Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბოჭორიშვილი - ექიმი


12 იანვარი, კვირა
9 საათისათვის მე, ლია და მარიამი უკვე ჯვრის მონასტერში ვართ. თითქმის ოცი წელია, ამ ტაძრის მრევლი ვართ და ღვთისმსახურებას ვესწრებით. ჩვენი ყველა სიხარულისა და ტკივილის გამზიარებელია ეს დიდებული სავანე. წირვაზე დასწრებისას კიდევ ერთხელ რწმუნდები ნეტარი ავგუსტინეს სიტყვების უცილობელ ჭეშმარიტებაში: „ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს სჭირდება, რწმენა კი ადამიანს – უბედურების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ რომ განზრახვა საქმეს სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.“ აქ მოღვაწე მამებთან, ჩვენს სულიერ მოძღვრებთან, თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. რაღაც სიმშვიდე, სიმყუდროვე ისადგურებს გულში, როცა აქ ვართ. შობაზე ვერ ამოვედით და წირვის შემდეგ მრავალრიცხოვანი მრევლის წევრების მოკითხვა-მილოცვა კარგა ხანს გაგრძელდა. მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინემ, დალოცვის შემდეგ მონასტერში გადმოსვლა მთხოვა. დიდხანს ვისაუბრეთ.

გვიანობამდე შევრჩით მონასტერში. სხვა მამებიც შემოგვიერთდნენ: უაღრესად სათნო იღუმენი მამა გრიგოლი, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად დაბრძენებული მამა გიორგი და მამა იოანე.

ჯვრიდან მცხეთაში, სახლში, გავიარეთ. ნარეკვავზე სახლი ჩემმა მშობლებმა ჯერ კიდევ 1966 წელს ააშენეს. თავის დროზე გამორჩეულად ლამაზი არქიტექტურის გამო ბევრი მნახველიც კი მოდიოდა. ბევრი რამ დაძველდა და კაპიტალურად შესაკეთებელი გახდა. ძალიან გვიყვარს მცხეთაში ყოფნა.
თავისუფლების დღიურები - გიორგი ბოჭორიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:16:55 0:00

13 იანვარი, ორშაბათი
დილას, ჩვეულებრივად, რვის წუთებზე ავდექი. საერთოდ, როგორ გვიანაც უნდა დავწვე, 7 საათზე ვიღვიძებ. მახსოვს ნადია ბებიას, მამაჩემის დედის ნათქვამი: კაცს რომ დილას ადგომა არ უყვარს, მისგან არაფერი გამოვაო. მძიმე ცხოვრება განვლო. 23 წლისა დაქვრივდა, რადგან ბაბუა ბაგრატი 1924 წლის რეპრესიებს შეეწირა. მამა იმ დროს ხუთი წლისა იყო, მამიდაჩემი ცუცა – სამის. დიდი ბაბუა ფირანი, დიდი ბებია ივლიტა სოფრომაძე და ბაბუას ძმა ლევანი ამოუდგნენ მხარში და გაზარდეს ობლები. მამას აქვს მოყოლილი, ბაბუას სკოლაში რომ წაუყვანია, არ იღებდნენ – „ხალხის მტრის“ შვილიაო. ბევრი უწვალია ფირან ბაბუას, რომ შვილიშვილი სკოლაში მიეღოთ. მამა ამბობდა, ასე თქვეს, თუ ვერ ისწავლის, გავრიცხავთო. ეს ისე დაამახსოვრდა, რომ ღამითაც კი მეცადინეობდა. ამის გამო ბაბუას უსაყვედურია, თვალებს თუ არ უფრთხილდები, ჭრაქს გაუფრთხილდიო. ბაბუა განსაკუთრებით უყვარდა. ჯარში სამსახურისას საფერშლო ჰქონდა დამთავრებული, არაჩვეულებრივად იცოდა ქართული, რუსული ენები. მე დღესაც მაქვს სახლში დიდი ბაბუას სამედიცინო წიგნები...

არანაკლებ საინტერესო პიროვნებები იყვნენ ნადია ბებიას მშობლები – ალექსანდრე კობახიძე და ცისია საგანელიძე. ცისიას ძმა იყო რაჭაში ცნობილი სასულიერო მოღვაწე, მღვდელი თედორე საგანელიძე. მე დღესაც მაქვს ურთიერთობა მის შვილიშვილებთან, ნამგალაძეებთან. ბაგრატ ბაბუას ძმა, ლევანი, ჯერ 1927 წელს დააპატიმრეს და სოლოვკიში გადაასახლეს სამი წლით, ხოლო 1937 წელს, როცა მამა სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელი იყო, მეორედ დააპატიმრეს და მალევე დახვრიტეს.

მამაზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. ის იყო ჩემთვის ნამდვილი გმირი. მის მაგალითზე, მის თავდადებაზე, მის შინაგანი პასუხისმგებლობის გრძნობაზე ვიზრდებოდით. 2011 წლის ნოემბერში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1941 წელს ინსტიტუტში ბოლო სახელმწიფო გამოცდა 21 ივნისს ჰქონდა, 22-ში კი ომი დაიწყო. რამდენიმე თვე მშობლიურ რაიონში იმუშავა და მალევე ყირიმის ფრონტზე, ქერჩში მოხვდა. დღედაღამ საველე ჰოსპიტალში ოპერაციებს აკეთებდა. ასეულობით დაჭრილს შეუნარჩუნა სიცოცხლე. 1942 წლის 13 მაისს გერმანელებმა საველე ჰოსპიტალი დაბომბეს. ოპერაციას აკეთებდა და სწორედ ამ დროს თვითონ დაიჭრა მძიმედ. გონს რომ მოვიდა, ნახა, სისხლისგან იცლებოდა. მკერდში იყო დაჭრილი, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მარჯვენა ფეხი ჰქონდა მოგლეჯილი ბარძაყში. დამხმარე არსად ჩანდა. ამიტომ თვითონ გაიკეთა ამპუტაცია – ჯაყვით გადაჭრა კანის ნაფლეთი, სისხლძარღვები ქუდიდან ამოგლეჯილი ძაფებით გადაკვანძა, ძვლის ფრაგმენტები რიყის ქვით გადატეხა და გრძნობა დაკარგა. გონს ნოვოროსიისკისკენ მიმავალი ბოლო გემის გემბანზე მოვიდა. სულ ახსოვდა გერმანელი მფრინავის თვალები, რომელმაც დაჭრილებით გადავსებული გემი არ დაბომბა. მერე იყო ევაკოჰოსპიტლები, ჯერ ნოვოროსიისკში, შემდეგ – გროზნოში, სადაც ბებიამ ჩააკითხა და ფეხსაცმელებიც ჩაუტანა... შემდეგ სიარულის თავიდან სწავლა დაიწყო პროთეზით. 36 წლის ასაკში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ლენინგრადის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. ათასობით ოპერაცია გააკეთა. მე ვამაყობ იმით, რომ დღე არ გავა, მის გადარჩენილ პაციენტს ან პაციენტის შთამომავალს არ შევხვდე კლინიკაში, ქუჩაში, სხვადასხვა ადგილას, უცხოეთში ყოფნისასაც კი. მარტო ოჯახის წევრებმა ვიცით, თუ როგორ ტკივილებს იტანდა ფეხის ტაკვის ნევრინომის გამო ღამღამობით, მაგრამ, ამის მიუხედავად, არასოდეს გაუცდენია ლექცია, არასოდეს გადაუდია დანიშნული თუ სასწრაფო ოპერაცია. მის ათეულობით მონოგრაფიასა და სახელმძღვანელოებზე ექიმ მედიკოსთა თაობები გაიზარდა. ერთხელ, როცა სააკაშვილმა მისი ფავორიტი ქალბატონის ბაბუა, როგორც ომის ვეტერანი, მოინახულა, დანანებით მითხრა, ქუდი მაინც მოიხადოს ამ კაცმა, სახლში ასეთი სტუმარი რომ ეწვიაო. არასოდეს ატარებდა ორდენებსა და მედლებს, არც ომზე საუბარი უყვარდა, არც ომზე ფილმების ყურება. ყველაზე უკეთ თვითონ უწყოდა ხეიბრობის ნაკლი. ამიტომაც ყველა სხვა ექიმზე იშვიათად აკეთებდა კიდურის ამპუტაციას. ყველა ღონეს და საშუალებას ხმარობდა მის შესანარჩუნებლად. საათობით იდგა ცალ ფეხზე საოპერაციო მაგიდასთან.

მახსოვს, ქირურგიაში მუშაობისას, ჩემი ერთ-ერთი პირველი მორიგეობისას, ახალგაზრდა გოგონა მოიყვანეს – საქორწილო ბეჭედს არათითის სკალპირებული ჭრილობა გამოეწვია. უფროსმა ქირურგმა ჭრილობის დათვალიერების შემდეგ თითის ნაწილობრივი ამპუტაციის აუცილებლობა ივარაუდა. მამას დავურეკე, რჩევა ვკითხე. გაბრაზდა და მითხრა, აუცილებლად შემენარჩუნებინა თითი. ასეც მოვიქეცი და შემდგომში განვითარებული დაჩირქების მიუხედავად, ადგილობრივი მკურნალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

სამსახურში მისვლამდე მანქანაში ვუსმენ პრესის მიმოხილვას. 9 საათზე კონფერენცია იწყება. ვისმენთ მორიგე ექიმის პატაკს, რა ხდებოდა კლინიკაში, ვარჩევთ საოპერაციო პაციენტებს. დღეს ერთი ოპერაცია მაქვს. 18 წლის ვაჟს სათესლე პარკის წყალმანკის გამო ოპერაციას ვუკეთებ.

ერთ საათში ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ჩემი ოთახის კარებთან რამდენიმე პაციენტი მელოდებოდა. კონსულტაციების ჩატარებისა და დანიშნულებების მიცემის შემდეგ მორფოლოგებთან ერთად პროსტატის კიბოთი დაავადებული ორი პაციენტის მონაცემები განვიხილეთ. მომავალ კვირაში ამერიკელებთან ერთად პროსტატის კიბოიანი პაციენტის განმეორებითი მკურნალობაა დაგეგმილი ლაზერის ტექნოლოგიით. მკურნალობის ამ წესით, შესაძლოა, პროსტატის კიბოს მკურნალობაში სერიოზული გარღვევა მოხდეს. კაბინეტში დაბრუნებულმა, სკაიპში ვნახე, რომ სანდრო მირეკავდა. უკვე ერთი კვირაა, ნეაპოლში პროფესორ მირონეს კლინიკაშია. ეს კლინიკა და თვითონ პროფესორი მირონე მსოფლიოში ცნობილია ერექციული დისფუნქციების მკურნალობით. თვითონ ვინჩენცო ძალზე კარგი ქირურგი-უროლოგია. დიდი ხანია ვმეგობრობთ. სანდროს დავურეკე, ვეღარ ვისაუბრეთ, საოპერაციოში შედიოდა. კარგია, თუ ამ მიმართულებით დახელოვნდება. ჩვენთან ამ დაავადებების მკურნალობის ცოდნას, ვენეროლოგით დაწყებული და ფსიქიატრით დამთავრებული, ყველა იჩემებს.

5 საათზე ფიქრის გორაზე კლინიკაში სამი პაციენტი მელოდებოდა. ამ კლინიკას აბსოლუტურად სხვა კონცეფცია უდევს საფუძვლად. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ოჯახური გარემო, სიმყუდროვე, უმაღლესი დონის პროფესიონალების კონსულტაცია და გასაოცრად მისაღები ფასები (პრაქტიკულად იგივე, რაც სხვაგან), ყველასთვის კომფორტულია. ბევრი უცხოელიც გვაკითხავს, მათ შორის ევროპელებიცა და ამერიკელებიც.

ლიკა მირეკავს, რომ სახლში რაღაც უნდა წამოვიღო. დღეს ხომ ძველით ახალი წელია. არადა, მართლაც მაგრები ვართ, ორი სათაურისა არ იყოს, ყველაფერს ორ-ორჯერ აღვნიშნავთ!

ძველით ახალ წელს მაგიდას შემოვუსხედით, მერე მარიამი სამეცადინოდ გავიდა, მე და ლიკამ კი ცოტა ხანს კიდევ ვუყურეთ ტელევიზორს. რა საცოდაობაა ქართულ არხებზე მდარე ხარისხის საახალწლო გადაცემების ყურება!

14 იანვარი, სამშაბათი
დღეს ახალგაზრდა ქალს შარდსადენი მილის ტრანსპოზიციას ვუკეთებ. პირველი ოპერაცია 2008 წელს გავაკეთე. მას შემდეგ პაციენტების რაოდენობა, ვისაც ამგვარი ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება მუდმივად მატულობს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ქალი წლობით იტანჯება მდგომარეობისგან, რომელსაც „ცისტიტს“ ეძახის, რადგან დაავადების უხშირესი გამოვლენა სწორედაც „ცისტიტისათვის“ დამახასიათებელი ნიშნებით ვლინდება.

ბევრი მათგანი ამ მდგომარეობის განვითარებას უშუალოდ უკავშირებს სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და ხაზგასმით მიუთითებს, რომ ასეთი მოვლენები სწორედაც სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ დაეწყო. ამასთან, ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოქმნილი დისკომფორტი სქესობრივი ცხოვრების თანმდევად მიაჩნია. ალბათ ამით აიხსნება, რომ ბევრი ქალი ამ თემაზე ექიმთანაც კი ერიდება საუბარს და ტკივილგამაყუჩებლებითა და სხვადასხვა ანტიბაქტერიული პრეპარატით, წლობით, სრულიად გაუმართლებელ თვითმკურნალობას მიმართავს. ასეთი გაწამებული ყოფა კი ყოველი სქესობრივი აქტის შემდეგ კვლავაც ახსენებს თავს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე, როცა ამგვარი მკურნალობის უშედეგობაში რწმუნდება, ექიმს მიმართავს. სამწუხაროდ, ბევრი ექიმი (ისე, რომ გინეკოლოგიურ სავარძელზე არ სინჯავს პაციენტს), ათასგვარი კვლევის (ზოგჯერ საკმაოდ ძვირადღირებულისა და არაინფორმაციულის) ჩატარების შემდეგ საბოლოო ჯამში ყოველი სქესობრივი აქტის წინ და მის შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ქალებს კვლავაც ანტიბაქტერიულ მკურნალობას უნიშნავს.

შედეგიც სახეზეა. პაციენტების დიდი უმრავლესობა სქესობრივი ცხოვრების შემდგომ უცილობლად მომყოლი დისკომფორტის შიშით ზღუდავს, ზოგჯერ კი უარსაც ამბობს სქესობრივ აქტზე. შედეგად ირღვევა ოჯახური ჰარმონია, არცთუ იშვიათია ოჯახური კონფლიქტები, ხანგრძლივი დროის განმავლობაში შრომისუუნარობა სამსახურებრივი კონფლიქტის მიზეზიც ხდება. ეს ყოველივე ხელს უწყობს პაციენტების დესოციალიზაციასა და მისი ფსიქოემოციური სფეროს დარღვევას, სერიოზულ გავლენას ახდენს დემოგრაფიულ სიტუაციაზე. ოპერაცია მარტივია, ძალზე ელეგანტური და ეფექტიანი. ოპერაციიდან კმაყოფილი დავბრუნდი განყოფილებაში. ეს უკვე მეორმოცე პაციენტია, რომელიც ადრე ნაოპერაციები პაციენტის რეკომენდაციით მოვიდა. მომავალ კვირაში კიდევ ოთხ პაციენტს უნდა გავუკეთო ანალოგიური ოპერაციები, მათგან ერთი საგანგებოდ ბაქოდან ჩამოდის.

15 იანვარი, ოთხშაბათი
დღეს დილიდან შევიკრიბეთ „ალდაგის“ „ჩემი ოჯახის კლინიკაში“ მომუშავე უროლოგები: თემურ ჩიგოგიძე, შალვა მშვილდაძე, როსტომ მუშკუდიანი, სანდრო შიოშვილი და მე. მათგან განსხვავებით, ამ კლინიკაში მუშაობის ათწლიანი სტაჟი მაქვს. ამიტომაც მახსოვს, როგორ პროგრესულად იკლებდა ხელფასის პროცენტული წილი იმ თანხასთან მიმართებით, რომლითაც იყო შეფასებული კონსულტაცია. საგანგებო წერილიც შევადგინეთ, სადაც აღვნიშნავდით, რომ ასეთი მდგომარეობა სრულიად შეუსაბამოა დახმარებისა და კონსულტაციის იმ ხარისხთან, რომელსაც ჩვენ თითოეულ პაციენტს დღემდე ვუწევდით. ამგვარი შეუსაბამო ანაზღაურების შესახებ არაერთგზის განვაცხადეთ და გავაპროტესტეთ. მიგვაჩნია, რომ ანაზღაურების ის მოცულობა, რასაც ჩვენ ვიღებთ, ზოგადად ექიმისათვის (აქ საუბარი მარტო ექიმ-უროლოგებზე არ არის) შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია. ორკვირიანი ვადა მივეცით მდგომარეობის კარდინალურად შესაცვლელად.

ხელმოწერილი წერილი კლინიკის კანცელარიას ჩავაბარე. დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვნახოთ, რა მოყვება. უდავოა, რომ სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობისას ზემოგებებს იღებდნენ, დღემდე ვერ ელევიან ამ კოლოსალურ მარჟებს. ანალოგიური სიტუაციაა სტაციონარული პაციენტების მკურნალობისასაც. ავიწყდებათ, რომ ღატაკი ექიმი მათი ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა.

16 იანვარი, ხუთშაბათი
დილიდან მანქანაში რადიოს ვუსმენ. ძირითად ინფორმაციას პრესის მიმოხილვიდან ვიგებ. მთელი ამბებია ატეხილი პატარკაციშვილების ოჯახსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული მემორანდუმის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. აქეთ მეორე არანაკლებ სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. თუ ეს მართალია და სააკაშვილმა მართლაც მიმართა საფრანგეთის სასამართლოს წერილით, რომელშიც ხოტბას ასხამს კეზერაშვილს, როგორც უნიჭიერეს ბიზნესმენს, რომელმაც იარაღის ვაჭრობით ნაშოვნი მილიარდები, თურმე ნაცვარდოსნების რეჟიმის გაძლიერებას მოახმარა. ბრავო ოპერის მოყვარულთა ასოციაციის პრეზიდენტს! ვაშა „პატარა ბონაპარტს!“ ეს უკვე ნამდვილი თვითლუსტრაციაა. ვარდოსნებმა შექმნეს მსოფლიოში ანალოგის არმქონე ქვეყნის მართვის, უფრო სწორად კი უმართაობის, სიცრუეზე დაფუძნებული „უმაგრესი“ სისტემა. სააკაშვილმა შემოიკრიბა ხალხი, რომელმაც ბავშვობაში ვერნათამაშები თამაშები ცხოვრებაში განახორციელა, რამაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. და მოხდა ის, რომ, როგორც კრონოსმა დაიწყო საკუთარი შვილების ჭამა, ისევე დაიწყო სააკაშვილის შექმნილმა სისტემამ რღვევა, „ჩამოშლა“ და მის მიერვე შექმნილი ნაკაცარი და ნაქალარი პროდუქტების დაუნდობელი, უმოწყალო მოხმარება-განადგურება.

გამორიცხული არ არის, რომ დემოკრატიულმა დასავლეთმა ის დაარწმუნა, რომ საქართველოში მისი შემდგომი პოლიტიკური პერსპექტივა არ არსებობს. არადა, ლორდ აქტონის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, რომლითაც მან ჯერ კიდევ 1899 წლის 22 მაისს მიმართა ბრიჯნორთის ინსტიტუტის წევრებს, „ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“. შედეგსაც ვიმკით. იმ ვირტუალურ რეალობაში ჩარჩენილი შუბლისძარღვგაწყვეტილი ხმაშეწყობილი ვარდოსნების მუდმივი რიტორიკა მართლაც ამაზრზენი მოსასმენია. არადა, რამდენი ათასი ადამიანი ჰყავთ გამწარებული?!

ახლა მაინც ხომ ყველამ გაიგო, რომ ქვეყნის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო ყოფილა საპროცესო გარიგებების ხარჯზე მიღებული ასეულ მილიონობით ლარი, რომელიც, პროკურატურის მიერ „დადგენილი“ გარდაუვალი დასჯის აცილების ან გადავადების შიშით, ყოველწლიურად შედიოდა სახელმწიფოს ყულაბაში. ამდენივე, თუ მეტი არა, ილექებოდა პირამიდის მწვერვალზე აბობღებული ჩინოსნების ჯიბეებში. განა არ ვიცოდით, რომ ციხის რეალობით დაშინებული უამრავი ბიზნესმენი „სიხარულით“ მიდიოდა ხელისუფლების მითითებულ კონკრეტულ ბანკში, იღებდა მილიონიან კრედიტებს და „ნებაყოფლობით უმართავდა ხელს“ ამ უგვანო და უჯიშო ხალხს.

Dura lex, sed lex! სამართალმა აუცილებლად პური უნდა ჭამოს! სამართლიანი გარემო კი არ უნდა აღდგეს, არამედ უნდა შეიქმნას (რა უნდა აღდგეს, რაც არ არსებობდა?!). კომპეტენციაც უნდა დადგინდეს და კომპეტენტურმა პროფესიონალებმა განახორციელონ. ისე, ამდენ დიმიტრი გელოვანს სად ვნახავთ?!

17 იანვარი, პარასკევი
დილიდან უროლოგიის ინსტიტუტში რამდენიმე კონსულტაცია ჩავატარე, მათ შორის გოგი შონიასთან, რომელთანაც პირველი კლასიდან ვმეგობრობ. აქვე, დავითაშვილზე ცხოვრობდა და დედამისის, მედიკო დეიდას ძიძა, ევა, არაჩვეულებრივ კატლეტებს ამზადებდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დამამახსოვრდა. მუსიკალურში კოჯრის ქუჩაზე დავდიოდი. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაფასებ, ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა, მაგრამ მე ავითვალწუნე: თუ სხვები ბეთჰოვენსა და მოცარტს უკრავდნენ, მე ბაბაჯანიანს და ხაჩატურიანს მაკვრევინებდა. პროტესტი ჩემებურად გამოვხატე: კვირაში ორჯერ, მეცადინეობის საათებში, ევა საგანგებო კატლეტებს მახვედრებდა. წლის ბოლოს ეს იდილია მოულოდნელად დამთავრდა. სკოლის დირექტორი ეთერი კილაძე შემთხვევით დედაჩემს შეხვდა და ჩემი ამბავი მოიკითხა. ასე დამთავრდა „საკატლეტო ეპოპეა“...

დღეს ყველა კლინიკაში ბევრი პაციენტი მყავდა. საღამოს 9 საათისათვის ნატაშკა ვნახე. ლიკა იქ დამხვდა, მერე იტალიურიდან მარიამიც მოვიდა. დღეს ბევრად უკეთესადაა და ნაკლებად ახველებს, დედამისს რომ ხედავს, არავისთან აღარ მიდის. ზაფხულში, მცხეთაში ყოფნისას, როგორც კი ვეტყოდი, ბოტანიკურ ბაღში წავიდეთ-მეთქი (ასე შევარქვი ქვედა ეზოს), თავპირისმტვრევით გარბოდა მშობლებისკენ, ხელებით ანიშნებდა, არიქა, ჩამაცვითო! ახლა ცივი უარი მტკიცა, არა, არაო, და დედამისს ჩაეკრა.

გვიან რომელიღაც არხზე, ვრცელი რეპორტაჟი იყო პრემიერისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ბიზნესს ამ ქვეყანაში მაშინ ეშველება, როცა ჩამოფრენილი ინვესტორი თავის პარტნიორს ე.წ. „ბიზნესლანჩზე“, რომელიმე სასტუმროში შეხვდება და ქვეყნის დატოვებამდე არც პრემიერს, არც პრეზიდენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და, მით უფრო, არც ფინანსური პოლიციის უფროსს არ შეხვდება. ოღონდ აქაური ბიზნესმენები, ანუ დღეს არსებულები, ამ საქმისათვის გამოუსადეგარნი არიან, იმდენად ერთხმად, ხბოს აღტკინებით ისაუბრეს პრემიერისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ. მათთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ბიზნესში საქმიანობა სამთავრობო „დაკრიშვის“ გარეშე. ეს რომ ერთეული გამონაკლისი იყოს, არც კი ვისაუბრებდი, მაგრამ, როცა ეს პატივცემულები თითქმის ერთი და იმავე ფრაზებითა და პუნქტუაციითაც კი გამოდიან, უბრალოდ იზაფრები.

18 იანვარი, შაბათი
დღეს უროლოგიის ინსტიტუტში არ მივდივარ. დილიდან „მედი პრაივში“ რამდენიმე პაციენტია ჩაწერილი. შემდეგ აუცილებლად ქეთინო ფირცხალავას უნდა მივაგო პატივი. არაჩვეულებრივი გოგო, უნიჭიერესი, ლამაზი. სულ მისი Антошка, Антошка მიდგას თვალწინ...
XS
SM
MD
LG