Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატი იონათამიშვილი - საჯარო მოხელე


3 მაისი, კვირა

კვირას მინდოდა ჩემით გამეღვიძა, მაგრამ ჩემს ძმიშვილს მოვენატრე და არ მაცლის. თამაში უნდა ჩემთან. თამაშს მარტივი წესები აქვს, უფრო სწორად, წესები არ აქვს, ერთის გარდა − ღუტუნი არ შეიძლება. დანარჩენი ყველაფერი მოსულა, თავზე დახტომაც, ჭიდაობაც, ძალისმიერი ილეთების გამოყენებაც. ბოლოს იღლება და ყიყლიყო უნდა მომიმზადოს. მე ახლა მახსენდება, რომ დედამიწის მეორე მხარეს დიდი კალათბურთი იყო − დანკანი გრიფინის წინააღმდეგ! ლეგენდა ხვდება ახალ თაობას. მეშვიდე, გადამწყვეტი მატჩია. ორივეს ერთნაირად ვგულშემატკივრობ. მწყინს, დანკანმა რომ წააგო, თუმცა გრიფინის კარგი თამაშიც მიხარია. უკვე დროა, ავდგე. მოწესრიგდი, გადავხედე რამდენიმე პროექტს (უსაქმოდ ისევ ვერ ვისვენებ) და ახლა მინდა წავიკითხო.

ახალი ავტორი არ წამიკითხავს უკვე კაი ხანია. „კაი ხანი“ ჩემთვის რამდენიმე თვეა. ახლაც ვფიქრობ, რომელი წიგნი წავიკითხო. ვკითხულობ: მარსელ პრუსტი, ჟაკ პრევერი, ეგზიუპერი, ლოტრეამონი, მიშელ უელბეკი (აშკარად ფრანგულ თაროს მივადექი)... ლერმონტოვი, მაიაკოვსკი, ესენინი (უცნაურია, ეს ორი დიდი პოეტი წიგნების თაროებმა შეარიგა, ალბათ ყველა მკითხველის თაროზე გვერდიგვერდ არიან), უმბერტო ეკო, ფამუქი და ბოლოს მაინც იმას ვიღებ, რაც ბევრჯერ მაქვს წაკითხული. ისევ კამიუს ესეების გუნებაზე ვარ. ვკითხულობ. „სადაც ამდენი მზეა, შეუძლებელია, ყველაფერი უაზრო იყოს...“ „გამოცდილება ყოველთვის მარცხია“ და მომწონს ეს პესიმისტური ოპტიმიზმი, რომლის აბსურდი ყოველთვის უფრო მიზიდავდა, ვიდრე სხვების რეზონულობა. აბსურდის გმირი აბსურდულად მოკვდა. კითხვის დროს მიყვარს მუსიკის მოსმენა. ახლა გალიანოს და მაილს დევისს ვუსმენ...

თავისუფლების დღიურები - რატი იონათამიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:48 0:00
გადმოწერა

4 მაისი, ორშაბათი

წვიმს. მიყვარს წვიმაში ავტომობილით სიარული, როცა ეწევი და მუსიკას უსმენ. მაგრამ საცობები მაინც თავისას შვრება. წვიმის დროს თბილისში, მგონი, მარტო წვიმის წვეთები კი არა, ავტომობილებიც „ცვივა“, ან წვიმის დროს ტყეში სოკოები და ქალაქის ქუჩებში ავტომობილები მრავლდება. არ ვიცი, სხვას რას მივაწერო, რომ მშრალი ამინდის დროს საცობი ბევრად ნაკლებია. უამრავი შეხვედრა მქონდა, საინტერესო არაფერია. უფრო სწორად, საინტერესო ამ შეხვედრების შედეგები უნდა იყოს.

ჰო, მართლა, დღეს ახალ ოთახში გადავედით. კარგად მოვეწყვეთ, მშვენიერი გარემო გვაქვს შექმნილი კარგი საქმეების გასაკეთებლად. უნდა გავაკეთოთ კიდეც, სხვა რამის უფლება არ გვაქვს.

5 მაისი, სამშაბათი

ჩემს სამსახურზე აქამდე არაფერი მითქვამს. მერიაში ვმუშაობ, შშმ პირთა საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ვარ. ოფიციალურად ქალაქ თბილისის მერის შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი მქვია და სრულიად ვიზიარებ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის პრინციპებსა და ღირებულებებს. 5-ზე ეთერი მაქვს რადიო თავისუფლებაში, გოგი გვახარიასთან. გზაში მახსენდება, რომ 2005 წელს ჩემი პირველი ვიზიტი ტელევიზიაში გოგი გვახარიას გადაცემაში შედგა. მაშინ 15 წუთი ვისაუბრეთ შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე და დოკუმენტურ ფილმზე „მეფე ხეიბარი“, რომელიც ამერიკელი მხატვრის დენი კეპლინგერის ცხოვრებას ეხება. მას შემდეგ კვირა არ გავა, რამდენიმე ჩაწერა, გადაღება ან ინტერვიუ რომ არ მქონდეს, მაგრამ გვახარიას გადაცემაში დღეს მხოლოდ მეორედ მივდივარ. თან ამჯერად, როგორც „უფლებადამცველი საჯარო მოხელე“ (გოგიმ მიწოდა დღეს ასე). საინტერესო ინტერვიუ შედგა. 6-ზე სამსახურში ვბრუნდები და თათბირი გვაქვს ქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად.

საქმეებს დღეს შედარებით ადრე ვამთავრებ. 8 საათია, ამიტომ მეგობრებთან ერთად რამდენიმე საათის გატარება საუკეთესო დასვენებაა. ბევრს ვსაუბრობთ, გვიანია, მაგრამ კარგად ვჭამთ. ახალ სურათებსაც ვიღებთ. იმ მეგობრების უმეტესობა, ვისთან ერთადაც ახლა ვარ, ჩემი თანამშრომლებიც არიან, ამიტომ მაინც სულ თბილისზე ვსაუბრობთ. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, დედამიწაზე ყველაზე ძვირფასი ადგილია. ჩემი ბავშვობის უბნები, სოლოლაკი და ვერა, განსაკუთრებით მიყვარს. იქ სხვა „სპლინია“ და სხვა სურნელია, იქ ჩემი ბავშვობა და ყველაფერი პირველია. ყველა ჩიხთან, ეზოსთან, ჩემი თბილისური ისტორიაა. სადაც უნდა ვიყო, ვისვენებდე და ვმოგზაურობდე, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ჩემს ქვეყანაში და უფრო − ჩემს ქალაქში ვბრუნდები. მე მაქვს ჩემი „შინ“ და საპატიოა, რომ ამ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრი ვარ.

6 მაისი, ოთხშაბათი

ავტომობილს მერიის ფარეხში ვაჩერებ. ყოველი დღე, ყავისა და სიგარეტის მერე, მერიის მძღოლებთან და დაცვასთან მისალმებით იწყება. დღეს გიორგობაც მივულოცეთ ერთმანეთს. მათი სახელი არ ვიცი, მაგრამ გამარჯობა ყველას უნდა ვუთხრა. საერთოდ, არ მიყვარს უსალმო ადამიანები, ან ადამიანები, რომლებიც ნაცნობობას პროფესიებით და კიდევ უარესი − მდგომარეობით არჩევენ. ლიფტშიც ყველას ვესალმები მიუხედავად იმისა, ვიცნობ თუ არა. მისალმება გვაახლოებს ერთმანეთთან. ეს აუცილებელია. ლიფტი ნებისმიერ დიდ შენობაში ცალკე თემაა, ყოველი გაჩერების დროს შეიძლება ვინმე საინტერესო უცნობი შემოვიდეს და გავიდეს, ან შემოვიდეს და აღარ გავიდეს. შენს ჩასვლამდე მაინც. აი ახლაც, ერთი მამაკაცი შემოვიდა პირველ სართულზე და მე-6 სართულამდე შვიდ ანეგდოტს მოყვა. არც ერთი არ იყო სასაცილო, მაგრამ მოსწრებით მოასწრო. ეს კაცი რამდენიმე დღის წინაც შემხვდა (მაშინ მე-11-დან მე- 6 სართულამდე მგზავრობდა) და მაშინაც ასე მოიქცა...

დღეს მთავარი თემა შშმ პირთათვის პარკირების წესში ცვლილებების შეტანაა. ამ გადაწყვეტილებას ძალიან ბევრი ელოდება და ჩვენი ვალია, რაც შეიძლება მალე მივიღოთ. არც ერთი დღე დასაკარგი არ გვაქვს. დღის ბოლოს მივდივარ ძველ სამსახურში, ვხვდები ძველ მეგობრებს და თანამებრძოლებს. ძალიან მიხარია!

7 მაისი, ხუთშაბათი

დილიდან უამრავი შეხვედრა მაქვს. ხელი მოვაწერეთ პროექტს და უსინათლოებს დავუბეჭდავთ ჟურნალ „სინათლეს“. ჟურნალი ბრაილის შრიფტით იქნება აწყობილი და მე ვერ წავიკითხავ, მაგრამ მე კამიუსაც იშვიათად ვკითხულობ ახლა. 12-ზე ვიყავი სპორტის სასახლეში, რომლის ადაპტირებასაც ვიწყებთ. ძალიან მომწონს პროექტი და ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დღეს დაიწყო. დანგრეული კიბეების დანახვა ცხოვრებაში არ გამხარებია ასე. კამიუ ამბობდა: „არ არსებობს კედელი, რომელიც არ იქცევა კარად“, მე კი ვამბობ: „არ არსებობს კიბე, რომელსაც პანდუსად არ ვაქცევთ.“ მშენებლობაზე თქვეს, თვენახევარს გაგრძელდებაო. ვიცი, რომ ძალიან ცოტა დროა ასეთი მასშტაბური სამუშაოებისთვის, მაგრამ რა დაიცდის ამდენ ხანს!

კიდევ რამდენიმე საინტერესო აუდიენციის მერე დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს: შშმ ბავშვთა მშობლებთან. შეხვედრამ მძიმედ ჩაიარა, კმაყოფილი არ ვარ. არ ვარ იმიტომ, რომ ხანდახან მგონია, მშობლები დათვურ სამსახურს უწევენ შვილებს. მე თუ რამეს მივაღწიე დღეს, მივაღწიე იმიტომ, რომ ვიცოდი: უფლებების დაცვა არის ღირსება, მცირე კომფორტისთვის ყველაფერზე უარის თქმა კი სინამდვილეში კომფორტის დათმობასაც ნიშნავს. ყველაფერს ვერ ვიტყვი, თუ რატომ ვარ უკმაყოფილო. იმედია, რაღაც მაგალითს აიღებენ, გააძლიერებენ ბრძოლას საკუთარი შვილების უფლებებისთვის, რომ მერე მათმა შვილებმა უფრო მეტად შეძლონ საკუთარი და სხვების უფლებების დაცვა. ადამიანს ადამიანად სწორედ რომ უფლებებისთვის ბრძოლა აქცევს, რადგან უამისოდ არ არსებობს თავისუფლება, წარმატება და პროგრესი.

დღეს ადრე ვიძინებ, 1 საათზე. რადგან ხვალ 5 საათზე უნდა ავდგე და წავიდე დასავლეთ საქართველოში. მივლინება მაქვს.

8 მაისი, პარასკევი

გზაში დიდ დროს ვატარებ ფიქრში. საჭესთან ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ზის. თავიდან ბევრს ვსაუბრობ, რომ არ ჩაეძინოს, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. და მახსენდება... მრავალი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, თუ დღეს საჯარო სამსახურში ვიქნებოდი. მომწონდა რომ მერქვა „უფლებადამცველი“ და ვიბრძოდი ცვლილებებისა და თანაბარი შესაძლებლობებისთვის. არ მქონდა ოცნებები, არამედ მხოლოდ მიზნები, და ჩემი მთავარი მიზანი იყო, ვყოფილიყავი ყველაზე პასიური შშმ პირი, ოღონდ, ცხადია, ისეთი აქტიური, როგორიც დღეს ვარ. მე ვიცი, რომ ეს საქმე დაუფასებელია და რამდენსაც უნდა დაეხმარო „გარეთ გამოსვლაში“, როგორც უნდა შეცვალო გარემო, მადლიერი ბევრი არ იქნება. იმის თქმაც მინდა, რომ მადლიერების გამო თუ დაიწყებ რამის კეთებას, განწირული ხარ. ჯობია, საერთოდ არ დაიწყო. იმიტომ არ აკეთებ, რომ შეგაქონ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგიძლია.

ბავშვობიდან არასდროს გავურბოდი პრობლემებს და პასუხისმგებლობას. არც ახლა გავურბივარ. ამ თვისებამ გადაწყვიტა ყველაფერი. ვიცი, რომ ჩემი ყველა გადაწყვეტილება არ იქნება სწორი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მათ მიღებაზე დიდ დროს არ დავხარჯავ და ვიცი, რომ პრობლემები მხოლოდ იმიტომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, რომ მათგან გამარჯვების ისტორიები შევქმნა. ამიტომ ყოველი ახალი პრობლემა ახალი გამოწვევაა ჩემთვის და მათთან ჭიდილს აზარტში მოვყავარ. ასე უფრო მეტია თავგადასავალი და მუდმივი ინტერესი აქვს ცხოვრებას. ამიტომ, როცა მეკითხებიან ხოლმე − „თქვენთვის ადვილი იყო?“ − ვპასუხობ, ის უფრო რთული იქნებოდა, რომ სახლში დავრჩენილიყავი და უარი მეთქვა ყველაფერზე, მათ შორის ცხოვრებაზე, სადაც ამდენი მზე შეიძლება იყოს. არა, ცხოვრებაში დაბრუნება ძალიან მარტივი იყო და მართლა არაფერი შეცვალა ჩემში იმ მომენტმა, როცა დამჭირდა ეტლი. ეტლი რომ დამჭირდა, მხოლოდ ეგ იყო. მაგრამ ამის გამო უფრო მეტი შევცვალე გარემოში და კიდევ უფრო მეტს შევცვლი.

ამიტომ დავტოვე სამოქალაქო სექტორი და უფლებადამცველი საჯარო მოხელე გავხდი. პასუხისმგებლობას მოაქვს წარმატება და წარმატების გარეშე არ არსებობს ბედნიერება. მე ვარ ბედნიერი, რადგან შემიძლია, მქონდეს პასუხისმგებლობა და არ მეშინოდეს გადაწყვეტილების მიღების. მივლინების საქმეებს გვიანობამდე ვერ ვამთავრებ. მერე მივდივარ სასტუმროში, სადაც ყოველთვის უხარიათ ჩემი დანახვა. ჩემს ორ თანამშრომელთან ერთად ვარ, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან. მათთან ერთად მივლინებაში კი არა, ომშიც წახვალ, რადგან გჯერა და ენდობი. საერთოდ, გამიმართლა სამსახურებში. ადრეც და ახლაც. ყოველთვის მიხარია მისვლა სამუშაო ადგილზე.

ღამით მეგობრებს ვხვდები...

9 მაისი, შაბათი

შაბათს ყოველთვის გვიან ვიწყებ, მაგრამ დღეს მეგობრებმა გამაღვიძეს. გუშინ პარასკევი აღვნიშნეთ და „სამკურნალოდ“ მიდიან. მეც ვდგები, როგორც არ უნდა მინდოდეს დასვენება (და შაბათს დილით ძილს თითქოს არაფერი სჯობს), სასწრაფოდ ვდგები! ასეთ დროს, თუ არ წავედი მათთან, მერე უფრო ვერ ვისვენებ ხოლმე. სასიამოვნო სიგრილეა, ერთად ვსხედვართ, ბევრს ვიცინით, ვიხსენებთ წინა დღეს, ვუსმენთ ქალაქურ სიმღერებს. ძლივს მოვიფიქრეთ, რომ დავშლილიყავით. ახლა ოჯახთან მინდა. უქმეებზე ყველაზე მეტად მიხარია ოჯახთან ყოფნა და სულ არ მინდა ხოლმე საქმეებზე ფიქრი.

ოჯახში ვარ, მაგრამ მაინც სულ საქმეებზე ვფიქრობ. ორშაბათიდან ბევრი საქმე მაქვს მოსასწრები, ბევრი სწორი და კარგი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ჩემი თავის იმედი მაქვს, რადგან ჩემს ყველა ფიქრში სხვების ინტერესი უფრო დევს, ვიდრე საკუთარი თავის. გასაფორმებელია ხელშეკრულება უსინათლოებთან, დასამთავრებელია ინვენტარიზაციის გეგმა, რათა თბილისის გეგმიური ადაპტირება დავიწყოთ, მოსაგვარებელია მონიტორინგის საკითხები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იყვნენ ჩართულნი პროგრამების განხორციელებაში. ამით უპრეცედენტო პრეცედენტს შევქმნით. მონიტორინგის საკითხები ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, რადგან ამის გარეშე ვერ ვითარდება სამოქალაქო საზოგადოება, არ ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. მერე რა, რომ მონიტორინგი ბევრს დღესაც გოგოლის „რევიზორი“ ჰგონია?! ჩვენ დავამკვიდრებთ თანამედროვე ხედვას და პრინციპებს. წარმატებული მაშინ ხარ, როცა „გაკვირდებიან“, „გამოწმებენ“, რათა მერე უფრო სწორი, კარგი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები მიიღო. მთავარმა მონიტორმა, რომელსაც არასდროს არაფერი გამორჩება (ჩვენი გულის ფიქრები და ის ხელნაწერებიც კი, რომლებიც არასდროს იწვის), კარგად იცის ეს...

ამასობაში გავიდა ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი კვირა, რომელიც მალე აღარ იქნება მარტო ჩემი, რადგან რადიო თავისუფლებას აქვს ასეთი საინტერესო რუბრიკა: „თავისუფლების დღიურები“... და კიდევ ბევრი გაიგებს იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებდი და რას ვფიქრობდი მაისის პირველ კვირას; და, იმედია, ექნება იმის მოლოდინიც, რომ ამ ჩემი დღიურების დაწერიდან წაკითხვამდე კიდევ ბევრი ცვლილების მოხდენა მოვასწარი. ცვლილებებისთვის ღირს ცხოვრება, რადგან სხვების საკეთილდღეოდ მოხდენილი ნებისმიერი ცვლილება სრულყოფისაკენ გადადგმული ნაბიჯია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG