Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა იოსელიანი - GIPA-ს რექტორი


30 ნოემბერი, კვირა

„რამე თუ გინდა შეცვალო, წერე დღიურები“ − ასეთ სტატიას გადავაწყდი რამდენიმე დღის წინ.

საინტერესო და დროული რჩევა იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებისგან. ნამდვილად მჭირდებოდა მოტივაცია. არასდროს მქონია დღიურების წერის სურვილი, მაშინაც კი, როდესაც ძალიან მოდური იყო ეს ამბავი. საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი? ყველაზე მეტად ალბათ ის, რომ არასდროს მიყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი, წუწუნი, ქება, აღტაცება, გოდება.

იშვიათად თუ ვინმეს ვანდობდი ჩემს გულისნადებს.

სამაგიეროდ, მიყვარდა სხვისი დღიურების კითხვა.

პირველი სერიოზული შთაბეჭდილება მარინა ცვეტაევას დღიურებმა მოახდინა. ფრაზას − не суди своих родителей до своих сорока − ხშირად ვუმეორებ ჩემს შვილებს. იმათ ჯერ არა, მაგრამ მე უკვე ძალიან კარგად მესმის, რას გულისხმობდა პოეტი ამ სიტყვებით.

კვირას, ძირითადად, სახლში ვატარებ, შვილებთან და საკუთარ თავთან. ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიამოვნება, რომელსაც, ნებით თუ უნებლიეთ, ვიკლებ და მერე ძალიან ვდარდობ ამის გამო.

დღესაც ვეცადე, გამეხარებინა ჩემი გოგოები და მეც მესიამოვნა მათთან ურთიერთობით. დაბადების დღეები მიწყობილად, 5 და 6 დეკემბერს აქვთ და, ცოტა არ იყოს, ვღელავდით. ასე გვჩვევია, იმის მიუხედავად, აღვნიშნავთ თუ არა ამ დიდებულ დღეებს. ვეცადე, საუზმე და სადილი განსაკუთრებულად გემრიელი ყოფილიყო და გველაპარაკა ყველაფერზე, რაც გვაწუხებს, გვაინტერესებს, რაც დაგვიგროვდა...

საღამოს გველოდა განსაკუთრებული სიამოვნება: გაბრიაძის თეატრში სპექტაკლი „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“.

8 საათისთვის წავედით. ძალიან მიყვარს ეს ადგილი თავისი ჯადოსნური გარემოთი და ბინადრებით. დარბაზი, როგორც ყოველთვის, სავსე იყო. სპექტაკლი დაიწყო შესანიშნავი ფრაზით: „ამქვეყნად ყველაზე უფრო მაოცებს მორალი და ვარსკვლავები!“

მეც, ბატონო რეზო, მეც მაოცებს და მაკლია მორალი. ადრე თითქოს უხვად იყო და ამ ბოლო დროს ძალიან მაკლია...

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა სპექტაკლი, მაგრამ ვიცი, რომ ეს იყო ბედნიერების უწყვეტი ნაკადი. ამ პატარა, მოცუცქნულ დარბაზში, სადაც „სუნთქვაც კი ისმის“, ერთმანეთში იყო არეული სიკეთე, სიბრძნე, გემოვნება, იუმორი, ხარისხი და, რაც მთავარია, ულევი სიყვარული. აქ თითოეული სიტყვა, ფრაზა, პერსონაჟი − ყველაფერი ემსახურება სიყვარულს.

გამოვედით დამშვიდებულები, გაღიმებულები, სიკეთით და სიყვარულით გაბედნიერებულები. დარწმუნებული ვარ, ეს კვირა ბევრად პროდუქტიული იქნება − მუხტი მიღებულია.

მთელი გზა ბატონ რეზოზე ვფიქრობდი, მის შემოქმედებაზე, შესაძლებლობებზე, მასშტაბზე, სიყვარულზე, რომელიც „ვერტიკალურია და მბრუნავი!“ როგორ მინდა, ჩემი მეგობარი იყოს. ნეტა, არ გამოვა?

თავისუფლების დღიურები - მაკა იოსელიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:46 0:00
გადმოწერა

კარგი იქნებოდა, ეს დღე ამ არაჩვეულებრივ ნოტაზე დამესრულებინა, მაგრამ სახლთან მოსულს, გადამეყარა მეზობელი, „უბნის რისხვა“, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მუდმივად ლანძღავს, აგინებს და მოკვლით ემუქრება ყველას (ძირითადად, მოხუცებს, ბავშვებსა და ქალებს), ვინც მის გადაადგილებას ოდნავ მაინც შეაფერხებს. ამჯერად მისი მსხვერპლი აღმოვჩნდით მე და ჩემი შვილები.

ნეტა, რა ძალით აკუმულირდება ამდენი აგრესია ერთ ადამიანში? სიძულვილი, რომლითაც ეს სუბიექტია გაჟღენთილი, აჭარბებს ყველანაირ ზღვარს, ამიტომაც გულითად რეკომენდაციას ვაძლევ ყველას, რომ მოარიდონ ამ კაცს ბავშვები, ქალები, მოხუცები და ცხოველები.

უხეშობის, უზრდელობის, სიძულვილის ზეიმი ისევ გაიმართა ჩვენს პატარა ქუჩაზე. გამარჯვებულმა „უბნის რისხვამ“ მორიგი დებოში შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ასეა, ქალბატონო, ეს ცხოვრებაო.

როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს? გაბრიაძის სპექტაკლის ბილეთი ხომ არ გავუგზავნო?

1 დეკემბერი, ორშაბათი

სამუშაო კვირა არასამუშაოდ დაიწყო. დილიდან მომიწია ნევროლოგ სანდრო ცისკარიძესთან ვიზიტზე წასვლა. ბოლო პერიოდი თავის ტკივილებმა შემომიტია, მაინტერესებს, რა არის მიზეზი და რა უნდა მოვიმოქმედო.

მივიღე დანიშნულება და წამოვედი კმაყოფილი − ძალიან გონიერი ექიმია. იშვიათი შემთხვევაა ქართულ რეალობაში! ხანდახან შემეშინდება კიდეც, იმდენად სავალალო მდგომარეობაა. სანდრო ნამდვილად იშვიათი გამონაკლისია.

ტელეფონი რეკავს. ჩემი საყვარელი ძმაა. ყოველი დილა იწყება ლევანთან საუბრით. ეს აუცილებელი რიტუალია. რაზე ვლაპარაკობთ? ყველაფერზე ან არაფერზე. მთავარია, ერთმანეთის ხმა გავიგონოთ. ხანდახან შემოვიფარგლებით: როგორ ხარ, კარგად, გკოცნი... თუ მეტი დრო გვაქვს, გასაზიარებელიც მეტი ჩნდება. სანდრო ცისკარიძის ვიზიტის შესახებ მოვახსენე, ბედნიერი დღე ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მშობლების მადლობელი ვარ, ასეთი სიყვარული რომ გვასწავლეს. ჩემი ძმა ჩემი საყრდენია.

ამ რომანტიკული განწყობიდან ძალიან პრაგმატულზე მიწევს გადასვლა, რადგან დღის განრიგში უხვად მაქვს შეხვედრები, რომლებიც ჯიპას ინფრასტრუქტურულ განვითარებას შეეხება. ეს საკითხი ბევრი წელია აქტუალურია, მაგრამ გამოსავალი აქამდე ვერ მოიძებნა.

მე მაინც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და არ ვყრი ფარ-ხმალს. არავისთვის არაფერი მითხოვია პირადი გამორჩენის მიზნით, მაგრამ ჯიპას თემაზე მზად ვარ, ვისაც საჭიროა, საათობით ველაპარაკო, ვუხსნა და ვეხვეწო. გულწრფელად მჯერა, რომ უზომოდ ღირსეული საქმეა და იმიტომ.

სამსახურის მერე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე წავედი. ირანელი რეჟისორის ფილმი „პრეზიდენტი“ ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ვნახე ბევრი ნაცნობ-უცნობი, მათ შორის, ჯიპას აზერბაიჯანელი სტუდენტები ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთის ფილმმა გაიმარჯვა ჯიპას ყოველწლიური დოკუმენტური ფილმების კონკურსში, GIPA-Docu-ში. ამ ბოლო დროს ბევრი ხარისხიანი დოკუმენტური ფილმი ვნახე, მხატვრულისგან განსხვავებით. დაემთხვა თუ მე მეცვლება გემოვნება, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ ხელი უნდა შევუწყო ჟურნალისტიკის სკოლის ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას და სტუდენტების ძალისხმევას, გადაიღონ სერიოზული დოკუმენტური კინო.

სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი სტუდენტები ჯიპაში ერთად სწავლობენ ჟურნალისტიკას, მედია-მენეჯმენტს და იღებენ დოკუმენტურ ფილმებს. შესანიშნავია!

2 დეკემბერი, სამშაბათი

სამშაბათი რექტორატის დღეა. ბევრი წელია, შეხვედრის დღე და საათი უცვლელია. ესეც გიორგის დანერგილი ტრადიციაა, როგორც ბევრი რამ ამ ინსტიტუტში. შეკრებისას, განსაკუთრებით ხშირად გვახსენდება და გვენატრება. საინტერესო წლები გავიარეთ ერთად, საინტერესო და ძალიან რთული.

ბევრი წელია, გადაწყვეტილების მიმღები პირები იკრიბებიან და მსჯელობენ, როგორ გააუმჯობესონ სტუდენტის ცხოვრება ჯიპაში. დღეს შეხვედრა საკმაოდ გაგვიგრძელდა. განხილული თემები მრავალფეროვანი იყო. ხარისხის მართვის ნაწილში უმნიშვნელო ხარვეზების დახვეწით დაწყებული, ახალი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებით დამთავრებული. კვლევები, პროგრამები, პროფესურა, მარკეტინგული სტრატეგია, ახალი თანამშრომლები და ახალი წელი − რაზე აღარ მოგვიწია მსჯელობა! ბევრი ვიკამათეთ, ვილაპარაკეთ და, დასასრულს, გავაცნობიერე, რომ − უკვე მერამდენედ! − აღფრთოვანებული ვარ ამ გუნდით. მათი ცოდნით, პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობის უნარით. ხშირად სიტყვებით ვერ გამოვხატავ ჩემს ემოციას, მაგრამ მგონია, რომ გრძნობენ, ხედავენ, ხვდებიან...

ამბობენ, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანში იზრდება კრეატივი, პროდუქტიულობა, მეგობრობით და ცხოვრებით ტკბობის უნარი. ჩემი აღფრთოვანება მარტო ასაკის ბრალია, ნეტა? ვფიქრობ, არა, ასაკთან ერთად, ძალიან უნდა გაგიმართლოს ადამიანებში − თანამშრომლებში, მეგობრებში.

ამას წინათ ძალიან საინტერესო მოსაზრებას გადავაწყდი. 21-ე საუკუნეს ფსიქოლოგები „შიზოიდურს“ უწოდებენ, რაც გულისხმობს გრძნობების ნაკლებობას, სიახლოვის შიშს, ურთიერთობის დეფიციტს. შიზოიდი გამოირჩევა სიცივით, ქედმაღლობით, ამპარტავნობით, გარიყულობით. ეს მახასიათებლები ერთად აგრესიის ამოფრქვევას იწვევს. თუ ამ მოსაზრებას მივიღებთ, ბევრი რამ გასაგები გახდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ, ზოგადად, მთელს დღევანდელ ცივილიზაციაში.

ძალიან იშვიათი და დასაფასებელია, როდესაც შენთვის საამაყო და საყვარელ ადამიანებთან ერთად აკეთებ საქმეს, რომელიც მოგწონს და გიყვარს. სიამოვნებით მივმართავდი სახელობით თითოეულ ჩემს თანამშრომელს და ვეტყოდი: დიდი მადლობა ყველაფრისთვის!

3 დეკემბერი, ოთხშაბათი

დილით, ჯერ კიდევ სახლში, ახალი ამბების მოსმენისას, დავიწყე ფიქრი ბევრი მიმართულებით. როგორ უპასუხებს ჩვენი ინსტიტუტი გამოწვევებს, რა საქმიანობა იგეგმება ამა თუ იმ პრობლემების საპასუხოდ?

სახლიდან სამსახურამდე მიმავალს, გზაში ხერგილი ფიქრის საშუალებას მაძლევს. უახლოეს პერიოდში საინტერესო შეხვედრები და ღონისძიებები იგეგმება ჯიპაში. მოსამზადებელი სამუშაოც ბევრია. ამიტომაც, მივედი თუ არა ინსტიტუტში, დავიწყეთ დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა.

მმართველობის სკოლას უახლოეს დღეებში ტრადიციულად მოწვეული სტუმარი ჰყავს, ამჯერად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. საუბრის თემა იქნება საქართველოს ეკონომიკა და მისი გამოწვევები. შეხვედრას დაესწრებიან სტუდენტები და ლექტორები.

სოციალური მეცნიერებების სკოლა ემზადება დისკურსისთვის თემაზე: ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიების განსაზღვრა, ტენდენციები და მიმართულებები; სამართლისა და პოლიტიკის სკოლა მუშაობს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ხელისუფლებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თემაზე.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან ერთად განვიხილავდით ისრაელის ელჩის ვიზიტს და ვეცნობოდით სტრატეგიული განვითარების გეგმას.

ამ ორომტრიალში ეკას მესიჯი მომივიდა; მოკლე, მაგრამ ძალიან გულისამაჩუყებელი, ბევრი გულით. არ მბეზრდება. სულ მიხარია. მიხარია და მადლიერი ვარ, ასე რომ გამიმართლა მეგობრებში!

4 დეკემბერი, ხუთშაბათი

ამ ბოლო დროს ნანიკო, ჩემი უფროსი შვილი, ჩემზე ადრე მიდის სამსახურში და ჩემზე გვიან ბრუნდება. დაძაბული გრაფიკი აქვს. პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, რაც ძალიან მახარებს. თან მუშაობს, თან სწავლობს. გაჭირვებით, მაგრამ გართობასაც ახერხებს.

დღეს რა ვქნა და საიდან დავიწყო, არ ვიცი.

ლიკა, ჩემი უმცროსი შვილი, დღეს იხდის დაბადების დღეს. მინდა, დავეხმარო ორგანიზაციულ ნაწილში. ამასთან ერთად, ინსტიტუტში ძალიან დაძაბული გრაფიკია. რამდენიმე ღონისძიება პარალელურ რეჟიმშია დაგეგმილი და რთულია, ყველას სათანადოდ დაუთმო ყურადღება.

რადიო ჯიპამ მთელი დღე დაუთმო ძალადობის თემას. 12 საათიდან დაწყებული, ექსპერტები საუბრობდნენ უახლეს სტატისტიკაზე, ამ პრობლემის ჭრილში სახელმწიფო პოლიტიკაზე, განხილულ იქნა მედია-რეგულაციები ამ მიმართულებით: როგორ აშუქებენ კონკრეტულ პრობლემას სართაშორისო და ქართული მედია. დღის ბოლოს „ფრონტლაინ კლუბში“ შედგა დისკუსია თემაზე: „ხელისუფლების როლი ძალადობის პრევენციაში“.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრისმთქმელი და დამაფიქრებელი. თუმცა, ნიშანდობლივი იყო გენდერული დისბალანსი. ექსპერტების უმრავლესობა ქალები იყვნენ.

პარალელურ რეჟიმში, ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლამ უმასპინძლა ოსკაროსან ანიმატორს და რეჟისორს ალექსანდრ ესპიგარესს, რომელმაც მასტერკლასი ჩაუტარა სტუდენტებს. შეხვედრით აღფრთოვანებულები დარჩნენ როგორც მასპინძლები, ასევე სტუმარი. აუდიოვიზუალური ხელოვნების სტუდენტები მართლაც განებივრებულები არიან პროფესიონალებთან ურთიერთობით.

მგონი, ღამის 10 საათი იყო, „ფრონტლაინიდან“ რომ გამოვედი − დაღლილი და კმაყოფილი. საერთოდ, ძალიან მიყვარს აქ ყოფნა, რაც ერთდროულად სასიამოვნოც არის და სასარგებლოც.

გვიან ღამით დაბრუნდნენ ჩემი გოგოები − ბედნიერები და ემოციებით დატვირთულები. საჩუქრების გახსნის საზეიმო ცერემონიას მეც ვესწრებოდი.

5 დეკემბერი, პარასკევი

დილიდან ვალაგებდი საკითხებს პრიორიტეტულობის მიხედვით. საკმაოდ დატვირთული პერიოდია. ჩემი დაკვირვებით, დეკემბერი და ივლისი განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა. გარდამტეხი პერიოდია, ეტყობა.

შუადღეს შევხვდი ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს. თემა უცვლელია: ჯიპას განვითარების ხელშეწყობა, დღევანდელი და მომავალი თანამშრომლობის დეტალები. 20 წელია, ჯიპას საყრდენი ამერიკული ინვესტიციაა, როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური. ამ წამს დავფიქრდი.

ამერიკელები მუდმივად ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ ჯიპას. რაც შეეხება ქართველებს, მუდმივად ვნატრობთ, სულ მცირე, ხელი მაინც არ შეგვიშალონ. უცნაურია...

შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრეთ, როგორი მნიშვნელოვანია ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა მობილიზება, მათი გააქტიურება და ჩართულობის ხარისხის გაზრდა, ჯიპას სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ქსელის გაძლიერება. განვიხილეთ დღევანდელი მდგომარეობით სუსტი და ძლიერი მხარეები. შეხვედრიდან ახალი იდეებით ანთებული წამოვედი.

ფეხით გამოვიარე სანაპიროდან იეთიმ გურჯის ქუჩამდე. ცოტა ქუჩა დარჩა თბილისში, სადაც ყველაფერი გაინტერესებს. სახლებს, ფანჯრებს, აივნებს, გაფენილ სარეცხს, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, თავისი იდენტობა აქვს. სულ შიში მიპყრობს, რომ ერთ დღესაც მოვალ და ამ პატარა ქუჩაზე დიდი შუშის კონსტრუქცია დამხვდება, ან ბეტონის ესტაკადა გადაფარავს მთელ უბანს.

მგონი, ვიღაც სერიოზულად ზრუნავს, რომ მეხსიერება წაგვიშალოს. წარსულის გარეშე ადამიანების მართვა ბევრად მარტივია.

ცირა, მოდი, გუდიაშვილის მოედანზე, იმელთან, „რედისონის“ წინ თუ რუსთაველზე გასვლისას, ჩვენი მეხსიერება დავიცვათ, გადავარჩინოთ.

6 დეკემბერი, შაბათი

დღეს ნანიკოს დაბადების დღეა. გამორჩეულად მიყვარს ეს ორი დღე: 5 და 6 დეკემბერი. დილას ჩავრთე ჩემი საყვარელი მომღერლის, პრინცის სიმღერა Walk Don’t Walk − რემკამ მომასმენინა. ძალიან მიჯანსაღებს განწყობას, თანაც აქტუალურია, შინაარსიც და მელოდიაც.

დღეს ძალიან მინდოდა ქაშვეთში წასვლა და მამა მიქაელის მონახულება. არ გამოდის. ხვალ წავალ აუცილებლად. ხვალ ვნახავ მზია გომელაურსაც. ხვალ წავალ დედას საფლავზეც. სამივესთან ბევრი მაქვს სალაპარაკო. გამიჭირდა, გამოვიფიტე სულიერად.

ბოლო დროს, რბილად რომ ვთქვა, ბევრი „უცნაური“ რამ გადამხდა თავს და გადავიღალე.

მარინა ვაშაყმაძეს ვუთხარი კიდეც, იქნებ სხვა დროს იყოს, დღიურები პაციენტის ისტორიას არ დაემსგავსოს-მეთქი. ადამიანების მოტივირების თავისი არაჩვეულებრივი უნარით გადამარწმუნა.

აი, გავედი ბოლოში. ერთგვარი აზარტი ყოფილა დღიურების წერა. შევცვლი ნეტა რამეს? ალბათ, კი.

XS
SM
MD
LG