Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრა დავთიანი - მოსწავლე


7 ივნისი, კვირა

დღიურის დაწერა არასდროს მიფიქრია, ალბათ იმიტომ, რომ ნარატიული წყაროების ეს ფორმა ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ფრაგმენტული ჩანაწერების ერთობლიობა იყო, რომელსაც თან დაერთვის ქრონიკა - ადამიანის სენტიმენტალობისა და რომანტიზმის ერთგვარი წერილობითი ნაყოფი. ადამიანს დროდადრო უწევს ისეთი ამბების განცდა და ისეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან შეხვედრა, რომ ჩაწერა და შენახვა კი არა, ზოგჯერ მათი გახსენებაც ეძნელება. მაგრამ წერის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ნებისმიერი ეგო-დოკუმენტი არის წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისა და, ზოგადად, ადამიანის ინდივიდუალობისა და შინაგანი „მეს“ ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და საკმაოდ ეფექტიანი საშუალება...

მოკლედ, პირველად მიწევს საკუთარი ფიქრების, სურვილების, მისწრაფებების ასე საჯაროდ გამოცხადება. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იქნება მომავალი კვირის აღწერა, მაგრამ უნდა დავწერო. როგორც რუსები ამბობენ, назвался груздем - полезай в кузов...

ჩემთვის ყოველი დილა მაღვიძარას მონოტონური და საშინლად მომაბეზრებელი ხმით იწყება. ზოგჯერ მინდა, კედელს ვესროლო, მაგრამ მაღვიძარა ჩემს მობილურ ტელეფონშია და სწორედ ეს მიშლის ხელს ამ სასურველი გეგმის განხორციელებაში. არც ეს კვირადღე იყო გამონაკლისი. გამეღვიძა... უფრო სწორად, ამ საშინელმა ზარმა გამაღვიძა 10 საათზე. ბალიშის მაგივრად თავი გადაშლილ წიგნზე მედო, რომანზე„საბრალონი“... წუხელ თითქმის არ მეძინა, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ვიქტორ ჰიუგოს შედევრს ვკითხულობდი, არამედ იმიტომ, რომ დღესგრიბოედოვის სახელობის თეატრში მაქვს ამ სეზონის ბოლო რეპეტიცია. დღეს იქნება ახალი პიესის ან პიესების წაკითხვა და, რაც მთავარია, როლების განაწილება. ღამე გავათენე მოსალოდნელ რეპეტიციაზე ფიქრში...

უცებ ავდექი, უკვე მაგვიანდებოდა: რეპეტიცია 12 საათზე იწყება, მაგრამ მშვენივრად ვიცი, რომ მოსამზადებლად ერთი საათი არასდროს არ მყოფნისJ... გასაკვირია: 10:45-ზე უკვე მზად ვიყავი სახლიდან გამოსასვლელად.

გრიბოედოვის თეატრში ექვსი წლის წინ მივედი. თეატრის საბავშვო სტუდიამ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა, თეატრალური ნიჭის მქონე ბავშვებს ეძებდნენ. გადავწყვიტე, ბედი მეცადა. მაშინ ათი წლის ვიყავი, მაგრამ რატომღაც ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მიმიღებდნენ. მართლა მიმიღეს და მას შემდეგ თეატრი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია...

თეატრის შენობას მივუახლოვდი. განუმეორებელი თეატრალური ატმოსფერო ჯადოსნურ ზემოქმედებას ახდენს ჩემზე. რეპეტიციის დღეები ყოველთვის სიხარულითა და ბედნიერებით აღსავსეა ჩემთვის. მნიშვნელობა არ აქვს, რა განწყობაზე ვიყავი მანამდე...

ავედი სარეპეტიციო დარბაზში, სადაც ჩვენი რეჟისორი გველოდებოდა. დაახლოებით 12:15-ზე დავსხედით რეჟისორის მაგიდის ირგვლივ და ყველაფერი დაიწყო. გვერდით მომისხდნენ სოფი და ნათია. უცნაურია, მაგრამ განსხვავებული ხასიათისა და ინტერესების მქონე სამი ადამიანი თეატრში ყოველთვის ერთად ვართ, გვსიამოვნებს ერთმანეთთან ურთიერთობა, ალბათ რაღაც უხილავი და აუხსნელი ძალა გვაერთიანებს. როგორც ფიზიკოსები ამბობენ, საპირისპირო მუხტის ნაწილაკები ერთმანეთს იზიდავენ... საინტერესოა, რომ ამ კანონმა ასეთი ცხოვრებისეული ფორმა მიიღო ჩვენ შემთხვევაში.

ხან სოფი ჩამჩურჩულებდა რაღაცას, ხან ნათია, დაბნეულად და არეულად ვცემდი პასუხს. არც ბიჭების განუწყვეტელ ხუმრობებზე ვრეაგირებდი, რომლებზეც ჩვეულებრივ სიცილით ვიგუდები ხოლმე. არ ვიცი, მაგრამ ვიოლინოს სიმივით დაძაბული ვიყავი, რატომღაც ძალიან ვნერვიულობდი, არ შემიძლია ამ შინაგანი მღელვარების აღწერა...

მაგრამ ჩემი ღამისთევა ფუჭი არ ყოფილა, წილად მხვდა მშვენიერი როლები რუსულ კლასიკურ ნაწარმოებებში. ბლომად მაქვს სამუშაო. რეპეტიცია დასრულდა, ყველას დავემშვიდობე და თავისუფლების მოედნის მეტროსკენ გავემართე.

16 საათზე უკვე სახლში ვიყავი. ცუდად კი მეძინა, მაგრამ უნდა ვიმეცადინო. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოა, რამდენიმე ჩათვლა მაქვს ჩასაბარებელი.

ოჯახის წევრებს ვთხოვე, ხელი არ შემიშალონ მეცადინეობის პროცესში და ჩემს პატარა ოთახში ჩავიკეტე.

თავისუფლების დღიურები - სანდრა დავთიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:16:34 0:00
გადმოწერა

8 ივნისი, ორშაბათი

არ მახსოვს, წუხელ რომელ საათამდე ვიმეცადინე. მშობლები თითქმის ყოველდღე შენიშვნას მაძლევენ დღის არანორმალური რეჟიმის გამო.

მშვენივრად ვიცი, რომ ჩემი ასაკისთვის მავნებელია ღამისთევა და უძილობა, მაგრამ ჯერჯერობით სხვა გამოსავალი არ მაქვს. სამაგიეროდ, საფუძვლიანად გავიმეორე მთელი მასალა. იმედია, არ გამიჭირდება ჩათვლის ჩაბარება. მაინც ვღელავ. საათს შევხედე. 8:45-ია, დროა, გავიდე სახლიდან. გზაში დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი. მალე სკოლასაც მივუახლოვდი.

გაკვეთილები, ჩვეულებისამებრ, 9 საათზე დაიწყო. პირველივე გაკვეთილზე წერითი ფორმით ჩავაბარეთ მათემატიკა. რუსული რატომღაც გაგვიცდა, სამაგიეროდ მოვასწარი ფიზიკის გამეორება, რომელშიც ბოლო საკონტროლო გვიწევდა. ამის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ ორი გაკვეთილის მერე შინ გაგვიშვებენ. არც მეოთხე და არც მეხუთე გაკვეთილი არ ჩატარდა, რადგან მე-11 კლასს გამოცდა ჰქონდა და ჩვენი მასწავლებლები მათთან იყვნენ. მგონი, ისინი მოწაფეებზე მეტად ნერვიულობდნენ გამოცდების შედეგების გამო.

ჩვენ, როგორც 92-ე სკოლის ყველაზე მოწესრიგებული და დისციპლინიანი კლასი, წყნარად ვისხედით, სხვადასხვაგვარად ვირთობდით თავს.

ამ სკოლაში შარშან გადმოვედი. ღმერთო, დღემდე მახსოვს, როგორ ვღელავდი პირველ დღეს. განუწყვეტლივ ვეკითხებოდი თავს, როგორ მიმიღებდნენ ახალი თანაკლასელები-მეთქი? მე ხომ რუსული სკოლიდან ვარ, რაღაცას არასწორად თუ ვიტყვი, ხომ არ დამცინებენ? როგორ ავითვისებ სამეცნიერო ტერმინოლოგიას? თეთრი ყვავივით ხომ არ ვიქნები?

ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ კლასში მოვხვდი. არასდროს დამავიწყდება ის სითბო, რომლითაც შემხვდნენ კლასელები და მასწავლებლები. პირველივე დღეს ვიგრძენი, რომ ამ ოჯახის კიდევ ერთი წევრი გავხდი...

ზარამდე ხუთი წუთი რჩებოდა. ერთ-ერთმა კლასელმა თქვა: „ხალხნო, ხუთ წუთში დასრულდება ჩვენი რვათვიანი ტანჯვა!“ მართალია, დღეს ორშაბათია, მაგრამ ბავშვები შევთანხმდით იმაზე, რომ პარასკევამდე არ ვივლით სკოლაში, ცოტას მასწავლებლებსაც დავასვენებთ J...ზარი დაირეკა და ყველანი გარეთ გავედით.

ორის ნახევარზე შინ მივედი. უპირველეს ყოვლისა, მივეფერე ჩემს კატას, წყალი გამოვუცვალე, საჭმელი დავუყარე და კომპიუტერს მივუჯექი.

ნუთუ სასწავლო წელი ნამდვილად დასრულდა? არ მჯერა! მახსოვს, როგორ ვათენებდი ღამეებს, როგორ მეძინებოდა გაკვეთილებზე, როგორი დაღლილი ვბრუნდებოდი რეპეტიციებიდან. ჩავიკეტებოდი ხოლმე ჩემს ოთახში და ღამის 4 საათამდე ვმეცადინეობდი. დილით რომ ვიღვიძებდი, სახე ან რომელიმე სახელმძღვანელოში მქონდა ჩარგული, ან რომელიმე კონსპექტში. მართლა არ მჯერა, რომ უკვე ზაფხულია და დასვენების რეჟიმში გადავდივართ...

9 ივნისი, სამშაბათი

სკოლა რომ დამთავრდა, თითქოს შვება ვიგრძენი და დღეს 12 საათზე გამეღვიძა. 4 საათზე ნათიას უნდა შევხვდე და პიესა გამოვართვა. დრო ბლომად მაქვს. ჯერ სახლი მივალაგე, მერე კი, ჩვეულებისამებრ, კომპიუტერთან დავჯექი.

საინტერსოა, რა იქნება,მთელ მსოფლიოში თუნდაც ერთი დღით რომ გამორთონ ფეისბუკი, და არა მარტო ფეისბუკი, ყველა სოციალური ქსელი. რა მოუვა ამ „სელფიებისა“ და „ვაიფაის“ თაობას, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი მე ვარ და გულწრფელად ვაღიარებ ამას. ყველანაირად ვებრძვი ამ „ინტერნეტფილიას“, ზოგჯერ ისე ვბრაზობ საკუთარ თავზე, მინდა გამოვრთო ეს წყეული კომპიუტერი, მაგრამ არ შემიძლია. თავს სიტყვას ვაძლევ: „კიდევ 15 წუთი და გამოვრთავ... აი, ახლა მეგობრის შეტყობინებას ვუპასუხებ და აუცილებლად გამოვალ საიტიდან... ახლა გვერდის ბოლომდე ჩავალ და დავიწყებ მეცადინეობას...“ და ასე გადის მთელი ცხოვრება ვირტუალურ სამყაროში.

გამოვიდა, რომ ინტერნეტით გამოწვეულ პროგრესს კვალდაკვალ მისდევს რეგრესიც. ინტერნეტი ნამდვილად გვაძლევს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს, მაგრამ მისი რაციონალური გამოყენების არცოდნა, შესაძლოა, ცუდი შედეგით დამთავრდეს. იმაზე ფიქრი მაწუხებს, რომ ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობა - პირისპირ შეხვედრა - ადამიანებმა ინტერნეტ-მიმოწერაში და მესიჯებში გავცვალეთ...

სახლიდან ოთხის ნახევარზე გამოვედი. თავისუფლების მოედანზე უნდა შევხვდე მეგობარს. იმედია, არ დავაგვიანებ, როგორც ყოველთვის. რა საშინელი ჩვევაა!

შეხვედრაზე 15 წუთით მაინც დავაგვიანე. „გოგო, ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ, არაფერი გაკლია, პუნქტუალობას როგორ ვერ შეგაჩვიე?!“, გაეცინა ნათიას. მე კი, კიდევ ერთხელმივეცი სიტყვა, რომ გამოვასწორებ ჩემს „უნამუსო“ საქციელს. მერე მივედით პარკში და დეტალურად ვისაუბრეთ ბოლო სპექტაკლის პრემიერაზე, წინა სპექტაკლებზე და, რა თქმა უნდა, ახალი როლების განაწილებაზე.

დაახლოებით 19 საათზე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მე მეტროში შევედი. სახლში რომ მოვედი, ესემესი მომივიდა სოფისგან: რაღაც საინტერესოსა და დამაინტრიგებელს უნდა მოგიყვეო. მოვემზადე ახალი ამბისთვის, დავურეკე და უცებ აღმოჩნდა, რომ სახლში მხოლოდ საათნახევარში იქნება და ახლა ვერაფერს მეტყვის. როგორ უყვარს ამ გოგოს ჩემი გაბრაზება! ხომ იცის, რომ ეს ლოდინი ჩემთვის აუტანელი იქნება. გამწარებული შევედი ოთახში და ხელში წიგნი ავიღე.

21 საათზე სოფიმ დამირეკა. ბევრი ვიჭორავეთ. თეატრალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული არც ერთი თემა არ გამოგვპარვია. ეს ის ადამიანია, რომელთან საუბარშიც დრო შეუმჩნევლად გარბის. ღამის პირველ საათზე გამოვედი სკაიპიდან და უცებ მორფევსის სამეფოში აღმოვჩნდი - ჩამეძინა.

10 ივნისი, ოთხშაბათი

დღეს ბებიას უნდა მივაკითხო. რამდენი ხანია, ვაპირებ. ზოგჯერ იმდენად ვარ ჩართული სწავლაში, რომ დარეკვაც კი მავიწყდება. იქ, ალბათ, საღამომდე ვიქნები.

15:30. დროა გამოვიდე. აი, უკვე მარშრუტკაში ვარ და მუსიკას ვუსმენ. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, რომ 16 წლის გოგო ფრანგულ შანსონზე ვარ შეყვარებული. ჩემს მუსიკალურ გემოვნებას არც დღეს ვუღალატე...

ნახევარ საათში უკვე ავლაბარში ვიყავი. მეტროსთან ჩამოვედი და ფეხით მივედი წურწუმიას ხუთ ნომრამდე, ბაბუაჩემის სახლამდე. არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს არის მხოლოდ თეატრი, არა. ეს არის სახლ-მუზეუმი, სახელოსნო, მარიონეტების თეატრი, ერთგვარი სინთეზი... ეს სახლი ტრადიციულ თბილისურ იტალიურ ეზოშია, რაც მას სიმბოლურ დატვირთვასაც ანიჭებს. ეს ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი სახლი, მასთან დაკავშირებული პირველი ასოციაცია, ალბათ, იქნება სიტყვა ზღაპარი. ზოგჯერ მიუწვდომელი და ბევრისთვის გაუგებარი სამყარო... აქ თითო საგანს თავისი დატვირთვა, თავისი დანიშნულება აქვს, იქნება ეს ნახატი, მინიატურა თუ სხვა ფორმის კომპოზიცია. სიტყვებით ვერ ახსნი იმ გრძნობას, რომელსაც განიცდი, ხელში უდიდესი სითბოთი, სიყვარულითა და ოსტატობით შექმნილი მარიონეტი რომ გიჭირავს და მასთან მუშაობას იწყებ... სწორედ მუშაობას, და არა თამაშს. რადგან ის კონტაქტი, რომელიც მყარდება ერთი შეხედვით, უსულო მარიონეტსა და ადამიანს შორის, საოცარია... თოჯინასთან თამაშის დროს დომინანტად გვევლინება ადამიანი, რომელიც ამოძრავებს მას, ჩვენს შემთხვევაში კი, პირიქით, ზოგჯერ მგონია, რომ თვითონ მარიონეტი მამოძრავებს და თანაბარი „უფლებებით“ ვსარგებლობთ. ყოველი თოჯინა არის უნიკალური მექანიზმი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, პასუხისმგებლობას და, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულს. ეს თოჯინები ბაბუაჩემმა, გარი დავთიანმა გააკეთა.

შინ ბებია და მამიდა დამხვდნენ. გვიანობამდე დავრჩი. ღამის 12 საათზე მამამ გამომიარა და ერთად დავბრუნდით სახლში.

11 ივნისი, ხუთშაბათი

დღეს მხიარული და ხალისიანი დღე იქნება. ჩემი თანაკლასელი ელენე უნდა მოვიდეს. ათ საათზე გამეღვიძა, ავდექი და სახლი მივალაგე. მშობლები დილიდან საღამომდე მუშაობენ. ჩვეულებრივ, სკოლიდან რომ ვბრუნდები, არავინ მხვდება და, როგორც წესი, 8 საათამდე მარტო ვარ. მთლად მარტო არა - ჩემს პატარა შავ ქაჯთან, ჩემს კატასთან ერთად ველოდები, როდის მოვა დედა სამსახურიდან. მამა კი, ხან რომელ საათზე ბრუნდება, ხან რომელზე...

სამუშაო დღეებში ჩვენი საღამოები ერთმანეთს ჰგავს. ერთად დიდ დროს არ ვატარებთ. მშობლები, ჩვეულებრივ, დიდ ოთახში სხედან, ტელევიზორს უყურებენ, მამა პარალელურად კომპიუტერთან მუშაობს, მე კი ჩაკეტილი ვარ ჩემს ოთახში და ვმეცადინეობ. ხან ერთი შემოვა რაღაცის საკითხავად, ხან მეორე. არეულად ვპასუხობ და წერას ვაგრძელებ. იმედია, არდადეგებზე ყველაფერი შეიცვლება...

ელენე ხუთზე უნდა მოვიდეს. მანამდე კარადას მივალაგებ.

ძალიან მსიამოვნებს ამ ბავშვთან ურთიერთობა. არაორდინარული და საინტერესო პიროვნებაა. ყოველთვის მშურდა მისი გაბედულებისა და სითამამის. მეჩხუბება ხოლმე: „ასეთი მშიშარა ქათამი როდემდე უნდა იყო? თუ რაღაცას გეტყვიან და არ მოგეწონება, უნდა შეეპასუხო, ხასიათი უნდა აჩვენო!“ მართალია ჩემი ელენე. იმედია, მასთან ურთიერთობა ჩემს ხასიათს უკეთესისკენ შეცვლის...

17 საათზე ელენე უკვე ჩემთან იყო. კარგად გავატარეთ საღამო. ძირითადად, სკოლაზე და თეატრზე ვსაუბრობდით. ისიც თეატრალურ სტუდიაში დადის. ალბათ, ამანაც იმოქმედა ჩვენს დაახლოებაზე. 22 საათზე გავედით ეზოში, სახლამდე გავაცილე და შინ დავბრუნდი.

თორმეტისთვის ოთახში ჩავიკეტე, ხელში წიგნი ავიღე, მაგრამ ელენესთან გატარებული დროით გამოწვეულმა დადებითმა ემოციებმა წაიღეს ყოველგვარი ძალა და მალე ჩამეძინა. J

12 ივნისი, პარასკევი

რომ გამეღვიძა, საათი 8:32-ს აჩვენებდა. სკოლაში წიგნები მქონდა ჩასაბარებელი და მაგვიანდებოდა. თუმცა მაინც ზუსტად ცხრაზე მივედი. მეგონა, მთელი კლასი იქ დამხვდებოდა, მაგრამ სულ ხუთნი ვიყავით. მასწავლებელს წიგნების შეგროვებაში დავეხმარეთ, მერე სახლებში გაგვიშვეს. მივედი კლასის დამრიგებელთან, რომელმაც მითხრა, რომ წელს ყველა საგანში „ათიანები“ გამომყვა და ოქროს მედლის პრეტენდენტი ვარ! მხიარულ განწყობაზე გამოვედი სკოლის შენობიდან.

16 წელი რთული ასაკია. და, ზოგადად ტინეიჯერობის პერიოდი... დიახაც, რთულ ასაკად ვთვლი... ამბობენ, რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ოქროს პერიოდი. პირადად მე გარდატეხის პერიოდს „ოქროს პერიოდად“ არ ვთვლი. პირიქით, ვფიქრობ, რომ ის ყველაზე გაურკვეველი და ყველაზე აუხსნელი პერიოდია...

ამ ასაკისთვის სიტყვა „გარდატეხა“ მშვენივრად არის შერჩეული. ხშირად ვცდილობ იმის გარკვევას, ბავშვი ვარ, თუ ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი. ზოგჯერ „ბავშვს“ მიწოდებენ და ცოტა მწყინს, მაგრამ, ამავდროულად, მეშინია ზრდასრული ადამიანის პასუხისმგებლობის, სირთულეების, პრობლემების, რაც ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, და მაშინ თვითონვე ვუწოდებ საკუთარ თავს „ბავშვს“.

კიდევ ერთი, რაც ძალიან მაფიქრებს, პროფესიის არჩევაა. მე-11 კლასში გადავდივარ და ჯერ კიდევ არ მაქვს არჩეული მომავალი სპეციალობა. გაურკვევლობაზე უარესი კი ამქვეყნად არაფერია.

დიდი ხანია, ექიმობაზე ვფიქრობ, მაგრამ როდესაც მხარს არავინ გიჭერს და ახლობლები სრულად არ იზიარებენ შენს გადაწყვეტილებას, შეიძლება, ყოველგვარი სტიმული დაკარგო. მგონი, მეც დავკარგე. იმედია, მომავალი წლისთვის საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ.

13 ივნისი, შაბათი

დღეს შაბათია და დედა სახლშია. სამზარეულოდან დილიდანვე მესმის მისი ფუსფუსი. წუხელ ცუდად მეძინა, მთელი ღამე ვნერვიულობდი. დღეს რადიო თავისუფლების ოფისში მივდივარ ჩაწერაზე.

თითქმის ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, როგორ გავამართლებ ჩემი მშობლების და ახლობლების იმედებს. მართალია არასრულწლოვანი ვარ, მაგრამ უკვე ბევრ რამეს ვაკვირდები და ვიცი, რომ ცხოვრება რთულია, რთულია „ადამიანობის“ შენარჩუნება. ამ საკითხზე უფიქრია არაერთ ფილოსოფოსს, მწერალს, პოეტსა თუ დრამატურგს. მახსენდება ბერძენი ბრძენის, დიოგენე სინოპელის მაგალითი. იზოლაციაში მცხოვრები ფილოსოფოსი დღისით, მზისით, სანთლით დადიოდა და, როდესაც ერთმა მოქალაქემ ჰკითხა, რას აკეთებო, უპასუხა: „ადამიანს ვეძებ“.

ალბათ, უფრო გამართლებული იქნება, წარმოსახვითი სანთლით ჩვენ ირგვლივ კი არა, საკუთარ თავში ვეძებოთ ადამიანი და სიცოცხლის ბოლომდე შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ამ წოდებას...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG