Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის კურსის ვარდნის მიზეზები


ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურთან
ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურთან

საქართველოს მოქალაქეები ეროვნული ვალუტის, ლარის, გაუფასურების გამო პასუხს ქვეყნის ხელისუფლებისგან მოელიან, მაგრამ მთავრობა ლარის ვარდნის პროცესში საკუთარ პასუხისმგებლობას არ აღიარებს. აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი ამერიკის დოლარის გამყარებაა და არა საქართველოს საბიუჯეტო პრობლემები.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ლარის ვარდნასთან აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კავშირს უარყოფენ. შესაბამისად, არ განიხილავენ ლარის კურსზე არაპროპორციული საბიუჯეტო ხარჯებისა თუ შემცირებული ინვესტიციების უარყოფით გავლენას. ამ თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ასეთი პასუხი გასცა:

„მე არ ვიცი, თქვენ რა შემცირებულ ინვესტიციებზე საუბრობთ. თუ შეგიძლიათ, დამისახელეთ დარგი, სადაც ინვესტიციებია შემცირებული... რა ინვესტიციებია შემცირებული?!“

ლარის კურსის გაუარესების კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი, ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკა, გამორიცხა და ხელი ეროვნული ბანკისკენ გაიშვირა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მან ასევე აღნიშნა, სხვა ვალუტებთან შედარებით, აშშ დოლარის გამყარების ტენდენცია. მსგავსი აზრი გამოთქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახლა კი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმაც:

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

"ეკონომიკა არის მყარი. ლარის კურსი მერყეობს. დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, არაფერს არ ნიშნავს ეს ცუდს. კარგად მუშაობს მთავრობა".

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების არგუმენტები „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) მთავარმა ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ შეისწავლა. მისი განცხადებით, ბოლო ორი კვირის მანძილზე ლარი არა მარტო დოლართან, არამედ ევროსა და გირვანქა სტერლინგთან მიმართებაშიც 15-20 თეთრით გაუფასურდა:

„რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნის გარდა, ყველა ქვეყანასთან, ვისთანაც კი საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები აქვს, ლარი გაუფასურდა. აქედან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ ლარი კი არ უფასურდება, არამედ დოლარი მყარდება მსოფლიოში და ეს ჩვენთან კურსზე აისახება, არის მცდარი. ჩვენთან ლარის გაუფასურება გამოწვეულია შიდა პრობლემებით“.

საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა

მთავრობა და მმართველი პოლიტიკური ძალა შიდა პრობლემებზე საუბარს ერიდება, ხოლო მისი სხვადასხვა წარმომადგენელი ბოლო დრომდე ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერს.

„ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ატარებდნენ, მაგრამ, როგორც ეტყობა, საკმარისი არ აღმოჩნდა. უფრო უნდა გააქტიურდნენ წლის ბოლოს“, ამბობს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

მთავრობა პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას იმითაც შეეცადა, რომ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გამოაცხადა, ლარის კურსზე ბიუჯეტის ხარჯები გავლენას არ ახდენსო:

„გაცვლით კურსზე ბიუჯეტის ზემოქმედება არის ნულის ტოლი. 2014 წლის ბიუჯეტი შესრულდება, შემოსავლები იქნება გადაჭარბებით შესრულებული და ხარჯებიც იქნება დაახლოებით 100 პროცენტამდე“.

ლარი უფასურდება იმიტომ, რომ დოლარის მოცულობა ქვეყანაში მცირდება. ბოლო თვეებია, ქვეყნიდან გადის უფრო მეტი დოლარი, ვიდრე შემოდის. ანუ საქართველოს რჩება უფრო მცირე რაოდენობის დოლარი, ლარი ისევ იმდენია და თანაფარდობა დაირღვა, ეს აისახა ლარის კურსზე და გაუფასურდა...
ბესო ნამჩავაძე

ფინანსთა მინისტრის ეს სიტყვები იმის მანიშნებელია, რომ მიმდინარე წლის დარჩენილ არასრულ თვეში დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი, დღეში 70 მილიონზე მეტი ლარი, უნდა დაიხარჯოს. შესაბამისად, განმეორდება ის, რაც გასული წლის ბოლოს მოხდა, როდესაც გაზრდილმა ხარჯებმა ლარის კურსი შეარყია. თუმცა ამჯერად საქმე კიდევ უფრო რთულად გამოიყურება და თუ რატომ, ამას „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე განმარტავს:

„შიდა პრობლემები გამოსახულია საქართველოს ექსპორტის შემცირებაში და ამას თან ერთვის იმპორტის ზრდა. შედეგად ვიღებთ ჩვენ, რომ ვაჭრობაში გვაქვს უარყოფითი ბალანსი. 2014 წლის 10 თვეში, საქონლით ვაჭრობის შედეგად, საქართველოდან 4 მილიარდ დოლარზე მეტი გაედინა. წინა წლებშიც უარყოფითი იყო ჩვენი ბალანსი, მაგრამ ეს ბალანსი უარესდება. ანუ ჩვენ ექსპორტი შეგვიმცირდა აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბერში. მაგრამ წინა წლებში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ბალანსირდებოდა ინვესტიციებით, სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტებით, უცხოეთიდან გადმოგზავნილი ფულადი გზავნილებით. ყველა ამ მიმართულებით არის გაუარესება“.

ბესიკ ნამჩავაძე
ბესიკ ნამჩავაძე

ბესო ნამჩავაძის მიერ ნახსენებ ფულადი გზავნილების შემცირებასთან დაკავშირებით თუ ობიექტური მიზეზები არსებობს, რუსეთიდან და უკრაინიდან გადმორიცხული თანხების შემცირების სახით, სუბიექტურად შეიძლება ჩაითვალოს კლების პრობლემა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და სახელმწიფო სესხების ნაწილში:

„ლარი უფასურდება იმიტომ, რომ დოლარის მოცულობა ქვეყანაში მცირდება. ბოლო თვეებია, ქვეყნიდან გადის უფრო მეტი დოლარი, ვიდრე შემოდის. ანუ საქართველოს რჩება უფრო მცირე რაოდენობის დოლარი, ლარი ისევ იმდენია და თანაფარდობა დაირღვა, ეს აისახა ლარის კურსზე და გაუფასურდა. ამიტომ არის ამასთან პირდაპირ კავშირში ექსპორტი, ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, სახელმწიფოს მიერ აღებული უცხოური კრედიტები. ეს ყველაფერი დოლარის წყაროა. თუ აქ არ გვექნებოდა პრობლემები, საქართველოში დოლარის რაოდენობა კი არ შემცირდებოდა, პირიქით, გაიზრდებოდა და შეიძლება საპირისპირო ტენდენციის მოწმე ვყოფილიყავით“.

ბესო ნამჩავაძის აზრით, ლარის კურსის სტაბილურობის გარანტია ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა. ამავე აზრისაა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც. კვირის ბოლოს, მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, მან საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მან ისიც აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და რომ არ ელოდება დაგეგმილზე მაღალ ინფლაციას. ამის თქმის საფუძველს გიორგი ქადაგიძეს მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია აძლევს და ისიც, რომ, შარშანდელისგან განსხვავებით, საქართველოში ფულის მასა არ გაზრდილა:

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

„უფრო მეტიც, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მინდა გითხრათ, რომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება, რაც კიდევ ერთხელ შეასუსტებს ზეწოლას ინფლაციურ პროცესებზე. სამწუხაროდ, ამ დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან ის მოქალაქეები, რომელთაც სესხი აქვთ დოლარით, ხოლო შემოსავალი ლარით. აქ პასუხია მხოლოდ ერთი: ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა და, საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, ეკონომიკის ზრდის პირობებში, საშუალოვადიან პერიოდში, ლარს ყოველთვის ექნება გამყარების ტენდენცია“.

გიორგი ქადაგიძის ამ განცხადებაზე მთავრობის წარმომადგენლების რეაქციას, ანუ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვაზე უარის თქმას, გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე. მისი ინფორმაციით, მთავრობა ახორციელებს პროგრამას სავალუტო ფონდთან, რომელიც ითვალისწინებს 150 მილიონი დოლარის სესხის გამოყოფას. საქართველოს უკვე მიღებული აქვს პირველი ტრანში, ხოლო დანარჩენი მომდევნო ორი წლის მანძილზე უნდა აითვისოს. მისივე ცნობით, სავალუტო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის რეზერვების მინიმალური ოდენობა და ბიუჯეტის დეფიციტი. ამ პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში, შეჩერდება მომდევნო ტრანში, რასაც მოჰყვება ერთ მილიარდ ლარზე მეტი კრედიტის შეჩერება მსოფლიო ბანკიდან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან.

ექპერტები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ მთავრობამ შეიძლება უარი თქვას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებაზე, ანუ მოახდინოს სეკვესტრი და გაუფრთხილდეს ეროვნული ბანკის რეზერვებს, რათა არც ეროვნული ვალუტა გაუფასურდეს უსაზღვროდ და არც საერთაშორისო დახმარება დაიკარგოს.

XS
SM
MD
LG