ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2014 თბილისის დრო 00:50

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

გიორგი გაგნიძე - მომღერალი

x

მულტიმედია

აუდიო
1 იანვარი, სამშაბათი
31 დეკემბერს ჩამოვფრინდი საქართველოში Turkish Airlines-ით და ბედნიერი ვიყავი, რომ ახალ წელს ჩემს ოჯახთან ერთად შევხვდებოდი. დამხვდნენ დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი მეუღლე და ბავშვები. 2012 წელი ყველაზე გამორჩეული იმით იყო, რომ ახალ წელს პირველად შევხვდით ერთად მთელი ოჯახი, თან - საქართველოში! ეს უკვე 10 წელია აღარ მომხდარა იმიტომ, რომ ჩემი დაძაბული გრაფიკის გამო ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა მიწევს და ეს გაწერილია 2017 წლამდე.

ასეთი პაუზის პოვნა ძალიან ძნელია. პაუზა იყო ხუთდღიანი, თან ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩამოვედი პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად, კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც დაგეგმილია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 4 იანვარს. მას აწყობს ფონდი „იავნანა“.

ძალიან მიხარია, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩამოვედი ჩემს ოჯახში, დედ-მამასთან. რა თქმა უნდა, ახალ წელს, როგორც წესი, ცოლ-შვილთან ერთად ვხვდები - ხან გერმანიაში, ხან - სხვა ქვეყნებში. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ახალ წელს ერთად ვერ ვხვდებით, თუ ჩემი განრიგი ამის საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, ამჯერად ყველა ორმაგად ბედნიერია!

1 იანვარი რომ გათენდა, ვეღარ ვინძრეოდი! ათი საათი ვიფრინე ნიუ იორკიდან და ფრანკფურტში და იქიდან პირდაპირ თბილისში წამოვედი. დღე გავატარეთ სახლში. ათას რამეზე ვსაუბრობდით, ძველ ამბებს ვიხსენებდით. მერე კანადიდან დარეკა ჩემმა დამ. „სკაიპით“ ველაპარაკეთ. ძალიან ბედნიერი დღე იყო იმით, რომ რაღაც ოჯახური წრე შეიკრა. მთელი დღე არავის ვპასუხობდით ტელეფონზე, სახლიდანაც არ გავსულვართ. არის მომენტები, როცა არ გინდა არც არსად გასვლა, არც არსად დარეკვა. მარტო ის გინდა, რომ შენს ოჯახთან ერთად იყო. აი, ასეთი დღე იყო დღეს.

2 იანვარი, ოთხშაბათი
იმეილით ვწერ ფონდ „იავნანას“, სად ვიმყოფები. ვჯდები კომპიუტერთან, ვწერ ამას, და ერთი საათის შემდეგ მირეკავენ და მეუბნებიან: უნდა მოხვიდე, 2 საათზე რეპეტიცია გვაქვსო. მივემგზავრები რეპეტიციაზე დიდი სიხარულით. იქ გვხვდება ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი, უკვე მომზადებული აქვს საკონცერტო პროგრამა. შევხვდი დიდი ხნის უნახავ დირიჟორებს, ჩემს პედაგოგებსაც, კოლეგებსაც... ძალიან გამიხარდა, მაგალითად, ზაზა აზმაიფარაშვილის ნახვა (ის გივი აზმაიფარაშვილის ვაჟიშვილია)! რევაზ ტაკიძის ნახვა, რომლის გაზრდილიც ვარ კონსერვატორიაში. სწორედ მასთან გავიარე რეპეტიცია. მშვენივრად ჩაიარა! მგონი, კარგი კონცერტი გამოგვივა.

საქართველო დავტოვე 2003 წელს. მოტივაცია ასეთი იყო: საერთაშორისო მნიშვნელობის კარიერა. ამის ამბიცია მქონდა. ამბიცია მქონდა არამარტო ჩემგან, არამედ ჩემი პედაგოგების, ჩემი დირიჟორებიდან გამომდინარე. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა აღიარებულმა დირიჟორმა, ჯანსუღ კახიძემ მიმიწვია თეატრში. ჯანსუღ კახიძე რომ მიგიწვევს მესამეკურსელს მთავარი პარტიების შემსრულებლად, ეს უკვე დიდი საქმეა! მაშინ შევასრულე მრავალი ქართული პარტია, პირველ რიგში „აბესალომი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“. მერე გადავედი ვერდის რეპერტუარზე: „ტრავიატა“, „ბალ-მასკარადი“... ჩამოდიოდა ზურაბ სოტკილავა, ხშირად მიწევდა მასთან ურთიერთობა.

შეიძლება ითქვას, რომ ჯანსუღ კახიძის საყვარელი მომღერალი ვიყავი. თავადაც არაერთხელ უთქვამს ეს. დღეს ვესაუბრე ვატო კახიძეს, ბატონი ჯანოს ბრწყინვალე ვაჟიშვილს, რომელიც დირიჟორია მამამისის დაარსებულ მუსიკალურ ცენტრში. ბატონი ჯანო მეტყოდა ხოლმე: „რატომ არ უნდა წახვიდე? შენ უნდა წახვიდე უცხოეთში, რომ ჩვენ გვასახელო. საამისოდ ყველა მონაცემი გაქვს. ვისმენ იქაურ ბარიტონებს და ვიცი. ამიტომ შენ უნდა გახვიდე აქედან!“

ეს დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის. ამოდენა პიროვნება როცა გეუბნება, შენი სამშობლოსთვის არის საჭირო, რომ უცხოეთში გახვიდეო, სახელი გაუთქვა შენს სამშობლოსო, ბევრს ნიშნავს. ჩემთვის ეს იყო  საქართველოს დატოვების მოტივაცია. რა თქმა უნდა, სამშობლო სულ არ დამიტოვებია. უბრალოდ, ისე ამეწყო საქმეები, რომ, ხშირად მიწევს ჩასვლა ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკის „მეტროპოლიტენ ოპერასა“ და სხვა თეატრებში: ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში. ახლა ისევ მომიწევს „მეტროპოლიტენში“ და ლოს-ანჯელესში ჩასვლა.

ჩემთვის დიდი წარმატება იყო 2005 წელი, როდესაც პირველი ადგილი დავიკავე იტალიის ქალაქ ბუსეტოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე. ჟიურის თავჯდომარე იყო მსოფლიოში აღიარებული ტენორი ხოსე კარერასი. კონკურსი დაყოფილი იყო სამ რაუნდად. კონკურსანტების რაოდენობა 160 კაცს აღწევდა, მათგან 80 კორეელი იყო.

ბუსეტოს კონკურსი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ყველამ იცის, რა არის არია. ეს არის ნაწყვეტი ოპერიდან, რომელსაც ესა თუ ის ხმა ასრულებს და ამაში გადმოიცემა მთელი მისი ხასიათი, ბუნება, მისი განწყობა და, საერთოდ, პიროვნების დახასიათებაა არია, იმ როლის, კონკრეტული პერსონაჟის დახასიათება.

პირველ ტურში უნდა მემღერა ორი არია, მეორე ტურშიც - ორი და მერე უკვე დასკვნითი, მესამე ტური იყო მათთვის, ვინც პირველ ორს დაძლევდა. სრულდებოდა მარტო ვერდის არიები, სულ - ხუთი. მე არ მომიწია ამ ხუთივეს შესრულება. არ ვიცოდი, ცუდი იყო ეს თუ კარგი. როგორც წესი, პირველ არიას როცა ასრულებ, გეუბნებიან: „გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ!“ და თუ „კარგად ბრძანდებოდეთ“ გითხრეს, ესე იგი ცუდადაა შენი საქმე: „კარგად ბრძანდებოდეთ“ ნიშნავს, რომ შემდეგ ტურში ვერ გახვედი. თუ მარტო „მადლობას“ გეუბნებიან, ეს ნიშნავს, რომ საქმე კარგად არის. პირველი ტურის მერე მე მარტო „მადლობა“ მითხრეს და, შესაბამისად, გავედი მეორე ტურში. იქ თვითონ ხოსე კარერასი მოვიდა ჩემთან გაცნობის მიზნით. საერთოდ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ შემსრულებელთან ასე ახლოს მივიდეს ჟიურის თავმჯდომარე. წესების მიხედვით ეს დაუშვებელიც კია, მაგრამ კარერასმა მითხრა, ძალიან ამაღელვებელი იყო „ბალ-მასკარადში“ შენი შესრულებული რენატოს არია და ვერ მოვითმინე, მოვედი და გილოცავო! მე, რა თქმა უნდა, გავამაყდი და უფრო მეტი ენერგიით გავედი სცენაზე მეორე ტურში. იქ კარერასმა უკვე წერტილი დაუსვა ყველაფერს: ეს მომღერალი ნამდვილად ხდება პირველი ადგილის მფლობელი თავისი ხმის მონაცემით, ხმის თბილი ტემბრით, ასევე სიძლიერით და სამსახიობო განხორციელებითო. ასე რომ, ორი არიით გავიმარჯვე იმ საერთაშორისო კონკურსში, სადაც ხუთი უნდა მემღერა.

ამ წარმატებამ გზა გამიხსნა მსოფლიოს ყველა სცენაზე. კონკურსის შემდეგ პირველი მოწვევა იყო იაპონიაში. დაიგეგმა იაპონიის ტურნე გამოჩენილ მაესტრო ლორინ მააზელთან ერთად. მააზელი საუკუნის დირიჟორია, იყო ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრისა და „ლა-სკალის“ მთავარი დირიჟორი. როდესაც მე მიწვევდა, „ნიუ იორკ ფილარმონიკის“ შეფი იყო. იაპონიის გასტროლებზე შევასრულეთ „ტრავიატა“, სადაც ჟერმონის პარტიას ვმღეროდი. მერე მააზელი პერსონალურად დაინტერესდა ჩემით და მიმიწვია მისავე დადგმულ სპექტაკლში ვალენსიაში, სადაც რამდენიმე წლის წინ გაიხსნა ახალი ოპერა. საოცარი შენობაა! აი, იქ მომიწია პირველად „სიმონ ბოკანეგრას“ როლის შესრულება. მერე ისევ მააზელმა მიმიწვია „ლა-სკალაში“, სადაც „ტრავიატაში“ ჟერმონი ვითამაშე. ამ სპექტაკლების დიდი დამსახურება იყო, რომ ჩემი მოღვაწეობით „მეტროპოლიტენ ოპერის“ დირექცია დაინტერესდა.

3 იანვარი, ხუთშაბათი
მინდა, ეს დღე მშვიდად გავატარო: ხვალ კონცერტი მაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ, დატვირთული არ ვიყო. საერთოდ, კონცერტის თუ სპექტაკლის წინა დღეს „სიმშვიდის დღეს“ ვეძახი. ვთიშავ ტელეფონს, ვცდილობ, იმეილი არ წავიკითხო, ვიყო ჩემს ატმოსფეროში, ჩემს სამყაროში...

ავიღე ნოტები, გავშალე, წავიკითხე, სად რას ვაკეთებ, რა როგორ იქნება და დღესაც უფრო წყნარად, სახლში ვატარებ.

4 იანვარი, პარასკევი
დღეს კონცერტია. პირველ საათზე დაგეგმილი გვაქვს რეპეტიცია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და დილიდან ვემზადები. იქ მხვდება ბევრი ქართველი შემსრულებელი, მსოფლიოში აღიარებული ჩემი კოლეგები, რაც ძალიან მახარებს!

გავდივარ რეპეტიციას. ყველაფერი კარგად არის, ორკესტრი კარგად ჟღერს და იმედი გვაქვს, რომ საღამოს კარგი კონცერტი უნდა შედგეს.

კონცერტი შედგა, დიდი სიხარულია! მე შევასრულე რიგოლეტოს არია ოპერა „რიგოლეტოდან“. მოხარული ვარ, რომ კონცერტმა ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა - „ბრავოს“ შეძახილებით! თბილისელ მსმენელს დაახლოებით ათი წელია, არ შევხვედრივარ.

წავედით საპატრიარქოში, ბანკეტზე. მშვენიერი ბანკეტი იყო, ათას რამეზე ვისაუბრეთ. ვასრულებ ერთ-ერთ სიმღერას, რომელსაც პატრიარქს ვუძღვნი: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია!“ პატრიარქი გახარებულია! მეც ნამდვილად ბედნიერი ვარ!

საპატრიარქო 12 საათისთვის დავტოვეთ.

5 იანვარი, შაბათი
ძალიან მძიმე დღეა, საქართველოში ყოფნის ბოლო დღე. დაბარებული გვყავდა ორი ტელევიზია, სურვილი გამოთქვეს, რომ ჩემზე ჩაეწერათ გადაცემები.

დილის მერე არ მიჭამია, რაც ჩემთვის დიდი პრობლემაა. ოჯახიც გადაიღალა. ჩემი მეუღლე გზაში მეუბნებოდა, უკვე აღარ შემიძლია, დავიღალეო.

გუშინ ჩემთან მოვიდა ცნობილი მომღერალი მედეა ამირანაშვილი, გაბრწყინებული, გახარებული მილოცავდა: ასეთი რიგოლეტო არ მომისმენიაო! რატომ არის ეს ასე ხაზგასასმელი? იმიტომ, რომ პეტრე ამირანაშვილი იყო რიგოლეტოს ცნობილი შემსრულებელი საქართველოში. აქედან გამომდინარე, მე ვარ ტრადიციის გამგრძელებელი, ასე ვთქვათ. პეტრემ ეს როლი შეასრულა, თუ არ ვცდები, დაახლოებით ხუთასჯერ. ეს რეკორდია! ასეთი რთული როლის შესრულება ხუთასჯერ მართლა საოცრებაა! ჩემთვის ის ყოველთვის დიდი კოლეგა იყო!

ამჟამად ვცხოვრობ გერმანიაში, ქალაქ ვაიმარში. ეს ქალაქი ცნობილია გოეთეთი და შილერით. ლისტითაც. გარკვეული პერიოდი იქ მოღვაწეობდა ბახი.

ხვალ დილით მივემგზავრები გერმანიაში. ერთ-ორ დღეს დავყოფ ვაიმარში, მერე კი მივემგზავრები გენუაში, სადაც ვიმღერებ ოპერა „მაკბეტში“. შემდგომ მაქვს გასტროლი ლოს-ანჯელესში, სადაც „ტოსკაში“ მივიღებ მონაწილეობას. მერე ვბრუნდები იტალიაში - პალერმოში „ნაბუკოს“ შევასრულებ. შემდეგ ისევ ამერიკა, „მეტროპოლიტენი“. იქ „რიგოლეტოს“ ახალ დადგმაში ვმონაწილეობ, ლას-ვეგასის „რიგოლეტოს“ რომ ეძახიან. ეს დადგმა აპრილში განხორციელდება.

მაქვს მოლაპარაკება ალექსანდრე კორსანტიასთან. იგი ატარებს ფესტივალს „აღდგომიდან ამაღლებამდე“. ნიუ-იორკის შემდეგ მრჩება ერთი კვირა და ამ ერთ კვირაში აუცილებლად ვეცდები, საქართველოში ჩამოვიდე და მონაწილეობა მივიღო ამ ფესტივალში.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: nino საიდან გვწერთ: tbilisi
11.01.2013 04:07
ბრავო გიორგი, შესანიშნავად იმგერე, გამორჩეული იყავი ძალიან მაგარ ფორმაში ხარ, ვამაყობთ შენით და გვიხარია ყველა შენი წარმატებული პრემიერა თუ დებიუტი

ავტორი: § საიდან გვწერთ: tbilisi
10.01.2013 17:29
ამ მომღერლის პროფესიულ ნამღერზე და მის შესანისშნავ ხმაზე აღფრთოვანებული ვარ , ვუსმინე მის ნამღერს youtube-ზეც , ასეთი საოპერო მომღერალი დიდი ხანია აღარ მომისმენია ,
ძალიან მიკვირს რატომ არ აშუქებენ სათანადოდ ქართული მასმედია და პრესა , მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალი რომ გვყავს ქართველებს , არ უნდა ვიცოდეთ ყოველმა ქართველმა? თუ რომელიმე პოლიტიკოსის სიმპატიის ქვეშ თუ არ მოხვდა ისე არავის აშუქებთ ?

ავტორი: eldar საიდან გვწერთ: tbilisi
10.01.2013 16:21
მოვუსმინე გაგნიძეს პატრიარქისადმი მიძღვნილ კონცერტზე. ეს იყო დაუვიწყარი საღამო. დაუვიწყარი იმითაც რომ კიდევ ერთხელ ვიგრძენი თუ ვინა ვართ ჩვენ ქართველები. ნურავინ შეეცდება ჩვენს გადაქცევას ხელზე მოსამსახურე მონად, ეს არავის არ გამოუვიდა. ჩვენ ავიტანთ პურის ნაკლებობას მაგრამ დამცირებას არა და არა. გაგიმარჯოთ თქვენ ჩემო ნიჭიერო და იმედის განმამტკიცებელო ქართველებო! გაგნიძეს რაც შეეხება, მე აღფრთოვანებული ვარ მისი ვოკალური და არტისტული შესაძლებლობებით.

ავტორი: dato საიდან გვწერთ: tiflis
09.01.2013 20:42
კონცერტს ვუსმინე და აგფრთოვანებული ვარ , განსაკურებული ხარისხის ხმა და დახვეწილი პროფესიონალიზმი აქვს , გვიმრავლოს გმერტმა ასეთი ქართველები

ავტორი: x საიდან გვწერთ: x
09.01.2013 19:37
ბატონი გიორგის დიდება საამაყოა საქართველოსთვის!!!ღმერთმა ხელი მოუმართოს დიდ მომღერალს!.. დასანანია, რომ დაუნახავი და უმადური ხალხი ჭარბობს ჩვენში და უცხოეთში გადახვეწა და იქ დიდება-აღიარების მოპოვება ხდება სამშობლოში ამ ადამიანების დაფასების საწინდარი!!!

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული