Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიანა ისაკაძე - მუსიკოსი


6 სექტემბერი, კვირა

თბილისური კვირადღე ისეთივეა, როგორიც პარიზული კვირადღე, იმიტომ რომ არაფერი იცვლება. მე მაქვს რეჟიმი, ვარ დიეტაზე... და ამ რეჟიმს ვიცავ როგორც საფრანგეთში, ისე გერმანიაში თუ თბილისში. კვირადღე ჩემთვის იმით არის კარგი, რომ კვირას ყველაფრის უფლებას ვაძლევ თავს, თუმცა დისციპლინას ძალიან მაგრად ვიცავ. დისციპლინის დაცვა კი ჩემთვის არის, ჯერ ერთი, მეცადინეობა, მეორე − დიეტა, მესამე − კონცერტის დღეს განსაკუთრებულად მკაცრი დღე. მაგალითად, კონცერტის წინ არავითარ შემთხვევაში არ ვჭამ. მხოლოდ შვიდი საათით ადრე შემიძლია ვჭამო. თუმცა, არიან მუსიკოსები, რომლებმაც, თუ კონცერტამდე ორი საათით ადრე არ მიირთვეს ბევრი საჭმელი, ისე არ გადიან სცენაზე. მე ეს არ შემიძლია, ვერაფრით ვერ წარმომიდგენია! ყველას თავისი ჩვევა აქვს. ჩვენ, მუსიკოსები, ცოტა უცნაური ხალხი ვართ. კიდევ ის არის, რომ კონცერტის წინ აუცილებლად უნდა დავიძინო. ეს აუცილებელია! თუ არ დავიძინე, შეიძლება ცუდად ჩატარდეს კონცერტი.

აი, ასეთია კვირადღე. თვითონ დასახელება„კვირა“ იწვევს სიმშვიდის ემოციას. მე, საერთოდ, მხიარული ადამიანი ვარ. ასეთი დავიბადე, ყველაფერი მიხარია. მოსკოვში, კონსერვატორიაში რომ ვსწავლობდი, მაგალითად, იმის გამო, რომ სულ მიხაროდა (რატომ მიხაროდა, ღმერთმა უწყის, უბრალოდ, მიხაროდა და მორჩა!), хохотуня-ს მეძახდნენ. მერე მეძახდნენ пингвинчик-ს. „პინგვინჩიკი“ ჩემთვის სიხარულის სიმბოლოა და ძალიან მიყვარს ეს არსება.

7 სექტემბერი, ორშაბათი

ორშაბათი ჩემთვის ისეთი დღეა, როცა უფრო შებოჭილი ვარ. დისციპლინის დაცვას მაინც განვაგრძობ, მაგრამ ორშაბათი უფრო მძიმე დღეა, რატომღაც. ამიტომ ისიც კი არ მიყვარს, როცა, ვთქვათ, კონცერტი მაქვს დანიშნული ორშაბათს.

დღეს თბილისური ორშაბათია. სახლი, რომელშიც თბილისში ვცხოვრობ, ყველაზე ლამაზი სახლია და ყველაზე კარგ ადგილას დგას, იმიტომ რომ იქიდან ხელისგულივით მოჩანს მთელი თბილისი...

თავისუფლების დღიურები - ლიანა ისაკაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:20:06 0:00
გადმოწერა

8 სექტემბერი, სამშაბათი

სამშაბათს უფრო ვთავისუფლდები სულიერად, ვმეცადინეობ. საერთოდ, არა ვარ ისეთი მუსიკოსი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი არასდროს მიმუშავია. არ ვთვლი ამას საჭიროდ, იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ ხელებით კი არ მუშაობს, არამედ ტვინითაც. მეც ტვინში „ვმუშაობ“ და ეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაკლადაც იქცა; ანუ ერთი ნაკლი მაქვს: როცა ვინმეს ველაპარაკები, რა ენაზეც უნდა ვსაუბრობდეთ − რუსულად, ინგლისურად, გერმანულად თუ ქართულად − ამ დროს ტვინით სულ სხვაგან ვარ, ამ დროს მე ვმუშაობ. აი, ახლა, მაგალითად, ჩემს ტვინში მუშაობს პროკოფიევის სონატა, რომელიც ათ დღეში უნდა დავუკრა. იმიტომ არის, რომ ადამიანი რომ მელაპარაკება ხოლმე, ძალზე ხშირად გამოდის, რომ მე რაღაც აბსურდს ვპასუხობ და იმას უკვირს, რა აბსურდს მპასუხობს ეს ქალიო. ის კი არ ესმის, რომ სინამდვილეში, როცა მასთანვლაპარაკობ, სულ სხვაგან მაქვს ტვინი და მუსიკაზე ვმუშაობ ამ დროს. აი, ეს არის... ჩემი ნაკლია, ალბათ.

9 სექტემბერი, ოთხშაბათი

ათი წლის ასაკში რატომღაც უკვე ძალიან ცნობილი ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში. ამ დროს გამაგზავნეს ბაქოში. ბავშვების რაღაც კონკურსი იყო და იქ გავიმარჯვე. 14 წლის ვიყავი, როდესაც მეორედ გამაგზავნეს საკავშირო კონკურსზე. იქ დავით ოისტრახი იყოჟიურის თავმჯდომარე. ჰოდა, მაშინ თქვა, ეს გოგონა სასწრაფოდ უნდა წამოვიყვანოთ მოსკოვის კონსერვატორიაშიო. არადა, მე კიდევ ერთი წელი უნდა მესწავლა აქ, სკოლაში. მაშინ ერთი წლით ადრე დავამთავრე ცენტრალური მუსიკალური სკოლა და მოსკოვში წავედი. დედაჩემიც წამომყვა. მაგრამ, სანამ მოსკოვში წავიდოდი, აქაც, თბილისშიც, ვინც კი ჩამოდიოდა, ასმენინებდნენ ჩემს შესრულებას. მაგალითად ვან კლიბერნს, რომელმაც სწორედ მაშინ გაიმარჯვა ჩაიკოვსკის კონკურსში და თბილისში ჩამოვიდა; იმისაც მოასმენინეს ჩემი შესრულება. კულტურის სამინისტრომ, გინდა თუ არა უნდა დაუკრა მის წინაშეო. ვან კლიბერნი ისე გაგიჟდა ჩემი დაკვრით, რომ მუხლებზე დამისვა, ჩამიხუტა, დამიწერა ბევრი ავტოგრაფი. ასე რომ, ბავშვობიდან უკვე განსაზღვრული იყო, რომ მუსიკოსი ვიქნებოდი. ისიც სასწაული იყო, რომ სამი წლის ასაკში უკვე ვწერდი მუსიკას: როიალთან მივიდოდი და ვთხზავდი მელოდიას. არავის უსწავლებია, მივიდოდი და ვუკრავდი. ჩემი ძმა, ელდარი, ვიოლინოს რომ უკრავდა ხოლმე, მისი მეცადინეობის მოსმენა მიყვარდა, მაგრამ არ მქონდა უფლება, რომ იქვე ვმჯდარიყავი. ამიტომ როიალის ქვეშ შევძვრებოდი და იქიდან ვუსმენდი... დედაჩემმა მითხრა, რომ დავიბადე, თურმე პირველად „დედა“ კი არ მითქვამს, მიმღერია.

შვიდი წლის გავხდი, მშობლებმა თქვეს, მუსიკალურ სკოლაში უნდა შევიყვანოთო და, ვინაიდან როიალზე დაკვრა ჩემით ვისწავლე, ფორტეპიანოზე მიპირებდნენ შეყვანას. მაგრამ იმ დღეს, როცა ფორტეპიანოს გამოცდა ტარდებოდა, ავად გავხდი. ერთი წელი მომიწევდა ლოდინი, რომ მომავალ წელს ფორტეპიანოს კლასში შევსულიყავი. ამ დროს კონსერვატორიის რექტორი იყო იონა ტუსკია,რომელიც თავიდანვე ამბობდა, ეს ბავშვი ისეთი ნიჭიერია, პირველი, რაც სჭირდება, ვიოლინოზე დაკვრააო. მაშინ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს: ერთ წელს ხომ არ დაველოდებით ფორტეპიანოს კლასსო და ერთი კვირის შემდეგ ვიოლინოს კლასის გამოცდაზე შემიყვანეს. ჩავაბარე და მიმიღეს გენიალურ პროფესორთან, ლეო შიუკაშვილთან, რომელიც საოცრად მიყვარდა... ჩემი პირველი აღმზრდელი ლეო შიუკაშვილი იყო.

ქართულ სკოლაში ვსწავლობდი და მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობდი. არადა, მოსკოვის კონსერვატორიაში ხომ რუსულად უნდა ჩამებარებინა! რუსულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. მოსკოვის კონსერვატორიის რექტორმა ალექსანდრ სვეშნიკოვმა მომცა უფლება, არც ერთი გამოცდა არ ჩამებარებინა და პირდაპირ მიმიღო სასწავლებელში, დავით ოისტრახის კლასში. ერთადერთი, რა თქმა უნდა, ჟიურის წინაშე დამაკვრევინეს ვიოლინოზე. რომ დავუკარი ერთი ნაწარმოები, დავით ოისტრახმა მკითხა, კიდევ დაუკრავ რამესო? ვუთხარი, თუ მოგეწონათ, დავუკრავ-მეთქი. ამაზე იცინა სუყველამ. აი, ასე მოვხვდი მოსკოვის კონსერვატორიაში. გავიდა ორი წელი. მერე დავით ოისტრახმა მომამზადა პარიზის კონკურსისთვის, სადაც მე „გრან-პრი“ მივიღე, პირველი პრემია. მაშინ 18 წლის ვიყავი.

მერე იყო შემდეგი ეტაპი − ჩაიკოვსკის კონკურსი. კონკურსის წინ, 1970 წელს ყველა კონკურსანტი გაგვაგზავნეს დუბნაში და იქ მუსიკოსთა სახლში მოგვათავსეს, რომ ყველას კარგად გვემუშავა. ოთახში ჩამისახლეს მაინცდამაინც გიდონ კრემერი, რომელიც დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე უკრავდა და მე ვეღარ ვმუშაობდი. მთელი დღე აქეთ-იქეთ დავდიოდი, ერთი თვის განმავლობაში, ტყეში! აბა, როგორ მემუშავა, სულ ის უკრავდა − 12 საათს დღეში! აი, ასეთ პირობებში მომიხდა მომზადება და ასე დავუკარი ეს კონკურსი. რასაკვირველია, მერე იმან მიიღო პირველი პრემია, მე კი მესამე პრემია მომანიჭეს.

1990-იან წლებში, როცა საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ხდებოდა, მე უკვე ვგრძნობდი, რომ სიტუაცია იძაბებოდა. ჩემზეც დაწერეს ცუდი რაღაცები გაზეთში. თუმცა მთელმა საქართველომ დამიცვა მაშინ! არასდროს დამავიწყდება, როგორ დამიცვა მთელმა საქართველომ... ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო, ამიტომ მინდოდა, რომ ეს ჩემი ორკესტრი გადამერჩინა და წამეყვანა. 1989 წელს სპეციალურად წავედი გერმანიაში − ფესტივალზე კონცერტი გვქონდა მე და ჩემს ორკესტრს და იქიდან პირდაპირ წავედით ავტობუსით ინგოლშტადტში, ბავარიაში.

10 სექტემბერი, ხუთშაბათი

ხუთშაბათი კარგი დღეა, ჩემთვის ყოველთვის კარგი დღეა, ბევრი რამ საინტერესო ხდება. თან, რაც ხდება, ყველაფერი სასიკეთოდ ხდება. ამჟამად ეს მეშვიდე ჩამოსვლა იყო. ფესტივალს, რომელიც 1982 წელს აფხაზეთში დავაარსე, დავარქვი „ღამის სერენადები“, ვინაიდან მოცარტს აქვს ნაწარმოები „Eine kleine Nachtmusik“ და სწორედ მოცარტის სიყვარულით დავარქვი ამ ფესტივალს „ღამის სერენადები“. ფესტივალი ბიჭვინთის ტაძარში ტარდებოდა 1982-დან 1988 წლამდე. 89 წელს, როცა შემდეგი ფესტივალი იყო დანიშნული, მთელი მსოფლიოდან ისევ ისე მოდიოდნენ ყველაზე ცნობილი მუსიკოსები... ვინ აღარ ჩამოდიოდა! ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი − ბიჭვინთის „ღამის სერენადები“... 1989 წელს 15 ივლისს უნდა ჩატარებულიყო პირველი კონცერტი და უცებ კულტურის სამინისტროში, თბილისში წერილი მოვიდა სოხუმის კულტურის სამინისტროდან: არ ვურჩევთ ქალბატონ ლიანას, რომ წელს ეს ფესტივალი ჩაატაროსო. კულტურის სამინისტრო მეუბნება: არ მიაქციო ყურადღება, ჩაატარეო; აუცილებლად უნდა ჩაატაროო! მაშინვე ვთქვი: ამას მე კატეგორიულად არ ჩავატარებ, იმიტომ რომ ჩემთან სტუმრები მთელი მსოფლიოდან მოდიან და როგორ შემიძლია რაღაც რისკზე წავიდე, საფრთხე შევუქმნა ამ ჩემს მუსიკოსებს-მეთქი. არ ჩავატარე და... იმ დღეს დაიწყო ომი.

როცა ჩემი ორკესტრის წევრები გერმანიაში დარჩნენ, მიუნხენში გადავედი საცხოვრებლად. ბავარია ძალზე მაღალი კულტურის რეგიონია, მაგრამ მათი ეს გადამეტებული დისციპლინა და მეტისმეტი ბიუროკრატიზმი, ცოტა არ იყოს, მომბეზრდა. ახლა პოეზია უფრო მჭირდება-მეთქი, და სხვა ქვეყანაში დავიწყე სახლის ძებნა... ჯერ იტალიაში ვიყავი, მერე საფრანგეთში წავედი და ვიპოვე − გრასი. ქალაქი გრასი კანთან არის ძალიან ახლოს და მთელი საფრანგეთის პარფიუმერიის ცენტრია. სწორედ გრასში ვიყიდე სახლი. ერთი ამბავი გამახსენდა ახლა გრასთან დაკავშირებით: ცხრა წელი გავიდა, რაც იქ ვცხოვრობ და მოდის ერთი მეზობელი, გადასარევი კაცი, და მეუბნება: იცით, რაო, თუ თქვენს ეზოში ხეები არ გასხალით და ბალახი არ გაკრიჭეთ, ყველაფერი ჯუნგლებად გადაიქცევაო. მე ვუთხარი, როგორ გეკადრებათ, მაჩვენეთ, სად არის ჯუნგლები-მეთქი? და ვაჩვენებ მიწის ნაკვეთს სახლის წინ: მშვენივრად მოჭრილი ყველაფერი, გაკრეჭილი, გალამაზებული. ეს მეზობელი კი მეუბნება, ამას რას უყურებთ, აი, იქით გაიხედეთო. თურმე მე მიყიდია სამი ათასი კვადრატული მეტრი მიწა და არ ვიცოდი... იქით ყოფილა მთელი ეს ჩემი მიწა, მართლაც ჯუნგლებად გადაქცეული. არადა, ვუმეორებდი ამ ჩემს მეზობელს: არა, კაცო, ის ჩემი მიწა არ არის-მეთქი. წავიდა მეორე დღეს მერიაში თუ სადღაც და მომიტანა იქიდან ამონაწერი კადასტრიდან. ასე გავიგე, რომ მიწა მართლაც ჩემი ყოფილა!

11 სექტემბერი, პარასკევი

პარასკევი არ მიყვარს და, საერთოდ, ძალიან თარსი დღეა.

ახლა საქართველოში ვარ და ეს პარასკევიც გადავიტანე. ყველაფერი გადავიტანე და ფესტივალიც გადავიტანე გადასარევად! ჩატარდა მშვენიერი ფესტივალი ბათუმში და, რაც მთავარია, თბილისში.მართლაც საოცრად ჩატარდა! მომცეს ნება, რომ სასტუმრო „რედისონში“ საქველმოქმედო კონცერტი ჩამეტარებინა.

თბილისში მანქანით არ დავდივარ. მანანა დავითაშვილს დავყავარ, ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელიც არის ჩემი გადამრჩენელი ყველაფერში, სასწაული ადამიანი. ან მანანას დავყავარ, ან ჩემს ქმარს. უცხოეთში ყოველთვის მე დავდივარ. გერმანიაში როცა ვცხოვრობდით, აი, გრასში რომ ვიყიდე სახლი, მიუნხენიდან ჩავდიოდი ხოლმე. მთელ იტალიას გავივლიდი ხოლმე მანქანით. თუ ჩემი ქმარი არ მეჯდა გვერდით, საათში 200 კილომეტრის სიჩქარით მივდიოდი. ისე ჩქარა, რომ გზაში რადარები ვერ ასწრებდნენ ჩემს გადაღებას, და არც ერთხელ ჯარიმა არ მომსვლია. გერმანიაშიც ძალიან ჩქარა დავდიოდი ხოლმე. იქ არსებობს „დაუწერელი მოლაპარაკება“ პოლიციასთან. თუ წერია, მაგალითად, 50 კმ/სთ, შეგიძლია, რომ 10 კილომეტრით ან 20-ით გადაამეტო. ჰოდა, მეც ასე დავდიოდი, შეჩვეული ვიყავი გერმანიაში, რომ დაშვებულ სიჩქარეს ათი კილომეტრით ვაჭარბებდი. მერე, როდესაც გავყიდე მიუნხენში სახლი და პარიზში ვიყიდე, მანქანით წავედი დამეგონა, რომ საფრანგეთშიც ასეთი წესია − „დაუწერელი მოლაპარაკება“პოლიციასთან. მივდივარ, წერია 50 კმ/სთ. მე მივდივარ 70-ით და ასე ბოლომდე, პარიზამდე ჩავედი. ერთ თვეში მომივიდა ჯარიმები − დაახლოებით ორი ათასი ევროს გადახდას მთხოვდნენ. გავბრაზდი, წავედი პოლიციაში და ვეუბნები, ეს რა არის, ეს რას ნიშნავს-მეთქი? თქვენ დაარღვიეთო. როგორ, კაცო, რა დავარღვიე, ათი თუ 20 კილომეტრით სწრაფად მივდიოდი-მეთქი და ამისთვის მაჯარიმებთ-მეთქი? რაო?! 10 თუ 20 კილომეტრი გადააჭარბეთო? ჩვენთან სამი კილომეტრითაც თუ გადაამეტებთ დაშვებულ სიჩქარეს, უკვე ჯარიმდებითო...

12 სექტემბერი, შაბათი

დღევანდელი დღე მშვენიერია. ჯერ ერთი, შაბათია და ამ დღეს რატომღაც სულ სიმშვიდე დგას სახლშიც, გარეთაც. თავისუფლად შემიძლია ბევრი რამის გაკეთება. უკვე აღარ ვზღუდავ თავს დისციპლინით, როგორც ჯარისკაცი. სრულიად თავისუფალი ვარ ყოველი ჩემი პირადი შეზღუდვისაგან.

ეს არის თავისუფლების დღე...

„თავისუფლების დღიურებში“ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს რედაქციის თვალსაზრისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG