Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი 20 წლისაა


საქართველოს ეროვნული ვალუტის მონეტები
საქართველოს ეროვნული ვალუტის მონეტები

საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ლარს, 20 წელი შეუსრულდა. ზუსტად ოცი წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს, ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მიმოქცევაში გავიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. ლარმა შეცვალა კუპონი, საქართველოს პირველი ეროვნული ვალუტა, რომელიც მოქმედებაში იყო 1993 წლის 3 აგვისტოდან.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო 1993 წლის 5 აპრილამდე საბჭოთა და რუსეთის რუბლით სარგებლობდა, თუმცა, როგორც საქართვალოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა იგონებს, რუსეთმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები, რომლებსაც, ბუნებრივია, ხელი არ მიუწვდებოდათ ფულის ბეჭდვაზე:

„ფულს მხოლოდ რუსეთი ბეჭდავდა და არ აწვდიდა არც ერთ რესპუბლიკას. ამის გამო ჩვენთან შეიქმნა გაუსაძლისი მდგომარეობა. გაუცემელი იყო ექვსი თვის ხელფასები იმის გამო, რომ საბჭოთა მანეთი აღარ იყო, ამოიწურა და რუსეთი ახალ ფულს არ იძლეოდა. ამიტომ მაშინვე შევქმენით სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარე მე ვიყავი, და მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი ეროვნული ვალუტის შექმნაზე“.

და მართლაც, საქართველოს მთავრობამ 1992 წლის 15 აპრილს გამოსცა ნომერი 421-ე დადგენილება ქართული ფულის გამოშვების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ. დადგენილებას ხელს აწერდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ სიგუა, რომლის თქმითაც, ლარის შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა ჯანო ბაგრატიონმა.

„ჯანო ბაგრატიონი მაშინ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი იყო და ჩემთან მოსული იყო სპორტის საკითხზე, მაგრამ მითხრა ასეთი რამ: გავიგე, ბატონო თენგიზ, რომ ქართული ფულის შემოღებას და დაბეჭდვას აპირებთო და მე მაქვს ერთი წინადადებაო. კარგად ვიცნობ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავალს, გვარად გედევანიშვილს, რომელიც სწორედ იმ ფირმაში ("ფრანსუა შარლ ობერტიური") მუშაობს, სადაც ფრანგული ფული იბეჭდება. შეგახვედრებთ ამ კაცს, სულით და გულით ქართველია და აუცილებლად გაგვიწევს ანგარიშსო. ვიცი, რომ ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში ცდილობთ ფულის დაბეჭდვას და ძალიან ძვირი დაგიჯდებათო, ეს ჩვენი თანამემამულე კი გაცილებით იაფად გაგვიკეთებსო. დავეთანხმე და, მართლაც, ჩამოიყვანა. შევხვდი და, მართლაც, ძალიან მონდომებული აღმოჩნდა, რომ პირველი ქართული ფული მის კომპანიას დაებეჭდა“, უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ სიგუამ, რომლის თქმით, სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა, ქართული ფულის მხატვრული ნიმუშები მხატვარ ნოდარ მალაზონიას შეექმნა. მოგვიანებით საქმეში ჩაერთო მხატვრის ვაჟი, ბაჩა მალაზონიაც, რომლის თქმითაც, კონცეფციაზე მუშაობისას გადაწყდა, რომ ეროვნული ფულის მეშვეობით საქართველოს დანარჩენი მსოფლიოსათვის მიეწოდებინა მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია ქყვეყნის კულტურისა და ისტორიის შესახებ:

საქართველოს ეროვნული ვალუტა
საქართველოს ეროვნული ვალუტა

„ფული ვირუსივით არის: შეიძლება ვერ ნახო რაღაც გამოფენა, ვერ წაიკითხო წიგნი, მაგრამ ყველა ადამიანი ნახულობს და ხელში იჭერს იმ ქვეყნის ეროვნულ ვალუტას, რომელშიც ჩადის. ამიტომ გვინდოდა ამ მომენტის სათანადოდ გამოყენება. ჩვენ გვქონდა დიდი წყვეტა სახელმწიფოებრიობაში. ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია თავს მისცეს იმის უფლება, რომ კუპიურებზე გამოსახოს ცხოველები, ბუნების პეიზაჟები, აბსტრაქცია, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა, რომ ეს სახელმწიფო, რომელიც მაშინ იყო ორი თუ სამი წლის, რეალურად არსებობდა ბევრი საუკუნის განმავლობაში და მას აქვს თავისი თვითმყოფადი ისტორია, ჰყავს თავისი გმირები, აქვს ლიტერატურა, მხატვრობა და არქიტექტურა“.

ბაჩა მალაზონიას თქმით, თავდაპირველად სახელმწიფო კომისიას გადაწყვეტილი ჰქონდა ეროვნული ფულისთვის ეწოდებინა „მანეთი“, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნოდარ მალაზონია. ვიკიპედიის მიხედვით, სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში, თუმცა, როგორც თენგიზ სიგუა იხსენებს, გადამწყვეტი აღმოჩნდა ედუარდ შევარდნაძის პოზიცია, რომლის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ. რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ლევან ღვინჯილიამ დაადასტურა ყოფილი პრემიერ-მინისტის ნათქვამი.

როგორც კი სავალუტო ფონდმა ჩარიცხა 27 მილიონი და დაიწყო მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მივიღეთ კანონი ეროვნული ბანკის შესახებ, მოხდა ფინანსური სისტემის გამკაცრება და გარკვეული საგადასახადო ცვლილებები, კუპონი დასტაბილურდა და ნაცვლად 1$ - 2,5 მილიონი კუპონისა, 1$ გაუტოლდა 1,3 მლიონ კუპონს და ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ფიქსირებული იყო კუპონის კურსი დოლართან...
რომან გოცირიძე

„სამთავრობო კომისიას გადაწყვეტილი ჰქონდა ეროვნული ფულისთვის „ქართული მანეთი“ დაერქმია. როდესაც ეს შევიტყვე მხატვარ ნოდარ მალაზონიასგან, გამიჩნდა იდეა შემეთავაზებინა კომისიისათვის „ლარი“, შესაბამისი დასაბუთებითურთ. კომისიამ თითქოს თავიდან არ გაიზიარა ეს მოსაზრება, მაგრამ ერთხელ, სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე შესვენების დროს, შევარდნაძე და სიგუა საუბრობდნერნ ფოიეში, როცა სიგუამ მანიშნა მივახლოვებოდი. ამ დროს უთხრა შევარდნაძეს, რომ ლევანს წინადადება აქვს, მაგრამ კომისია მხარს არ უჭერსო. რა წინადადებააო, იკითხა შევარდნაძემ და ლარიო, უპასუხა სიგუამ. შევარდნაძე დაფიქრდა. კომენტარი არ გაუკეთებია, ნახევარი წუთი გაყუჩდა და მერე თქვა, არ ჟღერს ცუდადო. ამ ორმა სიტყვამ მეორე დღეს კომისიის სხდომაზე ეროვნული ვალუტის სახელწოდების ბედი გადაწყვიტა. კომისიამ, რომელიც ამ წინადადებას არ იღებდა, ასი პროცენტით დაუჭირა მხარი“, უთხრა ლევან ღვინჯილიამ რადიო თავისუფლებას.

ლარი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. ჩვენამდე მოღწეული ტექსტებიდან ეს სიტყვა პირველად გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“. მისგანაა ნაწარმოები სიტყვები სალარო და მოლარე. როგორც საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯიბუტი იხსენებს, 1993 წელს მომზადდა ლარისა და თეთრის მატრიცები, თუმცა მიმოქცევაში ლარი გამოვიდა 1995 წლის 25 სექტემბერს. მანამდე ეროვნული ვალუტის ფუნქციას კუპონი ასრულებდა. ყოფილი ვიცე-პრემიერის რომან გოცირიძის თქმით, თანამდებობის დატოვებამდე 1 დოლარი 17 ათასი კუპონი ღირდა, ახალი მთავრობის ხელში 1 დოლარის ფასმა 2,5 მილიონი კუპონი შეადგინა, ხოლო თვიურმა ინფლაციამ - 7 ათასი პროცენტი. რომან გოცირიძის თქმით, ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო ლარის ბრუნვაში გაშვება, მაგრამ პოზიტიური როლი ითამაშა საქართველოს მთავრობისა და სავალუტო ფონდის თანამშრომლობამ:

„რომ არა სავალუტო ფონდის მკაცრი მოთხოვნები, რომელიც შემდეგ გამოიხატა 27 მილიონი დოლარის ტრანშით, რომელიც ეროვნულ ბანკში ჩაირიცხა როგორც ლარის გამყარების რეზერვები, შემდეგი რეფორმებიც ვერ იქნებოდა. როგორც კი სავალუტო ფონდმა ჩარიცხა 27 მილიონი და დაიწყო მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მივიღეთ კანონი ეროვნული ბანკის შესახებ, მოხდა ფინანსური სისტემის გამკაცრება და გარკვეული საგადასახადო ცვლილებები, კუპონი დასტაბილურდა და ნაცვლად 1$ - 2,5 მილიონი კუპონისა, 1$ გაუტოლდა 1,3 მლიონ კუპონს და ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ფიქსირებული იყო კუპონის კურსი დოლართან. და როცა გამოჩნდა, რომ დამყარდა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მაშინ გახდა შესაძლებელი ლარის შემოღება“.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 2002 წელს - 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, 2004 წელს - 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. 2007 წლის 16 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში 200 ლარის ღირსების ბანკნოტი გაუშვა. ლარის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 28.28-გრამიანი მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორი მხატვარ-დიზაინერი ბაჩა მალაზონიაა. მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში ათასხუთასიანი ტირაჟით გავა. მისი სარეალიზაციო ფასი 95 ლარია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG