Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ კბილაშვილი - პროკურორი


10 თებერვალი, კვირა
რამდენიმე დღის წინ შემომთავაზეს, ჩანაწერები მომემზადებინა რადიო თავისუფლებისათვის და მერე ეთერში წამეკითხა. დავთანხმდი. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს სკოლაში ვსწავლობდე და თავისუფალი თემის დაწერა მიწევდეს. თავისუფალი თემის წერა ყოველთვის მიყვარდა: იქ ბევრი თავისუფლება იყო, პროგრამულ თემებს პროგრამული სწავლა სჭირდებოდა, რაც ძალიან მიჭირდა. ვიცოდი, რომ საკონტროლო წერის დროს სამი თემიდან ერთი თავისუფალი იყო, ის ერთი კი ჩემი იქნებოდა. მახსოვს, ერთ საკონტროლო წერაზე მარტო ერთი საპროგრამო თემა მოვიდა. შევწუხდი, მასწავლებელს ვთხოვე, თუ შეიძლება, მე თავისუფალ თემას დავწერ-მეთქი. მასწავლებელი დამეთანხმა. იმ თავისუფალი თემის სათაური ახლაც მახსოვს: „ფეხბურთი, ჩემი ფეხბურთი“.

ეს მაშინ იყო, 25 წლის წინ. მაშინ საბჭოთა პერიოდის სოფლის სკოლის მოსწავლე ბიჭებს ერთადერთი სალაპარაკო ფეხბურთი გვქონდა. ზეპირად ვიცოდით თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა და თამაშების განრიგი, ახლა კი „დინამოს“ ვერც ერთი ფეხბურთელის გვარს ვერ ვიხსენებ...

ვგრძნობ, სიტყვა გამექცა და შორს წავედი. დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი ვარ და ასე მგონია, ამით საპროგრამო თემის წერა დამავალეს. ახლაც, როცა ამ სიტყვებს ვწერ, მთავარი პროკურორის კაბინეტში ვზივარ. ეს, შეიძლება ითქვას, პროგრამულად მოწყობილი დიდი ოთახია, კედლებზე ჭაობისფერი შპალერია გაკრული, ფარდებიც სქელი და ჭაობისფერია; კაბინეტში საშუალო ზომის ოვალური მაგიდა, რბილი სამეული და ჩემი სამუშაო მაგიდა დგას. ჩემგან ხელმარჯვნივ ტელეფონების აპარატები და ტელევიზორია. თვალი ღია ფანჯრისაკენ გამირბის. მზიანი ამინდია, წინ ლურჯი ცა და გორაკი მოჩანს, ალაგ მწვანით და ალაგ თბილისური ხრიოკით.

11 თებერვალი, ორშაბათი
გაღვიძებისას პირველი ფიქრი ისაა, თუ რამდენად მძიმე იქნება ეს კვირა. იმიტომ, რომ კვირა დღე თვითონ თავისი ბუნებით ხასიათდება თავისუფლებით, განტვირთვით და ამის მერე ორშაბათი მძიმე დარტყმაა. ამიტომაც პირველი აზრი, რაც მომდის, ეს არის: როგორი, რამდენად მძიმე იქნება ეს კვირა?

ორშაბათობით თათბირს ვატარებთ. ოლქის პროკურორები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ვიკრიბებით და ვგეგმავთ კვირის განმავლობაში განსახორციელებელ მოქმედებებს. თათბირი ორ-ორსაათნახევარს გრძელდება. ამის შემდეგ, როცა ყველა დავალება გაცემულია, გადავდივართ სხვა ღონისძიებებზე. საერთო თათბირის მიღმა, შეხვედრები მაქვს თითოეული დეპარტამენტის უფროსებთან, თითოეული ოლქის პროკურორებთან, ვისმენ მათს ცალკეულ პრობლემებს ან საქმეებს, ვაძლევ რჩევებს. შემდეგ - დაგეგმილი შეხვედრები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ყოველდღე მაქვს და თუ, კიდევ რაიმე არაორდინარული საქმე ან ვითარება გაჩნდა, ბუნებრივია, ყოველთვის მოითხოვს თავის დროს.

საღამოს 11 საათის შემდეგ ორშაბათის სიმძიმე სიმსუბუქეში გადადის: ორშაბათი გავლილია და დალაგებულია რაღაცები. თუმცა, ორშაბათიც და, საერთოდ, ყველა სამუშაო დღე ღამის 2 საათზე მთავრდება. ისე უცბად მოდის ხოლმე 2 საათი და 3 საათიც, რომ ვერც კი ვატყობთ.

როგორც იქნა, მივდივარ სახლში, სადაც მელოდებიან მეუღლე და სამი ბავშვი: ცხრა წლის, ოთხი წლის და ორი წლის. რა თქმა უნდა, ბავშვებს სძინავთ, მათი რეჟიმი სხვანაირად ვერ აიტანს, მეუღლეს კი ღვიძავს - ის ყოველთვის მელოდება: სანამ შესაძლებლობა აქვს, რომ მომდევნო ღამის 2-3 საათამდე გაუძლოს, უძლებს. იმიტომ, რომ, ჩემგან განსხვავებით, როცა ბავშვები დილის 8 საათზე იღვიძებენ, მანაც უნდა გაიღვიძოს 8 საათზე და ბავშვებს დაეხმაროს. მე კი, როცა ღამის 2-3 საათზე მოვდივარ, მეორე დილას 11-ის ნახევრამდე ვახერხებ გამოძინებას. ამიტომ ერთი ღამე, ორი ღამე, სამი ღამე როდესაც მელოდება და აკლდება ის საათები, მერე სადღაც მოწყვეტს და მთლიანად უკვე ბავშვებთან ერთად იძინებს ერთ საღამოს და მერე ისევ თავიდან დგება ასეთი რეჟიმი. ძალიან იშვიათად (უფრო კვირაობით) ვახერხებ იმას, რომ, ვთქვათ, 10-11 საათზე მივიდე და მაშინ უკვე ვახშამიც კი შეიძლება გვქონდეს სახლში!

12 თებერვალი, სამშაბათი
საერთოდ, თუ შეხვედრები უნდა გაიმართოს, ვცდილობ, ისინი სამშაბათისთვის დაიგეგმოს. ამავე დღეს ვატარებ პრესკონფერენციებსაც. ტრადიციულად, ორ-სამ კვირაში ერთხელ, სამშაბათობით, ვმართავ პრესკონფერენციას, სადაც ღიად ვუპასუხებ ჟურნალისტების კითხვებს.

დღეს შევხვდი ბაკურ კიღურაძეს. ეს კაცი პოლიტპატიმრად იყო შერაცხული. მას, როგორც ადვოკატი, ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე ვიცნობდი და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი ინტელექტით. ეს კაცი სასამართლომ ჯაშუშად სცნო. დავინტერესდი და მისი საქმე შევისწავლე. ვნახე, რომ სრული აბსურდია! დღეს მას და, მის მსგავსად, სხვებსაც ის პრობლემა აქვთ, რომ „ჯაშუშის“ იარლიყი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ჩამორეცხილი, განაჩენები ჯერ კიდევ ძალაშია. ამნისტიის კანონმა მათ თავისუფლება მიანიჭა და სასჯელი მოუხსნა, მაგრამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ვერ მოხდა. ამიტომაც წუხს ეს ხალხი და წუხს კონკრეტულად ბაკურიც. დიდხანს ვისაუბრეთ და რაღაც გზები დავსახეთ იმისთვის, რომ სრულად იქნეს ჩამორეცხილი ეს ლაქა, რომელიც მას უსამართლოდ მიაწებეს. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ და, აქედან გამომდინარე, რაღაც აზრებიც კი გამიჩნდა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით: რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ. ვთვლი, რომ მათ მეტი ყურადღება ესაჭიროებათ.

14 თებერვალი, ოთხშაბათი
დღეს მოქალაქეთა მიღების დღეა. ასეთი კვირაში ორი მაქვს: ოთხშაბათი და პარასკევი. ეს ყველაზე მძიმე დღეებია. მძიმე იმიტომ, რომ ძალიან დიდია ემოციური ნაკადი. ბევრ ადამიანს ვხვდები, ყველას ვუსმენ... სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელება უფრო მეტად სტანდარტული საქმიანობაა და ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, მოქალაქეებთან ურთიერთობა კი დიდ ტვირთია, განსაკუთრებით - ემოციურად. ვისმენ ადამიანების გაჭირვებას; ხშირად მათი ბოლო იმედი სწორედ ეს შეხვედრაა და მე ვალდებული ვარ, მათ მოვუსმინო, ზოგჯერ მაშინაც კი, როდესაც ესა თუ ის საკითხი აშკარად არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი სწორად განსაზღვრავს თემატიკას პროკურორთან სასაუბროდ თუ არასწორად. მთავარი ის არის, რომ ის მოდის აქ თავისი პრობლემის გადასაწყვეტად.

ვცდილობ დახმარებას, რა თქმა უნდა, საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში. თუ არ ვცდები, დღეის მდგომარეობით 70 ან უფრო მეტი ადამიანი გავათავისუფლეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, მოვუხსენით ბრალდებები. ნაწილობრივ, ეს იყო შედეგი იმისა, რომ შევხვდი და გავიგე ადამიანების პრობლემები, რომლებიც სრულიად უდანაშაულოდ იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი და ზოგს, როგორც იტყვიან, სულზე მივუსწარი. ზოგს შედარებით დაგვიანებით, მაგრამ მაინც დავეხმარე საკითხის გადაწყვეტაში.

ამას წინათ ერთი მოქალაქე იყო მოსული. მოვუსმინე. აღმოჩნდა, რომ ყოფილი პროკურორი ყოფილა, 1977 წლიდან მუშაობდა პროკურატურის სისტემაში. იქ ასეთი წესია: როდესაც ადამიანი 65 წლის ხდება, მას ითხოვენ პროკურატურის რიგებიდან, ამას კანონი ითვალისწინებს. მაგრამ თუ საპენსიო ასაკს ადამიანი პროკურორად მუშაობის დროს მიაღწევს, მაშინ მას შედარებით მაღალი პენსია ენიშნება. აღმოჩნდა, რომ ეს მოქალაქე 77-დან 2010 წლამდე მუშაობდა პროკურატურის სისტემაში და მიაღწია 63,5 წელს, ანუ როცა სამსახურიდან გაუშვეს, პენსიამდე წელიწადნახევარი ჰქონდა დარჩენილი. გაუშვეს, როგორც ბევრი სხვა - დაუსაბუთებლად. შესაბამისად, მან დაკარგა ის პენსია, რომელიც უნდა მიეღო, თუ კიდევ წელიწადნახევარს იმუშავებდა. ახლა, როდესაც ის ჩემთან იყო მოსული, 65 წელი უკვე შესრულებული ჰქონდა და პროკურატურის სისტემაში მისი მიღება, წესით, არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ მისი თხოვნა იყო, გამეთვალისწინებინა მისი ისტორია და, როგორც გამონაკლისი, პროკურატურის სისტემაში მიმეღო. კანონი უშვებს ამ გამონაკლისს. არც მიფიქრია, დაუყოვნებლივ აღვადგინე. ეს კაცი დღესაც პროკურორია და როდესაც დაასრულებს პროკურატურის სისტემაში მუშაობას, მას ექნება ის პენსია, რაც დაიმსახურა.

მოკლედ, ეს ოთხშაბათიც, სხვა ოთხშაბათების მსგავსად, დატვირთული იყო. ოცამდე ადამიანს მოვუსმინე და ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ რომელიც ღამის 12-მდე გრძელდება, არ ვიცი რას შევადარო ჩემი თავი. ალბათ, გამოწურულ ლიმონს ვგავარ, იმდენად დამღლელია ყოველივე ეს...

15 თებერვალი, ხუთშაბათი
დღეს ჩემი არასაპროკურორო საქმიანობის დღე იყო, ასე გამოვიდა. დაკრძალვაზე ვიყავი სამეგრელოში და მთელი დღე ამან წაიღო. მეგობარი გარდამეცვალა. დაახლოებით ოთხი თვეა, პროკურორი ვარ და არ მახსენდება რომელიმე დღე, სამსახურში რომ არ ვყოფილიყავი. ეს, შეიძლება ითქვას, გამონაკლისი იყო.

ხუთი წელი ერთად ვცხოვრობდით სტუდქალაქში. უმძიმესი ტრაგედიაა ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც.

ჩემი სტუდენტობა, 1988-93 წლები, ის პერიოდია, რომელშიც ყველაზე მეტად ქაოსური და აშლილი იყო საქართველო. მძიმე კრიმინოგენური ვითარება, საოცარი ეკონომიკური გაჭირვება... მე და ჩემი რამდენიმე თანაკურსელი ბაგებში ვცხოვრობდით, სტუდქალაქში. ვინაიდან ტრანსპორტი არ მუშაობდა, მეტრო „დელისთან“ მივიდოდით და მერე „დელისიდან“ ფეხით მაღლივ კორპუსში გადავიდოდით. იქ სტუდქალაქში გადასასვლელი ხიდი იყო და ასე მივაღწევდით ხოლმე ჩვენს საერთო საცხოვრებელს. მე-9 სართულზე ვცხოვრობდით. ლიფტი, რა თქმა უნდა, არ მუშაობდა, არც წყალი მოდიოდა, მაგრამ მთავარი საშიშროება ის იყო, რომ შუაღამისას ხიდზე გადამსვლელებს ხვდებოდნენ და აყაჩაღებდნენ. არადა, სტუდენტს რა უნდა ჰქონოდა და ზოგჯერ მას სწორედ იმიტომ სცემდნენ, რატომ არაფერი გაქვსო. მე პირადად მსგავს ინციდენტში არ მოვყოლილვარ, თუმცა ჩემი რამდენიმე მეგობარი რაც ეცვათ ტანზე, იმის გარეშე მოსულა სტუდქალაქში.

მიუხედავად ამისა, მაინც იყო ხალისი, რომელიც თან ახლდა თუნდაც ამ მოუწესრიგებლობას. კომუნიკაცია მეტია, როდესაც ტექნოლოგია ნაკლებია. ვკითხულობდით პოეზიას, ლექსებს, ნარკვევებს. ასეთი სტუდენტობა მქონდა. განსაკუთრებული აქ არაფერია, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ძალიან ლამაზად მეჩვენება ის დრო. საერთოდ, ვფიქრობ, რომ თუ წარსულში რაღაც ფატალური არ მომხდარა, ის მაინც ტკბილი მოგონების საგანია, რაოდენ გაჭირვებულიც უნდა იყოს ყოფა. ახლაც, როცა ვამბობ, რომ რაღაც პრობლემის წინაშე ვდგავარ, რაღაც მძიმე გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, უცბად ასეთი აზრი მომდის: ღმერთი აგზავნის განსაცდელს, მაგრამ ხომ შეიძლება, უფრო დიდი განსაცდელი ყოფილიყო? ამიტომ საკითხს გარკვეული სიმსუბუქით უნდა მიუდგე - ყველაფერს თავისი სამართლიანობა აქვს.

16 თებერვალი, პარასკევი
მიღების დღე. ისევ 20-მდე მოქალაქის მიღება. ისევ პრობლემები, ისევ სატკივარი, ისევ სურვილი, როგორმე, რაღაცნაირად დავეხმარო მომსვლელებს... ასე რომ, ისევ გამოწურული ლიმონი!

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მქონდა მოსაგვარებელი. შევხვდი პოლიტპატიმრების ერთ ჯგუფს ნანა კაკაბაძის ხელმძღვანელობით. მათ თავიანთი გულისტკივილი აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ 8 თებერვლის მოვლენების გაშუქებისას, საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, თითქოს ეს მათ მიერ იყო ინსპირირებული ან იქ უწესობა მათ მიერ იქნა განხორციელებული. ნანა და მისი თანმხლები რვა პირი ჩემთან იმისათვის იყვნენ მოსული, რომ თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ, რომ ასე არ იყო, რომ ისინი მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ობიექტური სურათის დადგენაში დაგვეხმარონ.

ჩვენ, პროკურატურას, სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და ინსტიტუტებისაგან განსხვავებით გვაქვს ერთი მოვალეობა: ჩვენ უნდა ვიყოთ აპოლიტიკური, ჩვენ კანონში გვიწერია: „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“.

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ სამართალდამცველი ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებები ატარებს პოლიტიკური დევნის ხასიათს. გასაგებია, რომ ამ აზრს მხარს უჭერს ოპოზიციური ძალა. მე ასე არ ვფიქრობ და ვცდილობთ, არა მარტო ჩვენი ფიქრის შესახებ ვამცნოთ საზოგადოებას, არამედ საქმით დავუდასტუროთ, რომ ასე არ არის. ისეთ შემთხვევაში, როდესაც პასუხისგებაში ვაძლევთ ადამიანს, სააშკარაოზე გამოგვაქვს ის მტკიცებულებები, რაც გვაქვს, და ვეუბნებით ნებისმიერ ადამიანს: „ნუ დაეყრდნობი მარტო ჩემს აზრს, გაეცანი მასალას, ნახე და თვითონ განსაჯე, რამდენადაა ეს პოლიტიკური დევნის მაგალითი.“

ჩვენ გავასაჯაროვეთ სასამართლო პროცესი იმ მხრივ, რომ აღვადგინეთ (და ეს ახლა ძალაში შედის) სასამართლო პროცესების აუდიო- და ვიდეოჩაწერა. გვინდა, ნაფიცი მსაჯულები შემოვიყვანოთ და მათ განსაჯონ ყოფილი მოხელეები, რადგან ნაფიცი მსაჯული ითვლება ბრალდებულის დაცვის მეტ შანსად და გვინდა, რომ მათ ეს „მეტი შანსი“ მივცეთ.

ყველა დამკვირვებელსა თუ დაინტერესებულ პირს ვეუბნებით: თუ გაინტერესებთ ესა თუ ის სისხლის სამართლის საქმე, ნახეთ, რა მტკიცებულებები გვაქვს. საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს უკმაყოფილების განცდა იმის გამო, რომ ბევრი ვინმე დღეს პატიმრობაში არ არის. კარგად მესმის მათი, მაგრამ მინდა დავამშვიდო ეს ხალხი და ვურჩიო, ცოტა სხვანაირად შეხედონ ამ საკითხს. ჩვენ მოვდივართ იმ გუშინდელი დღიდან, როდესაც ასეთი ინერცია გვქონდა აღებული: თუ პროკურატურა ვინმეს დაიჭერდა, ის უკვე დამნაშავე იყო; ანუ თუ კაცი ჩავარდა, მორჩა ახლა მას ვეღარაფერი უშველის; მას თავზე ნაცარი უნდა დაეყარა და ეღიარებინა ყველაფერი, რაც ჩაუდენია თუ არ ჩაუდენია. როდესაც ამ ინერციით მოვდივართ, მესმის, რომ დღეს საზოგადოება ამა თუ იმ პირისათვის პასუხისგებაში მიცემაში ხედავს მის დასჯას და ეს სწორი განწყობაა. მაგრამ დასჯა იწყება არა დაკავებით და პასუხისგებაში მიცემით, არამედ საქმის არსებითი განხილვით, როდესაც სასამართლო განაჩენს გამოიტანს. ჯერჯერობით მათი დასჯა არ მომხდარა და საზოგადოება უნდა შეეცადოს, გაიგოს და დაინახოს: ეს ხალხი იმიტომ არის თავისუფალი, რომ განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი, რომ წინ გველოდება უამრავი პროცესი და ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ იმ ინერციისაგან, რომ დაპატიმრებაში სასჯელი დავინახოთ.

საზოგადოებას სწორად ესმის ის პრობლემა, ესმის, რომ თავისუფლება სიკეთე და ბედნიერებაა და მე, როგორც ყოფილი ადვოკატი, ამას მართლა სიკეთედ აღვიქვამ. ამიტომ ჩვენ ადამიანის დამსჯელი არასოდეს ვიქნებით. მაგრამ ეს სიკეთე სანდო ხელისგან, სანდო წყაროსგან უნდა იყოს მოტანილი. აი, ეს აკლია ამ სასამართლო ხელისუფლებას დღეს.

17 თებერვალი, შაბათი
დღეს რადიო თავისუფლებასთან „დაკითხვაზე“ ვიმყოფები. ყველაფერი, რაც დავწერე, იყო გულწრფელი - რასაც ვფიქრობ, რისიც მჯერა და მადლიერი დავრჩები, თუ საზოგადოება აღიქვამს ჩემს ნათქვამს, როგორც სიმართლეს.
XS
SM
MD
LG