კვირა, 23 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 11:07

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

გია დვალი - ფიზიკოსი

x

მულტიმედია

აუდიო
23 დეკემბერი, კვირა
კვირა დაიწყო კუს ტბის ზემოთ გორებზე სირბილით ბურუსში, რამაც ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა. მოგვიანებით ზაზა კოკაია და მე შევხვდით ქალბატონ მარინას და საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ჩვენი საინიციატივო ჯგუფი (ზაზა კოკაიას და დავით ლორთქიფანიძის, ვაჟა ბერეჟიანის და ჩემი შემადგენლობით) ჩვენთან, სხვენზე შევიკრიბეთ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. შეხვედრის თემა ისევ ჩვენი კონცეფცია და მეცნიერების და განათლების რეფორმა იყო. გვიანობამდე ვისაუბრეთ და მერე დავიშალეთ.

24 დეკემბერი, ორშაბათი
სამ საათზე უნივერსიტეტში საჯარო ლექცია მქონდა. ცოტა შეფერხება იყო დარბაზთან დაკავშირებით ხალხის რაოდენობის გამო, მაგრამ სწრაფადვე მოგვარდა და, საბოლოოდ, სააქტო დარბაზში გადავინაცვლეთ.

ლექციის თემა იყო მეცნიერული აზრის და, საერთოდ, საღი აზრის როლი ჩვენ მიერ სამყაროს შემეცნებაში. 

იმისათვის, რომ კონკრეტული ჩარჩო შემექმნა ამ იდეების განსახილველად, მოვიყვანე მეცნიერული აზრის ტრიუმფის ორი თანამედროვე მაგალითი. პირველი ეხება ადრეულ სამყაროში კვანტური ფლუქტუაციების დეტექტირებას. ეს ფლუქტუაციები არის მუსიკა, რომელიც სივრცეში აღიბეჭდა იმ დროს, როდესაც დღევანდელი სამყაროს ჩვენთვის ხილული ნაწილი (დღეს დაახლოებით 15 მილიარდი სინათლის წელიწადის ზომის) თავისუფლად დაეტეოდა ატომის ბირთვის მოცულობის ერთი მემილიარდედის მემილიარდედის მემილიარდედის მემილიარდედში. ამ მხრივ დანახული ადრეული სამყარო იყო მუსიკოსი, რომელმაც ნაწარმოები შეასრულა წარმოუდგენლად მაღალ ობერტონებში. სამყაროს გაფართოების გამო ამ მუსიკის ტალღის სიგრძე გაიწელა და, შესაბამისად, ობერტონები დადაბლდა დაახლოებით მილიარდჯერ,  მილიარდჯერ, მილიარდჯერ, მილიარდჯერ, მილიარდჯერ,  მილიარდჯერ... დღეს ამ ბანებს ჩვენ ცაში ვაკვირდებით და ვშიფრავთ იმ პირველად მუსიკას.

მეორე აღმოჩენა, რომელმაც შეძრა თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოება, არის ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა. ეს ნაწილაკი წარმოადგენს ტალღას, რომელიც ჰიგსის ველში, სამყაროს შემავსებელ უნივერსალურ სუბსტანციაში, ვრცელდება.

ეს მაგალითები მოვიყვანე, რამდენადაც ეს აღმოჩენები არ განეკუთვნება ფიზიკის ვიწრო ჩარჩოებს, არამედ წარმოადგენს, ზოგადად, კაცობრიობის მეცნიერული აზრის ტრიუმფს, და მათი მასშტაბურობა არის მეცნიერული აზრის ძლიერების დემონსტრაცია. ამ ორ მაგალითს გადავაბი მეცნიერული აზრის და საღი აზრის მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის.

ლექციამ აუდიტორიის საკმაოდ აქტიურ ფონზე ჩაიარა. ბევრი შეკითხვა იყო. სამწუხაროდ, ყველა მათგანზე საპასუხოდ დრო არ დარჩა.

ლექციის შემდეგ პირდაპირ რადიო „თავისუფლებაში“ გავემართეთ ია ანთაძე და მე, სადაც მოკლე ინტერვიუ შედგა პირდაპირ ეთერში. ძირითადი კითხვები, რაზეც პასუხი გავეცი, ეხებოდა აკადემიურ თავისუფლებას და მის მიმართებას დემოკრატიასთან. ამან კიდევ ერთხელ მომცა საშუალება, რომ რეიტერაცია გამეკეთებინა ჩვენი კონცეფციისთვის, რომ აკადემიური თავისუფლების გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი განათლების და, საერთოდ, სრულფასოვანი საზოგადოების არსებობა.

საღამოს, გერმანული შობის აღსანიშნავად, ვესტუმრეთ თამუნას მშობლებს. მოგვიანებით, ისევ რეფორმასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ ჩვენი ჯგუფი.
თავისუფლების დღიურები - გია დვალიi
|| 0:00:00
...    
🔇
X
03.01.2013
თავისუფლების დღიურები - გია დვალი

25 დეკემბერი, სამშაბათი
დილით თამუნა და მე საგარეჯოში წავედით ჩვენი მეგობრის, კლარას, საფლავზე.

შემდეგ თბილისში გავიარეთ და საგურამოში ვესტუმრეთ ჩემს მეგობარ ბენოს, რომელსაც ახლახან ბავშვი შეეძინა. გვიანობამდე იქ ვიყავით დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად.

26 დეკემბერი, ოთხშაბათი
12 საათზე ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრები შევხვდით ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორს. შეხვედრამ საინტერესოდ და კონსტრუქციულად ჩაიარა. ყველანი კმაყოფილები დავრჩით, რადგან აშკარად ერთ ტალღაზე ვართ და მომავალი თანამშრომლობის კონტურები გამოისახა.

შემდეგ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა სოროსის ფონდში რეფორმებთან დაკავშირებით. და ბოლოს, საღამოს, მონაწილეობა მივიღე ეკა ბერიძის გადაცემაში, „მე-9 არხზე“. ეკა სასიამოვნო და პროფესიონალი წამყვანია, მასთან მუშაობა იძლევა საშუალებას, რომ მაქსიმალურად გაიხსნას თემა. გადაცემის განმავლობაში ვეცადე გამეტარებინა ჩვენი ძირითადი გზავნილები: მეცნიერების აღორძინების გადამწყვეტი როლი ინტელექტუალური გარემოს შექმნაში და ამ არჩევანის უალტერნატივობა ქვეყნისთვის. ასევე ვილაპარაკეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტენუარის სისტემის უალტერნატივობა, აკადემიური თავისუფლების ხარისხის და მიუკერძოებლობის დაცვის საქმეში.

27 დეკემბერი, ხუთშაბათი
დილით შედგა ჩვენი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან ფიზიკა-მათემატიკის დარგში. ჩვენი აზრით, უაღრესად ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა.

საღამოს დაუვიწყარი შეხვედრა შედგა პატრიარქთან. იგი გვესაუბრა მეცნიერების როლზე განათლებაში და აზროვნების განვითარების მნიშვნელობაზე სწავლის პროცესში.

მოგვიანებით, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში ვიყავით მიწვეული გიორგი მარგველაშვილი, ზაზა კოკაია, გიორგი შერვაშიძე და მე. გადაცემა ისევ განათლების რეფორმას შეეხო. ოთხივე ძირითადად  თანამოაზრეები ვიყავით, ამიტომ გადაცემამ დისკუსიის ფორმატით ვერ ჩაიარა (თუმცა შევეცადე, ცოტა გამემწვავებინა), მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, ჩვენი გზავნილები  საზოგადოებამდე მიგვეტანა.

28 დეკემბერი, პარასკევი
დილით, ჩემი აზრით, ძალიან კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა აკრედიტაციის და ხარისხის მართვის სამსახურში უნივერსიტეტის რექტორებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ „ექსელენს კლასტერის“ სამიზნე ჯგუფის მოძიების ერთობლივ ინიციატივაზე, რომლის ტექნიკურ მხარესაც ეს სამსახური უზრუნველყოფს. ეს ინიციატივა ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და გულისხმობს პოზიტიური დიფერენციალის პრინციპს. ეს პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: მოტივაცია და სტიმული ხარისხის ამაღლებისთვის გენერირდება საუკეთესო უნივერსიტეტების გამოვლენის და დაწინაურების ხარჯზე ე.წ. „ექსელენს კლასტერში“. ეს განსხვავდება იმ პრინციპისგან, როდესაც დიფერენცირება ხდება უარყოფითად, ანუ უვარგისების გაცხრილვის ხარჯზე. შესაბამისად, სისტემა მუშაობს პოზიტივზე და არა ნეგატივზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი მიდგომა ეფექტიანი იქნება.

ამის შემდეგ უნივერსიტეტის მეორე კორპუსში  გვქონდა შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორებთან. ბევრი კითხვა და ახსნა-განმარტება, კვლავ  კონცეფციასთან დაკავშირებით.

საღამოს ჩემმა ბიჭმა გუდაურში ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც, საავადმყოფოში მოგვიწია რამდენიმე საათის გატარება. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

29 დეკემბერი, შაბათი
დილით - ლექცია და შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში. ლექცია ეხებოდა ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენას, ხოლო შეხვედრა - განათლების და მეცნიერების რეფორმებს. ამის შემდეგ ია ანთაძეს და მე სამუშაო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდების ჯგუფთან. ეს ჯგუფი სკოლის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს ჩვენთან ერთად. ძალიან აქტიური და კვალიფიციური ჯგუფია. იმედია, პირველ დოკუმენტს მალე დავასრულებთ. 

საღამოს, გიორგი კევლიშვილთან და ირაკლი კაკაბაძესთან ერთად, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში „ლაბორატორია 1918“-თან და სხვა სტუდენტურ ჯგუფებთან შედგა შეხვედრა. ასეთი შეხვედრები ყოველთვის უდიდეს პოზიტიურ მუხტს იძლევა. ბევრი შეკითხვა იყო დასმული, ისევ და ისევ აკადემიურ თავისუფლებაზე, ტენუარის ინსტიტუტზე, გადასვლის სტრატეგიაზე და ა.შ.

ამის მერე თამუნა, სოფო, დათო და ჩემი ძმა გუდაურისკენ გავუყევით გზას...

30 დეკემბერი, კვირა
ბოლოს და ბოლოს მეღირსა ცოტა გამოძინება და თხილამურებით სრიალი! მართალია, ბურუსი იყო, მაგრამ ამან ხელი ვერ შეგვიშალა. საღამოს ისევ თბილისისკენ წამოვედით და გზად ისევ ბენოს შევუარეთ საგურამოში, სადაც ახლობლების ჯგუფი შეიკრიბა. გვიან დავბრუნდი თბილისში და დღიურის წერა განვაგრძე. 

ჩემი მეგობარი მაკა შენგელია რომ არ დამხმარებოდა ამ სტრიქონების აკრეფაში, დღიურს, ალბათ, ვერასოდეს დავასრულებდი.   უღრმესი მადლობა მას!

31 დეკემბერი, ორშაბათი
დილით ისევ კუს ტბა... და შემდეგ რადიო „თავისუფლებაში“ დღიურების ჩაწერა.

ეს არ იყო ჩვეულებრივი კვირა. ჩემმა მეგობრებმა და მე, ფაქტობრივად, მთელი კვირა ჩვენი კონცეფციის ძირითადი გზავნილების გასაჯაროებას მოვახმარეთ, სხვადასხვა ფორმატში. ძირითადი გზავნილი, რომელიც ვეცადე, რამდენიმე საჯარო გამოსვლაში გამეტარებინა, არის  მეცნიერული აზრის და საღი აზრის გადამწყვეტი როლი საზოგადოების განვითარებაში და ქვეყანაში ინტელექტუალური ატმოსფეროს შექმნაში. ჩვენს საზოგადოებას არ გააჩნია ალტერნატიული გზის ფუფუნება.  ინტელექტი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მთავარი რესურსი. ასევე, აკადემიური თავისუფლების და, ზოგადად, შემოქმედებითი თავისუფლების ცენტრალური როლი ამ გზაზე.

უამრავი ახსნა-განმარტების გაკეთება მოგვიწია ჩვენ მიერ შემოთავაზებული აკადემიური თავისუფლების დაცვით მექანიზმებზე, ე.წ. ტენუარის სისტემაზე და გადასვლის  სტრატეგიაზე.

ორ საჯარო ლექციაში ბოლო დროის მეცნიერული აზრის ორ უდიდეს ტრიუმფზეც ვისაუბრე. ესენია ადრეულ სამყაროში ჩასახული ფლუქტუაციების სპექტრის გაზომვები და ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა CERN-ის ამაჩქარებელზე.

პირადი ცხოვრებისთვის ძალიან ცოტა დრო დამრჩა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ჩვენ
28.01.2013 16:18
განა რას ვწერთ ისეთს,რომ რადიო თავისუფლებას ასე გაშინებთ)

ავტორი: ჩვენ
28.01.2013 16:14
ვერცხლის ფასად გაყიდული ღმერთი.სხვას განსჯით თორემ ჩვენ ხომ გცნობთ ეს თქვენა ხართ!

ავტორი: გლეხი საიდან გვწერთ: ლაპარაკი რომ არ იცის იქიდან
26.01.2013 23:29
მხოლოდ გავმეორდებით უგულო(პატრონი)უგონოსათვის!
არსი კა(ცისა) ძისა:კეთილი ავი გონია>>>
არსაკიძის მოკვეთილი მკლავი,რომელსაც გონიო უჭირავს.
უგულო-უგონომ(მაღალმა-გრძელმა) იცის გონიო რა არის?

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყვლა მხრიდან
26.01.2013 21:36
რახან პირველმა შენ შეგვიცანი გვინდა შენს სიტყვასაც გავუფრთხილდეთ და ამიტომ ეკონომიკური განვითარების გეგმას სწრაფად ავხსნით და ამიტომ აქ იყავი.

ავტორი: ევგენი
26.01.2013 21:27
არსი კაცისა ძისა:კეთილი ავი გონია.

ავტორი: ევ-გენი
21.01.2013 23:37
სვეტი-ცხოველი და მოკვეთილი მკლავი:გაგიცხადებთ.
პ.ს.მალე სამის და ოთხის ბეჭდის ახსნას ვაპირებთ და მოგვდევს ვინმე?

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
17.01.2013 10:35
არ მინდა წაღმა ნათქვამი ვინმემ უკუღმა გაიგოს.განსაკუთრებით მაშინ,როდესაც საქმე ცეცხლს ეხება.ეს მნიშვნელოვანია!

ავტორი: tutuci
11.01.2013 21:49
გია, ცუდადაა საქმე, ნაციონალები, თუ პოლიტიკაში წახვალ, სახელის და პროფესიონალიზმის დაკარგვით გემუქრებიან :D :D :D

მაისაშვილივით დაეცემი ჩვენს თვალშიო :D

ის რომ ოდესრაც ააღზევეთ იმიტომ არის თქვენი და ჩვენი ყველას საქმე კარგად :D :D :D

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: გერმანია
06.01.2013 22:02
ბატონო გია,
იმედი გამიჩნდა, რომ რაიმე შეიცვლება და ეშველება ამ დამყაყებულ სისტემასა და აზროვნებას. უღრმესი მადლობა, რომ საერთოდ დრო გამოყავით ამ საქმისთვის.
წარმატებებს გისურვებთ

ავტორი: ევგენი
06.01.2013 19:41
მოდერატორს:12 სთ ელოდები გამოუშვი ან გამაგებინე რომ არ მოვიდა
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
06.01.2013 20:29
თქვენგან არაფერი მოსულა.

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: იქიდან
06.01.2013 18:21
გარდაცვალებისა თუ თავიდან დაბადების დროს ,ღმერთი და ანგელოზები სულს იმისთვის არ ხვდებიან,რომ რაიმე სახის სასჯელი დაადონ,არამედ იმისთვის,რომ უშველონ:რამეთუ მაშინ,როდესაც სული გონებას ერწყმის გონებას ისეთი ნათელი ემართება,რომ ჩადენილ ცოდვათა გამო ადამიანი ყოველთვის იმაზე მეტ სასჯელს ითხოვს ვიდრე ეკუთვნის და ანუგეშონ.
პ.ს.ყველას თავის საქმე აქვს ამ ცხოვრებაში და ეს ქვეყანა თქვენი ასაშენებელიაო და აკეთეთო,ჰქმენითო ღირსებითო და რასაცა ჰქმნით ბევრი მოეფერეთო,იმას რასაც თქვენს შვილებს არ აკადრებთ არც სხისთვის გაიმეტოთო და ყველაფერი კარგად იქნებაო.

ავტორი: არავინ საიდან გვწერთ: პირველი ადგილიდან
06.01.2013 15:17
ყველაზე ძველი ამბავი მინდა მოგიყვეთ და ისეთი ძველია, რომ ზუსტად ყველაფერი მეც არ მახსოვს, მაგრამ დეტალები მაინც მახსენდება: როგორც იტყვიან, გარდასულ დროთა წარსულში, მაშინ, როდესაც ადამიანი ადამიანად იქმნა, ღმერთებმა მათ აღსაზრდელად შვილი გამოუგზავნეს. აღზრდილს ძალიან უყვარდა თავისი აღმზრდელები. გასაჭირი მაშინ დიდი იყო და ცეცხლი არსად. რადგან ღმერთების შვილი იყო, ღმერთებთანაც ადიოდა. ვერ გაუძლო მისმა გულმა გამზრდელების ასეთ ყოფას და, თუმცა იცოდა, რომ საზღაური მწარე იქმნებოდა, მაინც მოსტაცა მშობლებს ცეცხლი და გამზრდელებს ჩამოუტანა. მაშინ ღმერთებმა ის არ დასაჯეს. გაიხარა ადამიანთა მოდგმამ. ისედაც ხომ არ აკლებდნენ თავის გაზრდილს სიყვარულს, მაგრამ ამის შემდგომ მთლად გაივსო გული. ყოველ წელს იმართებოდა მის სადიდებლად დღე და სასწაული. იმ დროში ღმერთებიც ახალგაზრდები იყვნენ და ცოტათი ამპარტავნებიც. იეჭვიანეს და დასაჯეს შვილი. ვერ მოკლავდნენ, ეს მათ სისუსტეს გამოაჩენდა. ყმად გახდომა მოინდომეს და დააბეს. თუმცა, არც ეს გამოუვიდათ. მას შემდგომ ღმერთებმა ბევრი საჩუქარი გაიღეს ადამიანთა მოდგმისათვის, რათა ძე დაევიწყებიათ, მაგრამ გულმა ვერ დაივიწყა და რადგან გული ღმერთებსაც აქვთ და ღმერთებიც სხვანი არიან, ჰფიქრობენ ძის თავისუფლებაზე. არის რათქმაუნდა კიდევ რაღაც, რატომაც ანთავისუფლებენ, მაგრამ ეს თქვენთვის ჯერ ადრეა.

ავტორი: გლეხი საიდან გვწერთ: ლაპარაკი რომ არ იცის იქიდან
06.01.2013 03:58
ვფიქრობთ,მას აქვს უნარი: მტერი არა მოკლას ასე მარტივად,არამედ უფრო რთულად:ყმად გაიხადოს.
პ.ს.დაბალი კლასის მოსწავლეებს:ეს,რომ გიას არ ეხება ყველაზე კარგად ეს გიამ იცის.)

ავტორი: კახა საიდან გვწერთ: თბილისთან ახლოს
05.01.2013 22:31
და? ამის შემდეგ რა?

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
05.01.2013 18:20
მგონი, კოპერნიას და მამალს ქანდარაზე ჩამოეძინათ.
გია დავალმა ძალიან ბევრს მიაღწია და თქვენ რას ნიაღწიეთ?
ხო, მართლა, ფესვები არსად დაგეკარგოთ!

ავტორი: მამალი საიდან გვწერთ: ქანდარიდან
05.01.2013 17:37
ვინც ჩვენი ფესვების წინააღმდეგია:ჩვენი მტერია!

ავტორი: nana
05.01.2013 01:49
კოპერნია, თქვენ უნდა იცოდეთ რომ გამოჩენილ ფიზიკოსს არ შეიძლება ქონდეს შეზღუდული თვალსაწიერი?

ავტორი: nino tsereteli
04.01.2013 22:24
გია ძალიან წარმატებული მეცნიერია. ის რეალიზებული პიროვნებაა, ძალიან საინტერესო მოსაუბრე, არის გულწრფელი, მისი მიზნები პროგრესულია

ავტორი: კოპერნია
04.01.2013 18:20
დვალი შეიძლება კარგი ფიზიკოსია, მაგრამ ძალიან შეზღუდული თვალსაწიერის, საკმაოდ გაუნათლებელი და უინტერესო ადამიანი ჩანს. ეს დღიური, ისევე როგორც მისი სატელევიზიო გამოსვლები, ამას ასი პროცენტით ადასტურებს.

ავტორი: ბრიყვი
04.01.2013 16:50
რა წერია საქართველოს ისტორიის პირველ თავში?მითხარით თუ შეიძლება.

ავტორი: irakli
04.01.2013 16:03
ამ ადამიანმა უკვე დიდ წრმატებას მიღწია. მაქს პლანკის დირექტორობა, საკმაოდ პრესტიჟული თანამდებობაა, და ამას ვერ მიაღწევ თუ არ ხარ დიდი მეცნიერი. ის აღაირებულია, არა მხოლოდ ქართველების მიერ, არამედ მსოფლიო მეცნიერული საზოგადოების მიერ.

ჩემის აზრით პატრიარქტან შეხვედრა საკმაოდ დიდი პატივია, და მის მიერ ამის აღნიშვნა, მხოლოდ დადებითად აფასებს მას.

ავტორი: ჰიგსის ბიზონი
04.01.2013 13:41
ასეთი უინტერესო და ნაცრისფერი ადამიანი ვერ იქნება დიდი მეცნიერი. მისი აზრების ფორმულირების პრიმიტივიზმი ("ლექციის თემა იყო მეცნიერული აზრის და, საერთოდ, საღი აზრის როლი ჩვენ მიერ სამყაროს შემეცნებაში") და რევერანსები პატრიარქის მიმართ ადასტურებს ჩემს ეჭვს: დვალი მორიგი ქართული მითია და მალე მისი ჩვეული ლანძღვა-გინება დაიწყება.

ავტორი: ბიჭიკო
04.01.2013 11:30
თუ პატრიარქი ცეცხლს იქიდან ჩამოიტანს:მათ აძლიერებს.თუ პირველ თავს გაიხსენებს და ცეცხლს აქვე მოიძიებს: საქართველოს აძლიერებს და პირველ ჯაჭვს გაწყვიტავს!
პ.ს.გული და გონება, ბრძოლას როცა დაიწყებენ:სტუმარი მასპინძლის კარებზე აკაკუნებს:არ უღებენ:ღიირს კიდევ დაკაკუნება?(როცა პირველი თავი გაქვს!)
პ.ს.ჩვენ,რომ მთელი მსოფლიო გვიყვარს:ეს ჩვენი წესიერებიდან გამომდინარეა თუ დანარჩენი მსოფლიოსი?

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: სულ პირველი თავიდან
04.01.2013 02:18
ცეცხლის გარდამოსვლაზე ვლაპარაკობ და ვიზების არ გაცემაზე:ცეცხლი ჩვენთან ანთია და სად მიდიხართ და სად ეძებთო?ესეთ კითხვასაც დავსვავ სიყვარილის პოკერიდან:ამირანი სომეხი,რომ ყოფილიყოო?კიდევ ასეთ კითხვასაც დავსვავ:ამირანი დაბმულია მკვდარი კი არაო და ცეცხლის მოსატანად სახლიდან გარეთ,რომ მიდიხართ:ნეტა რაზე ფიქრობთო?!
პ.ს.ესეც ოქროს ვერძიაო?

ავტორი: ანონიმი
04.01.2013 01:47
არ ვიცი რამდენად ბოროტი ენები ამბობენ რომ პატრიარქს ძალიან უყვარს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ჯაბა იოსელიანის თხზულებებიო.

სხვა მასალები

აუდიო ორი პოზიცია უმრავლესობაში და აუგად ნახსენები მესამე სექტორი

პარლამენტში დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით ფარულ თვალყურის დევნებას უკავშირდება.
გაგრძელება

აუდიო კახა ბენდუქიძის კვალი საქართველოს განვითარებაზე

დღეს თბილისში დაკრძალეს კახა ბენდუქიძე, საქართველოში განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ავტორი.
გაგრძელება

აუდიო თამარ ბერუჩაშვილი: სანქციებთან მიერთების აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა

„ჩვენ ამ საკითხს დამოუკიდებლად, პარტნიორებთან ერთად, იმ ინტერსების გათვალისწინებით გადაწყვეტს, რაც საქართველოს აქვს“.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული