Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია გოკიელი - მთარგმნელი


11 ოქტომბერი, კვირა

დღიურების წერა ჩვეულებად არ მაქვს, თუმცა საღი აზრი მკარნახობს, რომ უნდა ვწერდე, კარგი იქნებოდა. რამდენჯერმე წამოვიწყე კიდევაც, თუმცა მალევე მივაგდე, მოთმინება და ორგანიზებულობა არ მყოფნიდა, ანუ სჯობს ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა და ვთქვა, რომ, უბრალოდ, მეზარებოდა. ამჯერადაც, ამერიკაში გამომგზავრების წინ, ვიფიქრე, მომდევნო დღეების ჩანაწერებს მაინც გავაკეთებ-მეთქი, თორემ ყველაფერი თავში ამერევა და, ელემენტარულად, რომ ჩამოვალ, დალაგებულად ვერ მოვუყვები ჩემს ახლობლებს, სად ვიყავი, რა გავაკეთე და რა ვნახე-მეთქი. ამ ფიქრებში მყოფს, ფეისბუკზე ოქრო რუხაძემ მომწერა, ჩემმა მეგობარმა და თავისუფლების ჟურნალისტმა, აბა შენ იცი, დღიურები გააკეთეო. რადიო თავისუფლებისთვის-მეთქი? რატომღაც მომეჩვენა, რომ ამას მეუბნებოდა. არა, შენთვის, რომ არ დაგავიწყდესო, და მერე, ეტყობა, ჭკუაში დაუჯდა და, რამე რომ იყოს, ჩვენთვისაც დაწერო, მკითხა. ჰოდა, იმ ტალღაზე, რომელზეც ვიმყოფებოდი, რატომაც არა-მეთქი, და ასე გადაწყდა. აღმოჩნდა, რომ დიდ შარში გამიყვია თავი. დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ დღის საქმეების, კონფერენციების შეხვედრების, მიღებების, სადილების და, ბოლოს, თავისუფალ დროს ნიუ-იორკში წანწალის მერე, შინ მატარებლით დაბრუნების შემდეგ, კიდევ დღიურისთვის ჩანაწერები ვაკეთო. მაგრამ უკან დასახევი გზა მოჭრილი მაქვს.

უკვე მეათე დღეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფები. ყოველ დილით ნიუ-ჯერსის შტატის პატარა კოპწია ქალაქში, საუთ ორანჯში ვიღვიძებ, ჩემი ბიძაშვილის, ნინო ბადრიძის ლურჯად შეღებილ კოხტა სახლში. დღეს კვირაა და ისეთივე ნათელი და თბილი დღე გათენდა, როგორიც თითქმის ყველა წინა დღე იყო, პირველის გამოკლებით, მაგრამ ამაზე − შემდგომ. ამოვდივარ „ბეიზმენტიდან“, რომელიც მთლიანად ჩემს განკარგულებაშია, და სადაც ნებისმიერ სასტუმროზე უფრო გემრიელად ვარ მოწყობილი და სამზარეულოში ვხვდები ნინოსა და მის სამ შვილს: 15 წლის ეილის, 11 წლის ანას და 9 წლის იუანს. დღეს სკოლა არ აქვთ, არც ფეხბურთი და ბალახის ჰოკეი, ამიტომ ნინოსაც არ სჭირდება დილაადრიანად მანქანის გამოყვანა და მათი ჩამორიგება. შესაძლებელია ცოტა გვიან ადგომა და მშვიდად საუზმობა. მაიაც აქაა, აღარ ნერვიულობს ჩემს დანახვაზე და აღარ მიყეფს, როგორც თავიდან (არა, არა, სულ სხვა მაიაზე ვლაპარაკობ, მაია ამ ოჯახის ბინადარ ძაღლს ჰქვია, რომელიც თავშესაფრიდან წამოიყვანეს და ქუდიანი კაცები არ უყვარს, ეტყობა, ცუდი მოგონებები აქვს მათთან დაკავშირებით. ჰოდა, მეც ვცდილობ, მისი თანდასწრებით ქუდი არ დავიხურო). ნინოსთვის ცხოველის ყოლა ბუნებრივი მდგომარეობაა. იყო დრო, როცა თბილისში, საბურთალოს „ხრუშჩოვკის“ ბინის სარდაფში ათობით ობოლ მგლის ლეკვს კვებავდა საწოვარათი, ნინო ხომ ჩვენი ცნობილი ბიოლოგის, იასონ ბადრიძის შვილია. მახსოვს, ერთხანს მათთან პატარა ვეფხვის ბოკვერი, ტახირიც ცხოვრობდა. ნინო უკვე ოც წელზე მეტია, ამერიკაში ცხოვრობს, ჰყავს შოტლანდიელი ქმარი და ამერიკელი შვილები. მათი ოჯახის შემხედვარე, თვალნათლივ ხედავ და ხვდები, როგორ შეიქმნა და განაგრძობს შექმნას ამერიკული ერი.

ნინომ თავისთან დამპატიჟა, როცა გადაწყდა, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მიფინანსებს ნიუ-იორკში მგზავრობას ლუის კეროლის „ელისის თავგადასავლის“ 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ვერ ფარავს სასტუმროს ხარჯებს. და კიდევ კარგი, რომ არ აღმოვჩნდი მარტოდმარტო ნიუ-იორკის რომელიმე (თუნდაც კარგ) სასტუმროში, ვინაიდან ყოველ საღამოს აქ მობრუნება და ოჯახურ სითბოში აღმოჩენა განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს ჩემს აქ ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ დილა-საღამოს მიწევს ნიუ-ჯერსიდან ნიუ-იორკში წინ და უკან დაახლოებით ერთსაათიანი მგზავრობა. თუმცა, მე რა უნდა დავიჩივლო, ამას აქ „კომიუტინგი“ ჰქვია და ჩვეულებრივი პრაქტიკაა ნიუ-იორკში მომუშავე ათასობით და ათასობით ადამიანისთვის (ასე შვრება დევიდიც, ნინოს ქმარიც), ჩემთვის კი ეს დამატებითი გამოცდილებაა და შესაძლებლობა, ვიცხოვრო ჩვეულებრივი ამერიკელების ყოფით. „ნიუ-ჯერსი ტრანზიტის“ მატარებლები არც თუ ისე სწრაფი, მაგრამ კომფორტულია, და არც თუ ისე ცუდი გრძნობაა, გიჟური დღის მერე უკანა გზაზე მოხერხებულ სავარძელში მოკალათება, დაღლილობისგან დაბუჟებული ფეხების დასვენება და შთაბეჭდილებების გადახარშვა.

თავისუფლების დღიურები - გია გოკიელი
please wait

No media source currently available

0:00 0:16:04 0:00
გადმოწერა

კონფერენცია და საიუბილეო შეხვედრები უფრო ადრე იყო, ვიდრე ჩემი დღიურებისთვის გამოყოფილი ერთი კვირაა და ალბათ ამაზე უფრო დაწვრილებით საუბარი მაშინ აჯობებს, როცა ბოლო ორი დღის გატარება მგზავრობაში მომიწევს და სადღიუროც ბევრი არაფერი მექნება.

ნიუ-ჯერსის შტატს არ აქვს მიწიერი სამოთხის რეპუტაცია. „ლოუნლი პლანეტის“ მეგზური ისეთ აღწერილობას იძლევა, რომ აქეთ გამოხედვა არ მოგინდება კაცს, თუმცა, სინამდვილეში საქმე მთლად ეგრე არაა და ძალიან საინტერესო ადგილია. მდინარე ჰადსონის (რომელიც ჩვენში ლიტერატურიდან გუძონის სახელითაა ცნობილი) ერთ ნაპირზე რომ ნიუ-იორკია, მის ქვეშ გაყვანილ გვირაბებს მეორე ნაპირზე, პირდაპირ ნიუ-ჯერსიში ამოყავხარ. აქაა ძალიან ლამაზი, ევროპული ტიპის, ერკერებიანსახლებიანი პატარა ქალაქი ჰობოკენი, რომელიც ფრენკ სინატრას სამშობლოობით ამაყობს და საიდანაც შუა მანჰეტენის საუკეთესო ხედი იშლება. ჩემდა გასაკვირად, შევიტყვე, რომ თურმე ნიუ-ჯერსის ეკუთვნის ელისის კუნძულისა (ეს სხვა ელისია) და ნიუ-იორკის სიმბოლოს, თავისუფლების ქანდაკების პარკის უდიდესი ნაწილი. თუმცა „ლოუნლი პლანეტის“ მეგზური არ ცდება იმაში, რომ ნიუ-ჯერსის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ნიუ-იორკს ემეზობლება, სეკაუკუსისა და ნიუარკის ჩათვლით, არის ინდუსტრიული, უშნო, უსწორმასწორო, გაუგებარი ნაგებობებითა და ნაცრისფერი ბეტონის ესტაკადებით, რკინის ჯართითა და ჭაობებით დაფარული მიწა, რომელიც არაჯანსაღად გამოიყურება და კაცს ნამდვილად არ მოგინდება აქ ცხოვრება. თუმცა, უინტერესო ნამდვილად არაა. ნიუარკი 70-იან წლებში სწრაფად ვითარდებოდა და ბიზნესისა და ფინანსების ცენტრად ყალიბდებოდა, თუმცა აქ მოხდა შავკანიანთა აჯანყება, არეულობა, რამაც გამოიწვია ის, რომ ბიზნესმენებმა კაპიტალი გაიტანეს და შტატს გაჭირვების ხანა დაუდგა. თუმცა, ნიუარკის შემდეგ იწყება ის რაიონები, სადაც განლაგებულია ჩვენი საუთ ორანჯი და სხვა მსგავსი დასახლებები, რომელთა შორის თვალსაჩინო საზღვრები არ არსებობს და რომელიც თავისი სიმწვანით, ლამაზი სახლებითა და მოწესრიგებული გარემოთი გერმანიას მოგაგონებს. აქ ყიდულობენ სახლებს მანჰეტენელი მდიდრები: ბანკირები, მსახიობები თუ სპორტსმენები.

დღეს ელისის კონფერენციის დასკვნითი, მეხუთე დღეა. მოვლენების ცენტრი ქვემო მანჰეტენში, დაუნტაუნში გადადის: ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სულიერი ცხოვრების გლობალურ ცენტრში დღეს საუბარი მიდის იმაზე, თუ როგორაა ასახული „ელისი“ ვიდეოთამაშებში, კომიქსებში, ფილმებში, ანიმეში, კოსპლეისა და მანგაში. ყოველივე ამას ჰქვია „ელის პალუზა“, რაც ნიშნავს დიდ წვეულებას, ერთ ადგილას უამრავი ადამიანის შეკრებასა და დროსტარებას. „კოსპლეი“ აქამდე გაგონილი არ მქონდა და აღმოჩნდა კოსტიუმირებული თამაშები, რასაც მონაწილეები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან წვრილმანებისა და ნიუანსების დონეზე. აქ ნებისმიერი კონფერენციისა თუ სხვა საზეიმო ღონისძიების ფონს ქმნიდნენ ეს ადამიანები, რომელთა შორის გამოირჩეოდა ლურჯ კაბასა და თეთრ წინსაფარში გამოწყობილი დიდი ზომის გოგო, ვალინა ეკლი, რომელიც ალბათ გიგანტური ელისის იპოსტასს განასახიერებდა. შემდეგ გაიმარტა დისკუსია იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის ტენდენცია, რომ 21-ე საუკუნეში ფილმებში უმეტესად გამოყვანილია გაზრდილი ელისი და მოთხრობილია მისი არასაბავშვო თავგადასავლები, რის კვინტესენციაც გახდა ტიმ ბერტონის ფილმი „ელისის თავგადასავალი“. ჩემი აზრით კი ელისი, როგორც წიგნი, უმთავრესად სიტყვის შესახებაა, სიტყვების გარშემო ტრიალებს, ვიდრე ამბებისა და სახეების, და ამდენად არც ერთმა ეკრანიზაციამ არ დამაკმაყოფილა ბოლომდე.

დღის სამ საათზე სესიებს შორის შესვენებაა, რაღაცის გაცდენაც მომიწევს, იმიტომ რომ ნინომ გამიკეთა საჩუქარი: ბილეთი ფორტეპიანოს ლეგენდის, მაურიციო პოლინის, სოლო კონცერტზე ასევე ლეგენდარულ „კარნეგი ჰოლში“, დარბაზ-ცათამბჯენში. ასეთი მაღალი დარბაზი ჯერ არ მინახავს. აივანზე ვზივარ და, ალბათ, მეათე სართულის სიმაღლიდან ვუყურებ პიანისტს. ასეთ გარემოში ძალიან ძნელი მგონია სოლო შემსრულებლის ინტიმური საუბარი უზარმაზარ აუდიტორიასთან. შესაძლოა, ეს იყო პოლინის უზომო ღელვის მიზეზი, რის გამოც ძალიან ბევრი „ჭუჭყიანი“ ნოტა ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მის განსაკუთრებულ მუსიკალობას ასაკმა ვერაფერი დააკლო, ტექნიკური წუნი თვალსაჩინო იყო და, საბოლოო ჯამში, კონცერტმა, რომლის პროგრამას შუმანისა და შოპენის ნაწარმოებები შეადგენდა, მთლად ისე ვერ მასიამოვნა, როგორც მოველოდი. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იმ დღეს თელავში უკეთესი კონცერტი გამართულა ელისო ვირსალაძის მონაწილეობით. შესვენებისას დარბაზში შემხვდა რუსო ჩიტაია, ჩემი ანანოს მეგობარი, რომელთან ერთადაც საფორტეპიანო დუეტი ჰქონდათ და კონკურსიც კი მოიგეს სანქტ-პეტერბურგში. დარბაზიდან გარეთ გასული ერთ ლამაზ შენობას ვათვალიერებდი, როცა გამომელაპარაკა ერთი ცოცხალი, ებრაული გარეგნობის შუახნის კაცი, რომელიც ქართველი პიანისტის, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი თემურ ახობაძის კერძო მოწაფე გამოდგა. სიკვდილის ეშინოდა, მითხრა, უეცრად მოკვდებიო, და ასეც მოხდაო. მე არ ვფიქრობ სიკვდილზე, აბა კარგად იყავიო, და ნიუიორკელთა ბრბოს შეერია. მე კი შინ ვბრუნდები.

12 ოქტომბერი, ორშაბათი

კონფერენცია და შეხვედრები დამთავრდა. დღეს ბოლო შეხვედრა გვაქვს ლინკოლნის ცენტრში, მასთან არსებულ ნიუ-იორკის საშემსრულებლო ხელოვნების საჯარო ბიბლიოთეკაში. მიდის მისამართებისა და ბარათების გაცვლა-გამოცვლა, ჩახუტება და მხრებზე ხელის ტყაპუნი. ყველა კმაყოფილია და თან სევდიანიც. ფეისბუკზე დიდი საძმო იქმნება, სადაც ყველა გააზიარებს, თუ რამე მოსაგონარი აქვს. იქნებ „სარკისმიღმეთის“ იუბილეც მოვაწყოთო 2022-ში, გაისმის „ხალისიანი ხმები“. თუმცა, ყველას გვესმის, რომ „ეს ის მაინც ვერ იქნება“ ანუ ისეთი ზეიმი, დღეს რომ მორჩა. გამოფენასთან ერთად დამატებით მოეწყო დახლები და ყველას შესაძლებლობა აქვს, იყიდოს სამახსოვრო წიგნი ან სუვენირი და, თავის მხრივ, გაყიდოს, თუ რამე გასაყიდი აქვს. აი, სად ვინანე, რომ ეს ადრე არ ვიცოდი და სულ რვა წიგნი მქონდა ჩამოტანილი, ძველი გამოცემა. 50 ცალი რომ მქონოდა, სულ გაიყიდებოდა...

საღამოს გაიმართა მიღება და აქ შევხვდი ჩემი მეგობრების შვილს, ხატია ესართიასაც, ნიუ-იორკში მცხოვრებ მხატვარს, რომელიც ერთ-ერთ დიდ გალერეაში მუშაობს და წარმატებული კარიერა აქვს.

ზუსტად ორ საათში ჩვენი დრო ამოიწურა და სასწრაფოდ გამოგვისტუმრეს გარეთ.

13 ოქტომბერი, სამშაბათი

დღეს თავისუფალი დღე მაქვს და ნიუ-იორკში გასეირნებას ვგეგმავ. დღემდე შთაბეჭდილება მქონდა შექმნილი, რომ ნიუ-იორკი არაა სასეირნო ქალაქი, აქ არ უნდა დადიოდე, აქ უნდა მიდიოდე სადმე, წინასწარ განსაზღვრული მიზნით. თუმცა, როგორც ბოლო დღეები მარწმუნებს, ნიუ-იორკი მალევე გინგრევს იმ შთაბეჭდილებებს, რომლებსაც თვითონვე გიშენებს.

ნინოს რჩევით, 34-ე ქუჩაზე ავდივარ ჰაილაინზე. ესაა ყოფილ სარკინიგზო სადგურის რკინის კონსტრუქციაზე გაშენებული სასეირნო პარკი, სადაც ადგილ-ადგილ დატოვებულია ძველი რკინიგზის ლიანდაგები. ქვემო მანჰეტენის მიმართულებით მიდის, ჩელსის ისტორიულ უბანს გაივლის და იქიდან შესანიშნავი ხედი იშლება მდინარე ჰადსონზე, ხელმარჯვნივ, სადაც თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებია, მათ შორის ფრანკ გერის შენობაა რომელიღაცა კორპორაციის. ბევრი ჯერ კიდევ შენდება. აქ მართლაც შეიძლება მშვიდი სეირნობა, თუმცა სრული სიმშვიდის განცდა ნიუ-იორკში არასოდეს გეუფლება: დაფრინავენ ვერტმფრენები, სადღაც აუცილებლად წივის სირენა. ჰაილაინის პარკი უიტნის თანამედროვე მუზეუმთან თავდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ჩამოსვლაზე დრო არ მაქვს მის სანახავად. დღის ბოლოს ვათვალიერებ გრინვიჩ ვილიჯის ძალიან განსხვავებულ ისტორიულ უბანს და დღის პროგრამას ვასრულებ ვაშინგტონის სკვერში, სადაც ერთ ინვალიდ ზანგს ჭადრაკს ვეთამაშები.

14 ოქტომბერი, ოთხშაბათი

ნიუ-იორკში ჩემი ყოფნის ბოლოსთვის დავასკვენი, რომ ეს ქალაქი ყველაზე მეტად მაშინ მომწონს, როცა გაშლილი ადგილებიდან ვუყურებ და, განსაკუთრებით, როცა წყალთან ახლოს ვიმყოფები. ამიტომ დღეს გადავწყვიტე, მანჰეტენიდან ბრუკლინში გადასვლა მეტროთი, რათა იქიდან შემეთვალიერებინა ბრუკლინის ხიდი და უკან გადმომესეირნა მასზე. რა სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა! ხიდიდან არაჩვეულებრივი სივრცე და ხედი იშლება: შენ ქვემოთ ისტ-რივერია, მარჯვნივ − მანჰეტენის ხიდი, მიდტაუნი და ემპაირ სტეიტ ბილდინგი მოჩანს, ხელმარცხნივ, შორს − თავისუფლების ქანდაკება და ნიუ-იორკის ყურე, პირდაპირ − ქვემო მანჰეტენის ცათამბჯენების კომპლექსი და მათ შორის მართლა ცად ამართული მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ახალი შენობა.

უკანა გზაზე, მეტროში, ერთი სიმპათიური კაცი გამომელაპარაკა. აღმოჩნდა, რომ ბროდვეის ერთ-ერთი თეატრის მსახიობი ყოფილა და როდესაც ამერიკაში ჩემი ჩამოსვლის მიზეზები შეიტყო, თვალები გაუნათდა და ღიმილით შენიშნა, მაშასადამე, შენც კურდღლის სოროში ჩამოვარდი და ამ საოცრებათა ქვეყანაში აღმოჩნდიო. და თითქოს მართლაც, უცებ მენიშნა, რომ ამ კაცმა ძალიან ზუსტად დაახასიათა ის, რაც შეიძლება ჩემს მოგზაურობას დაერქვას.

მივიჩქარი ძალიან საინტერესო მუზეუმისკენ, რომელსაც ჰქვია „ფრიკის კოლექცია“. მალე დაიკეტება. არადა, აუცილებლად მინდა მისვლა. აქ სურათების არაჩვეულებრივი კოლექცია ინახება, მაგრამ ჩემთვის ახლა მთავარი იოჰანეს ვერმეერის სამი ნამუშევარია. ვერმეერი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მხატვარია, სულ 34 ტილო არსებობს მისი, იშვიათობა და ძნელი მოსაძიებელია. ეს კოლექცია კი, რომელიც, თავისთავად, დიდი არ არის, შეიცავს მის სამ ტილოს. მთლიანად ნიუ-იორკში კი, „მეტროპოლიტენ მუზეუმის“ ჩათვლით, ვერმეერის რვა ტილოა დაცული. ამიტომ იქ აუცილებლად უნდა მოვხვდე. მივასწარი! დახურვამდე 45 წუთი რჩება. მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. აქ კიდევ არაერთი იშვიათი ნამუშევარი ვნახე, მათ შორის სამი ელ გრეკო და რემბრანდტის გვიანი ავტოპორტრეტი.

15 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დღეს გამგზავრების დღეა. თვითმფრინავი 18:50-ზე მიფრინავს კენედის აეროპორტიდან. შინიდან კი 14:30-ზე მაინც უნდა გავიდე. გადასაწყვეტი მაქვს, შინ დავრჩე, ჩავლაგდე, აღარ გავიდე ქალაქში, თუ მაინც გავაკეთო გმირული ნაბიჯი და სამი საათით გავვარდე მატარებლით წინ და უკან, რომ ბოლოჯერ შევავლო თვალი ნიუ-იორკს. წავალ, ვინ იცის, კიდევ როდის დავბრუნდები აქ, თან რაღაც-რაღაცები დამრჩა სანახავი, მათ შორის, ფლეტაირონის ცნობილი შენობა, რომელიც, ისე მოხდა, რომ ამ ხნის მანძილზე არ აღმოჩნდა ჩემს გზაზე. მართალია, უკანა მატარებელს ძლივს მივუსწარი, მაგრამ მართლაც არ ვინანე, იმიტომ რომ ბოლო გასეირნებას კიდევ სხვა გემო ჩავატანე და ფლეტაირონის 1902 წელს აგებული შენობაც ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი ცათამბჯენიაღმოჩნდა.

16 ოქტომბერი, პარასკევი

თვითმფრინავში ვზივარ და კიდევ დიდხანს მომიწევს აქ და აეროპორტებში ჯდომა, ვინაიდან საქართველოში ვბრუნდები. დღიურების დღევანდელ და ხვალინდელ დღეებს შევავსებ ნიუ-იორკში პირველი დღეების შთაბეჭდილებებით და მოვყვები იმის შესახებ, თუ რისთვის ჩავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა ხდებოდა საზეიმო ღონისძიებებსა და მთარგმნელობით კონფერენციაზე, რომელიც 5 ოქტომბერს დაიწყო.

2015 წელს შესრულდა ლუის კეროლის უკვდავი შედევრის „ელისის თავგადასავლის“ 150 წლისთავი, რომელიც ძალიან დიდი მასშტაბით აღინიშნება მთელ მსოფლიოში და მოვლენების ეპიცენტრი, როგორც იტყვიან, იყო ნიუ-იორკში, სადაც ლუის კეროლის ჩრდილოეთ ამერიკის საზოგადოების ინიციატივით მოეწყო ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება. მთავარი მოვლენა იყო ხუთდღიანი მთარგმნელობითი კონფერენცია. შემდგომ ეს კონფერენცია გავრცელდა ნიუ-იორკის სხვადასხვა დაწესებულებებში, როგორიცაა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, ტექნოლოგიური ინსტიტუტი, საშემსრულებლო ხელოვნების საჯარო ბიბლიოთეკა, ლინკოლნის ცენტრი, მორგანის ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ... კონფერენციის გარდა მოეწყო გამოფენები, კინოჩვენებები, თეატრალური წარმოდგენები, შეხვედრები მხატვრებთან, კომპოზიტორებთან, გაიმართა საზეიმო მიღებები და სადილები Cornell Club-სა და Cosmopolitan Club-ში, გამოფენა-გაყიდვები კოლექციონერებისთვის.

სამეცნიერო კონფერენციის პირველი ორი დღე ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკასა და გრაფიკული ხელოვნების მოყვარულთა უძველეს და უდიდეს, 1984 წელს დაარსებულ Grolier Club-ში გაიმართა და მთლიანად მიეძღვნა ლუის კეროლის ნაწარმოებების თარგმანთან დაკავშირებულ საკითხებს. აქ მოეწყო გამოფენაც, რომელზეც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოცემული თარგმანების ნიმუშები და ამასთან დაკავშირებული სხვა ექსპონატები. გამოფენა დაყოფილი იყო 10 სექციად. აქ იყო ლუის კეროლის ცხოვრებასთან და სიკვდილთან დაკავშირებული ექსპონატები, მათ შორის, პირველი გამოცემები; ლუის კეროლის სიცოცხლეში გამოქვეყნებული პირველი თარგმანები; დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ენებზე შესრულებული თარგმანები, მათ შორის, ექვს კელტურ ენაზე, შოტლანდიური ენის ათივე დიალექტზე, ჯერსის ენაზე და ასე შემდეგ: ესპანურ, ბალტიისა და ჩრდილოეთის ენებზე, ბალკანურ და სხვა ევროპულ ენებზე, ინდოეთის სუბკონტინენტის, წყნარი ოკეანის რეგიონისა და აფრიკულ ენებზე, და სხვა ენებზე, მათ შორის, ქართულ და ებრაულ ენებზე.

ქართულ გამოცემათაგან აქ წარმოდგენილი იყო 1979 წლის ალექსანდრე გამყრელიძის თარგმანი ზურაბ ნიჟარაძის ილუსტრაციებით და 2013 წლის ჩემი თარგმანი. ძალიან დიდი იყო ინტერესი ქართული კუთხის მიმართ. ალბათ იმიტომ, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატთა შორის არც ისე ბევრი იყო განსხვავებული დამწერლობით შესრულებული და ბევრს მეკითხებოდნენ ჩემი ქვეყნის, მისი ენის შესახებ − აინტერესებდათ, რა ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნება და ასე შემდეგ... ყველა გაკვირვებული იყო იმითაც, თუ როგორ მოხერხდა ისეთ არც თუ მდიდარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასეთი კარგი და პოლიგრაფიულად მაღალი დონის წიგნის გამოცემა. ამ მხრივ, 2013 წლის ჩვენი გამოცემა მართლაც გამოირჩეოდა სხვა, შედარებით უბრალო გამოცემების ფონზე.

17 ოქტომბერი, შაბათი

გრძელდება საქართველოსკენ მგზავრობა... ნიუ-იორკის თვითმფრინავმა დააგვიანა და ღამის გათენება სტამბოლის სასტუმროში მომიხდა. აქ ვაგრძელებ წერას. რა თქმა უნდა, ეს დღეები სრულიად განსაკუთრებული იყო ჩემს ცხოვრებაში და, ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ნიუიორკული შეხვედრები, ის დიდი ენთუზიაზმი, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ კეროლის მთარგმნელებს, მეცნიერებსა და, უბრალოდ, მოყვარულებს გვქონდა; ის სიხარული, რომელიც ამ ურთიერთობებმა მოგვანიჭა, ახალი მეგობრები. რა თქმა უნდა, დაუვიწყარია თვითონ ნიუ-იორკი, ეს სიცოცხლით აღსავსე ქალაქი. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი ზეიმი ჩემთვის და ამას მე, ცხადია, კეროლსა და მის „ელისს“ ვუმადლი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ სიყვარულს. თუმცა ამასობაში თბილისიც მომენატრა და მიხარია შინ დაბრუნება, განსაკუთრებით ამ გაგრძელებული მგზავრობის შემდეგ. გარდა ამისა, ვიცი, რომ გამოგზავნილია და თბილისში უნდა დამხვდეს Oak Knoll Press-ის მიერ სამ ტომად გამოცემული წიგნი, რომლის შექმნაზეც რვა წლის მანძილზე ვმუშაობდით ავტორები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და რომელიც გახდა გვირგვინი მთელი ამ საზეიმო ღონისძიებებისა. წიგნს ჰქვია „ელისი საოცრებათა ქვეყნების სამყაროში“, და ის მოიცავს ყველაზე უფრო სრულ და ყოვლისმომცველ ინფორმაციას და ანალიზს მსოფლიოს 174 ენაზე შესრულებული თარგმანების, 2000-ზე მეტი გამოცემისა და 1200 ილუსტრატორის შესახებ.

თავის დროზე ლუის კეროლმა თავის გამომცემელ მაკმილანს მისწერა, ჩემი ეს წიგნი, მგონი, უთარგმნელიაო, თუმცა, საბედნიეროდ, იგი შეცდა, რის დადასტურებაც იყო ოქტომბრის ნიუიორკული შეხვედრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG