სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 22:18

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

კახი კახიშვილი - პოლიტოლოგი

x

მულტიმედია

აუდიო
3 თებერვალი, კვირა
კვირადღეს სახლიდან გასვლა არ მიყვარს. ვფიქრობ, ეს დღე ოჯახს უნდა დავუთმო. ამავდროულად, ახლა მორწმუნე ვარ და ვცდილობ, რაღაც დრო ჩემი სარწმუნოებისთვისაც გამოვყო. ორი შვილი მყავს – გოგონები. ერთი უნივერსიტეტში სწავლობს, მეორე ბაღში დადის. ვცხოვრობთ ასე, როგორც ერთი ჩვეულებრივი ოჯახი.

4 თებერვალი, ორშაბათი
ორშაბათი ახლა ყველასთვის მძიმე დღეა. ორშაბათიდან ისევ თავიდან ვერთვები იმ პროცესებში, რომელსაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ჰქვია. იწყება სატელეფონო ზარები, ინტენსიური გასვლები, შეხვედრები... ასე გრძელდება ღამის 11-12 საათამდე. შემდეგ უკვე – ფეისბუკი. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. მომდის შეკითხვები, რომლებსაც, ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ვუპასუხო. ასეა გათენებამდე – დილის ხუთ საათამდე, ექვსამდე. რეალურად, ექვს საათზე მიწევს დაძინება. იქამდე ვმუშაობ. ამ დროს ურთიერთობას ვუთმობ. მე მაინც ვფიქრობ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რაიმე სიბრძნეს გაიგებ, მხოლოდ და მხოლოდ - ხალხისგან...

დღეს „მაესტროში“ ვიყავი მიწვეული. კომენტარების გაცემის ყოველდღიურ რეჟიმში ვარ. ეს რეჟიმი არ შეცვლილა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ძალიან პოლიტიზებული ვართ ყველანი. მოსახლეობის 80% პოლიტიკური ტოკშოუებით ერთობა და მხოლოდ და მხოლოდ ნიუსების წაკითხვით არის დაინტერესებული.

რა ხდება? რატომ? იმიტომ რომ ძალიან რთული სოციალური მდგომარეობაა. ფაქტობრივად, დამკვიდრდა მოსაზრება, რომ თუ პოლიტიკაში არ ხარ, კარგად ვერ იქნები და ამიტომაც ადამიანები პოლიტიზებული არიან. ისე, პოლიტიკა არ მიყვარს და სულ ვფიქრობდი, ისეთი სამსახური მქონოდა, რომელსაც პოლიტიკა არ შეეხებოდა. ძალიან დიდხანს საჯარო სექტორში ვმუშაობდი, მაგრამ  შემდეგ ისე მოხდა, რომ პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც დამჭირდა. პირველად ეს 2003 წელს მოხდა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსად დამნიშნეს. რომ ფიქრობ, ნეტავ, ესა და ეს არ მოხდეს და ზუსტად ის რომ ხდება, რაც არ გინდა - ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო.

ყოველდღიურად ამ რეჟიმში ვარ, რაც ძალიან დამღლელია. მართლა, ძალიან დამღლელია!

5 თებერვალი, სამშაბათი
15:20 სთ-ზე იწყება ჩემი გადაცემა „ობიექტივში“, შემდეგ – შეხვედრები. ოფისი არ მაქვს. ყველას ხომ ვერ ავუხსნი, რომ არც ოფისი გაქვს და არც დაფინანსება. ვისაც ჩემთან საუბარი უნდა, გადაცემის დამთავრების შემდეგ, კინოს სახლთან ვხვდები და ეს პროცესი გრძელდება საღამომდე.

ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქვია „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი“. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ ასე თუ ისე გავერკვიე ამ პოლიტტექნოლოგიებში; მომეცა საშუალება, „შიგნიდან“ შემესწავლა იმ პოლიტიკოსების მოქმედებები, რომლებიც არ ჩანან. რაც შეხება თვითონ ორგანიზაციის სტაბილურ დაფინანსებას, ოფისს, ურთიერთობებს, ამას სხვანაირი მხარდაჭერა სჭირდება. ამ სექტორში მკაცრად გადანაწილებულია გავლენის სფეროები, ამიტომაც ახლა ხვეწნის რეჟიმში არ ვარ. არც გრანტი მაქვს და არც დაფინანსება, შესაბამისად, არც ოფისი. მაგრამ, ღმერთის წყალობით, მაქვს შემოსავალი, რომლითაც ოჯახს ვარჩენ...

6 თებერვალი, ოთხშაბათი
ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი – ეს ის დღეებია, როდესაც ერთი ტელევიზიიდან მეორეში გადავდივარ. ამას ემატება საგაზეთო ინტერვიუები. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ყველანი პოლიტიკაში ვართ ჩართული. სამწუხაროდ, ცხრა წლის განმავლობაში ისეთი პირობები შეგვიქმნეს, რომ ადამიანთან მეგობრობა შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ერთ პარტიას უჭერდით მხარს და ეს მმართველი პარტია უნდა ყოფილიყო. 1996-დან 2000 წლამდე საერთაშორისო ურთიერთობების პროკურორი ვიყავი და ასეთი დაძაბულობა მაშინ არ მიგრძვნია. არასოდეს დამიწყია იმაზე ფიქრი, ნეტავ, ჩემი მეგობარი რომელ პარტიას უჭერს მხარს-მეთქი? ხელისუფლების მხარდამჭერია თუ მოწინააღმდეგე? პროკურატურის რიგითი შემადგენლობა პოლიტიზებული არ ყოფილა (მე არ ვსაუბრობ უმაღლესი თანამდებობის პირებზე). ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობები იყო; არც იმის გეშინოდა, რომ ვინმე ჩუმად მოგისმენდა და არც იმის, რომ დაისჯებოდი, თუ ხელისუფლების მოწინააღმდეგე დაგირეკავდა. ჩემს წრეში სამსახურში მიღებას არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ ახლდა თან. ჩვეულებრივი, ორწლიანი სტაჟირება გავიარე და შემდეგ გამომძიებლად დამნიშნეს, ეს იყო და ეს. ამიტომ არანაირი პოლიტიკური ძალის წინაშე არ ვგრძნობდი თავს დავალებულად.

2003 წლის რევოლუციის შემდეგ საშინელი წლები გავიარე. სამი  წელი საერთოდ კატასტროფა იყო ჩემს ცხოვრებაში სწორედ ამ პოლიტიკური კონტექსტის გამო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობის შემდეგ არსად აღარ მიღებდნენ. არც ერთ საჯარო დაწესებულებაში არ მქონდა დასაქმების შანსი, ხოლო  არასამთავრობო სექტორი ჩემთვის ახალი იყო. 2006 წლამდე ძალიან გამიჭირდა. 2006 წელს ადვოკატობა დავიწყე, ოღონდ სისხლის სამართლის საქმეებზე არა: ვიცოდი - აზრი არ ჰქონდა. უნდა ვქცეულიყავი „საპროცესო შეთანხმებების მათხოვრად“ – ეს კი იქნებოდა იმ ადამიანის გაწირვა, რომელიც უნდა დამეცვა. ადამიანი მოდიოდა და სამართლიან სასამართლოში თავისი პოზიციების დაცვას კი არ გთხოვდა, არამედ გეკითხებოდა, გაქვს თუ არა საპროცესოს გაკეთების საშუალებაო. სისტემა ასე იყო აწყობილი. ამიტომ გადავწყვიტე, უფრო საარჩევნო სამართლის კუთხით წასვლა და 2006 წელს მონაწილეობა მივიღე რამდენიმე პროცესში საარჩევნო დავების შესახებ. ამის შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე, რომ სწორედ პოლიტტექნოლოგიების კვლევის კუთხით მემუშავა.

7 თებერვალი, ხუთშაბათი
პარლამენტის გადაწყვეტილებამ, რომ პრეზიდენტის მოხსენება გადაიდოს, ძალიან დამძაბა. გავაკეთე კომენტარი, რომ ამას ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად სათავისოდ გამოიყენებდა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, ვისთან აქვს საქმე და სათანადოდ ვერ აფასებს ნაცმოძრაობის შესაძლებლობებს. დიდი სიამოვნებით დამკვიდრდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მთავრობის როლიც მოირგეს. არსად არ საუბრობენ იმაზე, რომ, რეალურად, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური დღეს არის პრეზიდენტი. ნაცმოძრაობამ საკუთარი თავი ოპოზიციად მონათლა, არა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციად, არამედ, ზოგადად, ოპოზიციურ პარტიად მოევლინა  ქვეყანას და საერთაშორისო საზოგადოებას. ვინმეს უნახავს სადმე, რომ ოპოზიციის ლიდერს  მთავრობის დათხოვნა შეეძლოს? რომელი ოპოზიციის ლიდერი დადის დაცვით? ვის აქვს კორდონი და კორიდორები? ოპოზიციის ლიდერები სხედან სამთავრობო კაბინეტებში, მათ იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სარგებლობენ VIP-გასასვლელებით... ეს ხომ არ არის რელურად ოპოზიცია? ეს არის ხელისუფლების ნაწილი, მეტიც, თუ გავაანალიზებთ, მიშა სააკაშვილს დღეს უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.

„ქართული ოცნება“ მათ ამ თამაშში აჰყვა. ეტყობა, მოეწონათ, სახელისუფლო გუნდს რომ ეძახდნენ, მაგრამ ამავდროულად ვერ გათვალეს, რომ ის გუნდი, რომელიც მათ ოპოზიციად მიიჩნიეს, მათზე მეტი ბერკეტით სარგებლობს და ამით რეალურ პრობლემებს ქმნის. ამიტომაც არასწორი იყო პარლამენტში პრეზიდენტის ჯერ დაპატიჟება და შემდეგ უარის თქმა. თანამიმდევრულობა აუცილებელია. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა არა აქვთ. ამიტომ უნდა გაეთვალათ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, თავისი რიტორიკითა და ძალის დემონსტრირებით, განკუთვნილი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ნაცმოძრაობის მერყევი დეპუტატების გასამხნევებლად. როგორც ჩანს, უმრავლესობა არ იყო მზად იმისთვის, რომ სათანადო ოპონირება გაეწია პრეზიდენტისთვის, თუნდაც სიტყვა შეეწყვეტინებინა, თუნდაც რაღაც დებატებში ჩართულიყო. იმ ტიპის დებატები კი, როდესაც, რეგლამენტის თანახმად, ერთი ამბობს და მეორე უპასუხებს, არ „იმუშავებდა“ გაბრაზებულ საზოგადოებაზე. „ქართული ოცნებისთვის“ ეს წამგებიანი იქნებოდა. არ ვიცი, რატომ დათანხმდნენ ისინი პრეზიდენტის გამოსვლას, მაგრამ კიდევ უფრო გამიკვირდა, ბოლო დღეს უარი რომ თქვეს. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.                                                       

8 თებერვალი, პარასკევი
ძალიან მძიმე დღე... როგორც კი რაღაც არეულობას ვხედავ, ძალიან ვიძაბები, ძალიან მეშინია ასეთი პროცესების. ხალხი რომ შეგროვდა ბიბლიოთეკასთან, უკვე ვხვდებოდი: რაღაც პროვოკაცია მზადდებოდა, ოღონდ არა ხალხის მხრიდან. როცა ხალხი გაბრაზებულია და შენ მოსახლეობასთან შეხვედრას ნიშნავ ისეთ ადგილას, რომელიც არ არის დაცული და არ წარმოადგენს რაღაც სპეციალურ დაწესებულებას, ბუნებრივია, გაქვს იმის მოლოდინი, რომ იქ გაბრაზებული ხალხი მოვა. ამბობენ, კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება, პარლამენტს მიმართოსო. პარლამენტს, და არა საჯარო ბიბლიოთეკას! სხვათა შორის, კონსტიტუციაში არ წერია, ეს მიმართვა მაინცდამაინც 8 თებერვალს უნდა შედგესო. თუ შენ რაღაც ესკალაციისთვის არ ემზადებოდი, მაშინ, მოდი, გაგვაგებინე, რას ემსახურებოდა თუნდაც პარტიის გენერალური მდივნის მიერ ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადება, ოთხი წელი ვერ დაველოდებით ამ მთავრობასო...

ხშირად კეთდებოდა მინიშნებები, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა იმ უფლებამოსილებას, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და რომლის ჩაწერა თვითონ უზრუნველყო; ხალხი დაძაბეს, გააბრაზეს. ეს გაბრაზებული ადამიანები იყვნენ იქ. შემდეგ თქვეს, პრეზიდენტს არ მისცეს ხალხთან გასაუბრების საშუალებაო, მაშინ, როდესაც ეს ხალხი იდგა და ერთ რამეს იხვეწებოდა – ხუთი კაცი მაინც შეგვიშვით, რომ პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დავუსვათო. თურმე ხალხთან ურთიერთობის ფორმატში ხალხი ვერ ჯდებოდა! მერე კი პრეზიდენტმა ყველაფერი პოლიციას გადააბრალა. მე ვფიქრობ, რომ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, და არა როგორც პარტიის ლიდერს, მას უნდა ეფიქრა, რომ არანაირ  მიმართვად არ ღირს არც ერთი ადამიანის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. თუ მაინცდამაინც უნდოდა 8-ში, დავითობაზე გამოსვლა, მაშინ თავიდანვე რეზიდენციიდან მიემართა ხალხისთვის. რა საჭირო იყო მთელი ეს დაპირისპირება და თან ელჩების შესაძლო ხიფათსა და შარში გახვევა?! მით უმეტეს, რომ სხვა მხრიდან იყო დერეფანი გაკეთებული. ახლა იკითხავს ვიღაც, რატომ უნდა წასულიყვნენ დერეფნებითო? იმიტომ, რომ შენი ხალხი იდგა იქ, სელჯუკების აგენტები კი არა! იქ იყო საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც პატივი უნდა სცე. უბრალოდ, ეს არ არის 2011 წლის 26 მაისი...

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში არ მიმიწვიეს პრინციპულად გადავწყვიტე, აქედან მიმემართა ხალხისთვისო. ვერ მიხვდა, რომ „პრინციპით“ საკუთარ მოსახლეობას არ უნდა ელაპარაკო. ვერ მიხვდა, რომ პრეზიდენტი ის დაბადებით კი არ არის, არამედ არჩეული პრეზიდენტია. 2013 წლის 8 თებერვალს მან, როგორც პრეზიდენტმა, ვერ შეძლო პარლამენტში შესვლა და, როგორც პრეზიდენტმა, ვერ შეძლო საჯარო ბიბლიოთეკაში შესვლა და ამის მიზეზებს სხვაგან ეძებს. მიზეზი კი მარტივია: უბრალოდ, მას ხალხი აღარ ენდობა. სააკაშვილი, რომელიც ყველას უყვარდა, რომელიც პარლამენტში შეიყვანეს და ქვეყნის მეთაურად აირჩიეს, პრეზიდენტის რანგში ბიბლიოთეკაშიც კი აღარ შეუშვეს.

9 თებერვალი, შაბათი
ცოტა დავმშვიდდი. ძალიან განვიცდი დაპირისპირებას, მოვლენების ესკალაციას, ჩხუბს, შეურაცხყოფას, გინებას... არა აქვს მნიშვნელობა, ვის სცემენ; არა აქვს მნიშვნელობა, ვის აგინებენ. ამიტომ გუშინ ძალიან დაძაბული ვიყავი. ცოტა  დავწყნარდი, განსაკუთებით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტს ვიღაცამ ურჩია, არ გაბედო და არ გააკეთო ის, რაც შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდესო. როდესაც მის გამოსვლას მოვუსმინე, მივხვდი, რომ ამჯერად გადავრჩით არეულობას, რომლის შექმნის ინიციატორიც სააკაშვილი იქნებოდა.

დღეს ვაანალიზებ გუშინდელ ფაქტებს. საჭიროა ყველა ნაბიჯის ანალიზი. განსაკუთრებით გავღიზიანდი, როდესაც ჩიორა თაქთაქიშვილის სახეზე სისხლი დავინახე. ასეთი რამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვიყავი მაშინაც, როდესაც მემორიალთან პოლიციის თანამშრომელმა ცხვირში მუშტი ჩაარტყა ქალბატონს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება ნულის ტოლი იყო, არც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ჰქონიათ რეაქცია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ დღესაც უნდა განმეორდეს.

საერთოდ კი, ჩვენ უნდა შევეცადოთ, ავაწყოთ ისეთი სახელმწიფო და ისე შევკრათ საზოგადოება, რომ პარტიულ კუთვნილებას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს. უნდა მოვახდინოთ ჩვენი ურთიერთობების დეპოლიტიზება. ეს არ უნდა ქმნიდეს კონფლიქტს. შეიძლება ეს პოლემიკის საფუძველი გახდეს, მაგრამ არა კონფლიქტისა და ზიზღის. სამწუხაროდ, ამ დაპირისპირებას სერიოზულად გაუმყარა ნიადაგი მიხეილ სააკაშვილმა. დღეს უნდა ვეცადოთ, სულ სხვა განზომილებაში გადავიდეთ. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ჩვენს შვილებს კი სხვა მომავალი სჭირდებათ და დღევანდელი კონფლიქტი ამ მომავლის დასასრულად არ უნდა იქცეს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
17.02.2013 17:29
ძალიან საინტერესოა.

ავტორი: ანონიმი
15.02.2013 23:54
სად მონახეთ გენიოსი პოლიტოლოგი რომელიც არ ეთანხმება არისტოტელეს? ქართველი სოკრატე მამარდაშვილის სკოლიდან ხომ არაა?
შეგახსენებთ რომ აროსტოტელეს თქმით ვინც პოლიტიკოსი არაა პირუტყვია! მაგრამ პოლიტიკოსობა სულაც არ ნიშნავს მით უმეტეს საბჭოთა დემოკრატიის მიერ დარბეული ქვეყნების ხელისუფლებაში ყოფნას!!!! ყველაზე დიდი პოლიტიკოსი ვინც შემხვედრია იყო აისორი ფეხსაცმლის მწმენდავი დალო რომელსაც ალალად უხაროდა ფეხსაცმლების კარგად გაწმენდა !!!

ბ. ეს ბატონი ამბობს რომ ყველაზე უბედური იყო 2003 წლის შემდეგ ანუ თუ დაბადებული იყო 1991-1992 წლებში საქართველოს ნგრევა საბჭოთა ბანდების მიერ მისთვის სასიხარულო მოვლენა იყო. თქვენი ჭირიმე აღარ გამოიყვანოთ ასეთი ხალხი რადიოთი,ნუ მაცდუნებთ,გინება მინდება მაგრამ თქვენს ჯინაზე არ შევიგინები!

სხვა მასალები

აუდიო უსახლკაროები დახმარების მოლოდინში

​ქუთაისის სკვერებსა და პარკებში უსახლკარო ადამიანები ღამეს ღია ცის ქვეშ სკამძელებზე ათევენ. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობას 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
გაგრძელება

აუდიო საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი

​ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვის მოსახლეობა საძოვარს ითხოვს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწა დაახლოებით ორი წლის წინ ფარულად გაიყიდა და მას შემდეგ სოფელში მსხვილფეხა საქონლის საბალახოდ ადგილი არა აქვთ.
გაგრძელება

აუდიო ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნარკოდანაშაულშია მხილებული

​ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
გაგრძელება

აუდიო კრემლი მოლდავეთს აფრთხილებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის კავშირი გააფრთხილა, რომ მოლდავეთში უკრაინის სცენარის გამეორებამ შეიძლება სავალალო შედეგი იქონიოს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული