Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პროპაგანდა საფრანგეთში


ამ ექვსიოდე წლის წინ საფრანგეთში გაფიცვების მორიგი ტალღა ბობოქრობდა. ამ გაფიცვებში ზოგჯერ ლიცეუმის მოწაფეებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის ჩემი ვაჟი და მისი თანაკლასელები. ამ კლასის ორმოცამდე მოსწავლეს შორის მხოლოდ ერთი იყო მულატი ბიჭი, სახელად კრისი.

ერთ საღამოსაც, მანიფესტაციიდან დაბრუნებულმა ჩემმა ვაჟმა მიამბო, აქციის დროს როგორ მივიდა მათთან ინტერვიუს ჩამოსართმევად Russia Today-ს კორესპონდენტი. ვკითხე, ინტერვიუ კრისისგან ხომ არ აიღეს-მეთქი. გაუკვირდა, საიდან მიხვდიო...

არადა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რადგან კრემლის იდეოლოგებს ბევრი ელემენტი აქვთ აღებული ნაცისტური ყოველკვირეული პროპაგანდისტული საინფორმაციო პროგრამა Wochenschau-დან, სადაც საფრანგეთისა და აშშ-ის სამხედრო ტყვეებზე გადაღებულ სიუჟეტებში მხოლოდ ზანგებს აჩვენებდნენ. როგორც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამ სურათს გერმანელ ობივატელში უნდა განემტკიცებინა აზრი დასავლეთის ე.წ. „ნეგროიდიზაციისა“ და, შესაბამისად, მისი დეკადენსის შესახებ, ისე დღევანდელი ე.წ. „პუტპროპი“ (პუტინისეული პროპაგანდა) ცდილობს, რუსეთის მოქალაქეებს იგივე აზრი ჩაუნერგოს კრემლის Wochenschau-ების საშუალებით.

ექვსი წლის წინანდელი ეს ამბავი გამახსენდა დღეს საფრანგეთში ორი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით: ერთი დაწერა და ცნობილმა სოვეტოლოგმა, პროფესორმა სესილ ვესიემ, ხოლო მეორე - ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკოლა ენენმა. (ამ უკანასკნელმა დასავლეთში სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც ათი თვე გაატარა „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაში და შემდეგ დაწერა მეტად საინტერესო წიგნი „ჯიჰადის აკადემია“, რომელიც ბესტსელერად იქცა ევროპის ბევრ ქვეყანაში).

ორივე ავტორის ნაშრომი საფრანგეთში რუსულ პროპაგანდას ეხება და მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ახერხებს კრემლი საკუთარი მედიის, პოლიტიკური ლობირებისა და ღია თუ ფარული დაფინანსების საშუალებით გააძლიეროს საფრანგეთში კრემლის გავლენა.

ამ წიგნების კითხვისას რწმუნდები, რომ რუსეთი დღეს საფრანგეთის წინააღმდეგ ოპერაციებზე იმდენივე ფულს ხარჯავს, რამდენსაც ცივი ომის დროს ხარჯავდა. მკითხველი იმასაც შეიტყობს, როგორ მოახერხა კრემლმა ფულისა და იდეოლოგიის საშუალებით კავშირის დამყარება როგორც მარგინალურ, ისე რესპექტაბელურ პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან.

საფუძვლიანად დოკუმენტირებულ ამ ნაშრომებში (რომლებიც ჯონ ლე კარეს დეტექტივივით იკითხება), შეხვდებით მოქმედ პირთა მეტად უცნაურ კოქტეილს, მათ შორის რუსეთის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილ ოფიცრებს, მართლმადიდებელ მილიარდერებს, ფრანგ კომუნისტ-ტროცკისტებს, რუსული არისტოკრატიული ემიგრაციის ნოსტალგიურად განწყობილ შთამომავლებს, საფრანგეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ევროკავშირის მოწინააღმდეგე პოპულისტურ პოლიტიკურ ლიდერებსა და ფრანგული think tank-ების ხელმძღვანელებს. ერთის მხრივ, რა აკავშირებს ფრანგ კომუნისტს, რომელიც მისტირის სტალინს ან ლენინს, რუსული წარმოშობის ფრანგ არისტოკრატთან, რომელსაც ბოლშევიკებმა დააკარგვინეს „სიდიადე“ და აიძულეს, საფრანგეთში გახიზნულიყო? ან რა აქვს საერთო რუს მართლმადიდებელ მილიარდერს ფრანგ ტროცკისთან?

სესილ ვესიე აჩვენებს, რომ ყოველი ცალკეული „მიზნობრივი ჯგუფისათვის“ კრემლი შესაბამის პროპაგანდას ეწევა: თუ ულტრამემარცხენეებს მოსკოვი დონბასსა და ყირიმში გამართული პიონერების პარადით ხიბლავს, ულტრამემარჯვენეებსა და კათოლიკურ წრეებს „პუტპროპი“ Святая Русь-ის იმიჯით აჯადოებს, წმიდა რუსეთისა, როგორც „ჭეშმარიტად ქრისტიანული ღირებულების“ ბასტიონისა.

Святая Русь, როგორც კრემლის პროპაგანდის ინსტრუმენტი, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, რადგან ის აჩვენებს, თუ როგორ ჰგავს „პუტპროპი“ საფრანგეთში, პუტინისეულ აგიტპროპს საქართველოში.

მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, საკუთარი თავი წარმოადგინოს, „როგორც ბასტიონი ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ფასეულობებისა“, სესილ ვესიე ციფრების საშუალებით ნათლად აჩვენებს, რომ საქმე მორიგ „პოტიომკინის სოფელთან“ გვაქვს: საფრანგეთში შობადობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში, ხოლო საფრანგეთის სახელმწიფოს სოციალური დახმარებები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის (დახმარებები საფრანგეთში იწყება მეორე შვილიდან და შემდეგ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება) ორნიშნა რიცხვით აღემატება რუსეთის შესაბამის სოცდახმარებებს.

ორივე ავტორი ნათლად აჩვენებს, რომ „პუტინპროპს“ საფრანგეთში აქვს როგორც ტაქტიკური, ისე სტრატეგიული მიზნები: თუ მოსკოვის ამწუთიერი მიზანია, ევროპამ შეწყვიტოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კრემლის გრძელვადიანი ამოცანა, რა თქმა უნდა, ევროპის ერთიანობის განადგურებაა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რამდენად აზიანებს კრემლის ეს პოლიტიკა საფრანგეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და ევროპის მთლიანობას? როგორც ვესიეს, ისე ენენის პასუხი ამ კითხვებზე უარყოფითია: მათი აზრით მოსკოვმა ჯერჯერობით ვერ მიაღწია დიდ პროგრესს. თუმცა, ორივე მკვლევარი საუბრობს რუსეთის ზეგავლენის ზრდის ტენდენციაზე როგორც საფრანგეთის ულტრამემარჯვენე და პოპულისტურ ლე პენის, ისე მემარჯვენე რესპუბლიკელების პარტიაში (რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია).

სამაგიეროდ, იმედის მომცემია ავტორთა მეორე დასკვნა: სესილ ვესიეცა და ნიკოლა ენენიც დამაჯერებლად აჩვენებენ, რომ მიუხედავად კოლოსალური ხარჯისა, რუსული პროპაგანდა ვერ ახერხებს ფრანგულ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას: ყველა გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების, სულ ცოტა, 85% უარყოფითად არის განწყობილი პუტინის რეჟიმის მიმართ (სავარაუდოდ, ეს საფრანგეთის მეინსტრიმული პრესის დამსახურებაა, რომელიც შესაშური ობიექტურობით აშუქებს ევროპაში მიმდინარე მოვლენებს).

დაბოლოს: რადიო თავისუფლების ეთერში ხშირად ისმის მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არის საქართველო ევროპის ნაწილი. იქნებ ღირდეს, ქვეყნის ევროპულობის განსაზღვრისას შემდეგი პარამეტრით ვიხელმძღვანელოთ: ყველა ის ქვეყანა, სადაც კრემლი ანტიევროპულ აგიტაციას ეწევა, ევროპის ნაწილად ჩავთვალოთ?..

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG