Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკი და მოსკოვი სახიფათოდ მიიჩნევენ ევროპაში ნატოს ანტისარაკეტო ელემენტების განთავსებას


ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი (მარჯვნივ) თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს მასპინძლობს.
ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი (მარჯვნივ) თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს მასპინძლობს.

რუსეთისა და ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრები სახიფათოდ მიიჩნევენ ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი ფარის კომპონენტების მშენებლობას რუმინეთსა და პოლონეთში. დღეს, 16 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფება მინსკში, სადაც მოლაპარაკებებს მართავს იმ საკითხების გარშემო, რომლებზეც ბელორუსიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, 16 ივნისისათვის დაგეგმილი ვიზიტის დროს იმსჯელებენ.

ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მინსკი და მოსკოვი შეშფოთებულნი არიან აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების აქტიური ელემენტების განვითარებით აღმოსავლეთ ევროპაში - ეს განცხადება ვლადიმირ მაკეიმ თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა 16 მაისს მინსკში. ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ მოსკოვი და მინსკი იმსჯელებენ „ერთობლივი შესაბამისი საპასუხო ზომების
შესახებ იმ ფონზე, როდესაც აშშ და ნატო გეგმავენ ფართო ევროპული სარაკეტო ფარის შექმნას, რაც რუმინეთსა და პოლონეთში განთავსებულ ახალ სისტემებს დაეფუძნება“.

12 მაისს რუმინეთში მდებარე დევესელის ბაზაზე ევროპის ანტისარაკეტო ფარის პირველი კომპონენტი, აშშ-ის მიწისზედა ბაზირების რაკეტგადამტაცი სადგური, ამოქმედდა.

„ევროატლანტიკური სივრცის გარედან მომავალი სარაკეტო საფრთხე რეალურად ემუქრება ნატოელ მოკავშირეებს. რამდენიმე ქვეყანა ესწრაფვის ასეთი შეიარაღების შეძენას და შექმნას. ჩვენი ერთობლივი სარაკეტო თავდაცვის სისტემა გრძელვადიანი ინვესტიციაა ამ გრძელვადიანი საფრთხის წინააღმდეგ. ასეთი თავდაცვითი სისტემის შექმნის გადაწყვეტილება ნატოელმა მოკავშირეებმა ლისაბონის 2010 წლის სამიტზე მიიღეს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სამხრეთ რუმინეთში გაშლილი ევროპის სარაკეტო თავდაცვითი ფარის პირველი კომპონენტის ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენს. 13 მაისს პოლონეთის დაბა რედზიკოვოში კი საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვითი კომპლექსის კიდევ ერთი სისტემის მშენებლობას. რუსეთმა ამ ნაბიჯს კონფრონტაციული უწოდა და ეს შეფასება სერგეი ლავროვმა 16 მაისს მინსკშიც გაიმეორა:

„ევროპის უსაფრთხოების საკითხში ვიზიარებთ შეშფოთებას იმის გამო, რომ ჩვენი კოლეგები ნატოს ქვეყნებიდან ცდილობენ კონფრონტაციის გამწვავებას: აღმოსავლეთისკენ, ჩვენი საზღვრებისკენ, სწევენ სამხედრო ინფრასტრუქტურას. თქვენ იცით, როგორ განიხილება ეს საკითხები, როგორ ცდილობენ ემოციების დაძაბვას. ასეთი კონფრონტაციული ხაზის გატარების მომხრე არც რუსეთია და არც ბელორუსია. ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ევროპა უნდა ემხრობოდეს ყველასთვის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპს“.

16 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა მინსკში, სადაც მოლაპარაკებებს მართავს იმ საკითხების გარშემო, რომლებზედაც ბელორუსიაში რუსეთის პრეზიდენტის 16 ივნისის ვიზიტის დროს იმსჯელებენ. მინსკში ლავროვმა განაცხადა, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რაზედაც მეგობრებმა ხმამაღლა უნდა ვისაუბროთო. ორი ათეული წლის წინ ორმა ქვეყანამ დააფუძნა რუსეთ-ბელორუსიის კავშირი, თუმცა მათ შორის ხშირია დავა ეკონომიკურ საკითხებზე, რამაც მოკავშირეები ბოლო ხანს სავაჭრო ომამდე მიიყვანა. ამასთან, ამ ბოლო ხანებში მინსკმა აშკარად გააუმჯობესა ურთიერთობა ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებთან, რაც მოსკოვს აღიზიანებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG