Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია ლეჟავა - რკინიგზელი


4 ნოემბერი, კვირა
შუაღამის 4 საათია, სადგურ ბეოკიასიკში ვარ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 3 000 ტონა ტვირთს ვუდგავარ ელმავლით და მოუთმენლად ველოდები, როდის შეიცვლება შუქნიშანზე წითელი ფერი მწვანით.

მინდა დისპეჩერმა მალე დაგვძრას, მალე ჩამოვიდე სამშობლოში, დროულად დავასრულო მუშაობა, რომ დილით, 12 საათზე, ეკონომიკის სამინისტროში დანიშნულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას დავესწრო.

გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ ახალი მთავრობის, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს, ოფიციალურ თხოვნას, 24-საათიანი ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ არ გამოგვეყენებინა კანონით მონიჭებული მასშტაბური გაფიცვების უფლება, ადეკვატურად ვუპასუხეთ და გაფიცვები შევწყვიტეთ.

ამის შემდეგ პროცესები მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. დავიწყეთ მზადება კოლექტიურ ხელშეკრულებაზე, სადაც გულდასმით გავწერეთ ის კონსტრუქციული მოთხოვნები, რაც რკინიგზაში დასაქმებულებს გვაქვს. ახალი მთავრობის მხრიდან კი მოუთმენლად ველოდით, როდის დანიშნავდნენ მოლაპარაკებების კონკრეტულ რიცხვს. ორკვირიანი ვადა ოთხშაბათს იწურება.

სამწუხაროდ, გამაფრთხილებელი გაფიცვიდან კვირანახევარმა ისე განვლო, გამოხმაურება არსაიდან ჩანდა. მასშტაბურ გაფიცვამდე ორი დღით ადრე კი ტელეფონის ზარი გაისმა - მოუთმენლად ველოდით ამ დღეს! დაინიშნა კონკრეტული დრო და რიცხვი, მე კი შეიძლება მოლაპარაკებებს ვერ დავესწრო...
თავისუფლების დღიურები - ილია ლეჟავა
please wait

No media source currently available

0:00 0:08:54 0:00
გადმოწერა

შუქნიშანზე მწვანე აინთო. ბეოკიასიკიდან ერთ სადგურში უკვე საქართველოა. სიჩქარე შემცირებული გვაქვს, გარდაბნამდე ჩამოსვლას 20-25 წუთს მოვანდომებ. საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ რეგისტრაციას, პასპორტში ბეჭედის ჩარტყმას, გაფრთხილების ფურცლის აღებას და სხვა პროცედურების გავლას, მინიმუმ, ნახევარი საათი დასჭირდება...

ამასობაში სამუშაო საათებიც დამიმთავრდა. გარდაბანში ვარ. 12 საათი ვიმუშავე და, წესით, ახლა სახლში უნდა ვიყო. ამ შემთხვევაში ყველაფერს მოვასწრებდი: წყლის გადავლებას, ყავის დალევას, მეილის შემოწმებას და სოციალურ ქსელში, მინიმუმ, ორი ლაიკის დასმასაც კი. მაგრამ მე ჯერ კიდევ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ვარ.

როდესაც სამუშაო საათები გვიმთავრდება, სადაც უნდა ვიყოთ, ვდგავართ და ველოდებით, რომ გადავაბაროთ ელმავალი. ამ შემთხვევაში დისპეჩერმა ახალი ცვლის გარდაბანში ჩამოყვანას ორი საათი მოანდომა. ჩვენ კი ისევ მათ უნდა გამოვყვეთ თბილისამდე. სანამ ელმავალს მიიღებენ, სანამ ტვირთი შემოწმდება საზღვარზე, სანამ საბუთები გამზადდება, ისევ წითელ შუქნიშანთან ვდგავართ და ისევ მწვანეს ველოდებით, ოღონდ ამჯერად არა სამუშაო რეჟიმში.

მოკლედ, 12 საათზე როგორც იქნა, სახლის კარი შევაღე. არანორმალურად სწრაფ დროში წყალი გადავივლე, ჩავიცვი და სამინისტროსკენ გავეშურე. რა თქმა უნდა, ვერ ვასწრებდი, მაგრამ ბიჭებმა მაინც მთხოვეს, ჩვენ შევალთ და, რა დროც უნდა იყოს, შენც მოდი და შემოგვიერთდიო.

მინისტრთან შეხვედრის მხოლოდ ბოლო ნახევარ საათს დავესწარი. მთავარი კი სწორედ ამ დროს ითქვა: „საქართველოს რკინიგზის“ ახალ ხელმძღვანელს ჩვენგან ექნება დავალება - ითანამშრომლოს რკინიგზელებთან და მათი ყველა პრობლემა გაითვალისწინოს, ეკონომიკის სამინისტრო საპარტნიორო ფონდთან ერთად გააკონტროლებს, რომ რკინიგზელთა პრობლემების მოსაგვარებლად სერიოზული მუშაობა დაიწყოს - ეს უკვე შედეგია. თან, ძალიან დიდი შედეგი!

სრულმასშტაბიან გაფიცვაზე უარის თქმის სანაცვლოდ დიალოგის დაწყებას ვითხოვდით. ვითხოვდით და, როგორც იქნა, მივაღწიეთ!

5 ნოემბერი, ორშაბათი
დილის ათ საათზე გავიღვიძე. განვლილი სამი კვირის თავზე პირველად, უშფოთველი ძილით მეძინა და განწყობაც შესაბამისი მაქვს.

გუშინდელი, წარმატებული დღის გაანალიზება დღეს უკვე მშვიდ გარემოში დავიწყე და შედეგით კმაყოფილებას ვერ ვმალავ.

დღის ბოლოს, ისევ სამსახურში წასვლა მიწევს. თითქოს აღარ ვნერვიულობ, აღარსად მეჩქარება, აღარც იმ არანორმალურ გრაფიკზე და პირობებზე ვიწყებ წუწუნს, რაც ამაღამ მელის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უკვე დროებითია და მალე, სულ მალე, ჩვენც გვეშველება.

6 ნოემბერი, სამშაბათი
სამსახურიდან დილის შვიდზე დავბრუნდი. წყლის გადავლებამ და ფინჯანმა ყავამ არ მიშველა. სხვა რა გზა მქონდა? ლოგინზე წამოვწექი და მაშინვე ჩამეძინა.

ზუსტად ნახევარ საათში ტელეფონის ზარმა გამაღვიძა - 9 საათზე სამსახურში ვიკრიბებით, არ დაგავიწყდესო. წამოვხტი, ჩავიცვი, კიდევ ერთი ჭიქა ყავა დავლიე და სახლიდან გამოვვარდი.

დეპოს ეზოში უკვე შეკრებილი იყვნენ მემანქანე-თანაშემწეები. ჩემს მოსვლას ელოდნენ, მეც მივედი და დავიწყეთ. ბევრი ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ - ოთხშაბათს მემანქანის დღესთან დაკავშირებით, საერთო კრება ტარდება და მომზადება გვჭირდებოდა. ჩამოვყალიბდით საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე, რომელსაც კოლექტივისგან ექნება მანდატი, გაერთიანებულ პროფკავშირებთან ერთად, კოლექტიური ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაზე იმუშაოს.

საინიციატივო ჯგუფს, თერთმეტი კაცის შემადგენლობით, ხვალ საერთო კრებაზე წარვადგენთ და იმედი გვაქვს, ნდობას მოვიპოვებთ.
შეხვედრა დასრულდა. ბიჭები დავიშალეთ.

იქვე, ახლოს, ცხოვრობს ჩემი და. დიდი ხანია, ბავშვები არ მინახავს. გადავწყვიტე, ამევლო და ცოტა დრო მათთან ერთად გამეტარებინა. ანდრია ორი წლისაა, პატარა მარიამი კი - ერთის. გაგიჟდნენ ბავშვები, რომ დამინახეს! ჩემგანაც ჩვეულ რეაქციას ელოდნენ - ახლა ბიძია ყირაზე გადავა და ჩვენც ქვეშ მოგვიყოლებსო... სამწუხაროდ, იმედები გავუცრუე, ენერგიაგამოცლილი, ტახტზე კომფორტულად მოვკალათდი და მარტო მათი ხვევნა-კოცნით შემოვიფარგლე. მე კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ ბავშვებს ასეთი ბიძა მალევე მობეზრდათ და სხვა გასართობებზე გადაერთნენ.

ისევ ტელეფონის ზარი - ნემომ მირეკავს. ნემოს თორნიკეს ვეძახით. ვეძახით რა... თვითონ დაირქვა ეს მეტსახელი და ჩვენც მიგვაჩვია. თოკა ჩემი უახლოესი მეგობარია. ოჯახის წევრებივით, მუდამ ერთმანეთზე ვზრუნავთ და ამჯერად გადაწყვიტა, განტვირთვის საღამო მომიწყოს - ავიდეთ დუტასთან და ნიკასთან, ცოტას დავლევთ, შენ შენი მოყევი, ჩვენ ჩვენსას ვიტყვით და დროს გავიყვანთო. ადვილად „დავიკერე“, უარი არ მითქვამს, თან საღამოს ჩემპიონთა ლიგაა, „მილანს“ მოგება სჭირდება და დაცდილი მაქვს, კარგ გარემოში როცა ვუყურებ და ვგულშემატკივრობ საყვარელ გუნდს, შედეგიც შესაბამისია.

შევიკრიბეთ ბიჭები, ლუდი დავლიეთ, ფეხბურთს ვუყურეთ. მართალია, „მილანმა“ ვერ მოიგო, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა და მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დავრჩი.

7 ნოემბერი, ოთხშაბათი
რკინიგზის სამსახურში, ოთხშაბათი მემანქანის დღედ ითვლება. დილიდან ვიკრიბებით თბილისის მახარისხებელში. დირექციას კოლექტივთან თავისი განსახილველი საკითხები ჩამოაქვს, ჩვენ ჩვენსას ვახვედრებთ. როგორც წესი, ასეთი შეხვედრები აქამდე ხმაურითა და შფოთით სრულდებოდა.

დღეს სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი - ასეთი კონსტრუქციული საუბარი ხელმძღვანელობასა და რკინიგზელებს შორის დიდი ხანია, არ მინახავს. თითქოს დაინგრა სისტემა, ყველა ერთდროულად მოლბა... თუმცა, მრჩება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დროებითია. მუშის „მჩაგვრელი ჯალათები“, დღესაც სათავეში გვიდგანან და მათი სირბილე მოჩვენებითს უფრო ჰგავს!

ჩვენ მიერ წარდგენილმა საინიციატივო ჯგუფმა კოლექტივისგან მანდატი მიიღო, რაც მომდევნო დღეებში საშუალებას მოგვცემს, უფრო გაბედულად გავაგრძელოთ შრომით ხელშეკრულებაზე მუშაობა.

კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, დღეს რეისში მივდივარ. მატარებელში წასვლამდე უნდა დავისვენო, ღამის გატეხვა მიწევს და უსაფრთხოების მიზნით ეს აუცილებელია!

8 ნოემბერი, ხუთშაბათი
მთელი ღამე ვიმუშავე. მოვიარე თბილისი-სადახლოს უბანი და დილის 9 საათზე დავბრუნდი სახლში.

შუადღისთვის საქართველოს ბანკის ფილიალში წავედი და ვადაგასული სახელფასო ბარათი გამოვცვალე.

სხვა საქმე დღეს არაფერი მაქვს, ისევ მეგობრების წრეში გადავწყვიტე თავისუფალი დროის გატარება. ისევ დემეტრესთან შევიკრიბეთ ზანდუკელზე და ლუდის სმას შევუდექით.

ბევრი არ დამილევია - ხვალ გაერთიანებული პროფკავშირების ორგანიზებულ სემინარს უნდა დავესწრო თემაზე: „გენდერული თანასწორობა და შრომის კანონი“. მალევე დავბრუნდი სახლში და დავიძინე.

9 ნოემბერი, პარასკევი
ჩვენი საინიციატივო ჯგუფი სულ 11 კაცისგან შედგება. ესენი არიან მემანქანეები, მათი თანაშემწეები, მორიგე-ოპერატორები, ზეინკლები. ვსარგებლობთ კოლექტივის სრული მანდატით, გაერთიანებულ პროფკავშირებთან ერთად, შრომით ხელშეკრულებაზე ვიმუშაოთ, რომელსაც უახლოეს დღეებში, რკინიგზის ახალ დირექტორთა საბჭოსა და გენერალურ დირექტორს წარვუდგენთ.

დღეს ერთ-ერთი სამუშაო დღე გვაქვს. პარალელურად, სემინარს მოვისმენთ გენდერულ საკითხებზე. ტრენინგს ამერიკის პროფკავშირების წარმომადგენელი უძღვება.

შეხვედრა 14 საათზეა დანიშნული და მომზადება დილიდანვე დავიწყე. კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ძველი მთავრობის ყველაზე მახინჯ პირმშოს - შრომის კოდექსს - და ჩვენი შრომითი ხელშეკრულების სამუშაო ვარიანტს. ამოვწერე ჩემთვის პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც განხილვას ექვემდებარება და შეხვედრაზე წავედი.

ოთხ საათზე მეტ ხანს ვისაუბრეთ. ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ და, საბოლოო ჯამში, ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი სისრულეში მოვიყვანეთ. რკინიგზაში ეკონომიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდს, გენერალური დირექტორი ჯერ არ დაუნიშნავს, შესაბამისად, დრო კიდევ გვაქვს. იქვე შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრას სამტრედიაში, იქაურ კოლეგებთან ერთად ჩავატარებთ და დარჩენილ საკითხებს ადგილზე გადავწყვეტთ.

მოკლედ, ორშაბათს დასავლეთში მივდივართ, ისევ პროფკავშირების დახმარებით. ეს ორგანიზაცია, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად, ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს. გვახმარს ეკონომისტებს და იურისტებს, მაშინ, როცა არც ერთი ჩვენგანი ამ გაერთიანების წევრი არ არის.

წლების წინ ვთქვით რკინიგზელებმა უარი ეგრეთ წოდებულ ყვითელ პროფკავშირებზე და დღეს უკვე გაერთიანებასთან ერთად ჩვენ თვითონვე ვქმნით იმ ნამდვილ, დამოუკიდებელ პროფესიული კავშირს, რომელსაც ჩვენივე შრომითი და სოციალური უფლებების დასაცავად გამოვიყენებთ.

სემინარის შემდეგ ვახშამი გაიმართა. ბიჭებმა ცოტა დალიეს, მე ერთ ჭიქასაც ვერ მივეკარე. გვიან ელმავალზე მიწევს დაჯდომა და, ისევ ჩემივე უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია, სამსახურში სრულიად ფხიზელი გამოვცხადდე.
სახლში ცხრა საათისთვის დავბრუნდი და უკვე ვწვები. დასვენება უნდა მოვასწრო - რამდენიმე საათში გამომიძახებენ და მთელი ღამის გატეხვა გამიჭირდება.

10 ნოემბერი, შაბათი
დილის 10 საათია, ისევ ბეოკიასიკში ვდგავარ, ისევ სამუშაო საათები მიმთავრდება და ისევ მოუთმენლად ველი შუქნიშანზე წითელი ფერის მწვანით შეცვლას.

ეს კვირაც მიილია. თავისუფლების ჰაერს უკვე თვეზე მეტია ვსუნთქავთ. იმედი მაქვს, მომდევნო კვირაში ეკონომიკის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდი ღირსეულ ხელმძღვანელს დაგვინიშნავენ რკინიგზელებს და მასთან აუცილებლად მოვახერხებთ კონსტრუქციულ დიალოგს.

წინ დატვირთული კვირა მელის. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
XS
SM
MD
LG