Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერონტი ყალიჩავა - ჟურნალისტი


24 აგვისტო, კვირა

300 გრამი ჭყინტი ყველი, 350 გრამი უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილი, ერთი ცალი კვერცხი, 50 გრამი კარაქი, მარილი და რძე ცომის მოსაზელად - ეს დედაჩემის, მანანას მეგრული ხაჭაპურის რეცეპტია. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მე და დედამ ვიანგარიშეთ და ხაჭაპურის საბაზრო ღირებულებამ (შრომის ანაზღაურებით, დახარჯული გაზის თუ ელექტროენერგიის საფასურით) 6 ლარი შეადგინა. დიახ, ხაჭაპურისთვის ამაზე მეტი ფასი მოგონილია. „რესპუბლიკა კაზანტიპში“ ხაჭაპური თავდაპირველად 30 ლარი ღირდა!

მარინა ვაშაყმაძე მირეკავს. გახარებული ვპასუხობ იმის მოლოდინში, რომ მეტყვის, ჩამოვდივარ და „დიდი გასეირნება“ მოვაწყოთ აფხაზეთის პირობით საზღვართანო. ერთ-ერთი ასეთი „გასეირნებისას“, წყოუშის მოხრეშილ გზას გავუყევით, რა დროსაც ოკუპირებულ საბერიოში აღმოვჩნდით. გზად ქალი შეგვხდა: აქ რა გინდათ, დაბრუნდით, საბერიოში ხართ, რუსებმა არ გნახონ, თორემ დაგაპატიმრებენო. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და ამ დროს მარინას ხმამ ნაბიჯი უნებლიედ წინ გადამადგმევინა - „გზას ვაგრძელებთ, მასთან მივიდეთ სახლში“ - და სახლის ეზოში აღმოვჩნდი. გაუგონარი ამბები გვიამბო მოხუცმა ცოლ-ქმარმა! ცოტა ხანში ბებომ სუფრა გაშალა, მარინამ და ბაბუმ ადესის ჭაჭაც დალიეს (მე საჭეს ვმართავ-მეთქი, ამ მიზეზით თავი „შევინახე“). პირობითი საზღვარი რომ გადმოვლახეთ, მარინას ჩვენი დაკავების ჩემეული ვერსიები მოვუყევი. გაეცინა: მე გათავისუფლების ვერსიებზე ვფიქრობდიო. ორივე რადიო თავისუფლების „შვილები“ ვიყავით და ორივეს ამერიკა „გვმფარველობდა“. არ ვიცი, დაპატიმრების შემთხვევაში ვისი ვერსია გამართლდებოდა, მაგრამ იმ დღეს საბერიოელი მოხუცები რომ იყვნენ ჩვენი მფარველებიც და გადამრჩენლებიც, რეალობაა.

ამჯერად, მარინა სულ სხვა რამეზე მირეკავდა: საშინაო დავალება მომცა, რომელსაც ახლა ვაბარებ.

დილიდან ანაკლიაში წავედით. „რესპუბლიკა კაზანტიპში“ შესასვლელი „ვიზა“ და ავტომანქანის საშვი მაქვს. სოფელ ერგეტასთან, ბლოკ-საგუშაგოზე გამაჩერეს, პოლიციელმა ჯერ საშვს დახედა, რომელიც საქარე მინაზე მაქვს გაკრული, შემდეგ გაკვირვებულმა შემოიხედა მანქანაში და გაგვიშვა. დარწმუნებული ვარ, ანას აფრიკული ნაწნავები იყო მანქანაში თვალებით შემოჭრის მიზეზი.

საგუშაგოდან რვა კილომეტრში იწყება „კაზანტიპის“ პრეზიდენტის, ნიკიტა მარშუნოკის შეუიარაღებელი ძალების მიერ „ოკუპირებული“ „რესპუბლიკა კაზანტიპი“ (მთელ ტერიტორიას მწვანე ფერის რკინის ბადისებური ღობე გასდევს).

სწორ და მოასფალტებულ გზაზე „სლალომით“ მოძრაობა გარდაუვალია. კამეჩი, ძროხა, ღორი, ცხენი – ტრასაზე დგას ყველა ჯიშის პირუტყვი. ეს იმიტომ, რომ სოფლებში საძოვრების პრობლემა წლებია, ვერ მოგვარდა. ჯარიმების დაწესება კი სამოქალაქო კულტურის შეგნებას ვერ გაზრდის. ისე, სოფლის ტრასაზე პირუტყვი რომ შეგხვდეს, არ უნდა გაგიკვირდეს, როცა ქალაქის ცენტრში, თეატრის შესასვლელთანაც კი ძროხა ბალახობს. არადა, აგვისტოს დასაწყისში ქალაქის საკრებულომ დაამტკიცა რეგულაციები და ჯარიმები პირუტყვის ქუჩაში გაშვების მოწესრიგების მიზნით. მერიაში დანიშნული მოვალეობის შემსრულებლები კი მოვალეობას ვერ ასრულებენ, ატესტაციის ჩაბარებას ელოდებიან დავალების „პირნათლად“ შესასრულებლად.

როგორ გაფერადებულა ანაკლია-განმუხურის სანაპირო! ცისარტყელაზე ლამაზია. ყველა სჯულის ადამიანია ჩამოსული: რუსები, უკრაინელები, პოლონელები, იტალიელები, ესპანელები, გერმანელები, ამერიკელებიც კი (ოჰაიოდან და ვაშინგტონიდან)! ყველაზე მეტნი, ცხადია, ქართველები ვართ, უმეტესად მამაკაცები.

მე და დათო ანაკლიაში იურმალის სახელობის ბულვარში გავჩერდით, ჩემი მამიდაშვილის, გიორგი კალანდიას სწრაფი კვების ობიექტთან. ანა და თამუნა პლაჟზე წავიდნენ. დილიდან კარგი ვაჭრობა მაქვს, განსაკუთრებით შაურმა იყიდება. ტურისტები საჭმელად ჩემთან მოდიან. რესტორნებს და ბარებს კანტიკუნტად თუ აკითხავენ – ასეთ მაღალ ფასებს არ ელოდნენო, მითხრა გიორგიმ და ქოლგის ქვეშ ჩამოვსხედით. საუბარში გართულს, საფულე მომპარეს. არადა, დამსვენებელზე მეტი პოლიციელია. 112-ში გოგონამ მონაცემები ჩაინიშნა. მართალია, რეაგირება წამებში მოხდა, სამმართველოში წამიყვანეს, დაკითხვის ოქმზე ხელი მომაწერინეს და გამომაცილეს, მაგრამ საფულე... სულ 25 წუთი დავყავი პოლიციის შენობაში, მაგრამ უამრავი უცხოელი ტურისტი მოვიდა დაკარგული ნივთების მოძებნაში დახმარების თხოვნით.

25 აგვისტო, ორშაბათი

დღეს კიდევ უფრო გამრავალფეროვანდა ანაკლია. „კაზანტიპის“ შესასვლელთან, სწორედ იქ, სადაც გასულ კვირაში მღვდელი პოლიციელს „ყურის აწევით და გვერდზე გაგდებით“ დაემუქრა, საპროტესტო აქცია გაიმართა. ამჯერადაც მღვდლები და მრევლი შეიკრიბნენ. აქციის მონაწილე ერთ-ერთმა მღვდელმა დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია „კაზანტიპს“ დაუკავშირა და ხელისუფლებას მოუწოდა, „ყურად იღოს განსაცდელი და შეწყვიტოს ორგიები“ ანაკლიაში. მოგვიანებით მათთან მოსალაპარაკებლად ნიკიტა მარშუნოკი მივიდა, მაგრამ სასულიერო პირებმა, მათივე სიტყვებით, „სატანასთან“ საუბარი არ ისურვეს. თავის მხრივ, მარშუნოკმა გამოთქვა ეჭვი, რომ მსგავსი შეკრებები პროექტის ჩაშლისკენ არის მიმართული. ანაკლიიდან გიორგი მირეკავს და მეუბნება, დღეს შაურმაზე მეტი „სნოს“ წყალი გავყიდეთ, მომიტინგეები მხოლოდ მას ეძალებოდნენო.

ვიდრე სამღვდელო პირები და მათი თანამოაზრეები ანაკლიაში „გარყვნილებას“ აპროტესტებნდენ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ რუხში რეგიონული მნიშვნელობის სამედიცინო ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. იდეა მის წინამორბედს ეკუთვნოდა. 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე სწორედ „ლაივპრესმა“ შეახსენა საარჩევნო დაპირება ზუგდიდში სამედიცინო ცენტრის აშენების შესახებ, რაზეც ივანიშვილი, ცოტა არ იყოს, გაბრაზდა და საქმის შესწავლა ჯანდაცვის მინისტრს დაავალა. ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა: „ლაივპრესის“ წვლილი დიდია. კარგად მახსოვს, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ინგირში აეროპორტის მშენებლობა რომ გახსნა და პირველი რეისის შესრულების ვადად 2012 წლის მაისი დაასახელა. იმ დღეს პრეზიდენტის ვერტმფრენი რომ აფრინდა, მას მერე იმ მიწიდან, გადამფრენი ფრინველების გარდა არაფერი აფრენილა. მაშინ სტატია გამოვაქვეყნეთ პრეზიდენტის ცრუ დაპირებაზე. იმ დროს „ლაივპრესი“ ოპოზიციად წოდებული მედია იყო და ახლა „გრძელი ენა“ აქვს თურმე. მოკლედ მთავრობებს ვერ გაუგიათ, „ლაივპრესი“, უბრალოდ, იმას რომ აკეთებს, რაც ევალება.

თამუნა მირეკავს, პაატა სენაკში წავიდა, სენაკის ბაზარი ცეცხლშია გახვეულიო. დიდი ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მათ უმრავლესობას სასკოლო საქონელი უკვე ჩამოეტანა და სასექტემბრო ბაზრობისთვის ემზადებოდა.

26 აგვისტო, სამშაბათი

დილით, სამსახურში წასვლამდე, დედა წავიყვანე ბაზარში. მანქანაში ჩემი ძმისშვილი ნინაც ჩავისვით, მისი ძმა გოგა სოფელში ისვენებს. ბებო ბაზარში შევიდა, ჩვენ ავტოსადგომზე გავჩერდით. ცოტა ხანში ნინამ, მუცელი მტკივაო, მითხრა და მოიღუშა. რამდენიმე წუთში ისევ გაიმეორა და თათიასთან, ნინას დედასთან დავრეკე. ფარმაცევტად მუშაობს აფთიაქში. გამომიარეთ და წამლებს მოგცემთო. მოკლედ, ნინამ ისე შემაშინა, რომ ბებია სასწრაფო წესით გამოვიყვანეთ ბაზრიდან. თათიამ წამლები მოგვცა, ნინას აკოცა და დაიჩივლა, შესვენებით ვერ ვსარგებლობთო და შებრუნდა სამსახურში. წლებია, ასე გრძელდება – აფთიაქის თანამშრომლებისთვის არც შესვენება არსებობს, არც დასვენების დღეები და არც გადაჭარბებული სამუშაო დროის ანაზღაურება. შრომის ახალი კოდექსით ეს ყველაფერი, მართალია, რეგულირდება, მაგრამ არ არსებობს ამ პროცესის კონტროლის მექანიზმი. სულ ვეუბნები თათიას, მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტონ და მიიღონ ის, რაც კანონით ეკუთვნით. როდის დამყარდება საქართველოში კანონის უზენაესობა?

ოლესია ვართანიანი მირეკავს: „გენ, მე ენგურის ხიდთან ვარ, ты где?“ ოლესია ისეთი ხალისიანი არ იყო, როგორიც სოხუმში გამგზავრებამდე. მოკლედ მომიყვა იქაურ ამბებს. როინ აგრბამ მოკითხვა დამიბრუნა. თბილისის მარშრუტკაში ერთი თავისუფალი ადგილი იყო დარჩენილი. ოლესიას გარდა ყველა მგზავრი კაზანტიპელი იყო. მძღოლი ამბობს, დღეში ორი რეისის შესრულებაც მიწევს, ზოგი თბილისში მიდის, ზოგიც – ბათუმშიო. კმაყოფილი არ არიან წლევანდელი „კაზანტიპითო“.

საღამოს ანაკლიაში წავედით. ჩემი საფულე მოვიკითხე და კვლავ დაკარგულად ითვლება. სალომე ფარცვანია ვნახე ბულვარში. მუსიკალური წამყვანია რადიოში, მარჯვენა წარბზე პირსინგი აქვს და კანი მუქ ხორბლისფრად გარუჯული. ერთი შეხედვით ადგილობრივ დამსვენებელს არ ჰგავს. მიყვება: „კაზანტიპში“ პლაჟზე ვიწექი და ვირუჯებოდი, გვერდით ორი ბიჭი მომიჯდა. ერთმა მეორეს უთხრა, არ ღირს, ამას ძუძუ არა აქვსო. ამ ამბავზე კუკური გამახსენდა. ჟურნალისტების მძღოლი იყო, რადიოში როცა ვმუშაობდი. სულ ქერათმიან რუს ქალებზე საუბრობდა. ამბობდა, ერთ ბოკალ შამპანურისთვის ნებისმიერი ქალი ჩემი იყოო. ჰოდა, იმ ორ ქართველ ბიჭსაც კუკურის თავგადასავლების მსგავსი ამბები ექნებოდა მოსმენილი მამებისგან ან ბაბუებისგან. კიდევ კარგი, სალომეს „არ ჰქონდა ძუძუ“!

ძილის წინ ფეისბუკზე შევიხედე, თიკო ბუკია, რადიო „ათინათის“ მუსიკალური პროგრამების პროდიუსერი მიწვევს აქციაში მონაწილეობის მისაღებად. ყინულიანი წყალი უნდა გადავისხა, ეს ყველაფერი გადავიღო და გამოვაქვეყნო ჩემს გვერდზე. თანახმა ვარ, ოღონდ 24 საათი ცოტა დროა, მივწერე თიკოს. კიდევ ორი გამოწვევა მივიღე, ნანა ყალიჩავა მიგზავნის ამერიკიდან და გუგა ლაგვილავა – ზუგდიდის საკრებულოდან. გუგა პირველი არხის რეპორტიორი იყო და საკრებულოში მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დანიშნეს. თანამდებობაზე დანიშვნამდე გუგა მეუბნებოდა, ჩვენ ძმაკაცებად ხომ დავრჩებით და ჩემი საჯარო მოხელეობა ხელის შემშლელი ხომ არ იქნებაო. არა გუგა, როცა რესტორანში წავალთ, მე ჩემსას გადავიხდი, შენ შენსას-მეთქი. „ეს ცუდია!“ – თქვა მაშინ გუგამ. მოკლედ, კვირის ბოლოს ვაპირებ ჩავერთო აქციაში და დავეხმარო ლატერალური სკლეროზით დაავადებულებს. ამასთან, მცირედი წვლილი შევიტანო ზუგდიდის განვითარების ფონდში.

27 აგვისტო, ოთხშაბათი

ჭიაკოკონობაა, ანაკლიიდან ვბრუნდებით, საშინელი კვამლი დგას ჰაერში. თითქმის ყოველ მეორე ჭიშკართან საბურავებს წვავენ, გვერდით სუფრა აქვთ გაშლილი და ქეიფობენ. არადა, გარემოს დაცვის სამინისტრომ 500-ლარიანი ჯარიმა დააწესა ჭიაკოკონობა ღამეს საბურავების დაწვისთვის. 35-კილომეტრიან ზოლზე არც სამინისტროს მანქანა მინახავს და არც ვინმე მომჩივანი – რატომ წერთ ჯარიმასო.

მალხაზს გადავხედე და ამაყად ვუთხარი, ჩვენს ქუჩაზე უკვე ოთხ წელზე მეტია, საბურავებს აღარ ვწვავთ-მეთქი. წისქვილთან ბიჭებს სუფრა გაეშალათ. არ მესიამოვნა, მაგრამ ვერ ვუთხარი – ყველაფერს ერთად ვერ წაშლი. ალბათ, ტრადიციების მენიუდან მათი შვილები მაინც ამოიღებენ ქუჩაში მაგიდის დადგმას.

28 აგვისტო, ხუთშაბათი

დღიურს ვწერ და „ლაივპრესის“ „ცოცხალი ისტორიები“ მახსენდება. რაღაცით ჰგავს თავისუფლების დღიურებს. ზუგდიდში ცნობილ ადამიანებს და საჯარო მოხელეებს ვაწერინებთ ისტორიებს. ხშირად თვე ისე გავა, ისტორიას ვერ ვაქვეყნებთ, ისეთი ადამიანები ამბობენ უარს, გაკვირვებული ვემშვიდობები ტელეფონზე. ჩემი აზრით, საჯაროობის პრობლემა აქვთ ადამიანებს, რომლებიც წლებია ჩაკეტილ საზოგადოებაში ცხოვრობენ. საჯარო მოხელეებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ჩატარებული არჩევნების შემდეგ ახალი ტალღის იმედი მაქვს, იმედი დადებითი პასუხის. ზვიად კვარაცხელიამ დამირეკა, „ლაივპრესის“ „ცოცხალი ისტორიები“ იმდენად საინტერესოა, გამომცემლობა „ინტელექტს“ სურვილი აქვს, წიგნად გამოვცეთო. მესიამოვნა, უარი არ მითქვამს.

29 აგვისტო, პარასკევი

ხვალ „ლაივპრესის“ კორესპონდენტები, თამუნა და ნინო წავლენ ანაკლიაში. უფრო სწორად, ანაკლიაში ნინო წავა, თამუნა კი – განმუხურში, ანუ „კაზანტიპში“. მოვილაპარაკეთ, რომ გამოვიკვლევთ „კაზანტიპის“ შედეგებს. წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილს ზარალი მიადგა. მაგალითად, ბევრმა სახლები გაარემონტა ბანკისგან აღებული სესხებით, ზოგმაც წინასწარ გაყიდა თხილის მოსავალი. მოკლედ, ანაკლიაში ერთი ღამით გაჩერება კერძო სახლში 30-დან 70 ლარამდე მერყეობდა. გაგიმართლებდა, ტუალეტი და სააბაზანო შიგნით თუ გექნებოდა. თუ არა, ტუალეტში თხილნარში უნდა წახვიდე და დასაბანად – ისლით გადახურულ ფარდულში. ესეც ჩვენი „მიდგომა“ ტურისტების მოსაზიდად! ათ დღეში გამდიდრება რომ მოვინდომეთ, იმიტომ გვაქვს ახლა ბანკის ვალები. ასე მოუვიდათ რესტორნებისა და ბარების მეპატრონეებსაც. ტურისტი, რომელსაც შესწავლილი აქვს, რამდენი დაუჯდება დღიური კვება, ხაჭაპურს 30 ლარად არ იყიდის. არც ხინკალს იყიდის ორ ლარად. ნახევარი ლიტრი წყალი სამი ლარი, „კოკა-კოლა“ ხუთი ლარი, ლუდი – შვიდი ლარი. ამიტომ იდგა გიორგის შაურმასთან რიგები. ლუდსაც იქვე ყიდულობდნენ და წყალსაც.

ეს კარგი გაკვეთილი იქნება ანაკლიელებისთვის. დარწმუნებული ვარ, „კაზანტიპი“ მომავალ წელსაც თუ ჩატარდა, ნიკიტას მსგავსად, ისინიც მოგებული დარჩებიან.

დღიურის წერას რომ მოვრჩები, პროექტის შუალედური ანგარიში მაქვს დასაწერი. „ღია საზოგადოება – საქართველო“ ერთადერთი ფონდია, რომლის მხარდაჭერითაც არსებობს „ლაივპრესი“. უკვე ოთხი წელია, სამეგრელოს (და არა მარტო მისი) მოსახლეობა ინფორმაციულ დეფიციტს არ განიცდის. უკვე ოთხი წელია, სამეგრელოს (და არა მარტო მის) მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას ვაწვდით პირველწყაროდან.

30 აგვისტო, შაბათი

სახლის უკანა ეზოში მაგიდას ვუსხედვართ მე და დედა. ანა შემოგვიერთდა – ისიც ყავით ხელში. გუშინ ანაკლიაში ყოფილა. ამბებს ჰყვება, წყალი არ გაუვაო. თურმე ნიკიტა მარშუნოკი საქართველოდან წასულა! სასტუმროს პერსონალი, რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, სამი დღეა, მის ბარგს ეძებს. ყველაფერი ისე გაუზიდავს, კაციშვილს არაფერი დაუნახავს! არც ის იციან, დაბრუნდება თუ არა. ახლა, ერთ-ერთი ჩინოვნიკის კომენტარი მახსენდება „კაზანტიპთან“ დაკავშირებით: მე მოვიწვიე, მე მოვიძიე ეს პროექტი, მე, მე და კიდევ მეო, რომ ამბობდა. საინტერესიოა, დღეს რას იტყვის. დღეს ხომ „მთავარსარდლის“ გარეშე დარჩენილი „კაზანტიპის“ ბოლო ამოსუნთქვაა ანაკლიაში...

ეჰ, დასანანია, მაგრამ ასე იცის „გარყვნილებით“ გამოწვეულმა „განსაცდელმა“.

XS
SM
MD
LG