევს.

დღეს ბაღში ადრე მოვედით, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევთ საფეხმავლო ბილიკს გავუყვეთ. მაგნოლიების ხეივანში გვხვდებიან სხვადასხვა ეროვნების ტურისტები, თუმცა ქვედა პარკის აუზთან თურქი აშკარად ჭარბობენ „სელფის“ ჯოხიანი ტურისტები, რომლებიც ხმაურიანად იღებენ ფოტოებს. თურქებისთვის დამახასიათებელია ჯგუფურად სეირნობა და ხმამაღალი შეძახილები.

ბაღის ადმინისტრაციაში ავდივარ და ათი წუთის შემდეგ ისევ მწვანე კონცხზე ვბრუნდები. სომეხი ტურისტები არიან. გიდის ამპლუაში იშვიათად მიწევს მათთან შეხვედრა. ოთხ საათზე უკვე ძალიან დაღლილი ვარ: სამი ექსკურსია ერთიმეორის მიყოლებით. განყოფილებაში ყავა მხვდება, ცოტათი აზრზე მოვდივარ.

ვერ ვისვენებ, ერთ-ერთ მარშრუტზე რამდენიმე ეგზემპლარი მაქვს დასაზუსტებელი. უფრო სწორად, მათს შესახებ უფრო ღრმად მაქვს დასამუშავებელი ინფორმაცია. ერთი საათით ბაღის ლაბორატორიულ კორპუსში გადავდივარ და კონსულტაციას გავდივარ ინტროდუქციის განყოფილების სპეციალისტებთან. მომაქვს ლიტერატურაც და ვბრუნდები უკან. ზოგჯერ ექსკურსანტებს ისეთი დეტალები აინტერესებთ, რომლებიც მხოლოდ კოლექციაზე მომუშავე სპეციალისტმა თუ იცის. მაგრამ მე ვალდებული ვარ, ყოველთვის მომზადებული ვიყო.

მამშვიდებს ის, რომ დღევანდელ ცხელ დღეს სოფელში დავასრულებ ჩემს ახლობლებთან ერთად. ისე, ადამიანები უცნაურები ვართ: მთელი წელი მზიან ამინდებს ვნატრობთ და, როგორც კი დათბება, სოფლისკენ გავრბივართ...

ჩემს პატარა ანგელოზს ჰამაკში ჩაეძინა. ჩვენ ისევ წყავის ხის ძირში, მაგიდაზე დაწყობილ ცარიელი ლუდის ბოთლებს ვუსხედვართ. დაძინებას არავინ ჩქარობს, აქაც ცხელა...

21 აგვისტო, პარასკევი

მაღვიძარა „მღერის“. მეუღლეს ვაჩქარებ, არ მინდა სამსახურში დავაგვიანო. დილაობით გიდის მომსახურება რატომღაც არავის უნდა, ამიტომ შევუერთდი ბათუმის ბულვარში დაგეგმილი ხვალინდელი გამოფენისთვის მზადების პროცესს. თაფლი ქილებში მოვათავსეთ, ვუკეთებთ შესაბამის შეფუთვას, ეტიკეტს და ყუთებში ვაწყობთ. ბოტანიკური ბაღი საკუთარი პროდუქციით წელს პირველად გადის თაფლის გამოფენაზე. ამ საქმეს ბაღში დიდი პერსპექტივა აქვს და ამ მიმართულებით ჩვენებსაც გარკვეული მარკეტინგული ჩანაფიქრი აქვთ. შესვენებამდე გავამზადეთ ფლაერები, სტენდერები, მცენარეები, ჩვენი პავილიონის სტენდი... მოკლედ, თითქმის ყველაფერი რიგზეა. შესვენებაზე შესაბამის დროს ვერ გავედით, ბაღის დირექტორთან სტუმრად არიან ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორი და თანამშრომლები. უნგრელებთან ერთად ჩვენი ბაღი გარკვეულ პროექტებზე მუშაობს, ყველა ყურადღებითაა. ბუნებრივია, მეც ადგილზე ვრჩები. ამასობაში შესვენებაც მორჩა, მე კი ტურზე მეძახიან: რუსები, უკრაინელები და, ბოლოს, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ებრაელები. რუსები და უკრაინელები აღფრთოვანდნენ კოლექციით, ქართველი ებრაელები − ბაღში არსებული სიახლეებით. მოკლედ, შვიდი საათია და ჯერაც ბაღში ვარ. წვიმას იწყებს. მიკროავტობუსში ვჯდები. მახინჯაურში მაგრად წვიმს. მივედი სახლში (ე.წ. „ჭაობში“), აქ სულ არ უწვიმია...

დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ისევ დატვირთული დღე იყო.

22 აგვისტო, შაბათი

ვისვენებ, მაგრამ ბოტანიკურ ბაღში მივდივარ. ელენიკოს, როგორც ყოველთვის, უჭირს სახლიდან ჩემი გაშვება. სტუმრებს ველოდები. ჩემი დეიდაშვილი, როგორც ყველა დამსვენებელი, შეხვედრას ბოტანიკურ ბაღში ამჯობინებს... სეირნობას ჩაქვიდან ვიწყებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრება და მასთან დღის გატარების სურვილი მკლავს, ვჩქარობ. დღეს თაფლის გამოფენაა, ტურიზმის განყოფილების უფროსი რამდენჯერმე მირეკავს. ერთი სიტყვით, „ტურს“ თბილ, ოჯახურ გარემოში ვასრულებ და მივიჩქარი ბათუმისაკენ.

მშვიდი გარემოდან ხმაურიან ბულვარში ვხვდები. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ყოველწლიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენაში, ბაღის ტერიტორიაზე სეზონურად ტარდება თემატური გამოფენები: კამელიების, ბამბუკის, ხილის... მართალია, დღეს თაფლის გამოფენაა, მაგრამ ჩვენს კუთხეს მცენარეებიც ამშვენებს. როგორც ყოველთვის, გამორჩეული პავილიონი გვაქვს. მორცხვი მიმოზა აქაც იზიდავს მნახველებს. თაფლი მოსწონთ, განსხვავებული სურნელი და გემო აქვსო... მართალიცაა: ბოტანიკური ბაღის თაფლი ეგზოტიკური მცენარეების ყვავილებისგანაა.

სიცხე, მუსიკა, სხვადასხვა შეფერილობის დამსვენებლები. ცოტა დავიღალე. პარალელურ რეჟიმში დღიურს ვწერ, ვასრულებ... დღეს უნდა ჩავწერო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG