Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკა სინჯიკაშვილი - სცენარისტი


20 მარტი, კვირა

კვირადღეს მანქანაში შევხვდი. პირველად არა, ალბათ, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მანქანაში მიზის ადამიანი, ვინც ფული უნდა გადამიხადოს, თან უბრალო კი არა, ჩემი გამომუშავებული. იმედია, გადახდას არ გადაიფიქრებს, თორემ გუშინდელი ორმაგი „გადაგდებაც“ ვერ მომინელებია ჯერ. ერთ შემთხვევაში მგზავრი პირდაპირ გადავიდა მანქანიდან და გაიქცა. ძალიან სასაცილო ყოფილა, როცა მძიმეწონიანი ადამიანი, ოღონდ ხუთი ლარის გადახდას თავი აარიდოს, მთელი სისწრაფით გარბის. რა თქმა უნდა, არ გავკიდებივარ. რომ ჰქონოდა, ისედაც მომცემდა, და თუ აქვს და არ მაძლევს, მერე მე თვითონ უნდა დავარღვიო კანონი დაუფიქრებლად.

ტაქსის მძღოლად ჩემი „გადაქცევის“ მეორე დღეა, და ასეთი ცუდი მხრიდან არასოდეს დამინახავს თბილისის მოსახლეობა. ტაქსით მგზავრობისას, მხოლოდ მაშინ გამჩნევენ, თუ ენის ან გულის მოფხანა უნდათ, დანარჩენ შემთხვევაში მანქანაში გინდ მჯდარხარ, გინდა არა. გუშინ ცოლ-ქმარი იჯდა უკანა სავარძელზე და ისე გაარჩიეს თავიანთი სექსუალური ცხოვრების დეტალები, არც მომრიდებიან. არა უშავს, მე მაინც არ მწყინს, ვიცი, რომ დიდხანს არ გაგრძელდება ეს ჩემი „ტაქსაობა“. დანარჩენი მძღოლები მეცოდებიან, ამდენ შეურაცხყოფას რომ იტანენ ყოველღამე.

დილისთვის, იმედი მაქვს, ოთხმოც ლარამდე მაინც მოგროვდება, იმიტომ რომ როცა მეეზოვეებს საჭმელს დავურიგებ, სახლისაკენ წამოსულს, ძალიან მრცხვენია ხოლმე, როცა სხვა მეეზოვეები და უსახლკაროები მხვდებიან გზაში და მე აღარაფერი მაქვს დარჩენილი მათთვის მისაცემად.

მგზავრი ჩამოვსვი და ფეისბუკი გავხსენი. დიდი გამოხმაურება მოჰყოლია ჩემს პოსტს. ხალხს მოსწონებია ჩემი საქციელი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მოწინააღმდეგეებიც მეყოლებიან. ღამე ჩვეულებრივად გაგრძელდა, ისეთი იყო, როგორიც არის ტაქსისტის ჩვეულებრივი ღამე...

6 საათზე მარკეტში ჰამბურგერებისათვის საჭირო მასალა ვიყიდე, სახლში წავედი და დავამზადე. სულ ოცდაათზე მეტი გამოვიდა და ამ ამბავმა გამახარა. გუშინ ნაკლები იყო. დილისათვის ისე მომშივდა, ვეღარ ვფიქრობდი. ავდექი და ერთი ცალი ჩემი გაკეთებული ჰამბურგერი შევჭამე. ათ წუთში ისე შემრცხვა, რომ მეგონა, ათას ადამიანს ბოლო ლუკმა გამოვაცალე პირიდან. არა უშავს, ხვალ ღამით ცოტა ადრე გამოვალ, ცოტა გვიან დავამთავრებ და ამ ერთ ჰამბურგერს ჩემს ნამუსთან როგორმე გამოვისყიდი... :-)

თავისუფლების დღიურები - აკა სინჯიკაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:15:15 0:00

21 მარტი, ორშაბათი

ტელეფონი მთელი დღე არ გაჩერებულა, ძალიან ბევრი მირეკავს უკვე. დაძინებაც ვერ მოვახერხე: რომ მირეკავენ და არ ვპასუხობ, არ ეგონოს ვინმეს, რომ ტელეფონის აღებას აღარ ვკადრულობ. ასე, ალბათ, იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩათრევა იცის ამ ადამიანებზე ზრუნვის ამბავმა, თორემ მე ხომ ვიცი, რომ ეგრე ძალიან კეთილიც არ ვარ. ვფიქრობდი, რატომ მჭირს ასე, რომ უცებ მთელი დედამიწის მატერიალურ პრობლემებზე დავიწყე ფიქრი-მეთქი და, ალბათ, პასუხად გამოდგება, რომ მიჩვევა იცის ადამიანებზე ზრუნვამ. გონებაც ზუსტად იმაზე მომართული ხდება, რაც მთელი გულით გინდა, გააკეთო. თითქმის ყველა ტელევიზიიდან დამირეკეს − რამდენიმე ისეთის გარდა, რომლებიც მე თვითონ ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე ტელევიზიების ჩამონათვალში. ერთხელ, დრო რომ მექნება, ამ ტელევიზიებს უნდა გადავხედო, მართლა გადის თუ არა რამე. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლების გამოჩენაც ვიწინასწარმეტყველე, ანუ ადამიანები, რომლებიც მლანძღავენ ჩემი საქციელის გამო. ერთნი იმაზე მეჩხუბებიან, მარხვაა და ხორცს და შოკოლადს ნუ ურიგებ ხალხსო. ვხვდები, რომ ასეთ ხალხს ვერაფრით ვერ აუხსნი, რომ იმ ადამიანებს ზოგ შემთხვევაში ორი დღეა, ლუკმაც არ ჩაუდიათ პირში. ამიტომ დავაში არ ვყვები და უპასუხოდ ვტოვებ შეტყობინებებს. არიან ისეთებიც, ვინც იმისთვის გამლანძღა, რომ სიკეთე სახალხოდ გამოვფინე და ვყოყოჩობ ამ საქმით. ორი წელია, მშიერ ხალხს ვეხმარები და მათთვის ტანსაცმელი და საკვები დამაქვს. ამ ორ დღეში, როცა სახალხოდ გამოვაცხადე, რასაც ვაპირებდი, უფრო მეტი ფული მოვაგროვე, ვიდრე აქამდე ერთ თვეში ვაგროვებდი და, ალბათ, ეს არის პასუხი ამ პრეტენზიაზე.

დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არც ერთ ტელევიზიაში არ მივალ, იმიტომ რომ იქ უნდა დავჯდე და მართლა პრანჭვა დავიწყო, თუ როგორი კარგი ბიჭი ვარ, მოვისმინო ქება-დიდება და უნდა გავშავდე სახეზე, იმიტომ რომ, ალბათ, ამერიკის პრეზიდენტი ვინმეს დაკრძალვაზე რომ შიშველი მივიდეს, ისე არ შერცხვება, როგორც მე მრცხვენია, როცა მაქებენ. კომენტარებსაც პოსტის ქვეშ იმისათვის ვკითხულობ ხოლმე, რომ გავიგო, ტყუილად ხომ არ დავრახრახებ ამ ტაქსით მთელი ღამე და რამე შედეგი თუ მოაქვს ამას. რამდენიმე ჟურნალ-გაზეთს მოვუყევი ერთი-ორი ჩემი ამბავი, მეტი მაინც არ სჭირდებათ, დანარჩენის დამატება თვითონაც კარგად იციან. ანანოს ცოტა სიცხე აქვს და, სანამ გავალ, წამალს ვუყიდი.

იქნებ ცოტა ხანსაც გავჩერდე სახლში, თორემ მამა მეკითხება, სახლში რატომ აღარ მოდიხარო.

22 მარტი, სამშაბათი

ტრადიციულად, 9 საათზე გამოვედი სამუშაოდ. დაახლოებით პირველ საათამდე სულ ნაცნობები მირეკავდნენ და წინა დღეზე მეტი შევაგროვე. დამირეკა რამდენიმე უცნობმაც, რაც ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე: ესე იგი, უკვე რაღაც შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა.

ერთი იმის მეშინია, რომ მომავალი კვირიდან ყოველდღე ვეღარ გავაგრძელებ და არ დაავიწყდეს ხალხს ის ძირითადი მინიშნება, რაც ამ საქციელით მინდოდა მეთქვა. მშიერთა გამოკვებას ვგულისხმობ. ყოველ ღამე ტაქსაობაც ძალიან ჭირს. ძალიან ამტკივდა ზურგი, ძილს თითქმის ვერ ვასწრებ, რაღაცები მავიწყდება და ერთმანეთში მერევა დღეები და რიცხვები. ამ ყველაფრის მერე გული მწყდება ხოლმე, როცა ვინმე მლანძღავს და მაკრიტიკებს. არავის მოსვლია აზრად, თვითონაც გაეკეთებინა რამე მსგავსი და ერთი ადამიანი მაინც დაეპურებინა ქუჩაში. არა უშავს, ასეთი ხომ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ისინი, ვინც გულით მიდგას გვერდში და ყოველდღე მამხნევებს თავისი თბილი სიტყვებით.

უკვე ძალიან ბევრმა გაიგო ჩემი ამბავი. ყოველ დილას ასამდე შეტყობინება მხვდება. რამდენიმე ამყვა კიდეც და ტაქსაობა დაიწყო, თუმცა მალევე მიანებეს თავი. არც ვამტყუნებ, ძალიან ძნელი საქმეა, მით უმეტეს შუაღამის შემდეგ, როცა, ძირითადად, მთვრალი და შარიანი ხალხი გიჯდება მანქანაში.

დღეს კიდევ რამდენიმე ტელევიზიას ვუთხარი უარი და ერთ-ერთმა მეძახა კიდეც უამბიციო და ბოროტი კაცი! :) არა უშავს, აბა ყველა ხო არ მომეფერება :))) ვერ გაიგეს უარის მიზეზი, ვუთხარი, რომ არ არის ლამაზი, როცა ადამიანი შენს მიტანილ საჭმელს ჭამს და შენ ამ დროს კამერით უღებ. მთავარია, იმ დღეს სიუჟეტი გადაიღონ და მეორე დღეს მათ აღარც მე ვემახსოვრები, და აღარც ის ხალხი.

სახლის ამბებს საერთოდ ვეღარ ვუთმობ დროს, არადა, ბევრი რამეა საჭირო. თეოც და ანანოც ნაკლებ ყურადღებას იღებენ ჩემგან. არ მსაყვედურობენ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ასეა. დედაჩემიც ყოველდღე მირეკავს და მირჩევს, შევეშვა ღამით ტაქსაობას. რა ჰქნას, ნერვიულობს. იცის, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ მე კი არა, პრეზიდენტიც არ არის. არადა, მე უკვე ძალიან მიხარია ყოველ ღამით გასვლა, სულ უცნობი ადამიანებიც მცნობენ და ტარიფებსაც აღარ მითანხმებენ. რა თქმა უნდა, ისეთი გამონაკლისების გარდა, როგორიც წუხელ შემხვდა. ძალიან მთვრალი იყო, ამიშარდა, მანქანიდანაც მაგდებდა, მაგრამ ოდნავ გამოფხიზლდა თუ არა, მიხვდა, რომ არ იყო მართალი, ფული დამიგდო და ბურტყუნით ჩავიდა სანაპიროზე.

იქნებ, ისე გავრცელდეს ეს ამბავი, რომ სულ ნაცნობებმა მირეკონ. რისკი გაცილებით ნაკლებია...

23 მარტი, ოთხშაბათი

წუხელ საქმე გაცილებით უკეთ წავიდა. მთელი ღამე გამოძახებებს ვერ ავუდიოდი. სადღაც გაგონილმა სლოგანმა „სიკეთე გადამდებია“ აშკარად კარგად იმუშავა. ყველას უნდა, რომ მასთან მივიდე გამოძახებაზე. იშვიათი შემთხვევის გარდა, არავინ კითხულობს, რა ღირს მგზავრობა. ვერ გამოვთქვამ, რამოდენა შვება მომგვარა სრულიად უცნობმა ადამიანმა, რომელმაც დამიბარა და ბენზინით გამივსო ავზი. ჩემი ხელფასიდან თითქმის არაფერი დარჩა და ბენზინზე ძალიან ვნერვიულობდი, ნაშოვნი ფულით ჩასხმაც რაღაცნაირად მერიდება, ამ დროსაც მგონია, რომ ვიღაცას რაღაცას ვპარავ. გამოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებმაც ნაღდი ფული მომცეს პროდუქტების საყიდლად. უკვე იმდენი მოგროვდა, რომ შემიძლია დიდ ოჯახებშიც მივიდე და ცოტათი მაინც შევუმსუბუქო მდგომარეობა. თავისუფლად შემიძლია წასვლა სოფელ ქსოვრისში, სადაც თურმე სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. დილასვე ვიყიდე საჭირო პროდუქტები სუპერმარკეტში. მოლარეს უკვე მილიონერი ვგონივარ, ყოველდღე იმდენ რამეს ვყიდულობ. მისამართის მიგნებაში სოცმუშაკი ირინა ლაშაური დამეხმარა. ახლოს ყოფილა სოფელი ქსოვრისი, დაახლოებით ნახევარ საათში ჩავედით.

ნანახი მოლოდინზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა: ხუთ ბავშვს პირდაპირ რკინის საწოლებზე სძინავს, ყოველგვარი ლეიბებისა და საბნების გარეშე. პირდაპირ ტანსაცმლით წვებიან და ძველ პლედებს იფარებენ. ყველაზე პატარა სამი თვისაა და ჯერ არ იცის, როგორი პრობლემები აქვს, მაგრამ, იმედია, როცა გაიზრდება, ისე იცხოვრებს, რომ აღარ ემახსოვრება, რა აუტანელ პირობებში დაიბადა. დავუტოვეთ დაახლოებით ორი კვირის სამყოფი საკვები: მაკარონი, პური, კარტოფილი, ზეთი, ფქვილი, შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა და ცოტაოდენი ტკბილეული ბავშვებისათვის. წამოსვლის წინ, როცა დიასახლისი გამოგვეკიდა და ჩვენ მიტანილ შოკოლადს გვატანდა, ლამის სისხლი გამიჩერდა. ადამიანები არავითარ მდგომარეობაში არ კარგავენ სიამაყის გრძნობას.

გულდამძიმებულები წამოვედით თბილისში. ირინა მცხეთაში დავტოვე, თავის სამსახურთან. ზუსტად ცხრა საათზე გავალ დღესაც. იმედი მაქვს, უფრო მეტი მოგროვდება ამაღამ და ხვალ კიდევ ერთ ოჯახს მივეხმარები. არ მინდოდა ასეთი პათეტიკური და დარდიანი დღიური გამომსვლოდა, მაგრამ, როგორ ხასიათზეც ვარ ეს დღეები, ისეთი გამოვიდა. არა უშავს, მერე როცა წავიკითხავ, ყოველთვის მემახსოვრება, რომ მარტო მე არ ვარ ქვეყანაზე და შესაძლებელია, სხვებსაც რამე გავუკეთო.

24 მარტი, ხუთშაბათი

ძალიან არ მინდოდა ამ საქმის შეწყვეტა, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე თავი, რომ გარეთ გავსულიყავი. ყველაფერი მტკიოდა და, რომ არ დამეძინა, ალბათ, სადმე დავეჯახებოდი რამეს და ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა. წუხელ ერთი გოგო ჩამიჯდა, რომელსაც ვაგვიანებდი. ძალიან ეჩქარებოდა და სხვა ტაქსიში გადაჯდა. მეორე დღეს გავიგე, რომ იმ სხვა ტაქსიში მთელი ფული და საბუთები დაუკარგავს. მოვკვდი ნერვიულობით, ნეტავ არ გამეშვა-მეთქი, მაგრამ რაღას ვიზამდი. სამწუხაროდ, ვერ მივაწვდინეთ ხმა იმ მძღოლს და საფულის დაბრუნების საქმიდან არაფერი გამოვიდა. მთელი დღე სახლში ვიყავი და ვიწექი. დროგამოშვებით ისევ მირეკავდნენ უცხო ადამიანები ათასნაირ საქმეზე. უცნობ ხალხს რაღაც საერთო რომ გავუჩინე, ეგ ცალკე სიამაყეს მგვრის. მარტო ის რად ღირს, „ტაბულიდან“ და „ასავალ-დასავლიდან“ ერთდროულად რომ დაგირეკავენ და საქციელს შეგიქებენ! :)

საღამოს ლუდის დალევად ჩავედი ჩემს საყვარელ ბარ „გენერატორში“. ვერაფრით წარმოვიდგენდი, ამოდენა სიყვარული თუ დავიმსახურე! ყველა მესალმებოდა, მკოცნიდა და მეფერებოდა. ეს ხუთშაბათიც მაპატიეს, რომ სტენდაპზე ვერ გამოვედი. სამაგიეროდ, მეგობრებს ვუსმინე და ბევრი სასაცილო ხუმრობაც დავიმახსოვრე. ცოტა ლუდი დავლიე და სახლში წამოვედი.

ღამით ისევ ფეისბუკზე შევედი და იქ სამჯერ მეტი გულშემატკივარი დამხვდა, ვიდრე გუშინ. ნათესავები, ძველი ნაცნობები, კლასელები, ისეთი ხალხი, ვინც საერთოდ არ მახსოვდა და ძლივს გავიხსენე. ერთი მაგ ამბის მრცხვენია ხოლმე კიდევ ძალიან: ვიღაც რომ მირეკავს ან მხვდება, მე კი ვერ ვცნობ. მთელი გულით რომ მოგიკითხავს, ოჯახის წევრებიანად, შენ კი არ გახსოვს... ვერ არის კარგი გრძნობა.

ამაღამ ისევ გავალ სამუშაოდ. ხვალ ერთი დედა-შვილისათვის საკვების ფული უნდა მოვაგროვო. დედა ავადმყოფია და ვერ დადის, შვილი კი ჯერ სულ პატარაა. მეზობელთან არიან შეკედლებულები დროებით. იქნებ ცოტა მეტიც მოგროვდეს და პატარას რამე ტანსაცმელიც ვუყიდო, თორემ არა მგონია, ვინმე ისეთი ფიქრობდეს ამ პრობლემაზე, ვისაც მისი მოგვარება შეუძლია.

25 მარტი, პარასკევი

ღამით სულ ნაცნობები მირეკავდნენ გამოსაძახებლად. მხოლოდ ორი იყო უცნობი, და იმათაც განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ, ორიოდე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს და მისამართზე მივიყვანე. ცხოვრებაში პირველად ვნახე ადამიანი, რომელსაც ზუსტად ჩემნაირი გვარი აქვს :) რა თქმა უნდა, ნათესავებს არ ვგულისხმობ. თურმე თვითონაც სწორედ ამ მიზნით მომძებნა და გამომიძახა. ძალიან გაგვეხარდა ერთმანეთის გაცნობა. ირაკლი ჰქვია და ძალიან კარგი ბიჭია. შევთანხმდით, რომ დღეის შემდეგ ვიძმაკაცებთ და ერთად ხშირად დავლევთ. შეიძლება სულ მალეც: შაბათს ხომ თბილისელი მსმელები წმინდა შაბათს ვეძახით. მხოლოდ ერთი გოგო შემხვდა ფხიზელი და ისიც, ალბათ, იმიტომ, რომ ექვსი თვის ორსული იყო :) სხვათა შორის, ერთადერთი ადამიანია ეს გოგო, რომელმაც ჩემი ორი საყვარელი მწერალი იცოდა. თანაც, არა მარტო იცოდა, არამედ მისი საყვარელი მწერლებიც ესენი ყოფილან: ჯერალდ დარელი და ერნესტ სეტონ-თომპსონი. გულწრფელად გამიკვირდა, ნეტავ რატომ უყვარს ამ გოგოს ეს ორი ნატურალისტი მწერალი-მეთქი, მაგრამ ყველაფერი მალევე გაირკვა: ხატიამ მითხრა, ზოოპარკში ვმუშაობ, დირექტორის მოადგილე ვარო. განვიხილეთ ზოოპარკის ტრაგედიის ამბები. ცოტა წავიტრაბახე კიდეც, ზოოპარკის მთავარი შესასვლელი მთლიანად ჩემი გაწმენდილია-მეთქი. მერე ერთმანეთს შევეჯიბრეთ და თომპსონის ყველა პერსონაჟის სახელები გავიხსენეთ მტრედ არნოს გარდა, რომელიც მგზავრობის დასასრულს მაინც გამახსენდა.

ბევრი კარგი რამე მომიტანა ამ ტაქსაობამ: გავიცანი ადამიანები რომლებთანაც ინტერნეტით ვმეგობრობდი და ახლოს არასოდეს მენახა; კარგად შევისწავლე ვარკეთილი და მოსკოვის გამზირის ჩიხები და მივხვდი, როგორ შევიკავო თავი ორი ღამის უძილომ და დოღის ცხენივით დაღლილმა, რომ თავი არ გავუტეხო კაცს, რომელმაც ქეიფში გაატარა ღამე და გამთენიისას ტაქსის ფულის გადახდაც არ უნდა. დღეს წესით საერთოდ აღარ უნდა შემხვდეს უცნობი მგზავრი, იმიტომ რომ ქალაქში უკვე თითქმის ყველამ იცის ჩემზე და ხალხიც ბევრი დამირეკავს. სხვათა შორის, შეიძლება ჩემი მეგობრის და ერთი ძალიან ლამაზი გოგოს ურთიერთობაც აეწყოს ჩემი ტაქსიდან: ერთმანეთს უკვე წერილებს უტოვებენ ჩემს მანქანაში! :)

ხვალ კიდევ ერთ ოჯახს გაუჩნდება სახლში, მინიმუმ, ორი კვირის სამყოფი საკვები. იმედია, კიდევ ბევრი ჩაერთვება ამ საქმეში და სულ მალე ქვეყანაში არც ერთი ადამიანი აღარ იშიმშილებს იმ გოგოების გარდა, რომლებიც ერთი კილოგრამის მომატებას მიწისძვრაზე არანაკლებ განიცდიან.

26 მარტი, შაბათი

ძალიან ბედნიერი ვარ! მართლა ბევრი შეგროვდა წუხელ: 165 ლარი! ამ ფულით ბევრი რამის ყიდვა შეიძლება. იქნებ ცოტა ხანს დავიძინო-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ არ გამოვიდა ეგ საქმე. 12 საათამდე ოჯახის ამბებს გადავყევი და პირველისთვის დამეძინა − ზუსტად იმ დროს, როცა ყველაზე მეტი საქმე მქონდა მოსაგვარებელი. რა ვქნა, ვეღარ გავძელი.

გავიღვიძე და პროდუქტების ჩამოწერა დავიწყე. ამ დროს დამირეკეს ადგილიდან, სადაც ძალიან მალე უნდა მივსულიყავი. გადავდე შეხვედრა და ვერც ვიგრძენი, როდის ჩამეძინა. ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთო ყველაფერი. ის ოჯახიც მელოდება. შევპირდი, დღეს აუცილებლად მოვალ-მეთქი. ბავშვი, ალბათ, ფანჯარაზეა აკრული და მარჩიელობს, რომელი მანქანა შეიძლება იყოს ჩემი. მეეზოვეები და ქუჩაში მცხოვრები ხალხი, რა თქმა უნდა, არ მავიწყდება მაგრამ ერთად ვერ ვახერხებ ამდენს და გული მწყდება.

რაღაც შედეგი მაინც არის და ამითაც კმაყოფილი ვარ. დღეს დილას ვიღაც ორ ქალს ნამცხვრები დაურიგებია მეეზოვეებისთვის. ერთმა ტაქსების კომპანიამ გადაწყვიტა, უფასოდ ატაროს გვიან ქუჩაში დარჩენილი მოხუცები და ბავშვები. ვიღაც ფულს აგროვებს, რომ ერთად გამოვკვებოთ ღარიბები, და ეს ყველაფერი ახალ რამეებზე ფიქრს მაიძულებს. ახლა ამისთვის თავის დანებება ღალატის ტოლფასია და ვერაფრით ვერ ვიზამ.

9 საათი ახლოვდება, რამდენიმემ უკვე დამირეკა და დრო დაჯავშნა. მოვემზადები და გავალ. კიდევ, რაც მთავარია, ვიღაცები მიხვდნენ, რომ არანაირი სამუშაო სირცხვილი არ არის და სირცხვილი ისაა, როცა ახალგაზრდა კაცი სხვას კი არა, საკუთარ თავსაც არ ეხმარება.

სანამ გავალ, ნეტავ ანანო მოიყვანოს თეომ სახლში... გასულები არიან და ძალიან მენატრება ხოლმე ორივე. ერთს მაგრად ჩავკოცნი და მთელი ღამე მეყოფა თავის გასამხნევებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG