Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან საყდრის-ყაჩაღიანამდე


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტით დაიწყო გასული კვირა. მისი ვიზიტის ძირითადი თემები კი იყო ევროკავშირთან საქართველოს დაახლოება, საქართველოსა და გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და რუსეთთან ურთიერთობა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ჭრილში. ეს და სხვა თემები, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა 9 დეკემბერს, საქართველოდან გამგზავრების წინ, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განიხილა. როგორც პრემიერის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, გერმანელმა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბერლინი არ აღიარებს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას.ამავე წყაროს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა „მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“ და კიდევ ერხელ დაადასტურა „საქართველოს ევროპული კურსისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა“. ასოცირების ხელშეკრულება მოექცა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ყურადღების ცენტრში. მან გამოხატა იმედი, რომასოცირების შესახებ შეთანხმება სტიმული იქნება ქვეყნის „მოდერნიზაციისა და რეფორმებისთვის“ და, მართალია, ამას დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით.

„ასოცირების შეთანხმება არ არის ერთადერთი დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ვიზების ლიბერალიზაციაზე და დასახული მიზნისკენ – უვიზო მიმოსვლისკენ – კარგა მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადავდგით.... ეს ასახულია 2014 წლის ოქტომბერს მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც თქვენ, ალბათ, იცნობთ“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრისას აღნიშნა, გერმანიისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება - შესაბამისად, ბერლინი არასოდეს ცნობს რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას.

თუკი თემას მივყვებით, ანუ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს, მაშინ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გასულ კვირაში ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 30-ე რაუნდზე, სადაც რუსეთსა და აფხაზეთოს დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირებისა და სგრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო და ის შეფასდა, როგორც ანექსიისკენ გადადგმული სახიფათო ნაბიჯი. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ცხინვალი ცდილობს სწრაფად დაადგეს სოხუმის გზას, გააფორმოს ე.წ. ხელშეკრულება რუსეთთან და, საჭიროების შემთხვევაში, შეუერთდეს კიდეც მას.

ჟენევის მოლაპარაკებათა 30-ე რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საქართველოს მისამართით გაფრთხილება და ერთგვარი მუქარაც კი შეინიშნება. განცხადებაში ვკითხულობთ: „ნატოსკენ საქართველოს თავშეუკავებელი სწრაფვის ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ ალიანსის უელსის სამიტზე თბილისს გადაეცა „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი“, დაიგეგმა ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე და განახლდა მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე, საგანგებოდ აქტუალური ხდება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“, - ციტატის დასასრული. განცხადების თანახმად, სწორედ უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გააფორმა რუსეთმა ე.წ. ხელშეკრულება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან და მას არავითარი კავშირი არა აქვს „ანექსიასთან“.

გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში
გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას სწორედ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს თბილისი და ამის შესახებ საქართველოს განახლებულმა დელეგაციამ ოთხშაბათს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 30-ე რაუნდის ფარგლებშიც, არაერთხელ აღნიშნა. ბრალდებები და მოწოდებები სწორედ რუსეთის ფედერაციისკენ არის მიმართული და პრობლემა ამ ჭრილში განიხილა საგარეო საქმეთა მინისტრის ახალმა პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ, 10 დეკემბერს ჟენევაში სამუშაო დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე:

“ამ დოკუმენტის ხელმოწერა წარმოადგენს აშკარა გამოვლინებას რუსეთის მიზანმიმართული გეგმისა, წინ აღუდგეს სუვერენული სახელმწიფოების პროდასავლურ კურსს ოკუპაციისა და ანექსიის საშუალებით. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს“.

ჟენევის მოლაპარაკებათა 30-ე რაუნდი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, რომ ცხინვალში გამოითქვა სურვილი რუსეთთან დაახლოებისა, სოხუმის მსგავსად, და, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მეტადაც. თუკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვებით ვიმსჯელებთ, დღის წესრიგში დგას და რუსეთის მხარესთან ერთად უკვე მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მთელი რიგ წინადადებებზე. როგორც ლეონიდ თიბილოვმა უთხრა მედიის წარმომადგენლებს, მას სამხრეთ ოსეთის რუსეთში ხილვა სურს:

„მე გამოვედი წინადადებით, რომ მომავალი ხელშეკრულება განხილულ იქნეს ვრცელ დიაპაზონში: დაწყებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლიდან და დამთავრებული მსოფლიოში ამჟამად არსებული სხვა ფორმებით. არსებობს სახელმწიფოთა პოლიტიკური თანაარსებობის ბევრი ფორმა. ვფიქრობ, ჩვენ ახლო მომავალში მივიღებთ პასუხს ამ საკითხზე“.

ცხინვალის მხრიდან რუსეთთან შეერთების სურვილის გამოხატვა არ გაჰკვირვებია პოლიტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილს, რადგანაც ამას სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით თიბილოვის წინამორბედებიც აკეთებდნენ. როგორც ანალიტიკოსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ცდილობს ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და ხელშეკრულება გააფორმოს რუსეთთან. თუმცა ასეთი ნაბიჯის გადადგმა ამ ეტაპზე ნაკლებად აინტერესებს თავად რუსეთს, რომელიც მინიმალურად აფინანსებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას.

სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია
სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია

გასული კვირა დაემთხვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს. ამ დღეს საქართველოს არაერთი ღონისძიები გამოეხმაურა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია იყო, რომელიც საქართველოში არსებულ უფლებრივ მდგომარეობას მიეძღვნა. 2014 წლის ძირითადი უფლებადარღვევებისა და დადებითი ტენდენციების შესახებ მოხსენება უჩა ნანუაშვილმა 10 დეკემბერს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. გენდერული თანასწორობა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების გამოძიება - ეს იყო მთავარი საკითხები ომბუდსმენის ანგარიშში.

მიუხედავად გარკვეული შენიშვნების გაუთვალისწინებლობისა, სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, ასევე ადამიანის უფლებების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებები, რამაც შეამცირა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი. რაც შეეხება უარყოფით ტენდენციებს, უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოლიციელების მიერ დაკავების დროს ძალის გადამეტების შემთხვევებზე, თქვა, ასეთი ფაქტები უფრო ხშირი იყო დასავლეთ საქართველოში და, ამ პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით, პროკურატურის საქმიანობა არ იყო მაინცდამაინც ეფექტურიო.

მთლიანობაში, უჩა ნანუაშვილმა მიმდინარე წლის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ასე დაახასიათა:

„პირველ რიგში აღვნიშნავთ ქალთა მიმართ ძალადობას და იმ ტალღას, რომელიც წლის განმავლობაში შეინიშნებოდა. დაფიქსირდა შეუწყნარებლობის არაერთი ფაქტი უმცირესობების მიმართ და ესეც არის ერთ-ერთი გამოწვევა და პრობლემა ქვეყნისთვის; არასათანადო მოპყრობის ფაქტები და ამ ფაქტების არაეფექტური გამოძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ტალღა, ასევე პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებით არის გამოთქმული ჩვენი მოსაზრება, რომ არ იყო გათვალისწინებული კონკრეტული რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ე.წ. გასაღების თემას“.

სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი, რომელმაც სახალხო დამცველის ეფექტური მუშაობის მიუხედავად, მოუგვაარებელ პრობლემებზე ისაუბა:

„მიმაჩნია, რომ ეს იყო წარმატებული წელი სახალხო დამცველისთვის, მაგრამ ვხედავთ საკითხებს, რომლებიც გადასაჭრელია ეროვნულ დონეზე. მე მინდა, უბრალოდ, მოგიწოდოთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა. ეს ყოველთვის ადვილი არ არის. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს. ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაც საქმეები არ გადაწყვეტილა. კვლავ ყოვნდება გამოძიების პროცესი, რომელიც უნდა განხორციელდეს რეფორმების შედეგად. ასევე რეფორმები არ აღსრულებულა“.

გეტყვით იმასაც, რომ წელს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დევიზია „ადამიანის უფლებები 365“.

ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერი აქცია თბილისში
ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერი აქცია თბილისში

სწორედ 10 დეკემბერს, ანუ ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს, ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა გააპროტესტეს თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოს წინ, თავიანთი აზერბაიჯანელი კოლეგის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრების ფაქტი. ხელში პლაკატები: „თავისუფლება ხადიჯას“, „ნუ მიიყვანთ მედიას თვითმკვლელობამდე“, ხადიჯა ისმაილოვას ფოტოები, შავი მაისურები, დაპატიმრებული აზერბაიჯანელი უფლებადამცველების ფოტოებითა და სახელ-გვარებით - ასე გააპროტესტეს მათ 5 დეკემბერს ბაქოში ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრების ამბავი. აზერბაიჯანელი კოლეგის მხარდასაჭერად თბილისში გამართულ აქციაში მონაწილეობა ორმოცდაათამდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყო ჟურნალისტი და ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ რედაქტორი მაია მეცხვარიშვილიც. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი სანქციები, რაც ჟურნალისტების მიმართ აზერბაიჯანში მოქმედებს, ხშირად გადამდებ ხასიათს იღებს, ამიტომ ამ სოლიდარობას და პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს:

„ჩვენი პროტესტი და აღშფოთება სწორედ იმას უკავშირდება, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ არა მარტო ხადიჯა, არამედ ყველა ის ბლოგერი და ჟურნალისტი, რომელიც ბოლო წლებში აზერბაიჯანში დააპატიმრეს. მე დეტალურად ვიცნობ მათ საქმეებს და საოცარია, რომ ყველა მათგანი „მხილებულია“ ვითომ ნარკოტიკების უკანონო შეძენაში, იარაღის უკანონო კონტრაბანდაში, ახლა მათ ხადიჯაც დაემატა სუიციდამდე მიყვანის მცდელობისათვის, რაც აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებაა და ყველამ კარგად იცის, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებამაც, რომ ყველა მათგანი დაპატიმრებულია სწორედ მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო“.

ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერი აქცია თბილისში
ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერი აქცია თბილისში

აზერბაიჯანის საელჩოსთან მისული აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჟურნალისტი და აქტივისტი ჰაჯი ჰაჯიევი თავის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უპრეცედენტო რეპრესიებად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ეს შესაძლოა მრავალი ფაქტორით იყოს განპირობებული, კერძოდ, იმით, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა, რაც, თავის მხრივ, სირთულეებს უქმნის აზერბაიჯანს და, კონკრეტულად, მმართველ რეჟიმს, რომელიც ამ ნავთობით საზრდოობს:

„ის, რომ დღეს ხადიჯა დაპატიმრებულია, გასაკვირი სულაც არ არის. გასაკვირი უფრო ისაა, რომ ის აქამდე არ დაიჭირეს, იმიტომ რომ ხადიჯამ თავისი საქმიანობით დიდი ხანია „დაიმსახურა“ აზერბაიჯანული ციხე - ვგულისხმობ იმ პოლიტიკით, რაც იქ მოქმედებს. უბრალოდ, დიდხანს ვერ წყვეტდნენ მის დაპატიმრებას, რადგან ხადიჯა მსოფლიოში ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ავტორია ალიევების ოჯახის შესახებ ძალიან ხმაურიანი გამოძიებებისა, რომელშიც მან ფაქტებით დაამტკიცა, რომ აზერბაიჯანში ყველა მთავარი ბიზნესი სწორედ ალიევების ოჯახს ეკუთვნის“.

გასული კვირის ბოლო სამუშაო გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების კონგრესი შეთანხმდა საქართველოსთვის 30 მლნ დოლარის გამოყოფის თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო სამხედრო დაფინანსების (Foreign Military Financing - FMF) პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ აშშ დოლარი. ამას გარდა, „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის" (European Reassurance Initiative - ERI) ფარგლებში, 57 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთისთვის დახმარების გაზრდის მიზნით. რა კონკრეტულ მიზნებს მოემსახურება ეს თანხები, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფას კონგრესის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წრამომადგენლებიც ეთანხმებიან:

„ერთი პროგრამა არის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამა, მეორე არის უფრო ინიციატივა, რომელსაც ჰქვია „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივა“. ორივე ამ პროგრამასა და ინიციატივაში არის მოხსენიებული საქართველო და გამოყოფილია სოლიდური თანხები ჩვენ დასახმარებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ორივე პარტიამ - როგორც რესპუბლიკელებმა, აგრეთვე დემოკრატებმა“.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ რა მიმართულებით გამოიყოფა თანხები საქართველოსთვის. ასევე უცნობია, სამი ქვეყნისთვის - საქრთველო-უკრაინა-მოლდავეთისთვის - გათვალისწინებული 57 მილიონი დოლარიდან თანხა რა პროპორცით გადანაწილდება ქვეყნებზე.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემა მრავალი მიმართულებით საჭიროებს დახმარებას: მთავარ პრობლემად საჰაერო სივრცის კონტროლი რჩება და მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა საჭირო; მნიშვნელოვანია ასევე ტანკსაწინააღმდეგო მიმართულება; პრობლემაა შვეულმფრენებთან მიმართებითაც. სატრანსპორტო შვეულმფრენები, ანუ „მი“ ტიპის საბჭოთა შვეულმფრენები, თითქმის ამოღებულია ხმარებიდან, ისევე როგორც „მი 24“ საბრძოლო ტიპის შვეულმფრენები.

როგორც რადიო თავისუფლებას ირაკლი ალადაშვილმა უთხრა, 2008 წლის აგვისტოს ომის გათვალისწინებით, შეერთებული შტატები და დასავლელი პარტნიორები არ იჩენდნენ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის ინიციატივას, თუმცა, უკრაინის მოვლენების ფონზე, ამის თვალსაჩინო აუცილებლობა გამოიკვეთა.

შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურებად მიიჩნევს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სენატისა და წამომადგენლობითი პალატის მიერ მიღწეულ შეთანხმებას 2015 წლის ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტთან დაკავშირებით:

სესიაშვილი: „ეს არის იმისათვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, რომ ჩვენ შეგვეძლოს დაცული ქვეყნის პირობებში განვავითაროთ ჩვენი სისტემები, მოვახდინოთ მეტი სვლა დასავლეთისკენ და გავხდეთ საერთო ევროპული ოჯახის ძლიერი ნაწილი“.

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

გასული კვირის ბოლოს დამტკიცდა 2015 წლის ბიუჯეტი. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტმა 82 ხმით, არცერთის წინააღმდეგ მიიღო. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10 ლარით, 160 ლარამდე გაზრდა, რის განხორციელებასაც მთავრობა 2015 წლის 1-ელი სექტემბრიდან აპირებს.

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ მუშაობა განაახლა საყდრის-ყაჩაღიანის ნომერ პირველ სალიცენზიო უბანზე. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მუშაობის განახლება გადაწყდა იმის გამო, რომ, კანონის შესაბამისად, ობიექტის ნაწილი საფუძვლიანად იქნა შესწავლილი არქეოლოგიურად. დარჩენილ ნაწილზე დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ობიექტზე იყო ავარიული მდგომარეობა და ნგრევის საფრთხე, რაც დადასტურებულია შესატყვისი გეოლოგიური დასკვნით. საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მუშაობის განახლება გააპროტესტეს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა და „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრებმა. მათი ინფორმაციით, საბადოზე 13 დეკემბერს, დილით, ორი მძლავრი აფეთქება მოხდა. შეგახსენებთ, რომ კომიტეტის წევრები საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის აღდგენას და სამთო-მოპოვებით სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე თვეების განმალობაში მუშაობდა საყდრის-ყაჩაღიანის საკითხზე. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, მისთვის მოულოდნელი იყო საბადოზე მუშაობის განახლება, მით უმეტეს, რომ, მისი თქმით, ამ დრომდე სასამართლოში მიმდინარეობს დავა და კომპანიას შეჩერებული აქვს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება: „რაკი ჩვენ სამართლებრივ მხარეზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვნახოთ და ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივად რა საფუძვლები დაუდო სახელმწიფომ ამ საკითხს, მაშინ როცა ორი სასამართლო დავა მიმდინარეობს ძეგლის სტატუსის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ასევე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებასთან, და, ამ ფონზე, უცებ ვიგებთ, რომ გამოცემული ყოფილა ახალი სამართლებრივი აქტები, რომლის საფუძველზეც საყდრის-ყაჩაღიანზე დაიწყო აბსოლუტურად სხვა პროცესი“, - ამბობს სულხან სალაძე.

XS
SM
MD
LG