ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 09:53

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

გოგი ხოშტარია - ხელოვნებათმცოდნე

x

მულტიმედია

აუდიო
18 ნოემბერი, კვირა
მგონი, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმას, რომ ჩემი ერთი კვირის ჩანაწერები ვერ იქნება დღიური ტიპური გაგებით, ვინაიდან მასში ვერ მოხვდება ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი წრის თუ სამეგობროს პირადულ-პიროვნული საკითხები. არადა, ეს დალოცვილი დღევანდელი რეალობა ისე მიდის, რომ ძალიან ძნელია გამოყო პიროვნული და საზოგადოებრივი. ძალიან ბევრი რამ, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში, პიროვნულად გვეხება ან გვტკენს გულს. მოკლედ, არ გვტოვებს გულგრილს. ხანდახან იფიქრებ: „თავი დამანებოს ამ საზოგადოებრივმა პოლიტიკამ და ამბებმა და მოვლენებმა, ბევრი საქმე მაქვს...“

მართლაც, ახლა ბევრი საქმე მაქვს: ვწერ ანალიტიკური ხასიათის ნაშრომს ფიროსმანაშვილზე. თითქმის უკვე დავამთავრე კიდეც. მინდა, კიდევ ორი-სამი ნაშრომი მოვასწრო. არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩენია ამ ქვეყანაზე. არადა, ცხოვრება არ გასვენებს!

ძალიან დაძაბულ, ემოციურ, დამუხტულ დროში ვცხოვრობთ. აი, ეს არჩევნები, ახალი ხელისუფლება, ძველი ხელისუფლება... გული გისკდება: „ვაიმე, ძველმა რევანში არ აიღოს!“ „ვაიმე, ახალს რამე არ შეეშალოს!..“ და აქ, რა თქმა უნდა, კრიტიკული და საღი აზრის შენარჩუნება ყოველთვის არ ხერხდება, მით უმეტეს, როცა იმავე დღეს, იმავე წამს რეაგირებ ამაზე. მე არ შემიძლია, ბრმად დავუჭირო მხარი ყველაფერს, თუ არ გავიაზრე კრიტიკულად. არადა, ხანდახან დრო არ არის. სულ ერთია, ვინ იქნება ეს - ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მე ვუჭერ მხარს და რომელიც ჩემთვის სიმპათიურია, თუ პირიქით, ის, რომელიც მიდის. ესე იგი, აპრიორი არ შეიძლება ითქვას: რაც მიშამ თქვა ცუდია, რაც ბიძინამ თქვა – კარგიაო. თუმცა, მე ბიძინას მხარეს ვარ, ბიძინას ვუჭერ მხარს, მას მივეცი ხმა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ ვიყო ობიექტური. რამდენად გამომდის, ამის თქმა ძნელია. ძალიან ძნელია მონახო - სად გადის ზღვარი. ეს ძალიან გღლის და ნერვებს გიშლის. გინდა მოიშორო, მაგრამ ვერ იშორებ, იმიტომ, რომ ეს შენი ცხოვრებაა, შენი ქვეყნის ცხოვრებაა, აქ წყდება მისი ბედი. აი, ბოლო 25 წელია, ასეთი ცხოვრება მიწევს, ხან უფრო ადვილი, ხან შედარებით ასატანი, ხან ძალიან მძიმე, მაგრამ პრინციპში - ძალიან საინტერესო. მგონი, ერთმა ჩინელმა, თუ არაბმა, თქვა - ღმერთმა საინტერესო დროში ცხოვრება ნუ მომასწროსო. მე სწორედ საინტერესო დროში მომიწია ცხოვრება.
თავისუფლების დღიურები - გოგი ხოშტარიაi
|| 0:00:00
X
27.11.2012
თავისუფლების დღიურები - გოგი ხოშტარია

აი, დღეს, მაგალითად, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გაუშვეს გუნავა. არ ვიცი ვინაა, მაგრამ შემზარა იმ ფაქტმა, რომ გავიგე – ბაჩო ახალაიას მეგობარი ყოფილა. მაგრამ იქვე, უკვე ცივი გონებით, ვცდილობ გავაკონტროლო თავი და ჩემს თავს ვეუბნები, რომ არ შეიძლება აქედან გამამტყუნებელი დასკვნა გამოიიანო, ყოველ შემთხვევაში, იურიდიული თვალსაზრისით მაინც. კი, ცხადია, ჩემი მეგობარი ვერ გახდება, თუ ბაჩოს მეგობარია, მაგრამ იმისთვის, რომ ის გაამტყუნო, საჭიროა რაღაც მეტი. ცოტა უსიამოვნოდ ჩამაფიქრა მისდამი წაყენებულმა ბრალდებამ ნარკოტიკის მიღებაში და, მგონი, იარაღიც ახსენეს. რა თქმა უნდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს მართლა მოხდა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირველი მაგალითია და ერთადერთი. მაგრამ მაინც, რაღაც უსიამოვნო განცდა დამრჩა ამის შემდეგ. რა თქმა უნდა, გამახსენდა ის გაუთავებელი, ალბათ, ათასობით სასამართლო პროცესი, თავისი ნარკოტიკების ჩადებით.

რაღა შორს წავიდე? ჩემი საკუთარი ვაჟიშვილი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს კოალიციას, სექტემბერში, არჩევნების წინ, ერთი თვით იყო დაკავებული და მას უთხრეს - ხელი მოაწერე, რომ მიღებული გაქვს ნარკოტიკიო. აუღეს ანალიზი. მანახეთო. ანალიზი არ ანახეს. მაგრამ თუ არაო, მაშინ ჩაგიდებთ და სისხლის სამართლით გახვალ წამლის გამსაღებლადო. არჩია მოეწერა ხელი, რომ ჰქონდა მოწეული „პლანი“. ერთი თვე გაატარა. არ უცემიათ, არ დაუნგრევიათ თავ-ყბა, მაგრამ ვინც არ იცის, ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოს: ძალიან ცუდია, როცა იცი, რომ შვილი ციხეშია და შენ უნდა დაწვე და დაიძინო.

რამდენი ასეთი და ჩემზე ბევრად, ბევრად უფრო გაუბედურებული ადამიანია, რამდენი ტანჯვა, რამდენი წამება გაიარა ხალხმა და ეს ცუდია იმითაც, რომ ძალიან ძნელია ამის მერე ობიექტურობის შენარჩუნება. როცა მე პოლიტიკურ დევნაზე მელაპარაკება წიკლაური ან აკო მინაშვილი, ძალიან ფინთი გრძნობა მიჩნდება მათ მიმართ და, მით უმეტეს, როცა ბაჩო ახალაიაზე მეუბნებიან, პოლიტიკური პატიმარიაო. ან მეცინება, ან მინდა, დავახრჩო ამის მთქმელი! მაგრამ როცა ამას მეუბნებიან ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან, რომლისკენაც ასე მივისწრაფით (ფასეულობითაც და პოლიტიკურადაც დასავლეთი ჩვენი ფარია; ის რომ არა, დიდი ხანია რუსეთის ჩაყლაპულები ვიქნებოდით), რა გინდა ქნა?! უნდა დაფიქრდე. და აქვე მიჩნდება საოცარი თანაგრძნობის განცდა ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლებისთვის საკმეველი არასდროს მიკმევია - ეს არ მეხერხება და თან გასაკრიტიკებელსაც ვხედავ. დათქმული მაქვს: ასი დღე უნდა მოვითმინო, სანამ რაღაც კრიტიკა წამოვა ჩემგან, მაგრამ მას ხმა მივეცი და მინდა, რომ გაამართლოს. თან ვხედავ, რა სიძნელის წინაშე დგას. ერთი მხრივ, ხალხი გეუბნება: „დაიჭირე,ვინც დასაჭერია!“ რა თქმა უნდა, ასეთი ძალიან ბევრია. მაგრამ სადამდე? სად გავჩერდეთ? სად უნდა გაჩერდე? დასავლეთი გეუბნება: „გაჩერდი!“ ხალხი გეუბნება: „მიდი!“ ადვილია განზე დგომა და რჩევების მიცემა. რეალობა ბევრად უფრო რთულია.

19 ნოემბერი, ორშაბათი
იგივე პრობლემატიკა გრძელდება, პრინციპში: შეწყალების კომისია შექმნილა. თეა წულუკიანი ბრძანებს (ძალიან მესიმპათიურება ეს ჩვენი იუსტიციის მინისტრი!), რომ კითხვები აქვს უგულავასადმი. ექნება, აბა რა! მაგრამ თან მინდა, რომ ეს იყოს დასაბუთებული. ვღელავ და გულში ვამბობ: „ღმერთო, ყველაფერი სუფთად ჩატარდეს, რომ არავის არავითარი კითხვა არ გაუჩნდეს.“ თან ვბრაზდები ამ დასავლეთის შენიშვნაზე - რა უნდათ ერთი, რატომ არ უნდათ ჩვენი გაგება? მაგრამ მერე ცივი გონება მეუბნება, რომ უნდა დაფიქრდე და იფიქრო. იქნებ იმათ ნათქვამში რაღაც ელემენტი მაინც არის სიმართლისა.

საერთოდ, ვერ ვიტან კატეგორიულობას მსჯელობაში. ქართველებში თუ რამე მომწონს, პირველ რიგში ეს არის კრიტიკული აზროვნება - სოციალურ პლანში, ინტელექტუალურ პლანში; რომ არ ყლაპავენ ყველაფერს, რასაც მიაწვდის მათ ინფორმაცია. თუმცა, ხანდახან დამღლელია ის, რომ ყველა ქართველმა იცის როგორ უნდა გაკეთდეს პოლიტიკა და ყველამ იცის, ვინ არის დასაჭერი, ვინ არის გამოსაშვები,  მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, რა - არა და ასე შემდეგ. არადა, რეალობა ძალიან რთულია. ერთია სამართალი, მეორეა პოლიტიკა, მესამე კიდევ - საერთაშორისო სიტუაცია. ყველაფერს უნდა გაუწიო ანგარიში.

ოჯახშიც ასეა: მე მყავს მეუღლე, ვაჟი, ქალიშვილი, რომლებიც ერთად ვარ, კიდევ ერთი ვაჟი, კიდევ ერთი ქალიშვილი. ზოგადად, ერთ ფასეულობაზე ვდგავართ ყველანი, მაგრამ რამდენს ვდაობთ ერთმანეთში! აი, დღესაც ხმის ჩახრინწვამდე ვიკამათეთ. ქალიშვილი ერთს ამტკიცებს, ვაჟიშვილი მეორეს, მე - მესამეს. არ მინდა დაკონკრეტება, რაზეა ლაპარაკი... დავუშვათ, ქალიშვილს ეჩვენება, რომ საშიში ტენდენციებია, ვაჟიშვილი, პირიქით, უტევს: რა საშიში, პირიქით, ყველანი დასაჭერები არიანო და ასე შემდეგ. მადლობა ღმერთს, ოჯახში ეს ჩვენი დავა არ გადადის ჩხუბში და გაუგებრობაში. შეკრული ოჯახი ვართ, მაგრამ ეს ოჯახია და ჩემი ოჯახია და ჩვენ თუ ვდაობთ, იოლი წარმოსადგენია, რა ხდება ქვეყანაში. ქართველები ხომ მონოლოგის ხალხი ვართ, ჩვენ ხომ მოსმენა არ შეგვიძლია! ღმერთო, გვიშველე, რამდენი რამეა დასალაგებელ-მოსაგვარებელ-მოსაწესრიგებელი ამ ჩვენს პატარა, ლამაზ და მოუსვენარ ქვეყანაში!..

20 ნოემბერი, სამშაბათი
ტყიბულში გრძელდება გაფიცვები. თან მაშფოთებს გაფიცვები (ისედაც არეულ ქვეყანაში კიდევ გაფიცვები გვაკლდა!) და გინდა, რომ ამ ხალხს უთხრა: „გეყოთ რა ახლა, რა დროს გაფიცვაა?!“ მაგრამ მეორე მხრივ, მიხარია, რომ ეს ნორმალური მოვლენაა. უწინ არ იყო გაფიცვები. ბუნებრივია, არ იქნებოდა, იმიტომ რომ იყო შიში და ეს შიში გაქრა.  თუნდაც მარტო ესეც სასიხარულოა! მითხრეს, ერთ ფრანგს უთქვამს თურმე: თქვენთან მანქანებს არ იპარავენ, თქვენთან არ ხდება ქურდობა, თქვენთან არავინ ხულიგნობს. რა ხდება? ცოცხალი სახელმწიფო ხართ თუ სასაფლაოო?

გაფიცვებთან დაკავშირებით მახსენდება ეს ოხერი შრომის კოდექსი, რომელიც მონობის კოდექსი უფროა, ვიდრე მშრომელთა პრობლემის მოგვარების კანონი. აქაც რამდენი სამუშაოა! რამდენი ასეთი საკითხი აქვს გადასაჭრელი ჩვენს ხელისუფლებას, ღმერთმა ძალა მისცეს!

სასიამოვნოა, რომ მაღაროელებს თანადგომა გამოუცხადეს სტუდენტებმა. ადრე სულ ვნერვიულობდი ამათზე. 45 წელია ვასწავლი, სულ მაქვს კონტაქტი ახალგაზრდებთან და ვნერვიულობდი: „რა გვეზრდება, ვინ იზრდებიან?“ ხანდახან ძალიან პესიმისტურადაც ვყოფილვარ განწყობილი. ლექციები მაქვს თითქმის ყოველდღე, ხანაც მოწაფეები მყავს. თავისუფალი დრო, პრაქტიკულად, არ მაქვს და სულ მაქვს კონტაქტი ახალგაზრდებთან, ძალიან ახალგაზრდებთანაც და საკმაოდ შუახნის ხალხთანაც, თუმცა ჩემთან შედარებით ახალგაზრდებთან. საერთოდ, მიყვარს ჩემი საქმე, ბავშვებთან ლოლიავი. მიყვარს, როდესაც დიდი დაძაბვის, შრომის შედეგად ახალგაზრდაში უცბად დაინახავ, რომ თვალებში რაღაც აენთო, რაღაც ინტერესი გაუჩნდა. საერთოდ, ვერ ვიტან უინტერესო ადამიანს, მით უმეტეს – ახალგაზრდას. მიყვარს ჩემი საგანიც, სხვანაირად ვერ ვასწავლი. ეს არის ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, რომელიც თავისთავად გულისხმობს, რომ შენ, გარდა იმისა, რომ უნდა იცოდე ხელოვნება, უნდა იცოდე ისტორიაც, უნდა იცოდე კულტურაც, იმიტომ, რომ ხელოვნებას აქვს თავისი სპეციფიკა, თავისი ენა, და, ამავე დროს, ის არის კონტაქტში სოციალურ, ეკონომიკურ და, მთლიანად, კულტურასთან.

ჩემს პროფესიაში უნდა იყო მხატვარივით მგრძნობიარე და თან მეცნიერივით ცივი გონებით უნდა აანალიზო მოვლენები, სამყარო. ძალიან საინტერესოა, როცა ამას გადასცემ ახალგაზრდებს. უამრავი კანონზომიერება, უამრავი თავისებურება. თან, არათუ ტვინში უნდა ჩაუდო, გულშიც უნდა ჩაუდო. ეს უფრო რთულია. თვალი უნდა გაუხილო და გრძნობები გაუხსნა. შენ თვითონ თუ არ განიცდი, ამას ვერ მოახერხებ.

ისე, ერთი ოცნება მაქვს ამ ბავშვებთან დაკავშირებით: წამაყვანინა ეს ჩემი სტუდენტები თუ მოწაფეები (თუ ბავშვები, თუ დიდები) სადმე უცხოეთში! ბევრია, ძალიან ბევრია სანახავი და ადამიანმა ნახევარი დრო სიარულში უნდა ატაროს. როგორ იზრდები ადამიანი, როცა, დავუშვათ, ლუვრში ხარ, თუ ორსეში, თუ ფლორენციაში (მთელი ფლორენცია მუზეუმია, ცოცხალი მუზეუმი!), პადუაში, ლონდონში, ვენაში, პრაღაში. ან მადრიდის პრადოში თავისი ფანტასტიკური ველასკესითა თუ გოიათი! და ასე შემდეგ... რა სიამოვნებით წავუძღვებოდი მათ, რა სიამოვნებით მოვუყვებოდი ამ ჩემს ახალგაზრდებს აი, იმ სიცოცხლით, სილამაზით, საოცრებით და ჯადოქრობითა და საიდუმლოებებით სავსე სამყაროზე, რომელსაც წარმოადგენს ხელოვნება, მხატვრობა, ქანდაკება. მაგრამ ეს რეალობა ისევ გაბრუნებს საკმაოდ პროზაულ, მძიმე, სასტიკ მაგრამ საინტერესო ცხოვრებაში; რომ ვერ მოეშვები, ისეთში.

21 ნოემბერი, ოთხშაბათი
ღარიბაშვილი ამბობს, ამნისტიის განხილვას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთო. რა თქმა უნდა! აი, კიდევ ერთი პრობლემა. ერთი უდანაშაულო კაცი მაინც დატოვო ციხეში, უდიდესი ცოდვაა. გამოუშვა და - იზრდება კრიმინალი. არაჩვეულებრივად რთული პრობლემაა! თან ძალიან სამართლიანი უნდა იყო და თან ეს სამართლიანობა ინდივიდამდე უნდა დავიდეს! ეს რთულია. ემოციურად რომ მიმიშვა, ჩემი ოცნებაა, გავაღო კარები და ყველა გამოვუშვა ციხიდან...

სულ მახსენდება ჩემს ახალგაზრდობაში დედაჩემის თაობა როგორ მღეროდა (ეს სიმღერა მენშევიკების დროს იყო პოპულარული): „ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები, გაცდეს ტუსაღი, გაიპარება, იქვე ბუჩქებში დაიმალება“. ძალიან მიყვარს ეს. ბევრ რამეს მაგონებს და, საერთოდ, ქართველი ვარ და ყოველთვის იმის მხარეს ვარ, ვინც დაჭერილია და არა - იმის მხარეს, ვინც იჭერს. ბავშვობიდან ასე იყო: როდესაც მილიციონერი მისდევდა ვიღაცას, იმ მხარეს ვიყავი, ვინც გარბოდა და არა იმისა, ვინც მისდევდა. შეიძლება, ეს არასწორია იმიტომ, რომ ემოცია და რაციო ყოველთვის თანხმობაში ვერ მოდის ერთმანეთთან, უმრავლეს შემთხვევაში მათ შორის წინააღმდეგობაა ხოლმე.

ვიგებ, რომ პაატა ზაქარეიშვილი ჟენევის კომისიის თანათავმჯდომარე გამხდარა. ეს კარგია. პაატას ვიცნობ. ის არის ჭკვიანი, ფაქიზი ინტელექტის მქონე პიროვნება. თუმცა, ხანდახან მისდამი კითხვები მიჩნდება: ზედმეტად რბილი ხომ არ არის? არ ვიცი, კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კითხვა ჩნდება.

საღამოს ლანა ღოღობერიძესთან ერთად გამოვედი რადიო „უცნობში“. „უცნობს“ აქვს ასეთი საინტერესო ერთსაათიანი პროგრამა: მე ვირჩევ თემას და ვისაც მინდა ვპატიჟებ. სიამოვნებით დავპატიჟე ქალბატონი ლანა, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, რომელიც არის ძალიან საინტერესო, ჭკვიანი, განათლებული ქალბატონი, ვიტყოდი - „ინტელიგენტი“, მაგრამ შემაძულეს ეს სიტყვა. როცა მეუბნებიან - თქვენ ისეთი ინტელიგენტი ხართ, რა გინდათ პოლიტიკაშიო, შემიძლია გავარტყა კაცს! მისი აზრი მართლაც მაინტერესებდა შექმნილ სიტუაციაზე, რა თქმა უნდა. აი, ეს „კოჰაბიტაცია“, ეს ახალი სიტყვა, რომელიც მოდაში შემოვიდა - თანაცხოვრება. ორივე შევთანხმდით, რომ ნაცებთან თანაცხოვრება ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, მაგრამ მაინც უნდა სცადო. თან, ყველა ერთნაირი ხომ არ არის? და, ბოლო-ბოლო, ისინიც ხომ ქართველები არიან და უმრავლესობა მაინც ქართველი ხოა ბუნებითაც? აი, მაგალითად, ჩემს ბიჭს, რომელიც ძალიან მძაფრი მხარდამჭერია კოალიციისა, ჰყავს მეგობარი რომელიც არის ბოკერიას მეგობარი. და მეგობრობენ, ახერხებენ. მე მგონი, ეს კულტურის მანიშნებელია და არა მინუსი, არა კონფორმიზმი.

22 ნოემბერი, ხუთშაბათი
უცნაური გადაცემა მოგვიწყო იმავე „უცნობში“ ჩემმა ძველმა ნაცნობმა ნიკა თოფურიძემ. ერთად შეგვყარა მე და ჩემი ვაჟიშვილი ნუგზარი და ქალიშვილი ელენე. უნდა გვესაუბრა ერთმანეთზე, წარსულზე, მომავალზე. გავიხსენე ეს ოხერი კომუნისტური წარსული, მაგრამ იმ წარსულშიც იყო რაღაც სიხარულები, რაღაც დარდები. ბევრი მძიმეც იყო, რა თქმა უნდა... ეს უმამობა... მამა 1932-ში წაიყვანეს. ყველაფერი ეს გავიხსენე. არ ვიცი, როგორი იყო. მე გულწრფელად ვლაპარაკობდი. ბავშვები გულწრფელად ლაპარაკობდნენ. მითხრეს მერე (მათ შორის გიამ მითხრა, გაჩეჩილაძემ), გადაცემა კარგი გამოვიდაო. თუ კარგი გამოვიდა, ძალიან მიხარია!

განსაკუთრებული პიროვნება არის ჩემი მეუღლე, ირინე გუნცაძე, რომელიც არ მონაწილეობდა ამ გადაცემაში. მიჭირს მასზე ლაპარაკი, ვინაიდან იგი ჩემი ცხოვრების ნაწილია, უახლოესი ადამიანია, მეგობარია, ხშირად კრიტიკოსიც, მაგრამ უსაზღვროდ თავდადებული შვილებისთვის, ოჯახისთვის, ჩემთვის. ძალიან ემოციურია, ყველაფერს განიცდის. როდესაც მე ტელევიზიით გამოვდივარ, მას ხელში ხატი უჭირავს და არ ჯდება, რომ რამე არ შემეშალოს. ძალიან განიცდის - ვინ რას იტყვის. რამდენჯერ მითქვამს: „კაცო, შეეშვი, ყველას ხომ არ მოეწონები? ზოგს მოეწონები, ზოგს - არა, რა მოხდა?“ არა, მას მაინც ყველაფერი გულთან მიაქვს და მან იცის რომ ჰყავს კედელი ჩემი სახით - კედელს ვგულისხმობ იმდენად არა მატერიალურს და კუნთებს, რამდენადაც მორალურს, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში, იგი არის უსაზღვროდ ერთგული თავისი ქმრის, შვილების, შვილიშვილების, მეგობრების და, რა თქმა უნდა, საქართველოსი. 9 აპრილს ჩვენ ერთად ვიდექით მთავრობის სახლის წინ. ბოლომდე ვიდექით.

23 ნოემბერი, პარასკევი
გიორგობაა. მიყვარს ეს დღე. ჩემი დღეობაა და ჩემი სამი შვილიშვილის. სამი გიორგი-შვილიშვილი მყავს, პატარები. საღამოს გამოსვლა მქონდა ნინო ჟიჟილაშვილთან „მაესტროზე“, გია გაჩეჩილაძესთან და ნინია კაკაბაძესთან ერთად. ჩემს გამოსვლაში ვეცადე, მოკლედ ჩამომეყალიბებინა ჩემი ხედვა ნაცმოძრაობის მარცხის ობიექტური მიზეზებისა. ვეცადე მელაპარაკა ანალიზის საფუძველზე და არა ემოციებისა. ვეცადე მეჩვენებინა, რომ „ნაცების“ კრახი გამოწვეული იყო მათი პოლიტიკური კულტურის საოცრად დაბალი დონით, ელემენტარული უწიგნურობით. ნინო ჟიჟილაშვილმა მკითხა, რაო, მათ წიგნი არ წაუკითხავთო? არა, არ ვგულისხმობ, უბრალოდ, წიგნის კითხვას-მეთქი. მახსოვს, ძალიან დიდი ხნის წინ ერთი რუსი მოსამსახურე მყავდა, რომელიც ყველაფერს კითხულობდა, ჩემზე, ალბათ, ხუთჯერ მეტი წიგნი ჰქონდა წაკითხული. მაგრამ, მთავარია, რას კითხულობ, როგორ გესმის. აი, ამ მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ „ნაცებს“ არ წაუკითხავთ არც ძველი აღთქმა, არც ახალი აღთქმა. არ გაუგიათ, რომ „ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი“. მათ არ სცოდნიათ ისტორია, კერძოდ, რევოლუციების ისტორია. არ იციან, რომ რევოლუციები იწყება ძალიან კეთილი ზრახვებით და ხშირად, თუ დიდი კულტურა არ სდევს თან, მთავრდება ძალიან დიდი სისასტიკით. თვით ინგლისშიც კი, ყველაზე ზომიერ ქვეყანაში, დიდი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანაში, იყო თავის მოჭრები და სიკვდილით დასჯები. აღარაფერს ვამბობ იაკობინელთა დიქტატურაზე 1793 წლის საფრანგეთში და ბოლშევიკურ დიქტატურაზე, რომლის შედეგებიც ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს. ჯოჯოხეთის გზა კეთილი ზრახვებით არის მოკირწყლულიო, გვეუბნება ბიბლია (მგონი ბიბლიაშია). დაბოლოს, არ წაუკითხავთ კლასიკოსები: არც შექსპირი და არც დოსტოევსკი, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ ბოროტებით სიკეთეს ვერ მიაღწევ - ეს არის დედააზრი! „ძმები კარამაზოვები“, „დანაშაული და სასჯელი“, „ეშმაკები“. „ეშმაკები“ ზუსტად ის წიგნია, რომელიც პოლიტიკაში მოსვლის ყველა მსურველს უნდა წააკითხო - სანამ ამას არ ჩაგაბარებს, არ უნდა მიუშვა.

24 ნოემბერი, შაბათი
დღეს საიას წლისთავი ყოფილა. აღნიშნეს. ოქტომბრიდან ოქტომბრამდე. მოწვეული იყო უსუფაშვილი, რომელსაც მე დიდი ხანია ვიცნობ. ახლა ხელისუფლებაშია და ამიტომ კომპლიმენტებს ვერ ვეტყვი. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ორგანიზაცია მომწონს თავისი პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით.

მახარებს ყველაფერი ნორმალური, რაც ჩემს ქვეყანაში  ხდება. მომწონს ის, რომ ისინი, პრინციპში, უჭერდნენ მხარს, რა თქმა უნდა, დღევანდელ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ სამართალი აქეთ იყო, მაგრამ, როცა რაღაც არ მოეწონათ, საკმაოდ პრინციპულად გამოვიდნენ და კრიტიკული შენიშვნებიც არ დაუშურებიათ. მე ასე ვხედავ: მათ შეუძლიათ გააკრიტიკონ ყოველგვარი ძალა, თუ ეს საჭიროდ მიიჩნიეს, არავისი არ ეშინიათ. რა კარგია, როდესაც კარგი ახალგაზრდები გყავს და გეზრდება!


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: სოფია საიდან გვწერთ: თბილისი
06.12.2012 14:13
ძალიან გულწრფელი და მართალი ,,დღიური''

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
04.12.2012 15:16
ავტორი: ანონიმი
29.11.2012 17:29
თქმას ზოგჯერ სულ არაფრის თქმა ჯობია. მოლჩანიე ზოლოტო!!!-"მალჩანიე ზოლოტო დლია ნეობრაზოვანნიხ გლუპცოვ! ისეთებისათვის ვისაც ინტელიგენტი (იწილიგენტი" ხშირად ასე ირონიით წერენ) მათ უკან იმალება ის გაუნათლებლობა, რაზეც საუბრობს დღიურის ავტორი,რასაც შეუძლებელია არ დაეთანხმო...აშკარად იგრძნობა ამ კაცში ზომიერების გძნობა. თუ არ ვცდები პლატონი ამბობდა:"ზომიერება ჭეშმარიტების დედააო" ამ კომენტატორების ჩანაწერებს მუდამ ვეცნობი: უკეთესს ვერ დაელოდები ადამიანებისაგან, რომელიც საბჭოთა ზარბაზნით გადამოკრატებულ საქართველოთი ჩაციკლულა, გოგი ხოშთარიასა და ჯაბა იოსელიანს შორის სხვაობას ვერ ხედავს, ელდარ შენგელაიას აგდებული ტონით ელდარა-დ მოიხსენიებს, ქვეყნის მართვის უნარს მოკლებულ, პოლიტიკური რეალიების წინააღმდეგ მავალ , გონებრივად უსუსური, ,ფანატი გარემოცვის გავლენის ქეშ მყოფ გამსახურდიას რომ სამარეში არ ჩაჰყვა- ნაკლად უთვლიან...

ავტორი: ანონიმი
03.12.2012 18:49
მოკლედ... არავის ევასაბი ხოშტარია.

ავტორი: ანონიმი
03.12.2012 14:12
სასიხარულია ბატონი გოგის და ბატონი ჯაბას ნაირ დემოკრატ ხელოვნებათმცოდნეთა ხანაში ცხოვრება. კარგ გამოცდილებას სძენს ადამიანს.

ავტორი: ანონიმი
01.12.2012 01:18
გიორგი ხოშტარიას ასეთ შეკითხვას დავუსვამდი...
რისგან დაიღუპა ამ რამოდენიმე დღის წინ ბადრაგი, რა იყო მიზეზი?

ავტორი: დაღმავალი რიგი საიდან გვწერთ: ქუთაისი
30.11.2012 12:19
გამარჯვება, ბატონო გოგი.
ყოველივე კარგს გისურვებთ !

ავტორი: ანონიმი
30.11.2012 03:12
ძაან მომენატრა თედო პაატაშვილი, რატომ შემოსწყერით? ისიც ინტელიგენტია. მახსოვს კიდევ საქართველოს სსრ კპ ცკს აქტივისტი ინტელიგენტი ელდარა შენგელაია. უზენაესი საბჭოს დეპუტატობასაც გამოკრა ხელი. სესიებზე კი არ დადიოდა მაგრამ ყური მოკრა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს აწერენ ხელსო და აქოშინებული მივარდა მეც შევიდე ისტორიაშიო. მერე კალაშნიკოვით დარბოდა და საბჭოთა ზარბაზნით საქართველოს დემოკრატიზატორებთან ერთად ანგრევდა იმ შენობას სადაც ამ აქტს მოაწერა ხელი. მოკლედ კარგ ისტორიაში მოხვდა. ასეთია საბჭოთა საქართველოს შემოქმედებითი ინტელიგენცია და რას იზამ,ყირა გაჭიმე თუ გინდა. მოკლედაც და გრძლადაც იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ.

ავტორი: ანონიმი
29.11.2012 23:22
ეჰ, რა არის სიბერეეეეეე?

ავტორი: გია საიდან გვწერთ: თბილისი
29.11.2012 23:13
რა უნდა ამ ადამიანს, რისი თქმა უნდა ან რატო ალაპარაკდა? რა დოსტოევსკიზე გველაპარაკება ბატონი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი? საკუთარ წარსულს გადახედოს და ზვიად გამსახურდია ვინც კაცად აქცია რომ გაყიდა და გადაბარგდა საქართველოს დამაქცევლების ბანაკში ხომ არ გონია დაგვავიწყდა!

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: თბილისი
29.11.2012 22:58
ყურადღებით წავიკითხე თქვენი წერილი იმედი გამიცრუვდა ეს ქარაგმებია მგონი ჯობდა ..........

ავტორი: ანონიმი
29.11.2012 22:10
უსიამოვნოდ გავოცდი, უფრო საინტერესო მეგონეთ, ბატონო გოგი. თქვენ ნამდვილი ინტელიგენტი ხართ,- ესაა ჩემი კომენტარი ))

ავტორი: ანონიმი
29.11.2012 20:56
ხელოვნებას ქმნიან შენგელაიები,ხაინდრავები,ჩხეიძეები,კიტოვანი და მეღვინეთუხუცესი და ამ ხელოვნებას აანალიზებენ ხოშტარია და იოსელიანი და არის შესანიშნავი დემოკრატია. იცოცხლეთ და გაიხარეთ.

ავტორი: ანონიმი
29.11.2012 17:29
თქმას ზოგჯერ სულ არაფრის თქმა ჯობია. მოლჩანიე ზოლოტო!!!

სხვა მასალები

აუდიო მთავარი სერჟანტი და სამხედრო კორესპონდენტი

აქვს თუ არა საქართველოს არმიაში ადგილი ჯარისკაცთა უფლებების დარღვევას მათი რელიგიური თუ სექსუალური ორიენტაციის გამო; რა როლი აკისრია სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტს საერთაშორისო სამხედრო მისიებში და რატომ აგვიანებს დაზუსტებული ინფორმაცია კონფლიქტის ზონიდან? ამ და სხვა საკითხებზე საუბრობენ "დაბრკოლების ზოლის" სტუმრები.
გაგრძელება

აუდიო თინა ხიდაშელი: „ნულოვანი ტოლერანტობა ოჯახში ძალადობას“

უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელმაც ოჯახური ძალადობის პრევენციაზე უნდა იმუშაოს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა.
გაგრძელება

აუდიო ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ ცნო ბაჩანა ახალაია და მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.
გაგრძელება

აუდიო გენერალი ბრიდლავი ნატო-საქართველოს დაახლოებაზე

გენერალ ფილიპ ბრიდლავის ვიზიტის ფარგლებში განსახილველ ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს საწვრთნელი ცენტრის საოპერაციო ნაწილის მომავალი წარმოადგენდა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული