ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 07:39

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

ხათუნა გოგორიშვილი - პარლამენტის დეპუტატი

x

მულტიმედია

აუდიო
9 დეკემბერი, კვირა
ბავშვობაში, რომ აღმოვაჩენდი, რომ ჩემი რომელიმე მეგობარი დღიურებს წერდა, სულ ვფიქრობდი, ნეტა რატომ წერს, რა აზრი აქვს – თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ისედაც მთელი ცხოვრება მემახსოვრება და თუ დამავიწყდა, ე.ი. არ ყოფილა დამახსოვრების ღირსი-მეთქი. ახლაც იმავე აზრზე ვარ: შემიძლია დეტალურად გავიხსენო 35 წლის წინანდელი ამბავი – თარიღი, სად ვიყავით, ვინ, ვის რა ფერი კაბა ეცვა, რა ვილაპარაკეთ; და შეიძლება ხუთი დღის წინ რა მოხდა, ბუნდოვნად მახსოვდეს. ასე რომ, ეს ჩემთვის დღიურის წერის პირველი მცდელობაა...

როდესაც რადიო თავისუფლებიდან დამირეკეს და ამ პროექტში მონაწილეობა მთხოვეს, სამი კვირა ვწელავდი, ხან რა მოვიმიზეზე და ხან - რა (მიზეზი ყველა შემთხვევაში ნამდვილი იყო, უბრალოდ, ალბათ, დრო მჭირდებოდა, რომ გადაწყვეტილება მიმეღო). ჰოდა, საბოლოოდ, დღიურის პირველი დღე შემთხვევით 9 დეკემბერს დაემთხვა! მაგრამ შემთხვევით ხომ არაფერი ხდება! დიახ, დღეს 9 დეკემბერია – ზურა ჟვანიას დაბადების დღე და ჩემს ცხოვრებაში პირველი დღიურის პირველი დღე ზურას ეძღვნება – ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს და მენატრება, რომელთან შეხვედრამაც განსაზღვრა ჩემი ცხოვრება და რომელიც, ამას რომ ვეუბნებოდი, ყოველთვის სიცილით კვდებოდა და მეუბნებოდა, თქმა რა ბედენაა, მთავარია, მემუარებში დაწეროო.

დილიდან საფლავზე ვიყავი, ბევრი ადამიანი ვნახე, ზოგი ისეთიც, ბევრი წელი რომ არ მენახა, ზოგიც ისეთი, ხშირად რომ ვნახულობ, მაგრამ ფაქტი ერთია: ყველა ის ადამიანი, რომელიც ზურასგან ან ზურას გამო გავიცანი, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეიძლება წლობით არ ვნახულობდე, შეიძლება კარგი ურთიერთობა მქონდეს, შეიძლება ცუდი, მაგრამ ერთი რამ ყველას საერთო აქვს - მათს დანახვაზე აუცილებლად ზურასთან დაკავშირებული რამე მახსენდება.

არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს ჩემი და ზურას პირველი შეხვედრა გამახსენდა. 1979 წლის მაისი, ბიოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო ოლიმპიადა პიონერთა სასახლეში. დასკვნით ეტაპზე 16 მოსწავლე გავედით. მე მაშინ „კომაროვის“ მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი და ყველა გაკვირვებით მიყურებდა - კომაროველს ბიოლოგიის ოლიმპიადაზე რა უნდაო?! ზურა I ექსპერიმენტული სკოლის მეათეკლასელი იყო. სანამ ოფიციალური ნაწილი დაიწყებოდა, ვიღაც ხუჭუჭა ბიჭი მოვიდა ჩემთან და მკითხა, თქვენი თემაა ცხოველების ქცევის შესახებო? მეგონა, ჩემ გარდა ეგ არავის აინტერესებდაო, და მერე დიდხანს ვილაპარაკეთ. იმ წელს ზურას თემამ პირველი ხარისხის დიპლომი აიღო, ჩემმა თემამ - მესამე ხარისხისა.
თავისუფლების დღიურები - ხათუნა გოგორიშვილიi
|| 0:00:00
...
 
🔇
X
19.12.2012
თავისუფლების დღიურები - ხათუნა გოგორიშვილი

10 დეკემბერი, ორშაბათი
დღეს გამორჩეული დღეა – ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად (რა თქმა უნდა, თუ ავად არ ვიყავი) ისე დაღამდა, რომ სახლიდან არ გავსულვარ. კარგად გამოვიძინე, მერე სახლი დავალაგე, საჭმელი გავაკეთე და უცებ მივხვდი, რომ არ ვიცი, რას აკეთებს ადამიანი, როცა მთელი დღე სახლშია: ტელევიზორს უყურებს? ტელეფონით ლაპარაკობს? წიგნს კითხულობს? რას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, ჩემი საწერი მაგიდის უჯრები დამელაგებინა. ჰოდა მივყევი – ბოლო 6 წლის კომუნალური გადასახადების ქვითრები – გადასაყრელია! ნეტავ მაკულატურას აბარებენ სადმე? ჩემს ბავშვობაში 20 კგ.-ზე „სამი მუშკეტერი“ იცვლებოდა. ახლა არ ვიცი – ამიტომ ვყრი. მეორე უჯრა – კომპიუტერის დისკები, მეხსიერებები (არ ვიცი, „ფლეშკას“ ქართულად რა ჰქვია). დავიწყე სათითაოდ გასინჯვა, რომელზე რა იყო ჩაწერილი, და აღმოვაჩინე, რომ უმეტესობაზე ფოტოებია, დახარისხებული თემებისა და თარიღების მიხედვით. 21.01.02 დიდი ფოლდერია: მიხო დაიბადა – ჩემი დის პირველი შვილი. სამშობიაროს ეზოში მომლოდინე ადამიანების პორტრეტები გადამიღია. ძირითადად ყველა გაყინულია – საშინელი ამინდი იყო! მერე სამშობიარო ბლოკი, ერთი საათის მიხო ხელზე შებმული წარწერით – „კაცი“. ძალიან სასაცილოა! მერე სხვა დისკებს მივყევი: მიხოს პირველი ნაბიჯი, პირველი ახალი წელი, პირველი დაბადების დღე. შემდეგ უკვე სანდროს (მეორე დისშვილის) დაბადება. იმავე ქრონოლოგიით სანდროს პირველი ნაბიჯიდან პირველ დაბადების დღემდე. შემდეგ ძალიან საინტერესო ფოტოები ვიპოვე: ორი პატარა კაცი ყვავილებით ხელში დედას და პატარა დას ელოდება სამშობიაროს ეზოში. მერე უკვე პატარა ქალბატონის ფოტოებია და ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ორივე ძმის ერთად. ფოტოები კი კარგი ხარისხისაა, მაგრამ ერთი მინუსი აქვს ციფრულ ფოტოებს - არასოდეს ჩქარობ, რომ დაბეჭდო და მეც არ დამიბეჭდავს. დიდხანს ვარჩევდი ამ ათასობით ფოტოდან, რომლები დამებეჭდა, და ამოვარჩიე. იმედია, კიდევ წლები არ დამჭირდება. მერე ჩემი ფოტოების დათვალიერება დავიწყე: საბავშვო ბაღი, სკოლა, ჩემი კლასელები, სტუდენტობა, ზაფხულის პრაქტიკები, ბათუმი, ბორჯომი, რაჭის ექსპედიცია, სოხუმი, გაგრა, ბიჭვინთა, მერე მუშთაიდი, „იმელის“ პარლამენტი, პარლამენტი. ხან რა გამახსენდა, ხან – რა. საათს შევხედე. მთელი დღე გასულა, უკვე გვიანი ღამეა.

მესამე უჯრა დასალაგებელი დამრჩა!

11 დეკემბერი, სამშაბათი
ორი დღის წინ უცნობმა ადამიანმა დამირეკა. ამერიკელი იყო, ატლანტის უნივერსიტეტის მკვლევარი ვარ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ქალთა საზოგადოებრივ აქტივობაზე ვწერ თემას და თქვენთან შეხვედრა მინდაო. დღეს შევხვდი. უცნაური და საინტერესო შეხვედრა იყო. პირველი შეკითხვა ასეთი იყო:

„თქვენ 48 წლის ხართ და აქედან 24 წელი (ანუ ცხოვრების ნახევარი!) საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობას ეწევით. უკან რომ დაგაბრუნონ, შეცვლიდით თქვენს გადაწყვეტილებას?“ დავაპირე, მოკლე პასუხი გამეცა, – „არა“– მაგრამ გადავიფიქრე და ვკითხე, საიდან იცით-მეთქი. მიპასუხა, „დავგუგლეო“. კიდევ რა „დაგუგლე“ ჩემ შესახებ-მეთქი, ვკითხე და მოვისმინე მოკლე „სტატისტიკური“ მონაცემები ჩემი ცხოვრების შესახებ: როდის სად ვმუშაობდი, რამდენი ხანი არასამთავრობო სექტორში, რამდენი – სახელმწიფო სამსახურში, რამდენი წელი ვიყავი ხელისუფლებაში, რამდენი – ოპოზიციაში, რა ჰობი მაქვს... მერე დიდხანს ვილაპარაკეთ საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე, ქალების როლსა და ჩართულობაზე ამ პროცესებში. მაგრამ თავში სულ ერთი კითხვა მიტრიალებდა: ეს “დაგუგლვა” ნეტავ კარგია თუ არა?

12 დეკემბერი, ოთხშაბათი
დღეს 12 დეკემბერია, ანუ 12.12.12. გუშინ ტელევიზორში თქვეს, 12 საათსა და 12 წუთზე სურვილს თუ ჩაიფიქრებთ, აუცილებლად აგისრულდებათო. დრო გამეპარა, საათს რომ დავხედე, 12.20 იყო.

გადავწყვიტე, რაიმე განსაკუთრებული გამეკეთებინა ამ განსაკუთრებულ დღეს. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მოვიფიქრე: რა არის ქალისთვის ყველაზე სასიამოვნო? მაღაზიებში სიარული. და გამახსენდა, რომ რაც „თბილისი-მოლი“ გაიხსნა, იქ არ ვყოფილვარ. ხან რეკლამა მესმის, ხან ჩემი გოგოები ჰყვებიან რაღაცებს – ეს ბრენდი შემოვიდა, ეს მაღაზია გაიხსნაო. ყველაზე საშინელება ჩემთვის არის მაღაზიაში მარტო სიარული და ჩემს მეგობარ ნინოს ვთხოვე, ჩემთან ერთად წამოსულიყო. წავედით. სანამ მოლამდე მივიდოდით, გზად „სუპერი“ „გადაგვეყარა“ საახალწლოდ მორთული ვიტრინებით, და ხმაც არ ამოგვიღია, მანქანამ ისე დაამუხრუჭა. ნაძვის ხეები, გირლიანდები, განათებები და, რაც მთავარია, ნაძვის ხის სათამაშოები. ტრადიცია ტრადიციაა – ყოველ წელს რამდენიმე ახალი სათამაშო! გადავწყვიტე, წელს თეთრი სათამაშოები მეყიდა და რამდენიმე სათამაშოს არჩევას საათზე მეტი მოვანდომე. ნეტავ, რამდენი წლის უნდა გავხდე, რომ ნაძვის ხის სათამაშოებზე აღარ გავგიჟდე?! ვაღიარებ, ახალი წელი ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ძალიან მიყვარს ნაძვის ხის მორთვა. ზოგიერთები თუ მეკვლედ დადიან კარდაკარ, მე ნაძვის ხის მოსართავად დავდივარ - ჩემს მშობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან.

ბოლოს და ბოლოს მოლსაც მივადექით. სამსართულიანი მიწისქვეშა სადგომი. უკვე საინტერესოა! ესკალატორი... და თავი უშველებელ სივრცეში ამოვყავი. ყველა მხარეს – მაღაზიები. ხალხი ბევრია. ყველაზე მეტი მაინც პროდუქტების მარკეტ „კარფურშია“. ბევრი ვიარე – ექსკურსია თბილისის შოპინ-სივრცეში. თავი უცხოეთში მგონია, მაგრამ ბრენდების დასახელება ქართულად წერია „მარკს & სპენსერი“, „ზარა“, „სტრადივარიუსი“... ძალიან სასიამოვნო გარემოა. ბევრი ვიარეთ, მერე კაფეში გემრიელი ყავა დავლიეთ და წამოვედით. მოკლედ, ხელფასს რომ ავიღებ, კარგი „საშოპინგო“ ადგილი ვიცი თბილისში.
რა ცუდია, რომ მომავალ წელს ვერანაირად ვერ იქნება 13.13.13 და ვერც მერე – 14.14.14...

დღეს მთელი დღე ვმუშაობდი – ბევრი საქმე დამიგროვდა. ელექტრონულ ფოსტაზე ბევრი წერილი მქონდა უპასუხოდ და ყველას ვუპასუხე. სია გავამზადე – უცხოელი მეგობრებიდან ვის უნდა მივულოცო შობა-ახალი წელი. მერე ინტერნეტში რაიმე ლამაზ საახალწლო ფოტოს მოვნახავ და ტექსტებსაც გავამზადებ. არ მიყვარს ერთნაირი, სტანდარტული ტექსტის გაგზავნა, ყველას განსხვავებული და ინდივიდუალური შინაარსის უნდა გავუგზავნო. ბევრი დრო მიაქვს, მაგრამ ასე მირჩევნია. არასოდეს ვპასუხობ მილოცვებს მობილურით, როცა ვხვდები, რომ ვისი ნომერიც ჰქონდათ მობილურში ყველასთან დაგზავნილია.

მერე ლექციებს ვამზადებდი. თებერვლიდან ახალი კურსის წაკითხვას ვიწყებ, მაგრამ სილაბუსი 15-მდე უნდა ჩავაბარო. ვერ დავამთავრე. არა უშავს, ორი დღე კიდევ მაქვს, მოვასწრებ.

საღამოს დედაჩემი და მამაჩემი ვნახე. მშობლებში ნამდვილად გამიმართლა – არც ზედმეტ შეკითხვებს მისვამენ, არც საყვედურებს მეუბნებიან. მარტო იმას ფიქრობენ, რით მასიამოვნონ. დრო რომ მქონდეს, ყოველ საღამოს მოვიდოდი.

14 დეკემბერი, პარასკევი
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც დღიურები უნდა წეროს. იმიტომ რომ თუ დეტალურ აღწერას არ შევუდგები, ჩემი სამუშაო დღეები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. კომპიუტერულ ენაზე რომ ვთქვა, ძირითადად copy paste-ით მომიწევდა სარგებლობა. პირდაპირ შემიძლია გადმოვწერო გუშინდელი დღე: ისევ მთელი დღე სამსახური, ისევ მთელი დღე კომპიუტერი, ისევ ლექციების მომზადება.

რა თქმა უნდა, არის განსხვავებებიც: სილაბუსი დავასრულე. მშობლებთან ვეღარ წავედი. სამაგიეროდ, ჩემი გოგოები მოვიდნენ სტუმრად და ერთი კვირის ამბები, თუმცა გაგვიჭირდა, ერთ საღამოში ჩავატიეთ...

15 დეკემბერი, შაბათი
თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება და განსაკუთრებულად ბევრი საქმე არ მაქვს, შაბათი დღე ბავშვებს ეკუთვნით – ჩემს სამ დისშვილს, სამ შესანიშნავ ადამიანს, რომლებზეც ვგიჟდები, მაგრამ ვცდილობ, ძალიან არ შემატყონ. 11 წლის მიხო, ცხრა წლის სანდრო და შვიდი წლის ხათუნა. სხვათა შორის, მე და ჩემი სეხნია ერთ დღეს ვართ დაბადებული და ის ამით ყოველთვის ცდილობს ისარგებლოს და თავისი უპირატესობა უფროს ძმებთან შედარებით დამატებითი არგუმენტებით გაამყაროს. სხვა „მიზეზიც“ ბევრი აქვს: ყველაზე უმცროსია, ერთადერთი გოგოა. მოკლედ, ოჯახში მთავარი პერსონაა და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ყველამ უნდა ვაღიაროთ მისი „გამორჩეულობა. ეს განსაკუთრებით მის უფროს ძმებს ეხება. ამას წინათ გამოუცხადა, როგორც თქვენ მე მომექცევით, ისე მოვექცევი თქვენს ცოლებსო. უკვე მულია.

დღესაც ბავშვების დღე მქონდა, ზამთრის სტანდარტული პროგრამით: კინო, „მაკდონალდსი“. პროგრამაა სტანდარტული, თორემ ამათი სტანდარტულობა ვის გაუგია! სულ მაინტერესებს რამდენიმე რამ: რატომ ეღვიძებათ დილის შვიდ საათზე, რაც უნდა გვიან დაიძინონ? რატომ არ ელევათ შეკითხვები? რატომ არ შეუძლიათ ხუთი წუთი გაჩუმდნენ და რატომ არ ბეზრდებათ „მაკდონალდსი“?!
მიუხედავად ამ „საშინელებებისა“, ჩვენი შაბათობები ძალიან მიყვარს და საკითხავია, ისინი უფრო ელოდებიან თუ მე?!

P.S.: ჩემი ცხოვრების ძირითადი დრო, რა თქმა უნდა, პოლიტიკას მიაქვს, მაგრამ გადავწყვიტე, დღიურებში პოლიტიკაზე ერთი სიტყვაც არ დამეწერა. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი რამ იქნებოდა, მე კი მგონია, რომ ეს პროექტი არაჩვეულებრივია!


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mkitxveli საიდან გვწერთ: tbilisi
09.01.2013 20:05
არჩევნების გამყალბებელი, ზურაბ ჟვანიას ,,მეგობარი"- პოლიტიკა ბინძური საქმე სწორედ ასეთი ქალბატონების გამო გახდა მაპატიეთ, მაგრამ უსირცხვილო ადამიანია

ავტორი: ნოსტრადამუსი საიდან გვწერთ: აქავარ
28.12.2012 11:36
ზურა ჟვანიას ხსენების მორალური უფლება დაკარგა ამ ქალბატონმა...არ შეიძლება საქართველოს მოსახლეობის 80% სჯეროდეს, რომ იგი მიშას მოკლულია, ხოლო ზურას "მეგობრები"იმავდროულად მკვლელის გუნდში იყვნენ... გაყალბების დიდოსტატი რომ არის ისიც უდავო ფაქტია...
პასუხიმგებლობის დრო ამ პერსონასაც მალე დაუდგება!

ავტორი: mamuka საიდან გვწერთ: tbilisi
27.12.2012 00:02
სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება,უკეთეს შემთხვევაში ეს ესევთქვათ ქალბატონი დაჯდება ციხეში კაი ხნით,ამ პროცედურას ახალი მთავრობა თუ ვერ დაარეგულირებს მაშინ ნაციონალებს კადაფის ბედი არ აგცდებათ,და მოეშვით რა ამ ლამაზი ზღაპრების ბღაჯნას,დიდი ხანია ამაზე აღარც იცინის არავინ საქართველოში !!!

ავტორი: ანონიმი
25.12.2012 03:12
ამ რედაქციას არ ეკადრება ნეიტრალურობის საბაბით ქვეყნის დამაქცევლების მსახურება.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
25.12.2012 04:16
თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ. გოგორიშვილს რომ ეთერი დავუთმეთ თუ რამე სხვა გაწუხებთ?

ავტორი: ანონიმი
21.12.2012 21:27
ხათუნა ჩასარეცხებს ყურს ნუ დაუგდებ ....

ავტორი: gvanca
21.12.2012 02:22
ამ ქალს მართლა როდის დაიჭერენ? წლების განმავლობაში არჩევნების პირველ გამყალბებელს? არადა როგორი სათნო დღიური დაწერა. ფრთების ადგილები ხომ არ გეფხანებათ ქალბატონო ხათუნა? ფრთხილად არ გაფრინდეთ...

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
21.12.2012 01:56
ამ ბოლო დროს ძალიან გასიმპათიურდა. პოლიტიკაზე კი, მოდით, ნუ ვილაპარაკებთ. ძალიან ძნელია, როცა პოლიტიკაში ხარ და პარტიას წარმოადგენ, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი. ანუ თავისუფლებას კარგავ, ეს კი საშინელებაა.
რაც შეეხება ზურას. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნაციონალური მოძრაობა ამდენ შეცდომას არ დაუშვებდა და დღეს მათი საქმეც და ქვეყნისაც უკეთესად იქნებოდა.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: tbilisi
21.12.2012 01:34
ხათუნა მას, ყოველთვის დიდი სიყვარულით და პატივისცემით გიხსენებ..რაც თქვენ მიგვატოვეთ 25-ე ფიზ-მათ გიმნაზიაში, მას შემდეგბიოლოგიის გაკვეთილი აღარ მისწავლია,არა
და ყველაზე სინტერესო მაშინ დაიწყო...ზოგადი ბიოლოგია...
დაფასება არა აქვს პედაგოგს, თორემ, თქვენნაირი მასწავლებლები სკოლას არ უნდა ტოვებდნენ!

ავტორი: baka საიდან გვწერთ: Tbilisi
20.12.2012 19:33
არც წამიკითხავს პირდაპირ ვწერ: ამ ქალს როდის დაიჭერენ ??!!

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
20.12.2012 14:16
მიკვირს რადიო თავისუფლება, ამ სისხლის სამართლის დამნაშავეებისგან რატომ ქმნის პერსონებს?

ავტორი: ანონიმი
19.12.2012 22:41
ხათუნა, ძალიან კარგი ადამიანი ხარ.

ავტორი: დაღმავალი რიგი საიდან გვწერთ: ქუთაისი
19.12.2012 22:01
... არადა შესახედავად საკმაოდ სიმპატიურია (და არც თუ უნიჭო).

ავტორი: ანონიმი
19.12.2012 21:36
დემოკრატიის სამშობლო ძველ საბერძნეთში იდიოტი ერქვა იმას ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებდა,ვისაც აინტერესებდა მარტო თავისი პირადი საქმეები. მას მერე დემოკრატიად ითვლება საბჭოთა ზარბაზნით თბილისის მნგრეველ ინტელექტუალთა,მოინტელექტუალოთა და სულ პირუტყვთა ბრბო და ალბათ სიტყვებმაც შეიცვალეს მნიშვნელობა.აგრეთია პერესტროიკა.

სხვა მასალები

საჯარო დიპლომატიის მნიშვნელობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსეთისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
გაგრძელება

აუდიო სოხუმის შტურმი და ხელიდან გაშვებული შანსი

საქართველოში წელიწადში ერთხელ, 27 სექტემბერს აღინიშნება სოხუმის დაცემის დღე - ერთი და იმავე პოლიტიკური სახეებით, ერთი და იმავე შეფასებებითა და ერთი და იმავე დასკვნით, რომ სოხუმის დაცემა გარდაუვალი იყო.
გაგრძელება

აუდიო ხოდორკოვსკი ბრალდებას უყენებს პუტინთან დაახლოებულ პირს

ყოფილი ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც 10 წელიწადზე მეტხანს მოუწია ციხეში ყოფნა, ბრალდებებს უყენებს იგორ სეჩინს, სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელს.
გაგრძელება

საქართველოს საგარეო იმიჯს ზიანი ადგება

“აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობაში ელემენტარული კოორდინაციის ნაკლებობაა, რაც საქართველოს საგარეო იმიჯს ზიანს აყენებს“ - ტომ დე ვაალი.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული